საზოგადოება

როგორ დაითანხმეს ნუგზარ ყურაშვილი სიმღერაზე და რატომ დაიწყო მან ცხოვრება თავიდან

№22

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 10.06

ნუგზარ ყურაშვილი
დაკოპირებულია

უნიჭიერესი მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი მაყურებელს ახალ ამპლუაში მოევლინა. ბატონი ნუგზარი პროექტ „მიმღერეს“ მონაწილე გახლავთ, სადაც ოჯახთან, შვილთან და შვილიშვილთან ერთად მღერის.

ნუგზარ ყურაშვილი: „მიმღერე“ ძალიან კარგი პროექტია, აქამდეც ვუყურებდი და მომწონდა. დახვეწილი, სახალხო და კარგი საყურებელია. გამიხარდა, როცა მასში მონაწილეობა შემომთავაზეს. აქამდე არ ვიკლავდი თავს სადღაც-სადღაც სიარულით, მაგრამ აქ ისე დავთანხმდი, არც დავფიქრებულვარ. შემდეგ მკითხეს, თქვენი რომელიმე შვილი თუ მღერისო, ვუთხარი, რომ ჩემი ქალიშვილი მღეროდა, თვითონაც უნახავთ ვიდეოები და ისიც აუცილებლად უნდა შემოგვიერთდესო, მითხრეს. შემდეგ შვილიშვილი უნახავთ და გინდა თუ არა, ისიც წამოიყვანეთო (იცინის). ჩემს ქალიშვილს გაუხარდა, შვილიშვილმა თავიდან იუარა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოსწონს.

– თქვენთვის უცხო არ არის სცენა და ეკრანი. შვილი და შვილიშვილი როგორ შეეჩვივნენ?

– კი, მაგრამ დიდ სცენაზე, ამხელა აუდიტორიის წინაშე მეც არ მიმღერია აქამდე. ამდენი ადამიანი გიყურებს და ბევრი მოგეთხოვება. თან, ცოტა ცნობილი თუ ხარ, ყველა დაგაკვირდება, აბა, რას მღერისო და სირცხვილია, უგემოვნობა დაუშვა. ქალიშვილმა და შვილიშვილმაც იღელვეს ცოტა, მაგრამ რამდენიმე ჩაწერის შემდეგ მიეჩვივნენ და გაუტკბათ ეს პროცესი. მეც ვღელავდი და ყველა მონაწილეც, ესეც ბუნებრივია. ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველა გემოვნებით მღერის, პასუხისმგებლობა დიდი გაქვს.

– როგორია სიმღერის როლი თქვენს ცხოვრებაში?

– მე უფრო მოსმენა მიყვარს, მაგრამ თვითონაც არ მიმღერია სამარცხვინოდ, ეს იქნებოდა სუფრაზე მეგობრებთან თუ სპექტაკლებში. სიმღერა „ჩემი გულის სატკივარი“ ჩემთვის დაიწერა. 20 წელზე მეტი იქნება გასული, სპექტაკლისთვის შეიქმნა ვაჟა აზარაშვილის მიერ და მე ვმღეროდი. პროექტშიც მე გამოვიტანე და ვიმღერე. გაცვეთილი სიმღერა არ არის და ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა. მართლაც ბევრი დაინტერესდა მისით. „დონ კიხოდში“ ლამანჩელი მაქვს ნათამაშები და მთელი სპექტაკლი არიებს ვმღეროდი. ამათ გარდა, კიდევ სხვა სპექტაკლებშიც მიმღერია.

სიმღერა მეც მიყვარს, როგორც ყველა ქართველს. ჩემს მშობლებსაც უყვარდათ, როგორც გითხარით, შვილს, შვილიშვილსაც უყვარს. ოჯახურ შეკრებებზე ხშირად ვმღერით. ქალიშვილი უკრავს პიანინოზე, მეუღლეც უკრავს, მეც ვუბარტყუნებ გიტარაზე (იცინის). ამ შოუში მთავარია, შენი დამოკიდებულება სიმღერის მიმართ. ვიხუმრე კიდეც, მომღერლებმა იკითხონ, თორემ მე კაცი არ მომთხოვს სიმღერას-მეთქი (იცინის). იტყვიან უჩა ზერაგია მღერისო და ეგ იქნება (იცინის). სხვათა შორის, ეგ ინტრიგა იყო, აცხადებდნენ ამღერებული უჩა ზერაგიაო, შეაშინეს ხალხი (იცინის).

– შვილსა და შვილიშვილს როგორ მოეწონათ ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– ძალიან. უცებ ცნობილები გახდნენ და სხვათა შორის, მოსწონთ ეს ყველაფერი. ურეკავენ, კომპლიმენტებს ეუბნებიან, „ფეისბუქზეც“ თბილ სიტყვებს უწერენ და ვის არ მოსწონს, როცა კარგს ამბობენ მასზე. ძალიან მოკრძალებულები არიან, ესენი ხომ მომღერლები არ არიან, მაგრამ რომ მოსწონს ხალხს, სიამოვნებთ. ყველას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. არავინ მითხრას, ეს მბეზრდება, არ მიყვარსო, არ მჯერა ამის.

– რას ამბობენ, როგორი მამა და ბაბუა ხართ?

– მე მგონია, რომ მოვწონვარ მათ (იცინის). ჩემს ქალიშვილს მსახიობობა ავუკრძალე და ამის გამო ადრე ცოტა ნაწყენი იყო, მერე შეეგუა. არ მინდოდა, მსახიობი გამხდარიყო, თორემ მგონი, კარგი მამა და ბაბუა ვარ. მე მსახიობობასთან პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, შვილი მეცოდებოდა ამ საქმისთვის. ძალიან რთული პროფესიაა. ვიღაცას მარტო ტაში ჰგონია, მაგრამ შეიძლება, ძალიან დაიჩაგრო. ამისთვის არ მემეტებოდა შვილი. ნურავის ჰგონია, რომ ამ პროფესიაში ია-ვარდებით არის გზა მოფენილი. მე გამიმართლა, მაგრამ ხომ ვიცი, რამდენად რთულია და მხოლოდ ამიტომ ავუკრძალე. თორემ, მკაცრი მამა არ ვარ, არც გოგოებთან, არც ბიჭთან. ჩხუბი და დავიდარაბა არასდროს გვქონია, არ არიან ასეთები.

– ამ რთული პროფესიის პარალელურად, მეოჯახეობა როგორ გამოგდით?

– ჩემი გაგებით, ძალიან კარგი მეოჯახე ვარ. მგონია, რომ მეუღლეც იმავეს იტყვის. ყველაფერი მონდომებაა. ეგოისტი არ უნდა იყო. არ უნდა თქვა, ჩემთვის საქმეა უპირველესი და ოჯახი მეორე პლანზეაო. ზოგისგან გამიგია ასეთი სიტყვები და ჩემი გაგებით, ეს იდიოტობაა. მაშინ არ შეგექმნა ოჯახი და მარტო გეარტისტა. მე არ მიდგას პირველ ადგილას პროფესია, ჩემთვის მთავარი ოჯახი, ცოლი, შვილი და შვილიშვილია, მერე სხვა დანარჩენი.

– ცოტა ხნის წინ რთული პერიოდი გამოიარეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობას ვგულისხმობ. ახლა როგორ უფრთხილდებით თავს?

– კი, ასე იყო. მოდი და ნუ გაუფრთხილდები. ძალიან რთული ოპერაცია გავიკეთე, შარდის ბუშტი გადავინერგე თურქეთში. მადლობელი ვარ მთელი საზოგადოების, ყველა გვერდში დამიდგა, მთავრობა, მერია, კულტურის სამინისტრო. ძალიან დიდი პატივი მცეს. ფინანსურად ძალიან ძვირად ღირებული ოპერაცია იყო და მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. ჩემი თაყვანისმცემლებიც ძალიან დამიდგნენ გვერდით. თურქმა ქირურგმა მითხრა, ასეთი ოპერაციის შემდეგ, თავიდან იწყებთ ცხოვრებას და ხელის შეწყობა გჭირდებათო. ღვთის წყალობით, სახლშიც მიწყობენ ხელს და თეატრებშიც, სადაც ვმუშაობ. ყველას მადლობელი ვარ. მიფრთხილდებიან, პატივს მცემენ. სამდურავი ერთი სიტყვა არ მეთქმის. მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, კინაღამ წავიღე წერილი. ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა. ამომაჭრეს ბოლომდე და ჩემივე ნაწლავებისგან შექმნილი ახალი შარდის ბუშტი გადამინერგეს. უკვე ერთი წელიწადი გავიდა. ორი თვე სტამბოლში ვიწექი, ძალიან ცნობილ და ძვირად ღირებულ „აჯიბადენის“ კლინიკაში. თან გადამყვნენ, უმაღლესი დონის კლინიკაა. მერე ფეხზე ვერ ვდგებოდი. რომ ჩამოვედი, აქაც საავადმყოფოში ვიწექი. გავხდებოდი ცუდად, წამიყვანდნენ, დამაწვენდნენ, ცოტა მოვღონიერდებოდი, მომაბრუნებდნენ. ჰემოგლობინი მივარდებოდა ნულამდე. ფეხზე ვერ ვიდექი. ძალიან რთული რეაბილიტაცია მქონდა. გამაფრთხილეს კიდეც, ასე იქნება და ამას უნდა შეეგუოთ, არ შეგეშინდეთო. ერთი წელი გავიდა და ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა