საზოგადოება

როგორ დაეხმარა ზურაბ ავალიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს ეროვნული საგანძურის გადარჩენაში და როგორ შეადგინა მან საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისთვის ტექსტი

№25

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 29.06, 2022 წელი

ზურაბ ავალიშვილი
დაკოპირებულია

ზურაბ ავალიშვილი დაიბადა 1874 წელს იურისტ დავით ავალიშვილისა და კავკასიის სამედიცინო ნაწილის მმართველის ქალიშვილის, წარმოშობით შვედ ოლღა ჰომბალტის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იმ დროს უნივერსიტეტში სწავლობდნენ და მასთან მეგობრობდნენ ივანე ჯავახიშვილი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, არჩილ ჯორჯაძე, სამსონ ფირცხალავა, ილია ნაკაშიძე.

ზურაბ ავალიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. ის იყო კახეთის რკინიგზის საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. იმ დროს ზურაბ ავალიშვილი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო და ივანე ჯავახიშვილი მასთან მიმოწერაში არკვევდა, როგორ მოეგვარებინა ესა თუ ის საკითხი.

ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ზურაბ ავალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის უშუალო შემოქმედი გახდა. 1918 წლის მაისში, როგორც ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის წევრი, ავალიშვილი საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე. მისთვის ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობა. ამ მიზნით მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი, რომელიც მცირე კორექტივებით, 1918 წლის 26 მაისს დამტკიცდა. დამოუკიდებლობის სასწრაფოდ გამოცხადებისა და გერმანიის მოკავშირეობის წყალობით, საქართველოს საზღვრებში დარჩა სამცხე–ჯავახეთი. ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე”.

ზურაბ ავალიშვილი, როგორც რუსული და ევროპული ენების კარგი მცოდნე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკის დარგში. 1919 წელს, როგორც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი, დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ჯერ გერმანიაში, შემდეგ – საფრანგეთში, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად.

1919 წელს პარიზში გამართულ კონფერენციაზე ზურაბ ავალიშვილმა გადაჭრით გაილაშქრა ინგლის–სომხეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად ტრაპიზონის ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, ყარსისა და არდაგანის მხარეების სომხეთისათვის გადაცემას ითვალისწინებდა. 1920 წელს ავალიშვილმა მის მიერვე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა ანტანტის სახელმწიფო უზენაეს საბჭოს. ამ დოკუმენტში კარგად იყო დასაბუთებული, რომ ხსენებული ტერიტორიები უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა.

ზურაბ ავალიშვილი, ასევე, გახლავთ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ზურაბ ავალიშვილი პოლიტიკური ემიგრანტია. იგი მოღვაწეობდა საფრანგეთსა და გერმანიაში. 1922 წლის 6-12 იანვარს კანში ანტანტის უმაღლესი საბჭოს წევრი ქვეყნების შეკრებაზე ქართულმა დელეგაციამ, რომელშიც ზურაბ ავალიშვილიც შედიოდა, შეკრებას გადასცა საქართველოს მთავრობის ნოტა, რომლითაც საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და ერის სამართლიანი უფლებების აღდგენას მოითხოვდა.

დიპლომატიური საქმიანობის გარდა, ზურაბ ავალიშვილი აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. მიუნხენში მისი მონაწილეობით დაფუძნდა „ქართული სამოკავშირეო შტაბი“, რომლის მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა ბატონობისგან. იყო მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი. მონაწილეობდა ქართული დიასპორის ცხოვრებაში, პარიზში წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსებაში, გახლდათ პარიზის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი.

ზურაბ ავალიშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენაში. იგი ექვთიმე თაყაიშვილსა და იოსებ ელიგულაშვილს მარსელში დახვდა მთავრობის საქმეთა რწმუნებულ ანდრია დეკანოზიშვილთან ერთად და განძის მარსელის ბანკში დაბინავებაში დაეხმარა.

1942 წლის აპრილში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისარმა, გრაფმა შულენბურგმა ბერლინში მიიწვია ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლები და „ქართული პოლიტიკური კომიტეტის“ შექმნა შესთავაზა. მიწვეულთა შორის იყო ზურაბ ავალიშვილიც. შულენბურგის გეგმის, კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების ჩაშლის შემდეგ, ავალიშვილი მოღვაწეობდა 1943 წლის გაზაფხულზე მიხაკო წერეთლის ხელმძღვანელობით დაარსებულ „ქართულ ეროვნულ კომიტეტში“.

1943 წლის ნოემბერში დაარსებულ სამხედრო ორგანიზაციაში – „საკავშირო შტაბში“, ძველი ემიგრაციიდან ზურაბ ავალიშვილიც შედიოდა და ტყვეთა გათავისუფლების კამპანიაშიც იღებდა მონაწილეობას.

ზურაბ ავალიშვილს ეკუთვნის ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოცემული რამდენიმე ფუნდამენტური გამოკვლევა საქართველოს ისტორიისა და ძველი ქართული მწერლობის საკითხებზე.

1940 წელს ზურაბ ავალიშვილი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა და სიცოცხლის ბოლო წლებში კონტინენტალური ევროპის კვლევა-ძიების ინსტიტუტში მოღვაწეობდა. დაასაფლავეს ქალაქ შვანდორფში. 1993 წელს კი მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: ზურაბ ავალიშვილი - 100 ქართველი უცხოეთში; ნადირაძე, ქეთევან. ზურაბ ავალიშვილი-დიდნი საქმენი; ავალიშვილი ზურაბ – ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი