საზოგადოება

როგორ დააყენა ფეხზე მთელი მსოფლიო და იხსნა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ლადო ახმეტელმა

№35

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 07.09, 2021 წელი

ლადო ახმეტელი
დაკოპირებულია

„ეს კაცი მთელი თავისი ბუნებით არ იყო ემიგრანტი. ის ბოლომდე ორივე ფეხით მტკიცედ იდგა ქართულ მიწაზე და გადმოხვეწილობამ მას ფესვები მოუჭრა. დილით, სულ ადრე ჩუმად წამოდგებოდა, თავისი ოთახიდან შეუმჩნევლად გამოვიდოდა სასადილოში, მიუჯდებოდა გრამაფონს, დააყენებდა დაბალ ხმაზე (ჩვენ რომ არ გავეღვიძებინეთ) და უკრავდა და უკრავდა კახურ „მრავალჟამიერს“, „ურმულს“ შორიდან მორიდებით ვხედავდით მისი განიერი ბეჭების თრთოლვას და ვგრძნობდით, რომ ჩუმად ჰყრიდა ცრემლებს. და ასე სისხამ დილას შეუდგებოდა დიდ გლოვას საქართველოს ბედნიერების დაკარგვის გამო“, – წერდა ლადო ახმეტელის შესახებ თამარ პაპავა „გაბნეულ საფლავებში“.

დამოუკიდებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფებიანი ელჩი გერმანიაში ვლადიმერ ახმეტელი 1875 წელს სოფელ ანაგაში, დეკანოზ გიორგი ახმეტელაშვილის მდიდარ და სტუმართმოყვარე ოჯახში დაიბადა. ახმეტელები ოჯახში დახვეწილი სალიტერატურო ენით მეტყველებდნენ. იცოდნენ რამდენიმე უცხო ენა, მაგრამ მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ. ცხრა და-ძმა თანასოფლელთა პატივისცემით სარგებლობდა, გამორჩეულნიც იყვნენ კულტურითა და განათლებით. ანაგაში ახმეტელებს „მინისტერიანებს“ ეძახდნენ, ამბობდნენ – ახმეტელებს ქათმებიც კი ნასწავლი ჰყავთო.

ლადომ თელავისა და თბილისის შემდეგ გერმანიაში, კერძოდ ლაიფციგში, გააგრძელა სწავლა, იქ დაეუფლა ეკონომიკის საფუძვლებს. სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ვლადიმერ ახმეტელი, გარდა თავისი სპეციალობისა, საკმაოდ ცნობილი გახდა სამწერლო და ჟურნალისტური მოღვაწეობითაც. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველო მრავალმა სახელმწიფომ ცნო, მაგრამ საელჩოების გახსნა მარტო გერმანიამ და იტალიამ მოასწრო. გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვლადიმერ ახმეტელი დაინიშნა. ბერლინში, „ბრუკენ ალეეზე“ მდებარე საქართველოს საელჩო, ვლადიმერ ახმეტელის წყალობით, მალე ქართული კულტურის ცენტრი გახდა.

ვლადიმერ ახმეტელი ზრუნავდა როგორც ქართველ ემიგრანტებზე, ასევე გასაბჭოებულ საქართველოში დარჩენილ პატრიოტებზე. დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა არაერთი პატრიოტი დააპატიმრა და ციხეებში გამოამწყვდია. მეტეხის ციხეში დატუსაღებული 62 პოლიტიკური პატიმარი რუსეთში გადაასახლეს, სადაც მათ დახვრეტა ელოდათ. როგორც კი ეს ვლადიმერ ახმეტელმა შეიტყო, ბერლინში მყოფი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით, მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა და საბჭოთა ხელისუფლება აიძულა, ქართველი პოლიტპატიმრებისათვის, რომლებიც უკვე რუსეთში იყვნენ გადაგზავნილნი გერმანიაში წასვლის უფლება მიეცათ.

1929-1933 წლებში გერმანიაში ქართველთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ამიტომ 1938 წლის ბოლოს გერმანიის ხელისუფლებამ, ალექსანდრე აფხაზის ხელმძღვანელობით, მათთვის „ქართული სათათბირო“ დააარსა, რომელიც შემდეგ „კავკასიის სამმართველოდ“ გადააკეთეს და სათავეში ვლადიმერ ახმეტელი ჩაუყენეს.

1942 წლის 12 აგვისტოს ვლადიმერ ახმეტელი მოულოდნელად გარდაიცვალა ბერლინის ერთი პატარა ბაღის სკამზე. დაკრძალულია ბერლინში.

ახმეტელების ოჯახის კიდევ ერთი განსაკუთრებული წევრი გახლდათ სტეფანე ახმეტელი. კარგი გარეგნობის, სიკეთით გამორჩეული კეთილშობილი და შეუპოვარი ადამიანი. მან დაწყებითი განათლება სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი, კადეტთა კორპუსი და იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი უკრაინაში.

1887 წლიდან სტეფანე ახმეტელი სამხედრო სამსახურში ჩადგა. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ იაპონელებთან მამაცურად მებრძოლი შტაბსკაპიტანი საბრძოლო დამსახურებისთვის წმიდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ბრძოლაში შეუპოვარი ოფიცერი, იმავდროულად, დიდ შემწყნარებლობას იჩენდა იაპონელი სამხედრო ტყვეების, განსაკუთრებით კი ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა მიმართ. ყოველივე ეს შეიტყო და სათანადოდ შეაფასა იაპონური არმიის სარდლობამ. სახელგანთქმულმა იაპონელმა ადმირალმა, პორტარტურსა და ცუსიმასთან მომხდარი სისხლისმღვრელი ბრძოლების გმირმა ჰეიჰაჩირო ტოგომ სტეფანე ახმეტელს, როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგეს, თავისი რჩეული სამურაის ხელით, საჩუქრად იაპონური მახვილი გაუგზავნა.

1921 წლის თებერვალში, მტრის მრავალრიცხოვანი ძალების ზეწოლის შედეგად, გენერალი ახმეტელი კახეთში დისლოცირებულ მე-6 ათასეულთან ერთად ნაბიჯ–ნაბიჯ იხევდა დასავლეთისკენ და იძულებული შეიქმნა, დარჩენილი რაზმით, ახმეტასა და დუშეთზე გავლით, საქართველოს სამხედრო გზაზე გამოსულიყო, სადაც ვლადიკავკაზიდან მომავალმა მტერმა გზა გადაუჭრა და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად ტყვედ ჩავარდა. მალე გაასამართლეს და რუსეთში გადაასახლეს. რა თქმა უნდა, თავისუფლებისმოყვარე, პატრიოტი სამხედრო პირისთვის პიროვნული და ეროვნული ტრაგედია იყო სამშობლოს ხელმეორე ოკუპაცია და ანექსია. მან თავისუფლების ხელყოფა, სამშობლოს დამონება და ციხის რეჟიმის გადატანა ვერ შეძლო და 1922 წელს ქალაქ რიაზანის ციხის საკანში გარდაიცვალა.

სტეფანე ახმეტელს განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა უმცროს ძმასთან, სიმონთან. ის საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო და 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მისი ხელმოწერაც ახლავს. სიკო ავადმყოფ ძმას თან გაჰყვა გადასახლებაში, უვლიდა და ამხნევებდა. ამის გამო ისიც დაატუსაღეს. სიმონი ამაყობდა, რომ სნეული გენერალი ღირსეულად იქცეოდა, პატიმრები და თვით ციხის ადმინისტრაციაც პატივისცემით ეპყრობოდნენ. იგი ხუთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს.

წყარო: ახმეტელი ვლადიმერ – ქართველები უცხოეთში; შარაძე გიორგი – ვლადიმერ ახმეტელი; პაპავა თამარ – ძია ლადო/გაბნეული საფლავები; საქართველოს ენციკლოპედია; არველაძე ნათელა – ახმეტელები ასწლიან ომში; ჯავახიშვილი ნიკო – ამომავალი მზის ქვეყანა ქართველთა თვალით; ისტორიანი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი