როგორ დააღწია თავი სოლომონ ვადაჭკორიამ კატორღასა და ციმბირს და რა ამაგი აქვს მას სამშობლოს წინაშე
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 06.05

სოლომონ (სოლონ) ივანეს ძე ვადაჭკორია დაიბადა 1880 წელს ქუთაისის სოფელ ჭანჭათში. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. ბავშვობიდან მუშაობდა ტფილისის ტიპოგრაფიებში შეგირდად, შემდგომ – ასოთამწყობად. გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ასოთამწყობად მუშაობის პერიოდიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში, თბილისში. ამ პერიოდში ის ლადო კეცხოველთან ერთად მუშაობდა ექვთიმე ხელაძის სტამბაში. იყო ტიპოგრაფიის მუშათა ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
1903 წლის ივლისში სოლომონი ჟანდარმერიამ დააპატიმრა და 3 თვე მეტეხის ციხეში იჯდა. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი. 1905 წლის დასაწყისიდან ტფილისის კომიტეტში თბილისის მესამე რაიონის წარმომადგენლად იყო, კომიტეტის წევრის უფლებით. აგვისტოში ქალაქის საბჭოს შენობაში დემონსტრაციის დარბევისას დააპატიმრეს და თვე-ნახევრით ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ სულ 6 დღე გაატარა ციხეში, რადგან 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტით გათავისუფლდა, თუმცა ამანაც ვერ უშველა დიდი ხნით, რადგან 1905 წლის ბოლოს კვლავ დააპატიმრეს და 4 თვით ჩასვეს ციხეში.
დამსახურებების გამო პარტიამ სოლომონ ვადაჭკორიას კანდიდატურა 1906 წელს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე ხმოსნად წამოაყენა. იყო რსდმპ ტფილისის კომიტეტის წევრი, ასევე იყო არალეგალურ გაზეთის, „დილას“, პასუხისმგებელი რედაქტორი. 1908 წლის თებერვალში დააპატიმრეს. გამოძიებამ წელიწად-ნახევარს გასტანა და ბოლოს სამხედრო სასამართლომ 4 წლით კატორღა მიუსაჯა. კატორღის ვადის მოხდის შემდეგ სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც წელიწად-ნახევრის შემდეგ საზღვარგარეთ მოახერხა გაქცევა.
ერთი წელი ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში, სადაც ასოთამწყობად მუშაობდა. შემდეგ გადავიდა ბერლინში, იქაც ტიპოგრაფიაში დაიწყო მუშაობა. მონაწილეობდა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის გაზეთ „ქართული გაზეთის“ გამოცემაში. საქართველოში 1918 წლის მაისში დაბრუნდა, მუშაობდა ქალაქ თბილისში, ტიპოგრაფიაში.
იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. დამფუძნებელი კრების 1919 წლის 9 მაისის სხდომაზე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საკანდიდატო სიის სამი წევრის გარდაცვალების გამო, ახალი წევრებიდან ერთ-ერთად სოლომონ ვადაჭკორია ჩაირიცხა. კრების წევრის უფლებამოსილების დატოვების შემდეგ მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის ტიპოგრაფიის გამგის თანაშემწედ და მთავრობის ტიპოგრაფიის გამგედ.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, სოლომონ ვადაჭკორია საქართველოში დარჩა და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ისევ მუშაობდა ტიპოგრაფიაში, სანამ 1921 წლის 21 მაისს არ დააპატიმრეს. ციხეში 2 თვე გაატარა. გათავისუფლების შემდეგ, 1921 წლის ნოემბერში, ის არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა და 1923 წლამდე თბილისში დარჩა. ამ პერიოდში პარტიის ოფიციალურ წევრად არ მიიჩნეოდა, მაგრამ ასრულებდა არალეგალურ მდგომარეობაზე გადასული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებებს.
1922 წელს გახდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე, შემდგომ კი, 1922 წლის მაისამდე, წევრის სტატუსით მუშაობდა. იყო არალეგალური სტამბების ორგანიზატორი. აქტიურად მუშაობდა ნოე ხომერიკთან ერთად. მალე დატოვა კომიტეტი და წავიდა ბათუმში, რათა არალეგალურად გამგზავრებულიყო გერმანიაში, ოჯახთან, მაგრამ 1923 წლის 6 ივნისს საზღვარზე სხვისი – გერონტი არტემის ძე ჩუბინიძის – პასპორტით გადასვლის მცდელობისას, მიხეილ ივანეს ძე ტუღუშთან (რომელიც ძიების ინფორმაციით პროფესიონალი ქურდი იყო) ერთად, დააპატიმრეს. დაკავებულები ჯერ „აჭარისტანის“ „ჩეკაში“ გადაგზავნეს, შემდეგ კი თბილისში, „საქჩეკას“ კომენდატურაში.
სოლომონ ვადაჭკორიამ დაკითხვებზე დაასახელა თბილისის კომიტეტის ის შემადგენლობა, ვისთან ერთადაც თავად შედიოდა კომიტეტში 1922 და 1923 წლებში, თუმცა დასახელებულების უმრავლესობა ან პატიმრობაში, ან საზღვარგარეთ, ან არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
1923 წლის 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა „საქჩეკას“ თავმჯდომარეს და სთხოვა, რომ დროზე დაესრულებინათ საქმე და საზღვარგარეთ, ოჯახთან წასვლის საშუალება მიეცათ, რადგანაც ისედაც არალეგალურად აპირებდა გამგზავრებას და გათავისუფლების შემთხვევაშიც გადაწყვეტილი ჰქონდა პოლიტიკიდან ჩამოშორება. „საქჩეკას“ საიდუმლო განყოფილების N1 ჯგუფის რწმუნებულმა განიხილა ვადაჭკორიას საქმე და მიიღო რა მხედველობაში, რომ სოლომონ ვადაჭკორია შეუერთდა მეტეხის პოლიტპატიმარ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა განცხადებას ყოფილ მენშევიკთა ყრილობის მიერ მიღებული თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილებაზე – შეერთებისა და პარტიიდან გასვლის შესახებ, მისი ციხიდან გათავისუფლების რეკომენდაცია გასცა.
1924 წლის ბოლოდან კვლავ არალეგალურად მუშაობდა, იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დასაშლელად ჩამოყალიბებული „მუშათა კომისიის“ წევრი; ეხმარებდა იატაკქვეშელ ყოფილ თანამებრძოლებს ხელისუფლებასთან შერიგებასა და ამნისტიის მიღებაში. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ კვლავ უარი უთხრა ვიზაზე საზღვარგარეთ ოჯახთან გასამგზავრებლად, მან კვლავ არალეგალურად სცადა გაღწევა. ამჯერად წარმატებით. სოლომონ ვადაჭკორია გარდაიცვალა 1928 წელს ბერლინში.
გამოყენებული მასალების წყარო: ხვადაგიანი ირაკლი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“; ვიკიპედია; archive.ge; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან