საზოგადოება

როგორ დაიწყო ახალი გზით სიარული ალექსანდრე ხარანაულმა 34 წლის ასაკში და მოქმედებდა თუ არა მასზე ცნობილი მამის შვილობა

№34

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 28.08, 2023 წელი

ალექსანდრე ხარანაული
დაკოპირებულია

ამაზე ფიქრი 19 წლისამ დაიწყო, მაგრამ წლები დასჭირდა იმისთვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია და 34 წლის ასაკში პირველი ალბომი გამოსცა, რომელმაც მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

აქედან გამომდინარე, ბესიკ ხარანაულის ვაჟისთვის, მუსიკოს ალექსანდრე ხარანაულისთვის ახლა შემოქმედებითად ძალიან აქტიური პერიოდია.

ალექსანდრე ხარანაული: ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი რამ მაინტერესებდა, მაგრამ მუსიკა ყოველთვის გამოკვეთილად მიყვარდა. ფორტეპიანოზე დავდიოდი, მაგრამ მშობლების ძალდატანებით არა, მე თვითონ მსიამოვნებდა. ბავშვობიდან ვწერდი კომპოზიციებს და ეს პროცესიც ძალიან მომწონდა.

ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ხან კარგად ვსწავლობდი, ხან – ცუდად. სკოლაში მხატვრულ თემებს გვავალებდნენ და ამაშიც კარგი ვიყავი. ათი წლის ასაკში, ზაფხულში მარტო მიწევდა ხოლმე სახლში ყოფნა. დროის გასაყვანად მამაჩემის საბეჭდ მანქანაზე ვერთობოდი და ამ გართობა-გართობაში რომანი დავწერე (იცინის). თუმცა, მას არ ჰქონია განსაკუთრებული ღირებულება, გარდა იმისა, რომ ათი წლის ბავშვის დაწერილი იყო. ფაქტი იყო, რომ წერა მომწონდა, მათ შორის მუსიკისაც და მომწონდა მუსიკოსობა. ჩემში ეს ორი ინტერესი გამოკვეთილი იყო, თორემ ფეხბურთსაც ვთამაშობდი. ფეხბურთზე სიარულიც მინდოდა, მაგრამ მშობლები მიშლიდნენ.

– რატომ?

– მამაჩემს რამდენჯერაც ვთხოვე, იმდენჯერ უარი მითხრა. ალბათ, არ უნდოდა დრო დამეკარგა არასწორი მიმართულებით.

– წერა რომ მოგწონდათ და გამოგდიოდათ, ცდილობდა, ხელი შეეწყო?

– ისე არ ვწერდი, რომ კონკრეტული მიზნები მქონოდა. წიგნის გამოცემაზე ან სადმე ჩემი ნაწერის დაბეჭდვაზე არ მიფიქრია. თუმცა მამა კარგი დამხმარე იყო იმ თვალსაზრისით, რომ სწორ შეფასებებს მაძლევდა.

– ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არ გეკითხებოდნენ ხოლმე, მამამ ხომ არ დაგიწერაო?

–კი, ეს უკითხავთ, მაგრამ მანამდე, სანამ ნაწერს წაიკითხავდნენ (იცინის). ის ნაწერები თქვენც რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, რომ მამაჩემის ნაწერს საერთოდ არ ჰგავს, ამიტომ ეგ ეჭვები მალევე იფანტებოდა (იცინის). წერა და მუსიკა ისეთ სიამოვნებას მანიჭებდა, შემეძლო, სკოლა გამეცდინა იმ მიზეზით, რომ მუსიკა მემეცადინა. შემდეგ ალგებრა-გეომეტრია და ქიმია-ფიზიკა რომ დაგვემატა, ჩამოვრჩი. დანაკლისის შესავსებად სახლში მათემატიკის მასწავლებელი მომიყვანეს. მერე უკვე ეს საგნებიც კარგად ვისწავლე და მარტივად ჩავაბარე.

– როგორი სურვილები გქონდათ ჩაბარების დროს?

– რადგან ჩვენთან აუცილებლად უნდა ჩააბარო, რაღაცას იგონებ. მე კინოსარეჟისოროზე ჩავაბარე. ბოლო წელს თავს დავაჯერე, რომ ეს მინდოდა და კარგად ვსწავლობდი. არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. ეს სფერო კარგად ვიცი, გამომდის და ძირითადად, ამ მიმართულებით მიმუშავია და არა მუსიკისა და წერის განხრით. ტელევიზიებში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, რაღაც პერიოდი მუსიკაზე ვკონცერტრირდე, რაც წერასაც მოიცავს.

– თუმცა, როცა არჩევანს აკეთებ და მუშაობასაც იწყებ, მერე ცოტა რთულია ნამდვილ ინტერესებს დაუბრუნდე და დრო იპოვო იმის გასაკეთებლად, რაც ძალიან გინდა.

– ზუსტად ასეა, მერე ფინანსურად დამოკიდებული ხდები სამსახურზე. თან მე 26 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი გამიჩნდა, დღეს კი ორი შვილი მყავს. კი, მერე უკვე რთულია, მაგრამ პარალელურად, შესაძლებელია, რაღაც აკეთო და პრინციპში მეც ასე დავაგროვე მასალა პირველი ალბომისთვის. კიდევ მაქვს მასალა, რომლის ჩაწერასაც ვაპირებ. იმისთვის, რომ ეს საქმე გამეკეთებინა, სამსახურიდან წამოვედი და ვღელავდი, გაამართლებს თუ არა-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი.

– როგორ შეიქმნა „დილით ამომავალო მზეო“?

– ეს არის ქართულ-ხალხური სიმღერა, ქართლური. თავიდან ამ სიმღერის ფრაგმენტი მოვისმინე და ამის გაკეთების იდეა მაშინვე გამიჩნდა. კონსერვატორიაში მივედი და გამოვითხოვე. მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი, მაგრამ მაშინ არ გამომივიდა. იმ პერიოდში აქტიურად ვუსმენდი ყველა ქვეყნის ფოლკლორს და დავინახე, რომ სწორედ ამ ფოლკლორიდან ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა დღევანდელი პოპმუსიკა. ჩვენთან კი ასე არ მოხდა. ამიტომ მინდოდა, დამეწერა სიმღერა, რომელშიც იქნებოდა ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ამბის თხრობა და თანამედროვე ყურისთვისაც სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა. ფოლკლორის ამ ნაწილს – მთის მუსიკას ბევრი მარტივად მიიჩნევს და ობიექტურად ასეა, მაგრამ სიმარტივე მას ფასს არ უკარგავს. ნელ-ნელა სიმღერებიც დამიგროვდა. როგორც გითხარით, იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა, მაგრამ აქტიურად ბოლო ორი წელი ვმუშაობდი. წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ფიქრი დამჭირდა და საბოლოოდ, 34 წლის ასაკში მივედი ისეთ შედეგამდე, რომლითაც კმაყოფილი დავრჩი. მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. სიბერეში სანანებელი არ მექნება, რომ არ ვცადე (იცინის). მიხარია ისიც, რომ ამ ნამუშევრებმა ახლობლების, პროფესიონალების თუ სხვა მსმენელების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შეიძლება, ვინმეს არ მოეწონა კიდეც, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა (იცინის). ნელ-ნელა ემატება მსმენელი და კმაყოფილი ვარ. ახლა მეორე ალბომის ჩაწერას ვაპირებ. გარდა ამისა, ამერიკაშიც არის პროექტი, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ. იქაურ მუსიკოსთან მექნება კოლაბორაცია და საბოლოო ჯამში, წელს სამი ალბომი მექნება გამოცემული. მგონი, ყველაფერი ნორმალურად მიდის.

– ახლა მამის ჩრდილში ყოფნის შიშზე გკითხავთ, ამაზე, ალბათ, არაერთხელ უკითხავთ თქვენთვის. იყო ეს მომენტი?

– კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ანუ, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ვნერვიულობდი, გამომივიდოდა თუ არა. თუმცა, ვნერვიულობდი, როგორც ყველა ადამიანი და არა როგორც მამაჩემის შვილი. მამაჩემს ძალიან მოეწონა, რაც გავაკეთე. მეც მაქვს იმდენი მუსიკალური განათლება, რომ თუნდაც ჩემი კომპოზიციები კრიტიკულად შევაფასო. საერთოდ, მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მუსიკას გავყოლოდი და ახლა ძალიან უხარია.

რაც შეეხება, ზოგადად, წნეხს მამაჩემის შვილობის გამო, ვიცნობ ადამიანებს, ვისი მამებიც არ არიან ცნობილები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ისინი უფრო არიან წნეხის ქვეშ, ვიდრე მე. მამა არ ყოფილა ისეთი ოდიოზური ფიგურა, სახლში რომ დადის და გვაშინებს (იცინის). ძალიან გულწრფელი მამა იყო. ეს გულწრფელობა მაშინაც დასაფასებელი იყო და ახლაც ძალიან ვაფასებ. წერის დროსაც არ მიფიქრია, რაკი მამაჩემი წერს, მე მეტი მომეთხოვება-მეთქი. ისედაც მეტს ვთხოვდი ჩემს თავს, მაგრამ არა მამაჩემის გამო. თვითონ მაქვს ეს განცდა, არ მინდა, სადმე ან რამეში შევრცხვე. არ ვიცი, კომპლექსია თუ პასუხისმგებლობა, მაგრამ ასეა და არა იმიტომ, რომ ბესიკ ხარანაულის შვილი ვარ. ეს განცდა თუ კომპლექსი უფრო ადრე გამიჩნდა, ვიდრე გავიგებდი, რომ მამაჩემი დიდი პოეტია. იმ წლებში, მე რომ პატარა ვიყავი, ბესიკ ხარანაული სალიტერატურო წრეებში კი იყო ცნობილი და დაფასებული, მაგრამ სახალხოდ ასე ცნობილი არ იყო, უფრო მერე მოიხვეჭა სახელი და შეიძლება, ამის გამოც გადავრჩი (იცინის).

– ნათქვამი გაქვთ, გვიან გავიგე, რომ ასეთი დიდი პოეტი იყოო.

– მე არავინ მაძალებდა მამაჩემის ლექსების წაკითხვას. თვითონ არ არის ასეთი. თუმცა, ვხედავდი, რომ სულ მუშაობდა. ვიცოდი, კარგი პოეტი იყო, მაგრამ მე თვითონ მისი ლექსები 15-16 წლის ასაკში წავიკითხე, როცა უკვე ბევრი რამე იყო ჩემში ჩამოყალიბებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ მქონია მომენტი – „მამა მაგარი პოეტია და მე ვალდებული ვარ... “.

– დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, კარგად უგებდით ერთმანეთს?

– მამა 50 წლის იყო, მე რომ გავჩნდი, მაგრამ ინტენსიურად ვარჯიშობდა და ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა. არასდროს მიფიქრია, რომ ასაკიანი მშობლები მყავდა. ახლა მე 34 ის ვარ, მამაჩემი 85-ის ხდება და ვხვდები, რომ დიდია, მაგრამ ბავშვობაში ეს განცდა არასდროს მქონია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა