როგორ დააჯილდოვა დავით სუმბაძე ლონდონის მერმა და ვინ შეადარა ის ახალგაზრდა პავაროტის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:42

დავით სუმბაძის საოპერო კარიერა უფრო და უფრო წარმატებული ხდება. მისი ნიჭიერებით ევროპის არაერთი ქვეყანა მოიხიბლა და წინ კიდევ დიდი გეგმებია.
დავით სუმბაძე: ბოლო ორი წელია, აქტიურად ვმოღვაწეობ ინგლისში. ამისთვის მინდა, მადლიერება გამოვხატო გამოჩენილი უკრაინელი სოპრანოს, ჩემი მეგობრის, ოლგა პერიეს მიმართ, რადგან ეს მისი დამსახურებაა.
ყველაფერი 2023 წელს დაიწყო და მთელი წელი ძალიან დატვირთული გამოვიდა. ინგლისში არაერთ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა, რის შემდეგაც კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელება მთხოვეს. დავთანხმდი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი – ჩემი საოპერო რეპერტუარი რუდოლფის პარტიით გაიზარდა. მთლიანობაში, ამ ქვეყანაში, შარშანდლიდან მოყოლებული, ასზე მეტი სპექტაკლი ვიმღერე. გულწრფელად და სიამაყით გეტყვით, რომ თითოეულმა სპექტაკლმა ძალიან დიდი წარმატება მომიტანა. არა მხოლოდ ლონდონში, ასევე, მანჩესტერში, ლივერპულში, გლაზგოში ედინბურგში, ბაფში თუ სხვა ქალაქებში.
დაუვიწყარი იყო ჩემს მიერ ედინბურგში შესრულებული რუდოლფის პარტია ოპერა „ბოჰემაში“. ასევე, დაუვიწყარი იყო გლაზგოში შესრულებული ადმირალ პინკერტონის პარტია ოპერა „მადამ ბატერფლაიში“ და მიხარია, რომ ინგლისში ყველაფერი ასე კარგად აეწყო.
– გამოვიდა, რომ საფრანგეთიდან ინგლისისკენ ძალიან ნაყოფიერად გადაინაცვლეთ.
– რა თქმა უნდა. შარშანდელი წლის შემდეგ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგი. სიამაყით გეტყვით იმასაც, რომ ერთ-ერთი წარმატებული სპექტაკლის შემდეგ, ერთმა კრიტიკოსმა ახალგაზრდა პავაროტის შემადარა. ჩემს საიტზეც დევს ეს არაჩვეულებრივი შეფასება, რომელმაც ძალიან გამახარა.
მინდა, აღვნიშნო, რომ მე ძალიან მადლიერი ვარ ინგლისში მოღვაწე ქართველი ქალბატონის, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანის. ეს ადამიანი უფრო ანგელოზია, ვიდრე ადამიანი – გმირი დედა და ლონდონში პირველი ქართული სკოლის დამაარსებელი. მთელი მისი შემოსავალი ქართულ საქმეს ხმარდება.
მან დაინახა ჩემი წარმატება და მთხოვა, ლონდონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის სოლო კონცერტი ჩამეტარებინა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ქალბატონი ლიანას ორგანიზებით ჩატარდა არაჩვეულებრივი ღონისძიება – ჩემი სოლო კონცერტი...
– რომელზეც ლონდონის ერთ-ერთმა მერმა დაგაჯილდოვათ.
– სიმართლე რომ ვთქვა, თავდაპირველად მერი არ აპირებდა ამ კონცერტზე მოსვლას. მაგრამ ქალბატონმა ლიანამ მას გაუგზავნა ინფორმაცია ჩემი ვინაობისა და წარმატებების შესახებ და სრულიად მოულოდნელად, ყველანაირი ოფიციალური წესის დაცვით, ქენსინგტონის მერმა პატივი დაგვდო და კონცერტზე წარსდგა. სხვათა შორის, ამ ღონისძიებას ყოფილი მერიც ესწრებოდა. კონცერტის შემდეგ მოქმედმა მერმა საპატიო ჯილდო გადმომცა – ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
– როგორი იყო ემიგრანტებთან შეხვედრა?
– ეს ყოველთვის დაუვიწყარი ემოციების წყაროა. მე თვითონ ემიგრანტი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, ემიგრანტობა ჩემთვის ძალიან დიდ გულისტკივილს უკავშირდება. ჩემი აზრით, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ემიგრანტი, მას თუ ქართულად უძგერს გული და ფესვები სტკივა, არ შეიძლება, ბედნიერად გრძნობდეს თავს. მიუხედავად ამხელა წარმატებისა, მე ვერ ვიტყვი, რომ ემიგრაციაში ბედნიერი ვარ. ეს ასე არ არის. მე ძალიან მაკლია ჩემი სამშობლოს მადლი, მაკლია ჩემი დედაეკლესია და კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას უწმიდესის მიმართ, რომელსაც ჩემთვის უდიდესი ამაგი აქვს გაწეული. როგორც არ უნდა ვიბრძოლო, სულ რომ ნემსის ყუნწში გავძვრე, ჩემს შვილებს ისე ვერ ვასწავლი ქართულს, როგორც მას საქართველოში ცხოვრების შემთხვევაში ისწავლიდნენ.
– ბოლო ორი წელია, აქტიური შეხება გაქვთ ინგლისელ მსმენელთან, როგორ შეგხვდნენ?
– ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვაქცევ. მაგალითად, მანჩესტერის მსმენელი გაცილებით განათლებულია, ვიდრე, რომელიმე პატარა ქალაქის. მე ძალიან ბევრ ქალაქში მქონდა სპექტაკლი და ამ მხრივ დიდი გამოცდილება დავაგროვე, ამიტომ ვიცი, რომ დიდი და პატარა ქალაქის მსმენელი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. გარდა ამისა, ისიც მნიშვნელოვანია, თუ რომელ ოპერას მღერი. ყველა ოპერაზე აბსოლუტურად განსხვავებული აპლოდისმენტები გაქვს. გინდა, არ გინდა, ოვაციები როლზეა დამოკიდებული. მაგალითად, „კარმენში“, ბოლო კულმინაციური დუეტის დასასრულს დარბაზი ინგრეოდა აპლოდისმეტებისგან. „ბოჰემაზეც“ ძალიან დიდი ტაში და ოვაციები მქონდა, მაგრამ როდესაც „ბატერფლაიზე“ გამოვდიოდი, ასეთი რეაქციები არ ჰქონდათ, რადგან უარყოფითი პერსონაჟს ვასახიერებდი.
– კიდევ ერთი, კარგი სიახლეა თქვენს კარიერაში – ძალიან წარმატებულ აგენტთან გააფორმეთ კონტრაქტი, ვსაუბრობთ, მსოფლიოში ცნობილი ხელოვანის, ხოსე კურას აგენტზე.
– ნამდვილად ასეა. ხოსე კურა ერთ-ერთი გამორჩეული საოპერო მომღერალი გახლავთ, რომელსაც, სხვათა შორის, არაერთი სპექტაკლი ჰქონია ლადო ათანელთან. ის ამჟამად დირიჟორის რანგში აგრძელებს მოღვაწეობას და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში მე და ბატონი ხოსე კურა ერთად მოვხვდებით სცენაზე, როგორც დირიჟორი და მომღერალი. რაც შეეხება აგენტს, ის საკმაოდ ასაკოვანი ადამიანია, რომელიც ძალიან დიდი ავტორიტეტითა და კავშირებით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ მასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი და ფაქტობრივად, „იტალია 2026“ უკვე დაგეგმილია.
– ესე იგი, ინგლისიდან იტალიაში გადაინაცვლებთ.
– კი, ბატონო. ასეთია მომავალი წლის გეგმები. უკვე იტალიიდან იწყება ჩემი ბევრად დიდი წარმატება, შემდეგი იქნება დიდ თეატრებში გამოსვლა. აქამდე ძალიან კარგი შეფასებები მქონდა კრიტიკოსებისგან. მათი მხრიდან მუდმივად იყო ხაზგასმა, რომ მე მაქვს ძალიან დიდი პოტენციალი საიმისოდ, რომ ვიყო ერთ-ერთი წამყვანი ტენორი მსოფლიოს მასშტაბით. საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მაგრამ ყველას არ უწერენ, ახალგაზრდა პავაროტის გვაგონებსო. იტალიაში სიმღერა, მართლაც რომ, დიდი პატივია. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ ეს კიდევ უფრო დიდი წარმატების დასაწყისია. თუ იტალიამ არ გაღიარა, ძალიან გაგიჭირდება სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო დიდ სცენებზე გამოსვლა, რადგან სხვა ქვეყნის აგენტები და თეატრის ხელმძღვანელები დიდ ყურადღებას აქცევენ, გაქვს თუ არა ნამღერი იტალიაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან