საზოგადოება

როგორ დაიმკვიდრა თავი ანა რევაზიშვილმა ბალეტის სამყაროში და ვისი დამსახურებით ჰქონდა მას ბავშვობიდანვე ბალეტის ვარსკვლავებთან სიახლოვის ბედნიერება

№28

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 13:04 22.07

ანა რევაზიშვილი
დაკოპირებულია

ანა რევაზიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინაა. მისი ოცნებაა, მთელი ცხოვრება ამ თეატრს მიუძღვნას, ისევე, როგორც ეს მისმა ბაბუამ, ოპერის თეატრის მთავარმა გრიმიორმა ივანე რევაზიშვილმა გააკეთა.

ანა რევაზიშვილი: დედასგან ვიცი, რომ ფაქტობრივად, ოპერისა და ბალეტის თეატრში გავჩნდი. ბაბუა ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი გრიმიორი – ივანე (ზუზუ) რევაზიშვილი იყო. დედაც მხატვარი გრიმიორია, დეიდაც და ოჯახიდან გამომდინარე, მეც აქ გავიზარდე. მგონი, სახლში არ გამიტარებია იმდენი დრო, რამდენიც თეატრში.

ოპერისა და ბალეტის თეატრში „დონ კიხოტი“ რომ დაიდგა, ქალბატონი ნინო ანანიაშვილი იყო ჩამოსული. მაშინ მე სამი წლის ვიყავი. დავჯექი, თავიდან ბოლომდე ვუყურე და მაშინ გავეცანი ჩემთვის საოცნებო სამყაროს. „დონ კიხოტი“ ჩემთვის დღემდე ფავორიტი ბალეტია, ეს ჩემი საოცნებო სპექტაკლია. მარტო მე არა, ჩემებიც აღტაცებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ სამი წლის ასაკში ვიჯექი და მონუსხული ვუყურებდი სამსაათიან სპექტაკლს, ისე, რომ ხმაც არ ამომიღია და პირველად მაშინ გაუჩნდათ ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ბალეტით დავინტერესებულიყავი. ეს სამყარო იმდენად მომეწონა, მაშინვე გამოვხატე ინიციატივა და ოთხი წლის ასაკში მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში შემიყვანეს. სამ თვეში სპექტაკლში ანგელოზის როლი მომცეს, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში ვიცეკვე. აქედან დაიწყო ჩემი ფანატიკური სიყვარული ბალეტისადმი.

როდესაც ცხრა წლის გავხდი, ბაბუს სურვილი ჰქონდა, რომ მუსიკალურ სკოლაში შევეყვანე. ოცნებობდა, ვიოლინოზე დამეკრა. მაშინ მე ამაზე უარი ვთქვი და განვაცხადე, რომ მხოლოდ ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელში შევიდოდი და ბალერინა გავხდებოდი. მაშინ ბაბუამ მითხრა, მე ყოველთვის გვერდით დაგიდგები, მაგრამ იცოდე, რომ ეს ძალიან რთული პროფესიაა. ძალიან ბევრი შრომა და ბრძოლა მოგიწევს თუნდაც ძალიან მცირედის მისაღწევადო. მაშინ ბოლომდე არ მქონდა გააზრებული ამ პროფესიის სირთულე, მაგრამ ბალეტი ისე მიყვარდა, რომ ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად რთული იქნებოდა. მე სცენაზე დგომით ვსუნთქავ, ეს საქმე ჩემთვის ყველაფერია. 2008 წელს 10 წლის ასაკში შევედი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელში და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მივხვდი, რომ თუ გინდა, რამეს მიაღწიო, ყოველდღიურად უნდა იბრძოლო და იშრომო. კონკურენცია ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბაბუს სიტყვების სიმართლეში. დღეს ჩემთვის არც დაბადების დღე არსებობს, არც ქორწილი და არც სხვა რამ. სკოლის კლასელები რომ დაბადების დღეზე ან სხვაგან მიდიოდნენ გასართობად, მე დარბაზში ვვარჯიშობდი. ამან ძალიან გამაძლიერა. სინზე დადებული არაფერი მიმიღია.

– ბაბუის ფაქტორიდან გამომდინარე, შეიძლება, ბევრს ეფიქრა, რომ ძალიან გაგიმართლა და ბევრ რამეს ადვილად მიაღწევდი. როგორი იყო რეალობა?

– რადგან ასეთი ბაბუ მყავდა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე მეტის მომცემი. ზუზუკა 16 წლის ასაკში წამოვიდა მშობლების სახლიდან. ნულიდან დაიწყო ცხოვრებისა და კარიერის შექმნა და ისეთი დონის პროფესიონალი გახდა, რომ ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო იცნობდა. მე ბავშვობიდან მისი მაგალითით ვიზრდებოდი. ზუზუკა იყო ჩემი ინსპირაცია. სულ იმას ვფიქრობდი, ჩემმა ზუზუკამ თუ ამდენი შეძლო, 16 წლის ბიჭი წამოვიდა სოფლიდან, ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ამდენს მიაღწია, მე როგორ ვერ უნდა მივაღწიო, როცა გვერდით ასეთი ოჯახი მყავს, არაფერს მაკლებენ, ყოველთვის გვერდით მიდგანან-მეთქი. ზაზუკა ყოველთვის მიმეორებდა, რომ ადამიანურად გვერდში დამიდგებოდა, გამამხნევებდა და სწორ გზაზე დამაყენებდა, მაგრამ სხვა მხრივ, რამის მიღწევაში ხელს არ შემიწყობდა. შენ შენი შრომითა და წვალებით უნდა მიიღო ყველაფერი – ამას ისეთი გემო აქვს, რომელიც ძალიან მინდა, რომ შეიგრძნოო, მეუბნებოდა და არასდროს ჩარეულა ჩემს საქმეში. სახლში ტირილით მოვსულვარ თუ გაბრაზებული, სულ მახსენებდა, რომ ეს პროფესია იყო ძალიან რთული, მე ეს თავიდანვე ვიცოდი და თუ არ გინდა, მოდი, თავი დაანებეო. როგორც კი ამას მოვისმენდი, მაშინვე საწინააღმდეგოს დამტკიცების სურვილი მიჩნდებოდა. რას ჰქვია თავი დავანებო? მე ეს პროფესია ძალიან მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეში ვიყო-მეთქი. ამან ძალიან მებრძოლ ადამიანად ჩამომაყალიბა.

– ბაბუის ფაქტორის გათვალისწინებით, საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავებთან, ალბათ, ძალიან პატარა ასაკიდანვე გქონდა შეხება.

– ბევრს ვერ მოვესწარი და ბევრი რამ ისეთ დროს მოხდა, როცა ძალიან პატარა ვიყავი. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ მახსოვს. თუმცა, ბევრი რამ ძალიან კარგად მახსენდება. მაგალითად, მახსოვს, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდნენ ნინო ანანიაშვილი, მაია პლისეცკაია და მათი დონის ვარსკვლავები, მათი ხილვის საშუალება მქონდა. მაია პლისეცკაია რომ ვნახე, უკვე სკოლაში დავდიოდი, მაგრამ იმ პერიოდში ის, სამწუხაროდ, აღარ ცეკვავდა. რომ ვხედავდი, როგორ პატივს სცემდა მათ ბაბუ და როგორ პატივს სცემდნენ ისინი ბაბუს, რა ხალხთან ერთად მუშაობდა და ვისთან მეგობრობდა, ამას აღტაცებაში მოვყავდი.

– ახლა მინდა, იმ მიღწევებზე ვისაუბროთ, რომელიც უკვე თქვენს ანგარიშზეა.

– ცოტა რთულია საკუთარ თავზე ამ მიმართულებით საუბარი. ყოველთვის მინდოდა, როგორც ზაზუკამ მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, იგივე გამეკეთებინა და მეც ამ თეატრში დავბერებულიყავი. თუმცა, როდესაც სკოლა დავამთავრე, ახალი გამოცდილებებით დავინტერესდი. მაინტერესებდა, როგორ მუშაობდნენ სხვა თეატრებში და ცოტა ხნით სხვა ქვეყნებში წავედი, ინგლისსა და რუსეთში ვიყავი. მანამდე კი ქალბატონმა ნინომ იაპონიაში გაგვიშვა გაცვლითი პროგრამით. ამ გამოცდილებებმა დიდი აღტაცება მომიტანა, მაგრამ ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის მსახიობობა და ეს ოცნება ერთი წლის წინ ავისრულე. დავბრუნდი და გადავწყვიტე, მთელი დარჩენილი კარიერა აქ გავატარო. მადლობას ვუხდი ნინო ანანიაშვილს, რომ ჩემი ოცნების თეატრის კარი გამიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა