საზოგადოება

როგორ დაინტერესდა გოჩა ძაგანაშვილის ნახატებით სინდი კროუფორდი და რა სიმძიმეების აწევა შეუძლია მას ნიკაპით

№32

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:51

გოჩა ძაგანაშვილი
დაკოპირებულია

გოჩა ძაგანაშვილი ძალიან საინტერესო ხელოვანი გახლავთ მრავალმხრივი ნიჭითა და ინტერესებით. მის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან ბევრს შეიტყობთ.

გოჩა ძაგანაშვილი: მე მხატვარი-ანიმალისტი გახლავართ. ანიმალისტი არის ადამიანი, ვინც ცხოველებს ხატავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ცხოველებს ვხატავ. სხვა მიმართულებაც მაქვს, მაგრამ ცხოველების ხატვა განსაკუთრებულად მიყვარს. ბავშვობიდან, ორი წლის ასაკიდან ვხატავ. დავამთავრე თოიძე, შემდეგ სამხატვრო აკადემია და ასპირანტურა. 12 ქვეყანაში მქონდა პერსონალური გამოფენა. საქართველოში აქამდე არ მქონია. ერთხელ ცისფერ გალერეაში ნახატი მივიტანე და არ გამომიფინეს, ეს ფოტოა და უკან წაიღეთ, ნახატი არ არისო, იყო ასეთი კურიოზიც.

– სხვა მიმართულებაშიც მუშაობთ, განსაკუთრებით საინტერესო რომელია თქვენთვის?

– სიურეალიზმი. ანუ, ვქმნი პორტრეტებს შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ფიგურებით. შორიდან რომ უყურებთ, პორტრეტს ხედავთ, ახლოს რომ მიხვალთ, პორტრეტში საკმაოდ ბევრ ფიგურას დაინახავთ. ამ მიმდინარეობით ერთი საინტერესო შემთხვევის წყალობით დავინტერესდი. ჩემი მეუღლე ხელოვნებას ასწავლიდა და დაახლოებით, 15 წლის წინ სათაურის დაწერისას ასო შეეშალა. მე მისი შეცდომა გადავაკეთე, შევასწორე, ულვაშები, წვერები გავუკეთე და დავით აღმაშენებლის სახე მივეცი. ანუ, სათაურიც დავით აღმაშენებელი ეწერა და ერთ-ერთი ასო, რომელიც შეცდომით დაწერა, დავით აღმაშენებლის პორტრეტად ვაქციე. ჩემმა მეუღლემ ეს რომ ნახა, კარგი იდეა მომაწოდა: მოდი, ტილოზე დახატე დავით აღმაშენებლის ცხოვრება, წვერი დიდგორის ბრძოლით გამოხატე, ცხვირი და წარბები ქრისტეს – გამოსახულებით, ერთი თვალი დედისიმედის ხელი იყოს, მეორე – გვანცასი (დედისიმედი დავითს ცოლად უნდოდა, გვანცა, როგორც მებრძოლი, ქალი მოსწონდა). გელათი და კავკასიის ქედები გვირგვინი იყოსო. ასეც მოვიქეცი. ამის შემდეგ უკვე მე გამიჩნდა იდეა, იმავე პრინციპით შემექმნა ვაჟა-ფშაველას პორტრეტი. ამჯერად ვაჟას პორტრეტში მისი შემოქმედება ჩავაქსოვე – ვაჟას სახეში 23 ნაწარმოებია. მაგალითისთვის, ცხვირი არის „ხმელი წიფელი“, წარბები – „არწივი ვნახე დაჭრილი“, თვალები – „ყვავ-ყორნები“, ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა დახატო, რომ ვაჟას სახე არ დაიკარგოს. იდეალურად უნდა ჩასვა, რომ კონტურებს არ ასცდე. ულვაშები „ჯიხვებია“, გამხდარი ლოყა „შვლის ნუკრის ნაამბობი“, ფაფახი – „მთანი მაღალნი“, მკერდზე – „სტუმარ მასპინძელი“ და ასე შემდეგ. შემდეგ შექსპირის პორტრეტი მივიღე შეკვეთით ინგლისიდან, რომელიც ლონდონში გაიყიდა.

– ასეთი ნამუშევრის შექმნა, ალბათ, წინასწარ მომზადებასა და დაგეგმვას მოითხოვს.

– დიახ, მაგალითად, თქვენი ცხოვრების შესახებ რომ მომიყვეთ, თქვენს ანალოგიურ პორტრეტსაც შევქმნიდი. როცა გადავწყვეტ, რა დავხატო, მაქსიმალურად მოვიძიებ ხოლმე ინფორმაციას, ვკითხულობ ნაწარმოებებს და წინასწარ ვგეგმავ სახის რომელ ნაკვთს რომელი ნაწარმოებით გამოვხატავ, თან, ისე, რომ სახის სტრუქტურა და პორტრეტის ჰარმონია არ დაირღვეს. ეს პროცესი დიდ შრომას მოითხოვს. ორი-სამი თვე მჭირდება ხოლმე ასეთი ნამუშევრის შესასრულებლად.

– თქვენს მიერ შექმნილ ანბანზეც მოგვიყევით.

– ერთხელაც, ანბანს ვათვალიერებდი და დავაფიქსირე, რომ ერთ გვერდზე ცხოველი ხატია, მეორეზე ასობგერა წერია. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, ცხოველს ჰქონდეს ასობგერის ფორმა, ანუ, თვითონ ცხოველი ან ფრინველი აკეთებდეს ასობგერას-მეთქი და 2007 წელს ამ პრინციპით ქართული ანბანი დავბეჭდე. ყველა გაიყიდა, ერთიც კი აღარ დარჩა. ამის შემდეგ ინგლისური და რუსული ანბანიც მოვამზადე, თუმცა, რუსული აღარ დამიბეჭდავს გასაგები მიზეზების გამო. სხვათა შორის, ინგლისური მთელ მსოფლიოში იყიდება და ბავშვებს ძალიან უყვართ. კიდევ ბევრი იდეა მაქვს. ახლა მინდა, დინოზავრისა და ძაღლის სახეობების ნახატებით შევქმნა ასობგერები.

– როგორც ვიცი, თქვენს ოჯახში ყველა ხელოვანია.

– დიახ, მთელი ოჯახი ხატავს. გოგონა და ორი ბიჭი მყავს, ორივე ხელოვანია, ისევე, როგორც მეუღლე, ისიც ძალიან მაგარი მხატვარია. მიუხედავად იმისა, რომ მე მოსწავლეებსაც ვამზადებ, აბიტურიენტები მყავს, ჩემი შვილები არცერთი დღე არ მომიმზადებია და ამის მიუხედავად, სამივე ძალიან კარგად ხატავს ბავშვობიდან დღემდე. ჩემმა მხატვარმა მეგობრებმაც რომ ნახეს მათი ნამუშევრები, მითხრეს, მიუშვი თავიანთ ნებაზე, ამათ ნამუშევრებს არ სჭირდება შესწორებაო.

– როგორი პროცესია თქვენთვის ხატვა?

– ხატვისას ყოველთვის მუსიკა მაქვს ჩართული და ვტკბები. მეუღლე თუ ყავას მომიდუღებს, ვზივარ და სიამოვნებით ვხატავ. არ მიყვარს, თუ ამ პროცესში ვინმე მაწუხებს. სიწყნარე მჭირდება და ასეთ გარემოში შემიძლია, ღამის სამ საათამდე ვხატო. მე ცხოველების ხატვაც მიყვარს და სიურეალისტური ნახატებისაც, თუმცა, სიურეალიზმი ძალიან ღრმაა და განსაკუთრებით საინტერესოა ამ ტიპის ნახატებზე მუშაობა. სხვა მიმართულებებითაც ვარ გატაცებული. კარიკატურებს ვხატავ და ასევე, სახეების მოხატვით ვარ დაკავებული – ხან მთაწმინდის, ხან ბორჯომის პარკში. ეს ჩემი ყოველდღიური შემოსავლის წყაროა. ზოგს კი უკვირს, ასეთი მხატვარი აქ რატომ ზიხართო, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს შემოსავლის წყაროა, ადამიანებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით კი ბავშვებთან, ძალიან სასიამოვნოა.

– უამრავ ქვეყანაში იყიდება თქვენი ნამუშევრები, როგორ გიკავშირდებიან?

– მაგალითად, უკრაინაში მქონდა გამოფენა და ამავე გამოფენაზე, დაინტერესდნენ სხვა ქვეყნის წამომადგენლები, მერე სხვაგან მიმიწვიეს, მერე კიდევ – სხვაგან. სტუდენტობის დროსაც მქონდა გამოფენები სხვადასხვა ქვეყანაში: ისრაელში, გერმანიაში, ბერლინში და ასე შემდეგ. თითოეული გამოფენის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები მიკავშირდებოდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, აფრიკაში, ეგვიპტეშიც მქონდა გამოფენა. საწყენი ისაა, რომ ჯერჯერობით საქართველოში არ მქონია და ოქტომბერში ვაპირებ გრანდიოზული გამოფენის გაკეთებას.

მე ჩემს სიურეალისტურ ნამუშევრებს „ფეისბუქზე“ არ ვაქვეყნებდი და პირველად რომ გამოფენაზე გავიტანე, ცოტა დამაგვიანდა მისვლა და არ მიშვებდნენ. მითხრეს, უკაცრავად, რიგი დაიკავეთ ნახატთან სურათის გადასაღებადო. ფოტოს გადაღება არ მინდა, მე ავტორი ვარ-მეთქი, ვუთხარი და მერე უკვე მობრძანდითო (იცინის). ისეთი რიგი იყო, ნახატამდე ძლივს მიმიშვეს (იცინის). თუმცა, ეს ჯგუფური გამოფენა იყო, პირადად ჩემი ჯერ არ მქონია.

– განსაკუთრებული შეფასება ვისგან მიგიღიათ?

– ერთხელ გერმანიაში მქონდა გამოფენა და ტოპ-მოდელი, სინდი კროუფორდი მოვიდა ჩემს ნამუშევრებთან, ძალიან მოეწონა. მერე ჩემს სადიპლომო ნამუშევარში სწორედ ის დავხატე. მე ძალიან მომწონდა სახელი ნინო და ამ ნახატზე ძალიან შეუმჩნევლად ეს სახელი დავაწერე. თუ არ დააკვირდები, ვერც დაინახავ. ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს მინდა, მივიდე ამ ქალბატონთან და თან ვერ მივდივარ. გადის წლები და ნინო მომყავს ცოლად. ასეთი ამბებიც ხდება ჩემს შემოქმედებაში (იცინის).

– ხელოვნების პარალელურად, სპორტითაც აქტიურად ყოფილხართ დაკავებული.

– ძალიან გამხდარი ბავშვი ვიყავი. სულ მეუბნებოდნენ, სარკეში ყურებით არ მოგემატება კუნთები, ივარჯიშეო. თავიდან მეზარებოდა, მაგრამ მერე ისე შევყევი, ჯერ საქართველო მოვიგე მკლავჭიდში, შემდეგ უკრაინა და მერე ევროპის ჩემპიონი გავხდი უკრაინის სახელით. სამწუხაროდ, საქართველოდან რამდენჯერმე არ წამიყვანეს ამერიკაში, ისევე, როგორც ნახატი არ გამომიფინეს აქ (იცინის). მერე მე უკრაინაში წავედი, უკრაინის სახელით გამოვედი. მაშინ ჩემმა აქაურმა მწვრთნელმა თქვა, ეს ჩემი აღზრდილია და უკრაინის სახელით როგორ გამოდისო. კი ბატონო, თქვენი აღზრდილი ვარ, მაგრამ თქვენ ხომ არ წამიყვანეთ სხვა ქვეყანაში, რომ გამოვსულიყავი-მეთქი და ქართველს ისევ მე მოვუგე – ქართველმა, მაგრამ უკრაინის სახელით.

დღემდე ვვარჯიშობ, აქტიურად დავდივარ სატრენაჟორო დარბაზებში. სხვათა შორის, საქართველოს სატრენაჟორო დარბაზების უმეტესობა ჩემი და ჩემი ქალიშვილის მოხატულია.

კიდევ ერთი გატაცება მაქვს, ნიკაპით სიმძიმეებს ვწევ. ჯერ უბრალო ჯოხით დავიწყე და ნელ-ნელა სიმძიმეებზე გადავედი. ახლა მაინტერესებს, მაცივარს თუ გავიჩერებ. კიბე, სატვირთო ურიკა და კიდევ ბევრი რამ ამიწევია. ბევრს ჰგონია, რომ კბილებით ვიჭერ, სინამდვილეში კი ნიკაპით ვიჩერებ, უბრალოდ წონასწორობის დაჭერაა საჭირო.

– კიდევ რით ხართ გატაცებული?

– კლასიკას ვუკრავ. პიანინოზე დაკვრა არასდროს მისწავლია, ნოტები არ ვიცი, მაგრამ შემიძლია, მუსიკას მოვუსმინო და იგივე დავუკრა, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა და მიხარია, რომ გამომდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა