საზოგადოება

როგორ დააყენა ფეხზე თამაზ მეტრეველმა მეუღლე დიდი ტრაგედიის შემდეგ

№15

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 19.04, 2021 წელი

თამაზ მეტრეველი
დაკოპირებულია

თელავის, სოფელ კისისხევის მკვიდრ თამაზ მეტრეველსა და მის მეუღლეს – ელენე ხანჯალიაშვილს სამაგალითო ოჯახი აქვთ. მათი მრავალწლიანი სიყვარულის სიმბოლო წითელი „კაბრიოლეტია“, რომელიც ქმარმა ცოლისთვის საკუთარი ხელით ააწყო, მისი სახელი დაარქვა და აჩუქა.

თამაზ მეტრეველი: ხალხი რას არ სჩუქნის მეუღლეებს და მეც გადავწყვიტე, მისი სახელობის მანქანა გამეკეთებინა და მეჩუქებინა. ჩვენ სიყვარულით შევუღლდით და ფეხმძიმედ იყო ჩემი მეუღლე, როცა ამ მანქანის კეთება დავიწყე. სულ მეხმარებოდა: ხან ხელს წამიკრავდა რამეზე, ზოგჯერ იდეას მომაწვდიდა ან ყავას მომიტანდა და ასე შემდეგ. ეს იყო ოცდაათი წლის წინ. მეკითხებოდა, რომ დაასრულებ, რას დაარქმევო და მეც ვპასუხობდი, ჯერ ვნახოთ, რა გამოვა-მეთქი. ერთმანეთი გვიყვარდა და რატომაც არა – მისი სახელი დავარქვი და ჩვენი სიყვარულის სიმბოლოდ ვაჩუქე. სხვათა შორის, წითელი ფერი თვითონ შეარჩია. ხომ იცით, ახალგაზრდა შეყვარებული ადამიანები რამდენს ოცნებობენ და ჩვენს ოცნებებსაც შეესხა ფრთები.

ელენე ხანჯალიაშვილი: თამაზს ყოველთვის უყვარდა ძველებული მანქანები. როცა ამ მაქანის კეთება დაიწყო, სახელი არ იცოდა, უბრალოდ, რადგან ძველებური მანქანები მოსწონდა, გადაწყვიტა, „კაბრიოლეტი“ გაეკეთებინა. მერე რაღაც ნიუანსები ერთად მოვიფიქრეთ, მეც მივაწოდე იდეები და გადავწყვიტეთ, რომ ორკაციანი „კაბრიოლეტი“ ყოფილიყო, რომელსაც სასეირნოდ გამოვიყენებდით. ისე, უკვე გვყავდა საოჯახო მანქანა – „გაზ 24“. ეს ჩვენთვის უფრო გასართობი, მოსაფერებელი მანქანა იყო.

– თავიდანვე გჯეროდათ, რომ ეს ამბავი გამოვიდოდა?

– რასაც იტყოდა, აუცილებლად გააკეთებდა. ინტერესი ჰქონდა და მეც მინდოდა, გვერდით დავდგომოდი, თან, ახალგაზრდული აღმაფრენა იყო, გვინდოდა, ერთად ვყოფილიყავით და ვშრომობდით. თუმცა, მე იმდენი რა შემეძლო, მხოლოდ ვეხმარებოდი. ეს პროცესი წლები გაგრძელდა. ამასობაში, პირველი შვილი გაგვიჩნდა, მეორე, მესამე და დღეს სამი ვაჟი გვყავს. თამაზმაც დაასრულა მანქანა, რომელსაც ჯერ სახელიც არ ჰქონდა, რადგან კომისიაზე არ იყო გასული. თუმცა, ახლა ჩვეულებრივად არის რეგისტრირებული თავისი სახელითა და ნომრით. როდესაც კომისიაზე მიჰყავდა, სახელზე ვკითხე და მითხრა, მოვიფიქრებო. იქ, თურმე, არ უფორმებდნენ, ყველაფერი იმდენად ხარისხიანად იყო გაკეთებული, ქარხნული ეგონათ და ამის გამო ძალიან იწვალა. ბოლოს უთქვამთ, კარგი, მოვაწერთ ხელს, მაგრამ რა გინდა, რომ დაარქვაო. თამაზს უთქვამს, მინდა, ელენა დავარქვაო. გაოცებულებმა შემომხდეს კომისიის წევრებმა და მკითხეს, ქალიშვილი გყავს სახელად ელენაო? არა, მეუღლე მყავს, რომელმაც სამი ვაჟი გამიჩინა და არის თუ არა ღირსი, რომ მისი სახელი დავარქვაო?! (იცინის). როდესაც მოვიდა, პასპორტი მომაწოდა და მითხრა: ჩემო ნუგბარო დედაკაცო, მე შენ საჩუქრად გაძლევ ამ მანქანას. მას შენთვის ვაკეთებდი და გჩუქნი, სახელად „ელენა“ ჰქვიაო. წარმოგიდგენიათ, რა მომივიდოდა?! ხან ვყვიროდი, ხან ვხტოდი, ხან ბავშვებს ვეფერებოდი სიხარულისგან (იცინის). ეს მანქანა ჩვენი სიყვარულისა და ოჯახის სიმბოლოა. ეს ჩვენი მეოთხე შვილია, რომელშიც დიდი სიყვარულია ჩაქსოვილი. ჩვენ, ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, ყველა შევხარით და ვეფერებით ჩვენს „ელენას“.

– ბატონო თამაზ, რა განათლება გაქვთ, საიდან ეს ცოდნა ან იმ წლებში, როცა ყველას ძალიან გვიჭირდა, როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი?

თამაზი: მე პროფესიით ავტომექანიკოსი ვარ. ბავშვობიდან მანქანებით ვარ დაინტერესებული. ათი წლის ვიყავი, პირველად რომ საჭესთან დავჯექი. ძალიან მიყვარდა ძველი მანქანები. თქვენ გიკვირთ, თორემ ჩემთვის ეს არაფერია. ფულადი სახსრები რომ მქონოდა, ალბათ, კიდევ არაერთ მანქანას გავაკეთებდი სხვადასხვა დიზაინით. თავში ბევრი ფანტაზია მქონდა და მათი განხორციელება რომ შემძლებოდა, ელექტრომანქანა 30-40 წლის წინ გამოჩნდებოდა. ნახაზი, ელექტროძრავები და სავალი ნაწილები მქონდა, მხოლოდ გარეკოსტიუმი იყო საჭირო. ამ დროს აირია ეს ქვეყანა, მერე უშუქობა, უფულობა და რომ გამიჭირდა, ნელ-ნელა ელექტროძრავები გავყიდე. მერე ჩემს მეუღლეს ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა, იქ შვილებს სჭირდებოდათ რაღაცები და წავიდა ჩემი ელექტროძრავები ჩვენს მეზობელ თურქებთან. გავყიდე და ახალი ვეღარ ვიყიდე, რადგან ახლა უსაშველოდ ძვირი ღირს. ასე ჩამეშალა ელექტრომობილის შექმნის გეგმა.

– თუმცა „ელენა“ განხორციელებული ოცნებაა. იმ დროს ხალხი როგორ უყურებდა თქვენს ამ გადაწყვეტილებას?

– პირველი მე არ ვარ, ვინც საკუთარი ხელით გააკეთა ავტომობილი. მარტო თელავში სამი თვითნაკეთი მანქანა იყო. მე ზოგი დამცინოდა, ზოგი მაშაყირებდა, ზოგს კი სჯეროდა. მე ვიცოდი, რომ შემეძლო ამის გაკეთება და გავაკეთე. ეს ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მერე თბილისში წავედი სამუშაოდ, რადგან ძალიან გაგვიჭირდა. გლდანში ვმუშაობდი ავტოსახელოსნოში და ამ მანქანით გადავადგილდებოდი. რამდენიმე გაზეთში დაიწერა სტატია ჩემი მანქანის შესახებ და რომ მხედავდნენ, უკვე იცოდნენ, რომ თელავიდან ვიყავი. ხელს მიქნევდნენ და „თელავი, გენაცვალეო“, მეძახდნენ. ვინ ვიყავი – ეს არა, მაგრამ თელავიდან რომ ვიყავი, იცოდნენ (იცინის). გაყიდვა არც მიფიქრია, მაგრამ მსურველი ძალიან ბევრი იყო. ერთოთახიან ბინასაც მთავაზობდნენ, თანამედროვე მანქანაში გაცვლასაც, მაგრამ – არა, ეს ჩემი ბიოგრაფიაა, მეოთხე შვილივით გვყავს.

– შვილები თუ გგვანან ამ ინტერესით?

– არა, სხვათა შორის. მათ თავიანთი ინეტერესები აქვთ. ერთი მღერის, ერთი მეღვინეობას მიჰყვა, ერთი კი – მზარეულობას და თავიანთ არჩევანს პატივს სცემენ.

– ქალბატონო ელენე, თქვენი სიყვარული როდის დაიწყო?

ელენე: მე პროფესიით მსახიობი ვარ. თელავის დრამატულ თეატრში რომ მოვედი, თამაზი უკვე იქ მუშაობდა მექანიკოსად. როგორც ამბობს, მე რომ პირველად მივედი, ეს გარეთ მჯდარა, ჩვენს ახლანდელ მეგობრებთან ერთად. ჩითის კაბა მეცვა, მაქმანებით გაწყობილი და კიკინები მეკეთა. პატარა გოგო ვიყავი. რომ დაგინახეთ, ვთქვით, პეპელასავით მოფრინავსო და თითქოს, გულში შემოხვედიო. თეატრში ყველას ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. სულ ერთად ვიყავით და დღემდე ასე ვართ. გასტროლებზეც ერთად დავდიოდით. მე და თამაზი განსაკუთრებულად დავახლოვდით, ეტყობა, ჩვენ შორის უფრო ღრმა კავშირიც გაჩნდა. მე მაშინ სტაჟიორი ვიყავი. შემდეგ ჩავაბარე სამსახიობოზე და ოთხი წლით წამოვედი. ერთმანეთს რომ ვეღარ ვხედავდით, ვიგრძენით, რომ ჩვენ შორის რაღაც იყო და განშორებას ვერ ვიტანდით. თამაზი ხშირად ჩამოდიოდა თბილისში სხვადასხვა მიზეზით. ჩვენს მეგობრობას ორივე ძალიან ვუფრთხილდებოდით და სიყვარულში გამოტყდომა ადვილი არ გახლდათ. თუმცა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებული, ერთმანეთის გარეშე თავს ცარიელად ვგრძნობდით. როდესაც სწავლა დავამთავრე, თეატრში დავბრუნდი და მალე ჩვენი ოჯახიც შეიქმნა. სხვათა შორის, თამაზთან სხვებიც ძალიან კარგად იყვნენ, რადგან მართლაც ძალიან კარგი მეგობარი იყო და დღემდე ასეა.

– სამი შვილი, ძალიან დიდი ბედნიერება და რთული პერიოდებიც გამოიარეთ, არა?

– კი, ძალიან რთული პერიოდები გამოვიარეთ. სამი წელი შვილი არ მიჩნდებოდა, მერე სამი შვილი შეგვეძინა და მოგვიანებით თამაზმა მითხრა: ვიფიქრე, ამდენი იწვალა, სამი შვილი მაჩუქა და მაშინ გადავწყვიტე, შენთვის ასეთი საჩუქარი გამეკეთებინაო. სამი შვილი ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა. ისინი სიყვარულსა და სითბოში გავზარდეთ. არ მინდა, ქება გამომივიდეს, მაგრამ სამეგობროში სამივე ძალიან უყვართ. თუმცა, ბევრი სირთულეც იყო, უშუქობა და გაჭირვება. თამაზი ხან რუსეთში მიდიოდა, ხან თბილისში, რომ ოჯახი ფეხზე დაეყენებინა. აქ მე ვიდექი დედაბოძად, რომ ოჯახი არ წაქცეულიყო და ვაიმედებდი. ჩემი უფროსი ბიჭი მეთორმეტე კლასს ამთავრებდა, როცა მოულოდნელად ანალიზებმა აჩვენა, რომ ონკოლოგიური დაავადება მქონდა, მესამე სტადიის დასაწყისი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ტრავმა იყო, უცებ მეხი გავარდა ჩვენს ოჯახში. მაშინ მითხრა ჩემმა მეუღლემ, ნუ გეშინია, მე შენ გვერდით ვდგავარ, არაფერი მოხდებო. ძალიან ცუდად ვიყავი, თუმცა, იმისთვის, რომ მე ფეხზე დავდგარიყავი, ჩემმა მეუღლემ ის გააკეთა, რაც ბევრ კაცს არ შეუძლია. ამიტომ გაყიდა ყველაფერი. ეს ტრაგედია მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩვენი სიყვარულის ძალით გადავიტანე და დღემდე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოვდივართ.

– დღეს როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

– ძალიან აქტიური. კისისხევის კულტურის სახლის მენეჯერი ვარ, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. დღესაც გვიყვარს ერთმანეთი. 33 წელი გავიდა, მაგრამ ეს გრძნობა არ განელებულა. უფრო გამძაფრდა და გვინდა, შვილებს ვაჩვენოთ, რა არის ნამდვილი სიყვარული და თუ ჭეშმარიტია, ის არასდროს მთავრდება. გოგოზე ვოცნებობდით და „ელენა“ იყო ჩვენი მეოთხე გოგო. ახლა ჩემმა შუათანა ვაჟმა – სოლომონმა მოგვიყვანა გოგონა, უსაყვარლესი ლიზა, რომელიც ისეთივე სითბოთი და სიყვარულით შემოვიდა ჩვენს ოჯახში, როგორიც გვქონდა და აგვისტოში პატარა გოგონას ველოდებით. ასე რომ, ძალიან ბედნიერები ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა