საზოგადოება

როგორ დააარსა ლევან ზურაბიშვილმა პარიზში ქართული სამრევლო და რატომ თქვა მან უარი საფრანგეთის მოქალაქეობაზე

№19

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 17.05

ლევან ზურაბიშვილი
დაკოპირებულია

ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე ლევან ზურაბიშვილი ქუთაისში დაიბადა. ის გამორჩეული ქართველის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი გახლდათ.

ლევანის დედა, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო. მამა, ივანე ზურაბიშვილი – იურისტი და ამიერკავკასიის სამმართველოს იურისკონსულტანტად მსახურობდა. იმავდროულად, იყო მწერალი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე.

ლევანმა სწავლა ლევანდოვსკის კერძო გიმნაზიაში დაიწყო და შემდეგ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. ზურაბიშვილების ოჯახში რუსული და ფრანგული ენების ცოდნა ძლიერ პატრიოტულ სულისკვეთებასთან იყო შეთავსებული. სწორედ ამიტომ ლევანი იყო ერთ–ერთი პირველი, ვინც რუსული სკოლიდან ახალგახსნილ ქართულ სკოლაში გადაიყვანეს.

1921 წლის მარტიდან ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაში მიდის. თავდაპირველად ისინი სტამბოლში სახლდებიან. აქ უკვე ლევანი სწავლას წმიდა მიხეილის კოლეჯში განაგრძობს და იღებს საშუალო სკოლის ატესტატს – ბაკალორეას.

1924 წლიდან ზურაბიშვილები საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ. ლევანი სენტ-ბარბის განთქმულ მოსამზადებელ კოლეჯში შევიდა, 1928 წელს კი სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მართალია, მას იურიდიულ ფაკულტეტზე უნდოდა სწავლა, მაგრამ ლტოლვილის სტატუსი ამის საშუალებას არ აძლევდა.

1931 წელს, პარიზის უმაღლესი საინჟინრო სკოლის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთის რკინიგზის უფროსობა შესთავაზეს, თუმცა, ამისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო. ამაზე ლევანმა კატეგორიული უარი განაცხადა – მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდები, ასეთი იყო მისი პოზიცია. სამსახური ფორდის საზოგადოების საფრანგეთის განყოფილებაში – „სიმკა–კრაისლერში“ დაიწყო. ამ საზოგადოებაში 39 წელი გაატარა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში კი დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

1971 წლიდან იგი პენსიონერია და მთელ თავის ენერგიას ქართულ საქმეზე ზრუნვას ახმარს.

თუმცა, არა მხოლოდ საპენსიო ასაკში, ლევან ზურაბიშვილი სტუდენტობიდანვე მონაწილეობდა ქართულ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

1928 წელს ის საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1928-1929 წლებში ილამაზ დადეშკელიანთან და იოსებ კემულარიასთან ერთად პარიზში წმიდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლო დააარსა.

იგი ილამაზ დადეშკელიანთან, არჩილ ზურაბიშვილთან, პეტრე ჯაფარიძესა და გიორგი ჟურულთან ერთად აარსებს „წმიდა ქეთევანის ქართულ ორთოდოქსულ ძმობას“, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა დაამტკიცა. ზურაბიშვილი იყო ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის მდივანი, „ქართველ ახალგაზრდათა წრის“ ხელმძღვანელი. მან ელისე პატარიძესთან ერთად დააარსა „ქართული ეროვნული ცენტრი“.

ლევან ზურაბიშვილი ძალ-ღონეს არ ზოგავდა ქართული ემიგრაციის გასაერთიანებლად, რასაც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი – მენშევიკები. უხუცესი ქართველი ემიგრანტი პეტრე ხვედელიძე 2008 წელს დაწერილ წერილში იხსენებს თავისი მეგობრის სწორ და დღევანდელი საქართველოს გადასახედიდან, სანატრელ პოზიციას: „არც ლევანი ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი, მან ქართულ ემიგრაციას ასეთი წინადადებით მიმართა – მოდით, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ქიშპობის ნაცვლად გავერთიანდეთ, ერთად ვაკეთოთ ქართული საქმეო და შექმნა საზოგადოება „თავისუფალ ქართველთა კავშირი”, რომლის წევრი მეც ვიყავი”... 1974 წლიდან ლევან ზურაბიშვილი „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ მუდმივი თავმჯდომარე გახლდათ.

პეტრე ხვედელიძისა და ლევან ზურაბიშვილის მიმოწერა საფუძვლად დაედო ეპისტოლური ჟანრის წიგნს – „პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით“, რომელიც ქართული ემიგრაციის მეორე თაობის ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს მოიცავს.

ლევანის ქალიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იგონებს: „თავიდან, როცა მითხრეს ასეთი წიგნი კეთდებაო, ცოტათი ეჭვი შემეპარა, რომ ასეთი რიგითი, ყოველდღიური წერილებით მამაჩემის სახე სრულად გამოჩნდებოდა. რომ წავიკითხე ჩემთვის უცნობი ეს წერილები, მივხვდი, რომ მთავარი იდო: ქვეყნისთვის თავდადება და უანგარო მსახურება“. და მართლაც, საქართველოსადმი უანგარო მსახურება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იმედი იგრძნობა წიგნში შესულ თითქმის ყველა წერილში.

ლევან ზურაბიშვილი იყო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ჯერ 1949-1951 წლებში, შემდეგ 1961 წლიდან – სიკვდილამდე. 1949 წელს მან გამოაქვეყნა საქართველოს მოკლე ისტორია ფრანგულად. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებთან. იყო „თავისუფლების ტრიბუნის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან, ერთად გადამწყვეტი და მთავარი ადგილი დაიკავა 1973 წელს პარიზის წმიდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში.

ლევან ზურაბიშვილის ცხოვრების თანამგზავრი იყო დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების მინისტრის, მექი კედიას ასული – ზეინაბი. წყვილს ქალ-ვაჟი შეეძინა – ოთარი და სალომე.

ლევან ზურაბიშვილი გარდაიცვალა პარიზში 1975 წლის 10 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია ლევილში. „არც თაიგული. არც გვირგვინი. ვისაც ამის სურვილი აქვს, საბოძვარი გადაუგზავნოს წმიდა ნინოს ეკლესიის სამრევლოს” – ასეთი იყო მისი უკენასკნელი სურვილი.

გამოყენებული მასალების წყარო: ჯერვალიძე ციცინო. ლევან ზურაბიშვილის მოკლე ბიოგრაფია // პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით: ეძღვნება ქართველი ემიგრანტების ლევან ზურაბიშვილისა და პეტრე ხვედელიძის მეგობრობას; ზურაბიშვილი ლევან // ქართველები უცხოეთში: // რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი, გუნცაძე ნანა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი