როგორ დააარსა დიმიტრი სინჯიკაშვილმა ამერიკაში პირველი ქართული სტამბური გაზეთი და რატომ გახდა ის იძულებული სამშობლოდან გადახვეწილიყო
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 04.12
დიმიტრი (მიტო) სინჯიკაშვილი (სინდიკელი, სინჯიყელი, შინჯიკელი – შინჯიკაშვილი) დაიბადა კახეთში, სოფელ ვაქირში. მამას – ალექსანდრე ერქვა, დედა – ელიზავეტა.
დიმიტრი ნაბოლარა იყო. მას ჰყავდა უფროსი და – ანა, ძმები – ივანე და ნიკოლოზი. პირველდაწყებით სკოლაში სიღნაღში სწავლობდა, ხოლო საშუალო განათლება თბილისში მიიღო, სადაც მისი ოჯახი გადასახლდა.
დიმიტრი ბავშვობიდანვე ჩაება არალეგალურ მუშაობაში, რაც ალბათ, მისი უფროსი ძმის, ვანოს გავლენით მოხდა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდათა ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
ვანო 1924 წელს დახვრიტეს ჯალათებმა. ძმის დაკარგვამ პატრიოტ ახალგაზრდას კიდევ უფრო გაუძლიერა სამშობლოს სიყვარული, მტრის სიძულვილი და ის ეროვნულ-დემოკრატთა თბილისის ახალგაზრდათა ორგანიზაციის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური წევრი გახდა.
1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ დიმიტრი სინჯიკაშვილი იძულებული იყო, სამშობლო დაეტოვებინა და საზღვარგარეთ შეეფარებინა თავი. საფრანგეთში ჩასული მაშინვე ჩაება პარტიულ-პოლიტიკურ მუშაობაში.
დიმიტრი ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მონაწილეობდა არალეგალური ფურცლების ბეჭდვაში და ასე თუ ისე წარმოდგენა ჰქონდა ბეჭდვის საქმეზე. ეს გამოცდილება ემიგრაციაში ძალიან გამოადგა – ასოთამწყობობას დაეუფლა და ქართული ემიგრანტული ჟურნალებისა და წიგნების აწყობას შეუდგა. ასე გახდა ის საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების საზღვარგარეთული პერიოდული გამოცემის „ახალი ივერიის“ ერთ-ერთი რედაქტორი და ხელმძღვანელი. ჟურნალი გამოდიოდა 1927-1939 წლებში, გამოიცა 12 ნომერი.
მეორე მსოფლიო ომის დროს დიმიტრი სინჯიკაშვილი ფრანგულ ჯარში გაიწვიეს და გერმანელებთან ტყვედ ჩავარდა. გათავისუფლებული კი რუსების წინააღმდეგ გერმანიის მხარეს მოქმედ ქართულ სამხედრო ერთეულში ირიცხებოდა. ომის დამთავრების შემდეგ თითქმის ორი წელი იტალიაში გაატარა, იქიდან კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.
1955 წელს დიმიტრი სინჯიკაშვილმა ნიუ-იორკში ქართული სტამბა დააარსა, შემოიკრიბა თანამოაზრეები და დეკემბერში ნიუ-იორკში გამოსცა დიდი ფორმატის გაზეთი „ქართული აზრი“. ეს იყო ამერიკაში სტამბურად დაბეჭდილი პირველი ქართული ყოველთვიური გაზეთი. მის დაფუძნებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ: გაბლიანი, კაიშაური, ზალდასტანიშვილი, ლოლუა და ცომაია.
1974 წლის ოქტომბრამდე 97 ნომერი გამოვიდა და მის ფურცლებზე მრავალი საინტერესო მასალა გამოქვეყნდა. გაზეთი ევროპაშიც ვრცელდებოდა და ემიგრანტთა მაღალ შეფასებას იმსახურებდა.
1957 წელს პირველი ტალღის ემიგრანტის – ალექსანდრე ცომაიას გარდაცვალების შემდეგ, დიმიტრი მარტო უშვებდა გაზეთს. დღისით ქარხანაში მუშაობდა, საღამოს კი დაღლილი, ლინოტიპს უჯდა და თვითონვე აწყობდა მასალებს. ხშირად ღამეებსაც ათენებდა და მიუხედავად ამისა, სტატიების წერასაც ახერხებდა. გაზეთის გარშემო ეროვნულ-დემოკრატიულ პლატფორმაზე მდგარი ქართველები იყვნენ გაერთიანებულები.
დიმიტრი სინჯიკაშვილის სტამბაში, „ქართული აზრის“ გარდა, დაიბეჭდა გაზეთი „ქართველი ერი“, ჟურნალი „კრებული“ და არაერთი ქართული წიგნი.
1950-1970-იან წლებში ამერიკაში დაარსებული ქართული სტამბა, პერიოდიკისა და წიგნების გამოცემა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებასა და ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რამაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს საკითხის პოპულარიზაციის, ამერიკული საზოგადოების აზრის ფორმირებისა და ქართული ემიგრაციის კონსოლიდაციის საქმეში.
დიმიტრი სინჯიკაშვილი ინგლისურენოვან პრესაშიც მოღვაწეობდა. 1953 წლის იანვრიდან, ნიუ-იორკში ალექსანდრე ცომაიას რედაქტორობით გამოდიოდა ინგლისურენოვანი ჟურნალი The Voise of Free Georgia („თავისუფალი საქართველოს ხმა“), რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ლეო დუმბაძე, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი სინჯიკაშვილი, გივი ზალდასტანიშვილი და სხვა ემიგრანტები. სულ გამოვიდა რვა ნომერი.
დიმიტრი სინჯიკაშვილი გარდაიცვალა 1976 წლის 26 ივნისს, ნიუ-იორკში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე, გურამ. ჟურნალი „ახალი ივერია” // ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია; დაუშვილი რუსუდან. ამერიკაში ქართული ემიგრაციის ისტორიიდან: ქართული სტამბა და გამოცემები ამერიკაში // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. http://www.nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან