როგორ დაინიშნა პეტრე მერაბიშვილი ეთიოპიის მეფის პირად ექიმად და რით გაითქვა მან სახელი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00

პეტრე პავლეს ძე მერაბიშვილი, ცნობილი სახელით – დოქტორ მერაბი, დაიბადა 1876 წელს მესხეთში, სოფელ უდეში. მერაბიშვილების გვარი მერაბ ხურციძისგან მოდის.
სამხრეთ საქართველოში ფრანგი მისიონერების შემოსვლით კათოლიკურმა სარწმუნოებამ მოიკიდა ფეხი. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან, თავის გადარჩენის მიზნით, ხურციძეთა ნაწილი მართლმადებლობიდან კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადავიდა.
პეტრეს მამა ნაკითხი კაცი იყო და არაფერს იშურებდა, რომ შვილებს სწავლა-განათლება საზღვარგარეთ მიეღოთ. პეტრეს უფროს ძმას, იოსებს, პარიზის წმიდა ლაზარეს ეკლესიის სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და კონსტანტინოპოლში ქართული კონგრეგაციის სამონასტრო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ივანემაც, ჟან მერაბად ცნობილმა, პარიზში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, ასევე საფრანგეთში ჰქონდა განათლება მიღებული მიხეილს, იაკობი ცნობილი ექიმბაში იყო. პეტრე მერაბიშვილის და – ტერეზა კი მონაზონი გახლდათ კონსტანტინოპოლში.
12 წლის პეტრე უფროს ძმასთან, იოსებთან, კონსტანტინოპოლში გაგზავნეს განათლების მისაღებად. მან დაამთავრა ოტომანთა საიმპერატორო ლიცეუმი ბაკალავრის წოდებით და 1899 წელს პარიზში გაემგზავრა.
პეტრე მერაბიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, მოიპოვა დოქტორის ხარისხი და არაჩვეულებრივი ექიმი და მეცნიერი გახდა. მუშაობდა კონსტანტინოპოლში, ეთიოპიურ მისიაში მკურნალ ექიმად. შემდეგ ადის-აბებაში განაგრძო საექიმო პრაქტიკა და აბისინიის, ანუ ეთიოპიის მეფის, მენელიქ მეორის პირად ექიმად დაინიშნა.
საინტერსოა მენელიქ მეორისა და პეტრე მერაბიშვილის დაახლოება. იმ პერიოდში ეთიოპია საფრანგეთის დომინიონი იყო და მეფე პარიზში ხშირად ჩადიოდა. სწორედ პარიზში განკურნა პეტრე მერაბიშვილმა მოწამლული მენელიქ მეორე.
1910 წელს პეტრე მერაბიშვილმა ადის-აბებაში, თავის საცხოვრებელ სახლში გახსნა აფთიაქი – La Georgie და პატარა საავადმყოფო.
პირველი მსოფლიო ომის დროს პარიზის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. იყო ქველმოქმედი, ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა თურქეთში მდებარე ქართულ ეკლესია-მონასტერში დამშეულთა და უპატრონოთა თავშესაფართან არსებულ საქველმოქმედო საზოგადოებას.
პარიზში პეტრე მერაბიშვილმა ცოლად შეირთო ფრანგი ჟანინა ლემიერი და 1922 წელს მასთან ერთად დაბრუნდა ადის-აბებაში. ჟანინა ლემიერი 1927 წელს გარდაიცვალა.
პეტრე მერაბიშვილი 1929 წელს საბოლოოდ დაბრუნდა პარიზში, სადაც ცოლის ნათესავებთან ქონების გამო ბევრი უსიამოვნება შეხვდა. იგი 1930 წელს ნოემბერს თავის სამუშაო მაგიდასთან გარდაიცვალა. დასაფლავებულია პერ ლა შეზის სასაფლაოზე პარიზში.
ეთიოპიაში პეტრე მერაბიშვილის მოღვაწეობის ნაყოფია მისი წიგნები ფრანგულ ენაზე – „ეთიოპიის მედიკოსები და მედიცინა“, „შთაბეჭდილებები ეთიოპიაზე“, აღნიშნული ნაშრომი პოპულარულ ჟანრს განეკუთვნება და დიდი ინტერესით იკითხება. პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება პეტრე მერაბიშვილის გამოუქვეყნებელი შრომების ხელნაწერები: „შთაბეჭდილებები“, „სამედიცინო ბოტანიკა“, „უცხოელი ავტორები საქართველოს შესახებ“. მისი შრომები, ასევე, ინახება ბერლინის, ჰამბურგის, ვარშავისა და ადის-აბების ბიბლიოთეკებში.
1966 წელს პოეტი იოსებ ნონეშვილი იმყოფებოდა ადის-აბებაში, მოინახულა აფთიაქი La Georgie და პეტრე მერაბიშვილს ორიგინალური ლექსი მიუძღვნა:
„მაგრამ რა გიყო, მე რა გიშველო... დოქტორო მერაბ, დოქტორო მერაბ, ბატონო პეტრე მერაბიშვილო”...
გამოყენებული მასალების წყარო: http://www.nplg.gov.ge; ჟვანია ნათელა. ეთიოპია და ქართველები; ქუთათელაძე ზურაბ. პეტრე მერაბიშვილი - ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში; მერაბიშვილი პეტრე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან