როგორ დააარსა ბოცო კორიშელმა სიმფონიური ორკესტრი ამერიკაში და რატომ ვერ მოახერხა მან საკუთარი ოჯახის წევრებთან შეხვედრა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00
ვახტანგ (ბოცო) კორიშელი დაიბადა 1921 წელს თბილისში, მსახიობ პლატონ კორიშელის (ჩიქვინიძე) ოჯახში. სახელი – „ბოცო“, საქართველოში გატარებული ბავშვობიდან შემორჩა, გვარადაც მამის ფსევდონიმი – კორიშელი აიღო.
პლატონ კორიშელი კარგად მღეროდა და როგორც მომღერალი, უკრაინაში წაუყვანიათ და რადგან მათთვის ჩიქვინიძე ძნელად გამოსათქმელი იყო, ფსევდონიმად კორიშელი აუღია – მის მშობლიურ სოფელში, დიმში (იმერეთი, ბაღდათის რაიონი) არის კორიშის მთა.
პატარა ბოცოს ძალიან უყვარდა ბებია-ბაბუასთან სტუმრობა დიმში. ამერიკაში რამდენიმე წლის ჩასული იყო, როცა ქალაქ მორო ბეიში მოხვდა. კალიფორნიის შტატის ამ პატარა ქალაქმა მშობლიური დიმი მოაგონა და საცხოვრებლად იქ დარჩა.
პლატონ კორიშელი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. ბოცო საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. მისი ბატალიონი სანგრებს თხრიდა პოლონეთის საზღვარზე. ომის დაწყებისთანავე გერმანელებმა დაიჭირეს. ტყვეობიდან ბავშვობაში კარგად ნასწავლმა გერმანულმა გადაარჩინა – ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, შტაბსა და ბანაკებში მუშაობდა. ომი რომ დამთავრდა და რუსები გერმანიაში შევიდნენ, სამშობლოში დაბრუნება ვერ გარისკა, ამერიკულ ზონაში, ზალცბურგში გადავიდა. კარგა ხანს მთებში იმალებოდა. შემდეგ იყო მიუნხენი.
„ბავშვობიდან მუსიკას ვსწავლობდი გავიგე, კონსერვატორია იხსნებოდა და ჩაბარება გადავწყვიტე. დავუკარი და მიმიღეს”, – ასე იხსენებს ბოცო კორიშელი მიუნხენის კონსერვატორიაში ჩაბარების ამბავს. მოგვიანებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ლოს-ანჯელესში დასახლდა. გერმანიაში დაბრუნებას ერთ წელიწადში აპირებდა, მაგრამ კონსერვატორიის პედაგოგი ვერ შეელია, სტიპენდია დაუნიშნეს და კიდევ ერთი წლით დატოვეს. მერე ისე შეეჩვია იქაურობას, რომ სამუდამოდ დარჩა. ლოს-ანჯელესიდან სანტა ბარბარას უნივერსიტეტში გადავიდა, რომლის დამთავრების შემდეგ მორო ბეიში დაიწყო მუშაობა. პიანისტის კარიერას პედაგოგობა არჩია, რაც მისი მოწოდება აღმოჩნდა. ბოცოს გამოზრდილი მუსიკოსები ამერიკის სხვადასხვა ორკესტრებში უკრავენ და საყვარელ საქმეში რეალიზებული ადამიანები არიან.
ბოცო კორიშელის სტუდიაში გაიზარდა ცნობილი ამერიკელი დირიჟორი კენტ ნაგანო, მონრეალის სიმფონიური ორკესტრისა და ბავარიის სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1960 წელს ბოცო კორიშელმა მორო ბეიში სიმფონიური ორკესტრი დააარსა და მისი დირიჟორი გახდა. ის ხშირად მართავდა ორკესტრის კონცერტებს. ამავე პერიოდიდან აწყობდა კამერულ კონცერტებს სახლში, თავის დაარსებულ სტუდიოში. ბოცო კორიშელის მიერვეა დაარსებული ქალაქ სენ ლუის ობისპოს ახალგაზრდული ორკესტრი.
ცხოვრების მეორე ნახევარი ბოცო კორიშელმა ქვაზე მუშაობას მიუძღვნა. ქანდაკებით გიორგი და ელენე პაპაშვილებთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. სწორედ გიორგი პაპაშვილმა ასწავლა ქვის თლა და სამუდამოდ შეაყვარა ეს საქმე.
„მუსიკასა და ქანდაკებაში, მათთან ფიქრების გაცვლა-გამოცვლაშია მთელი ჩემი ცხოვრება. ეს ნამდვილად იყო საშუალება, შემევსო დანაკარგი მამისა და დედის, მთელი ჩემი ოჯახის“, – ამბობდა ღვაწლმოსილი ხელოვანი.
ბოცოს მეუღლე მარგარეტიც მოქანდაკეა. ისინი ერთმანეთს გერმანიაში შეხვდნენ, როგორც მასწავლებელი და მოსწავლე. შეეძინათ ორი გოგონა – ლია და ელენა. პირველ მეუღლესთან ბოცო კორიშელს თემო და თინა ჰყავს.
საქართველოსთან კავშირის აღდგენაში ბოცო კორიშელს სუხიშვილების ანსამბლი დაეხმარა. 1960-იან წლებში, ლოს-ანჯელესში გამართული კონცერტის შემდეგ, კულისებში, ერთ-ერთმა მოცეკვავემ ბოცოს დედის წერილი გადასცა. ამის შემდეგ დაუკავშირდა ოჯახს, მაგრამ დედასთან და ძმასთან, ლეოსთან შეხვედრა მათ სიცოცხლეში ვეღარ მოასწრო. სამშობლოში პირველად მეუღლესთან ერთად 1991 წელს რამდენიმე თვით ჩამოვიდა. მეორედ – 2007-ში, გადამღებ ჯგუფთან ერთად, რომელიც ბოცოს შესახებ ფილმზე მუშაობდა. მაშინ ცოლ-ქმარმა ქალიშვილებიც ჩამოიყვანეს.
ბოცო კორიშელის ცხოვრების მძიმე გზას და იმ სრულიად განსხვავებულ კვალს, რომელიც მან ბევრი ადამიანის ცხოვრებას დაატყო ხელოვნების სიყვარულის გაზიარებით, მიეძღვნა ამერიკელი დოკუმენტალისტის, ტომ უოლტერსის ფილმი „ბოცო – მასწავლებელი თბილისიდან“. ფილმმა 10 საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.
ქალაქში, რომელშიც ბოცო კორიშელმა მთელი ცხოვრება გაატარა, ქართველ პედაგოგზე ყველა უდიდესი პატივისცემით საუბრობს: „ვახტანგ კორიშელის დამსახურებით, ასობით ამერიკელი საქართველოს ზღაპრულ ქვეყნად მიიჩნევს. თქვენი ისტორია ბოცომ გაგვაცნო, შეგვაყვარა ქართული ლიტერატურა, შოთა რუსთაველი და ქართული ხელოვნება. მორო ბეიში ბოცო კორიშელმა კლასიკური მუსიკის სწავლებას ჩაუყარა საფუძველი. მისი მეოხებით შეიქმნა ფორტეპიანოს სასწავლო პროგრამა მორო ბეის სკოლებში. მის მიერ ჩამოყალიბებულმა ორკესტრებმა და სასიმღერო გუნდებმა ამერიკის მასშტაბით გაითქვეს სახელი”, – ამბობს ბატონი ბოცოს ძველი მეგობარი რიჩარდ რაში.
გამოყენებული მასალების წყარო: radiotavisupleba.ge; კორიშელი ვახტანგ. ბოცოს იავნანა : ინტერვიუ / ვახტანგ (ბოცო) კორიშელი ; ესაუბრა მაია კაპანაძე // 24 საათი; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



