საზოგადოება

როგორ დადგა გიორგი ჯაბადარმა ევროპაში პირველი ქართული პიესა და რა ინტრიგების მსხვერპლი გახდა ის

№25

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 30.06, 2021 წელი

გიორგი ჯაბადარი
დაკოპირებულია

გიორგი ჯაბადარი გახლდათ ქართული თეატრის ფუძემდებელი. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული ქართული თეატრის განვითარებაშიც. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მიზნები ბოლომდე არ განხორციელდა და მისი სახელიც არ არის სათანადოდ დაფასებული.

გიორგი სწავლობდა ბელგიაში. პარიზში თეატრალური სტუდია დაამთავრა. მუშაობდა ანტუანის ცნობილ თეატრში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული დრამატული სტუდია-თეატრი.

1920 წელს გიორგი ჯაბადარი საქართველოს ეკონომიკურ დელეგაციასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა და ევროპული ენების კარგი ცოდნის გამო საქართველოს ფინანსთა მინისტრის – კანდელაკის თანაშემწედ დაინიშნა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში დარჩა და ბერლინში დასახლდა. იყო გერმანელ მსახიობთა კავშირის წევრი.

გიორგი ჯაბადარი დაიბადა თბილისში, საზოგადო მოღვაწის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის – ალექსანდრე ჯაბადარის ოჯახში. 1902 წელს ის, ძმასთან ერთად, სასწავლებლად ბელგიაში გაემგზავრა.

გიორგი შემდეგ წლებში, ძირითადად, ბრიუსელსა და ბერლინში ცხოვრობდა. აქ მიღებული ცოდნის დასტურია მისი ვრცელი გამოკვლევა დიქციასა და მიმიკაზე, რომელიც 1910 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში – „თეატრი და ცხოვრება“.

გიორგი ჯაბადარი ევროპაში წარმატებულად მოღვაწეობდა, როგორც რეჟისორი. 1910-იანი წლების დასაწყისში გიორგი ჯაბადარი უკვე პარიზშია. ის აქ ეზიარა ანდრე ანტუანის ესთეტიკას, დაამთავრა თეატრალური სტუდია და ანტუანის ცნობილ თეატრში დაიწყო მუშაობა. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამავე წელს თბილისში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული დრამატული სტუდია-თეატრი „ჯაბადარის სტუდია“, რომელსაც 1920 წლამდე ხელმძღვანელობდა. ჯაბადარის მოღვაწეობა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს ემთხვევა, ევროპიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თბილისში მის მიერ დაარსებულ დრამატულ სტუდია-თეატრში სწავლობდნენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, უშანგი ჩხეიძე, დოდო ანთაძე, შალვა ღამბაშიძე და სხვა.

ჯაბადარის სტუდია მიზნად ისახავდა მაღალკვალიფიციურ მსახიობთა კადრების აღზრდას, ქართული თეატრის განახლებასა და ეროვნულ ნიადაგზე დაყენებას. ამისთვის კი ყველაფერს აკეთებდა. მანვე შექმნა საქართველოში ევროპული სამსახიობო ოსტატობის სკოლა.

თავად გიორგი გახლდათ სტუდია-თეატრის მთავარი რეჟისორი და სასცენო მეტყველების პედაგოგი. პედაგოგებად მუშაობდნენ შალიკაშვილი, შათირიშვილი, ქორელი, ფაღავა, ყუშიტაშვილი და სხვები.

თუმცა, მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ სამწუხაროდ, სტუდია-თეატრი ორ წელიწადში დაიხურა. საქმე ის იყო, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს არ ესიამოვნა გიორგი ჯაბადარის წარმატება და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შიდა ინტრიგები მოჰყვა.

ამ ყველაფრის შემდეგ, გიორგი ჯაბადარი კვლავ ბერლინში დაბრუნდა და საქმიანობა იქ განაგრძო.

მან ბერლინში დაწერა წიგნი ქართულ თეატრში არსებული პრობლემების შესახებ. თუმცა ეს წიგნი ბერლინის დაბომბვის დროს დაიწვა და სამწუხაროდ, აღარ არსებობს.

გიორგი ჯაბადარის 1910 წელს ბელგიაში, ჟურნალში გამოქვეყნებული ვრცელი სტატია დიქციასა და მიმიკაზე, მან ცალკე წიგნადაც გამოსცა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისგან, რადგან ეს წიგნი გახლდათ პირველი სრულყოფილი სახელმძღვანელო ქართულ სასცენო მეტყველებაში.

ამის შემდეგ გიორგი ჯაბადარმა პარიზში თეატრალური სტუდია დაამთავრა. ის მუშაობდა პარიზის თეატრ „ოდეონში“, ასევე, ბერლინის „სამხატვრო თეატრში“; თანამშრომლობდა მსოფლიოში აღიარებულ და წარმატებულ რეჟისორებთან. გახლდათ არაჩვეულებრივი რეპუტაციის მქონე ხელოვანი, რომელიც საკუთარ სფეროში ძალიან ბევრს შრომობდა და პრაქტიკული თუ თეორიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გამოცდილებას უტოვებდა მისი გზის გამგრძელებლებს.

გიორგიმ ძმასთან, ერეკლე ჯაბადართან ერთად, ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“. ხოლო მეუღლესთან, გერტრუდა ჯაბადართან ერთად, იგივე პიესა გერმანულ ენაზე თარგმნა. აღნიშნული პიესა 1935 წელს დაიდგა კიდეც ბერლინის თეატრში. ეს ქართული პიესის ევროპაში დადგმის პირველი შემთხვევა იყო და ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობაც ჰქონდა.

გიორგი ჯაბადარი საკმაოდ ახალგაზრდა, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბერლინში შენებერგის სასაფლაოზე დაკრძალეს.

მის საქმიანობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შექმნილი თეატრის სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა, გიორგი ჯაბადარის ჩაყრილ საფუძველზე, სხვა ქართველმა მოღვაწეებმა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა შექმნეს. კერძოდ, კოტე მარჯანიშვილმა და ალექსანდრე ახმეტელმა ჯაბადარის თეატრის სამსახიობო დასის მეშვეობით შეძლეს ქართული თეატრის აღორძინება.

მამის კვალს გაჰყვა გიორგის ვაჟი – ალექსანდრე, რომელიც რეინჰარდტის თეატრალური აკადემიის დამთავრების შემდეგ კანადაში დასახლდა, დგამდა პიესებს გერმანულ ენაზე და თვითონაც თამაშობდა. შემდგომში ვაშინგტონში გადავიდა და იქ გააგრძელა მოღვაწეობა.

გამოყენებული მასალების წყარო:

ჯაბადარი გიორგი – ქართველები უცხოეთში; ღონღაძე ლ. გიორგი – ჯაბადარი და მისი სტუდია – თეატრალური მოამბე; ცამციშვილი ა. – ქართველი ბალეტმაისტერები და რეჟისორები უცხოეთში // უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანნი; ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ჯაბადარი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი