როგორ ჩაუშალა ცარიზმს საშინელი გეგმა ნიკოლოზ დადიანმა და რატომ არ იცნობდნენ საქართველოში „ქართველ მოდილიანს“
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 16.03, 2022 წელი

პარიზთან ახლოს, ლევილის ქართულ მამულში საძმო სასაფლაოზე განისვენებს პოეტი კოკი დადიანი. მის საფლავს შემდეგი ეპიტაფია ამშვენებს: „მითხარ შენდობა... და ჩემს მხარესა,
ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა, სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე –
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!..“
სხვა რომ არაფერი დაეწერა კოკი დადიანს, ეს ერთი სტროფიც სამუდამოდ უკვდავჰყოფდა მას ქართული ემიგრანტული კულტურის ისტორიაში ეს სიტყვები, ალბათ, ყველაზე უფრო კარგად გამოხატავს ბედის უკუღმართობით სამშობლოდან მოწყვეტილი ეროვნული ემიგრაციის ტრაგიკულ ხვედრს.
ნიკოლოზ (კოკი) დადიანი 1878 წლის 19 თებერვალს აბაშის რაიონის სოფელ წყემში დაიბადა. მამა – ნიკოლოზ დადიანი ცნობილი პიროვნება იყო. ის ჯერ ერევნის პოლკის კაპიტანი, შემდეგ – დასავლეთ საქართველოს ცხენოსან მილიციელთა ხელმძღვანელი გახლდათ. დედა კი – თამარ შარვაშიძე. თამარი აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ასული და პოეტ გიორგი შარვაშიძის და იყო.
17 წლის ასაკში კოკი დადიანმა ჯვარი დაიწერა ნინო მიქელაძეზე, რომელთანაც ხუთი შვილი ეყოლა: მიხეილი, მერი, ნიკოლოზი, ბაბო და დემნა. მათი ოჯახი სოფელ წყემში დასახლდა. 1905 წელს ნინო მიქელაძე მშობიარობას გადაჰყვა. დაქვრივებული კოკი დადიანი რამდენიმე წლის შემდეგ, მეორედ დაქორწინდა, მერი სვიმონის ასულ წერეთელზე, ვისთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა – გიორგი, ქეთევანი და სვიმონი.
კოკი დადიანი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა სენაკის მაზრის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. მაშინ ის ჯერ ოცი წლისაც არ იყო. ამის შემდეგ ის კიდევ ექვსჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე, ალბათ იმიტომაც, რომ იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას.
1904 წელს „პეტერბურგსკიე ვედომოსტის“ იანვარ-თებერვლის ნომერში დაიბეჭდა კოკი დადიანის პოლემიკური წერილი ვოსტორგოვის წინააღმდეგ. დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი კავკასიის მთავარმართებლის დავალებას ასრულებდა, ცდილობდა მეგრული ანბანის შემოღებასა და ავტონომიის ჩამოყალიბებას. თავად-აზნაურთა ახალგაზრდა წინამძღოლმა დამაჯერებელი არგუმენტებით, მოსახლეობის სახელით, თანამოაზრეებთან ერთად სასტიკად გაილაშქრა ვოსტორგოვის წინააღმდეგ და ცარიზმის გეგმა ჩაიშალა.
1917 წლამდე კოკი დადიანი იყო ფედერალისტების პარტიის წევრი, შემდეგ კი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში გაერთიანდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მოქმედ „საქართველოს გამათავისუფლებელ კომიტეტთან“. 1917 წელს გერმანული წყალქვეშა ნავით შემოტანილი იარაღი სწორედ მის მამულში ინახებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დროს კოკი დადიანი მსახურობდა დავით მიქელაძის ასეულში და აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ პერიოდის ყველა ანტიეროვნული ამბოხების ჩაქრობაში.
ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ კოკი დადიანმა მეუღლესთან, უფროს ვაჟთან და უმცროს შვილებთან ერთად, 1921 წლის 18 მარტს დატოვა საქართველო და მას შემდეგ, სიკვდილამდე პარიზში ცხოვრობდა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ ემიგრანტულ ცხოვრებაში, იყო პატრიოტული ორგანიზაციების – „თეთრი გიორგისა“ და „ქართლოსის“ წევრი. მისი ლექსები, მოგონებები და წერილები იბეჭდებოდა ემიგრანტულ პრესაში. კოკი დადიანის პოეზიის მთავარი თემა სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და მისთვის თავდადებაა. ემიგრანტულ ქართულ გამოცემებში მიხა წყემელის ფსევდონიმით ლექსებს აქვეყნებდა მისი უფროსი შვილი მიხეილ დადიანიც.
კოკი დადიანი 1939 წელს, აღდგომა დღეს, 61 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მისი შთამომავლები დღეს საქართველოს გარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში ცხოვრობენ. ვაშინგტონში, კენედის სასაფლაოზეა დაკრძალული კოკის შვილი, მიხეილ დადიანი და მისი მეუღლე თინა გომართელი. მიხეილს თბილისის იუნკერთა სკოლა ჰქონდა დამთავრებული, იყო პირველი ქართული სამხედრო ნაწილის, ცხენოსანთა ასეულის წევრი, იბრძოდა კოჯორ-ტაბახმელასთან. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მსახურობდა პოლონეთის ჯარში.
1976 წელს პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონში“ დაიბეჭდა მიხეილ დადიანის მოგონებები – „რაც მახსოვს“, სადაც მოთხრობილია მის ბავშვობაზე, წინაპრებზე, ქართულ ჯარზე და საქართველოს ოკუპაციაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ბერგმანის ბატალიონის ლეიტენანტი იყო და საბჭოთა რეჟიმის დამარცხებაზე ოცნებობდა. პარადოქსია, რომ ამავე დროს კოკი დადიანის უმცროსი შვილი, მოქანდაკე სვიმონ დადიანი, ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა, დისშვილი გიორგი კი – საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა სამამულო ომში გერმანელთა წინააღმდეგ.
იმავე წლებში რეპრესია განიცადა საქართველოში დარჩენილი კოკი დადიანის უფროსი ქალიშვილის, ბაბო დადიანის ოჯახმა. 1937 წელს დახვრიტეს მისი მეუღლე, ლონდონში განსწავლული სამთო ინჟინერი ალიოშა მასხარაშვილი. თავად ბინიდან გამოასახლეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი, შვილებთან ერთად, ეტაპით გადაასახლეს. ორმოცდასამწლიანი განშორების შემდეგ ბაბო დადიანმა თავისი და-ძმები საფრანგეთში მოინახულა. სან-ფრანცისკოდან პარიზში საგანგებოდ ჩავიდა უმცროსი ძმა სიმონიკა დადიანიც.
„ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი. გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე. იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ. შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი. და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება. სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა…“ – ამ სულის შემძვრელ და მონატრებით სავსე წერილს სიმონიკა დადიანი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წერდა საკუთარ დას, ბაბო დადიანს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საქართველოში ცხოვრობდა. წლების შემდეგ, ხანგრძლივი მცდელობის და შრომის შედეგად, თბილისში, ხელოვნების სასახლეში გაიხსნა გამოფენა, „ქართველი მოდილიანის დაბრუნება“. ლაპარაკია სიმონიკა დადიანზე, რომელსაც „ქართველ მოდილიანს“ უწოდებენ. მას იცნობდნენ და აფასებდნენ საზღვარგარეთ, მაგრამ საბჭოთა კავშირის „წყალობით“, მასზე თითქმის არაფერი იცოდნენ საქართველოში. ეს სიცარიელე დამოუკიდებლობის პერიოდში ნელ-ნელა ამოივსო და 2017 წელს დასრულდა ისე, როგორც ამაზე თვითონ დიდი მხატვარი ოცნებობდა. სიმონიკა დადიანის ნამუშევრები სამუდამოდ დაბრუნდა საქართველოში.
გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. „ჰოსტალ.ჯი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან