საზოგადოება

როგორ დაიმსახურა არჩილ ციციშვილმა განსაკუთრებული ჯილდო და რით იყო გამორჩეული მისი ცხოვრება

№38

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:01 01.10

არჩილ ციციშვილი
დაკოპირებულია

არჩილ ციციშვილი-ფანასკერტელი ბორჯომში დაიბადა. მისი ოჯახი უძველეს ქართულ არისტოკრატიას წარმოადგენდა. ფანასკერტი მათი საგვარეულო მამულია. მამა – სვიმონ არჩილის ძე ციციშვილი; დედა – მარიამ ყანჩელი; უფროსი და-ძმა: ელენე ციციშვილი-ლორთქიფანიძისა და დავით ციციშვილი.

სვიმონ ციციშვილი ახალგაზრდულ ასაკშივე ჩაება ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობაში და გახდა საქართველოს სოციალ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1918–1821 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან.

პროფესიით სვიმონ ციციშვილი მენავთობე ინჟინერ-გეოლოგი იყო. ის წამყვანმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ საფრანგეთში მიიწვია, სადაც 1921 წლის დასაწყისში გაემგზავრა და მალე ნავთობმომპოვებელ საზოგადოებასთან კონტრაქტიც გააფორმა. მას დაევალა კავკასიაში ნავთობის დამუშავებისა და მოპოვების საკითხების კვლევა.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სვიმონ ციციშვილი სამშობლოში აღარ დაბრუნდა. მისმა მეუღლემ სამ ბავშვთან ერთად მოახერხა საფრანგეთში ჩასვლა და ოჯახი ამგვარად გაერთიანდა.

ციციშვილემმა პარიზში დაიდეს ბინა. მშობლები შვილების აღსაზრდელად არანაირ შრომას არ თაკილობდნენ. კნეინა მარიამი მოსამსახურედ მუშაობდა მდიდარი პარიზელების ოჯახებში, რათა შვილებს სწავლის საშუალება ჰქონოდათ.

1938 წელს არჩილმა მისაღები გამოცდები ჩააბარა ნატიფი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის არქიტექტურის განყოფილებაზე, მაგრამ სწავლა მალევე შეწყვიტა, რადგან საფრანგეთის არმიაში გაიწვიეს. ჯარში მსახურებისას მან თავისი ნიჭიერებით ერთ-ერთი მეთაურის ყურადღება მიიპყრო და შედეგად, სენ-სირის კურსანტთა სასწავლებელში მიავლინეს. არჩილ ციციშვილმა სამხედრო სასწავლებელი ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა.

როდესაც ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საფრანგეთს, ახალგაზრდა ოფიცერი უყოყმანოდ ჩადგა ქვეყნის დამცველთა რიგებში. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ არჩილმა გადაწყვიტა, განეგრძო ბრძოლა ოკუპანტთა წინააღმდეგ. 1940 წლის 21 ივნისს მან მოახერხა შვედურ გემ „თაბორგზე“ ასვლა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კასაბლანკაში გაემგზავრა, სადაც უცხოურ ლეგიონს შეუერთდა. თავიდან ალჟირში იმყოფებოდა, შემდეგ მისი თხოვნით, მაროკოში გადაიყვანეს, სადაც მას ქართველი მებრძოლები ეგულებოდა.

1940 წლის ბოლოს, ვიშის მთავრობის ბრძანებით, ოფიცერი არჩილ ციციშვილი დემობილიზებულია, მაგრამ სამხედრო ნაწილის ოფიცერთა თხოვნით, ინსტრუქტორად აგრძელებს სამხედრო სამსახურს. ამ ფუნქციას ის კეთილსინდისიერად ასრულებდა 1942 წლის იანვრამდე, შემდეგ კი საბოლოოდ დემობილიზებული, იძულებული გახდა, საფრანგეთში დაბრუნებულიყო.

არჩილ ციციშვილმა პარიზში არქიტექტურის შესწავლა განაგრძო, თუმცა ხშირად იბარებდნენ „გესტაპოში“. გერმანელები იმის გაგებას ცდილობდნენ, თუ როგორ მოხვდა უცხოურ ლეგიონში. 1944 წლის ზაფხულში, როცა საფრანგეთში მოკავშირეთა ჯარები გადმოსხდნენ და ქვეყნის გერმანელი ოკუპანტებისგან გათავისუფლება დაიწყო, ოფიცერი ციციშვილი ისევ ჩაეწერა უცხოელთა ლეგიონში და 1945 წლის თებერვლიდან იბრძოდა ჯერ ალზასში, შემდეგ კი – გერმანიაში.

ნორდჰაიმთან ბრძოლაში მისი ბატალიონი ძლიერ დაზარალდა, თავად არჩილი კი მსუბუქად დაიჭრა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის სამხედრო ჯვრით დააჯილდოვეს. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ „მუდმივი საფრთხის მიუხედავად, მისი მეთაურობით უზრუნველყოფილ იქნა შენაერთის ტანკებისა და ჯავშანტექნიკის ნაწილში დაბრუნება“.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არჩილ ციციშვილი სამოქალაქო საქმიანობას დაუბრუნდა და წარმატებით გააგრძელა არქიტექტორის კარიერა.

არჩილ ციციშვილი გარდაიცვალა 2009 წელს. ის ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან – ნათელა ნოეს ასულ ჟორდანიასთან – ჰყავდა მარი-ელენ და ირენ ციციშვილები; მეორე ქორწინებიდან – ჟაკლინ ეიგლიუნანთან – სოფი და ვერონიკა.

გამოყენებული მასალების წყარო: ნიკოლაძე ფრანსუაზ, უცხოური ლეგიონის მეომრები // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე; არჩილ ციციშვილი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი; .nplg.gov.ge/.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა