საზოგადოება

როგორ დაეხმარა ოქრომჭედლობა სალი ლორთქიფანიძეს მტკივნეული რეალობისგან გაქცევაში და რატომ უჭირთ ქალებს მისი ნდობა

№51

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 28.12, 2021 წელი

სალი ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

სალი ლორთქიფანიძემ პროფესიად ქალისთვის უჩვეულო ხელობა აირჩია. დედისთვის დასმულმა მძიმე დიაგნოზმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და რთული რეალობისგან გაქცევის სურვილმა იმ საქმემდე მიიყვანა, რომელიც დღეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

სალი ლორთქიფანიძე: ბავშვობიდანვე მომწონდა საკუთარი ხელით ლამაზი ნივთების, განსაკუთრებით კი ბისერებით სამკაულების შექმნა. მერე დავიწყე ქსოვა, კერვა და ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი. 2016 წელს დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ავსტრიაში ვაპირებდი წასვლას სწავლის გასაგრძელებლად. არ გამოვიდა. დედა რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, გადავწყვიტე, მასთან დავრჩენილიყავი. იმ პერიოდში ვერც ვმუშაობდი და ვეღარც სწავლის გაგრძელება მოვახერხე. ზუსტად ამ დროს, ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ არსებობდა კოლეჯი „მერმისი“, სადაც უფასოდ ასწავლიდნენ მინანქარზე მუშაობას და შემეძლო, მეც მეცადა, რადგან იცოდა, რომ ეს საქმე ჩემთვის საინტერესო იყო. მართლაც, ჩავაბარე და დავიწყე სწავლა. მინანქარზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე, ამ პროფესიას სიღრმისეულად დავუფლებოდი. მიმასწავლეს სახელოსნო, რომელშიც ახლა ვმუშაობ და მითხრეს, რომ შემეძლო იქ უფრო მეტი მესწავლა. მართლაც ვისწავლე ოქრომჭედლობა და იმდენად მომეწონა აქაური გარემო, გადავწყვიტე, სამუშაოდ დავრჩენილიყავი.

- არ შეგეშინდა? არც მაგალითის მომცემი ქალი გყავდა და რისკი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა.

- საქართველოში გვყავდნენ და ახლაც გვყავს ოქრომჭედელი ქალები. უბრალოდ, მე ხელოსნადაც ვმუშაობ, ისინი ცოტა სხვა კუთხით საქმიანობენ, საკუთარ დიზაინს ქმნიან. ჩემი ამბიციაა, ყველაფრის გაკეთება ვისწავლო. ყველანაირი ნაკეთობის შექმნა შემეძლოს დამოუკიდებლად. ჩემს სამომავლო გეგმებსაც ასე სჭირდება. დედას თავიდან ძალიან უნდოდა, ეს საქმე გამომსვლოდა და მგულშემატკივრობდა, მაგრამ, როცა გაიგო, რომ მუშაობის პროცესში მუდმივად მჟავასთან, გაზთან მაქვს ურთიერთობა, ყოველ მეორე დღეს სახლში დამწვარი ან გაჭრილი ხელით მოვდიოდი, მერე უკვე აღარ უნდოდა სწავლა და მუშაობა გამეგრძელებინა. თუმცა, მე იმდენად შემიყვარდა ეს საქმე, თავს ვეღარ დავანებებდი. რაც შეეხება შიშს, ბავშვობიდან მჯეროდა, რომ თუ რამის გაკეთებას საკმარისად მოინდომებ, შეუძლებელსაც შეძლებ. ჩემთვის ქალისა და კაცის საქმე ერთმანეთისგან გამიჯნული არასდროს ყოფილა.

- ლამაზი სამკაულების უკან რა შრომა დევს?

- ძალიან რთული სამუშაოა, ფიზიკურ შრომას მოითხოვს და ბევრჯერ, დღის ბოლოს ხელის კუნთი მიკანკალებს, რადგან მთელი დღე დაჭიმული მაქვს. თუმცა, ნაკეთობა რაც უფრო რთულია, მით უფრო სასიამოვნოა მასზე მუშაობის პროცესი და საბოლოო შედეგიც უფრო გიყვარს. ამ ეტაპზე შეკვეთებზე ვმუშაობ და დამკვეთის სურვილისამებრ ვარჩევ დიზაინს, ზოგჯერ მეც ვურჩევ ხოლმე და ითვალისწინებენ. სამომავლოდ კი მინდა, ჩემი ნაკეთობები შევქმნა, როგორც დიზაინერმა.

- გამომდინარე იქიდან, რომ ოქრომჭედლები სულ მამაკაცები არიან, შენი ნდობა არ უჭირს მომხმარებელს?

- ბოლო პერიოდში სახელოსნოში ორი ქალბატონი შემოვიდა ოქროს ნაკეთობის დასამზადებლად და თანამშომელმა ჩემთან გამოუშვა. რომ დამინახეს გოგო ვიყავი, ვაიმე, თქვენო? ძალიან გაოცებულებმა მკითხეს და ორჭოფობდნენ, ღირდა თუ არა ჩემი ნდობა. ბოლოს გადაწყვიტეს, მოეცათ შეკვეთა და იმდენად მოეწონათ ჩემი ნაკეთობები, მერე კიდევ რამდენჯერმე მომმართეს. ასეთი დამოკიდებულებაა და სხვათა შორის, ძირითადად, ქალებისგან, კაცებისგან ძალიან ნაკლებად. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა შეკვეთა იდეალურად შევასრულო.

- რა ხდებოდა მანამ, სანამ ასე შეიცვლებოდა შენი ცხოვრება?

- მანამდე ჯავახიშვილში ვსწავლობდი ბიზნესადმინისტრირებაზე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი. ჩემი და ავსტრიაში სწავლობდა და მითხრა, რომ იქ იყო ძალიან კარგი კოლეჯი, სადაც დიზაინის, კერვის, ქარგვის სწავლას შევძლებდი. საბუთები მზად მქონდა წასასვლელად, როცა დედიკოს დიაგნოზის შესახებ გავიგე და ყველაფერი შეიცვალა. მაშინ მეოთხე კურსზე ვსწავლობდი და ყველაფერს დავანებე თავი.

- ალბათ, დედას ფიზიკურადაც სჭირდებოდა დახმარება და როცა ოქრომჭედელობით დაინტერესდი, სწავლას როგორღა ახერხებდი?

- ვსწავლობდი და ვმუშაობდი სახელოსნოში, როცა ვახერხებდი. როცა დედას ვჭირდებოდი, მის გვერდით ვიყავი. სახელოსნო იყო ადგილი, სადაც მავიწყდებოდა ჩემი პრობლემა და ვახერხებდი, მძიმე რეალობას დროებით გავქცეოდი, არ მეფიქრა იმაზე, რომ სახლში მყავდა დედა, რომელიც ცუდად იყო. იქ სულ სხვა სამყაროში ვიყავი და დღემდე, სახელოსნო ჩემთვის ის ადგილია, სადაც სიმშვიდეს ვპოულობ.

მერე დადგა უფრო რთული პერიოდი. საქართველოში ამოვწურეთ მკურნალობის შესაძლებლობები. ერთი წელი მუშაობა და სწავლა შევწყვიტე, რადგან საფრანგეთში წავედით სამკურნალოდ და ერთი წელი ვიყავით იქ. ჩემი და, მამაც ჩამოვიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვეღარ დავეხმარეთ, დედიკო იქ დაიღუპა. იქიდან დაბრუნების შემდეგ სახელოსნო ჩემთვის ყველაფერი იყო.

- ეს ხელობა უკვე მხოლოდ საქმე კი არა, რეაბილიტაციის პროცესი გახდა, არა?

- ასეა. ცუდად ჟღერს, მაგრამ ვცდილობდი, დამევიწყებინა, რომ დედიკო გარდაიცვალა. ამაში ჩემი საქმე მეხმარებოდა. მუშაობის პროცესი არ მაძლევდა დანებების საშუალებას და ძალიან დიდი სტიმული იყო ფეხზე დასადგომად, ტკივილთან გასამკლავებლად.

ახლა ზუსტად ვიცი, რას მინდა, მივაღწიო და ყველაფერს გავაკეთებ სასურველი მიზნის მისაღწევად. დედაჩემი აბაშიდან იყო. მე იქ დავიბადე, ლტოლვილი ვარ. იქვე გავიზარდე და ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. ძალიან მინდა, იქ გავხსნა სახელოსნო, ადგილობრივებს ვასწავლო მუშაობა და ჩვენი შექმნილი სამკაულები გავყიდოთ არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.

- მამას როგორი დამოკიდებულება აქვს ამ საქმესთან?

- მიზეზი, რის გამოც ჩემთვის არ არსებობს კაცის და ქალის საქმე, მამაჩემია. მამა ავეჯს აწყობდა და როცა სახლში რამეს აკეთებდა, იქნებოდა ეს ავეჯის აწყობა, კედლის შეღებვა თუ შპალერის გაკვრა, მე, მამა, დედა, ჩემი და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. 13 წლის ვიყავი, როცა მე და მამამ ერთად ავაწყვეთ კარადა. ეს ქალის საქმე არ არისო, ჩემს ოჯახში არასდროს გამიგონია. მამა ახლაც ძალიან მგულშემატკივრობს და ამაყობს ჩემი ნამუშევრებით. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი