როგორ დაბრუნდა ქეთი ოძელაშვილი სიცილიიდან „ოსკარით“ და რა საოცარი შთაბეჭდილებები მოახდინეს ქართველმა მხატვრებმა იტალიელებზე
ავტორი: მარიამ დვალაშვილი 11:00 09.01, 2024 წელი

მხატვარი ქეთი ოძელაშვილი ახლახან იტალიიდან საოცარი ამბებითა და „ოსკარით“ ხელდამშვენებული დაბრუნდა. ის ამ საოცარი მოგზაურობისა და წარმატებების შესახებ თავად მოგვიყვება.
– ქალბატონო ქეთი, როგორ აღმოჩნდით იტალიაში?
ქეთი ოძელაშვილი: იტალიაში, კერძოდ სიცილიაში, არსებობს საერთაშორისო კულტურული ასოციაცია La Via del Arte, რომლის დამაარსებელი და პრეზიდენტი გახლავთ რობერტო გუჩიონო (Roberto Guchione), იტალიის რესპუბლიკის ოფიციალური კავალერი. ნინა დარჩია კი ამ საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური დელეგაცია საქართველოდან. სწორედ მისი მიწვევით მოვხვდით ჩვენ, ქართველი მხატვრები ამ ფესტივალზე. ქალბატონი ნინას დახმარებით, ქართველ მხატვრებს აგვისტოს თვეშიც ჰქონდათ გამოფენა იტალიაში, თუმცა, მაშინ მხოლოდ ნახატები გააგზავნეს. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი მხატვრების ნამუშევრებს. მაშინ მე არ ვიყავი ამ ყველაფრის ნაწილი, ამჯერად კი გადავწყვიტე, მეც მიმეღო მონაწილეობა გამოფენაში და წავედით იტალიაში.
– მოგვიყევით ფესტივალზე, რომლის ფარგლებშიც ქართველ მხატვრებთან ერთად ეწვიეთ ამ ქვეყანას.
– ფესტივალი სიცილიის უძველეს ქალაქ Montereso Almo-ში ჩატარდა. მასში 40-მდე ქართველმა მხატვარმა მივიღეთ მონაწილეობა. ძალიან პომპეზურად დაგვხვდნენ. საოცარი გახსნა იყო. პირველ დღეს ქალაქის მერი შეგვხვდა – ეს იყო ოფიციალური მიღება. ქალაქის მერმა საპატიო დიპლომები გადმოგვცა. ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. მეორე დღეს კი ფესტივალის გახსნა გაიმართა მუზეუმში, სადაც გამოფენილი იყო სეზანი, მონე, მიქელანჯელო, კარავაჯო და ასე შემდეგ. დაუკრეს ქართული ჰიმნი, ასევე, იტალიური, გაიჭრა წითელი ლენტი.
ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას თუ ტურისტებს საშუალება ექნებათ, ჩვენი ნამუშევრები დაათვალიერონ. რამდენიმე ნახატი და მათ შორის ჩემიც, უკვე შეიძინა გალერისტმა.
ამ ფესტივალში ძალიან ძლიერი ქართველი მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას: თემო ხარაბაძე, კახა დვალი, მამუკა ტყეშელაშვილი, ირინა ძამაშვილი. გამოფენილი იყო მინანქრით შესრულებული ნახატებიც. მისი შემსრულებელი გახლდათ ნათია ბექაური. ჩვენთან ერთად იყო ირინკა ხარატიშივილი, ძალიან კარგი დიზაინერი, რომლის სამკაულებიც მოდელებმა გახსნის შემდეგ წარმოადგინეს. ყველაფერი ძალიან მოეწონათ, რადგან მართლა საოცარი ნამუშევრებია.
– როგორი გამოხმაურება ჰქონდა ამ ფესტივალს უცხოურ პრესაში?
– ფესტივალი გააშუქეს სიცილიის პრესაში, ჩვენ შესახებ სიუჟეტები მოამზადეს ტელევიზიებმა. მხატვრები სხვადასხვა ნომინაციით დაჯილდოვდნენ. გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.
– თქვენი რომელი ნამუშევრები წარადგინეთ ფესტივალზე და როგორი შეფასებები დაიმსახურეს მათ?
– სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრები შევარჩიე. ერთი – წითური გოგონა და მეორე ნატურმორტი ყვავილებით. ორივემ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს არის გამოფენა-გაყიდვა და როგორც გითხარით, ერთი ნამუშევარი უკვე გაიყიდა.
ნამუშევრები წინასწარ გავუგზავნე ორგანიზატორს და არჩევანი თვითონ გააკეთეს, რა თქმა უნდა, ჩემთან შეთანხმებით. სპეციალურად შევარჩიე სხვადასხვა თემატიკა, რადგან მხატვარზე ასე უფრო გექმნება წარმოდგენა.
– სამშობლოში ფესტივალის უმაღლესი ჯილდოთი – „ოსკარით“ დაბრუნდით. მოგვიყევით თქვენი ტრიუმფის შესახებ.
– ფესტივალის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ (Oscar dell arte 2023) მე და კიდევ ოთხმა ქართველმა მხატვარმა – თემო ხარაბაძემ, ირინა ძამაშვილმა, მამუკა ტყეშელაშვილმა და კახა დვალმა – ავიღეთ. არ მეგონა თუ „ოსკარს“ ავიღებდი, მაგრამ რაღაც ჯილდოს რომ მივიღებდი, ეს ცხადი იყო. არ დავმალავ, ამის მოლოდინიც მქონდა. როცა გავიგე, რომ ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, „ოსკარი“ ავიღე, ძალიან გამიხარდა. ეს საოცრად ემოციური მომენტი იყო. მოულოდნელი და საოცრად სასიამოვნო. თქვენ წარმოიდგინეთ, სიხარულისგან ისეთ განცდებში ვიყავი, რომ დეტალები აღარც მახსოვს (იცინის). ეს არ იყო ჩემთვის პირველი საერთაშორისო გამოფენა, მაგრამ ძალიან ამაღალვებელი და სტიმულის მომცემია, როცა ასეთ ჯილდოს გაძლევენ.
ფესტივალის ორგანიზატორების სლოგანია „ხელოვნება აერთიანებს ერებს” და ეს რეალობაა. ჩვენ ქართველები და იტალიელები ხელოვნებამ გაგვაერთიანა. ბედნიერი ვარ, რომ გაოცებულები არიან იტალიელები ჩვენი მხატვრებით. ენის ბარიერის გამო ცოტა რთული იყო ურთიერთობა, თუმცა, ერთმანეთს ჟესტიკულციითაც არაჩვეულებრივად ვეკონტაქტებოდით.
– ალბათ, ბევრი საინტერესო შემოთავაზებაც მიიღეთ.
– შემოთავაზებებს რაც შეეხება, იქვე დაიგეგმა ივნისის თვეში სიცილიის ქალაქ ნოტოში გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც ჩემი ნამუშევრებით მივიღებ მონაწილეობას. ამჟამად ვაგრძელებ აქტიურ მუშაობას და შემდეგი გამოფენისთვის ვემზადები.
უკვე დავბრუნდი საქართველოში და აქაც შეკვეთებზე დავიწყე მუშაობა. დროში შეზღუდული ვარ, შეკვეთა კი ბევრია. თან, მუსიკოსი ვარ და მოსწავლეები მყავს, მათაც დიდი დრო სჭირდებათ. ჯაზ-ორკესტრის ვოკალის სპეციალისტი ვარ. მოკლედ, საქმე ძალიან ბევრია, ამას ემატება ოჯახი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ბევრ შრომას მოითხოვს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ყოველდღიურ რეჟიმში ვხატავ, სხვანაირად არ შემიძლია, ეს ჩემთვის ყველაფერია და თან, როცა სამუშაო გაქვს, სხვა გზაც არაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან