საზოგადოება

როგორ ჩაუყარა საფუძველი გიორგი ბერიევმა ჰიდროავიაციას და რით იყო გამორჩეული მისი საქმიანობა

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:12 02.02

გიორგი ბერიევი
დაკოპირებულია

ავიაკონსტრუქტორი გიორგი ბერიევი (ბერიაშვილი) 1903 წელს თბილისში დაიბადა. მისი მამა – მიხეილ ბერიაშვილი, წარმოშობით სოფელ საბუედან იყო. ის ახალგაზრდობაში თბილისში გადმოსახლებულა და ქალაქის წყალგაყვანილობის ქსელში ხელოსნად დაუწყია მუშაობა. დაქორწინებულა ეკატერინე პროხოროვაზე. მიხეილისა და ეკატერინეს ოჯახში ოთხი შვილი იზრდებოდა.

შვიდი წლის იყო გიორგი, როცა მშობლებმა დაწყებით, სამწლიან სკოლაში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა თბილისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გააგრძელა და შვიდწლიანი განათლება მიიღო. 1919 წლის შემოდგომაზე კი თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში ერთადერთი ტექნიკური სასწავლო დაწესებულება იყო.

გიორგი ბერიევმა სარკინიგზო სასწავლებელი 1923 წელს დაამთავრა და შემდეგი წლის დასაწყისში თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. რადგან ბავშვობიდან ოცნებობდა თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობის ათვისებაზე, 1925 წელს ის ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გემთმშენებლობის ფაკულტეტის საავიაციო განყოფილებაზე გადავიდა.

გიორგი ბერიევმა წარმატებით დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და დატოვეს კიდეც ასპირანტურაში, რაზეც უარი თქვა. მას პრაქტიკული საქმიანობა უფრო იზიდავდა და საზღვაო თვითმფრინავთმშენებლობის საკავშირო საავიაციო გაერთიანების საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროში დაიწყო მუშაობა.

პირველი წარმატებული პროფესიული ნაბიჯების შემდეგ, 1930 წლის ბოლოს ის ძენჟინსკის სახელობის ქარხნის ცენტრალური საკონსტრუქტურო ბიუროს ბრიგადის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 1932 წელს მისი ხელმძღვანელობით საზღვაო ახლო მოქმედების სადაზღვევო თვითმფრინავი მბპ-2 შეიქმნა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჰიდროავიაციას.

1934 წელს ავიაკონსტრუქტორი ტაგანროგის ¹31 საავიაციო ქარხანაში გადაიყვანეს. ამ აზოვის ზღვისპირა ქალაქში გიორგი ბერიევმა ჩამოაყალიბა საზღვაო თვითმფრინავმშენებლობის ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიურო, რომლის ხელმძღვანელიცა და მთავარი კონსტრუქტორიც 1968 წლამდე თავად იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა ბიუროს ევაკუირება ციმბირში. ომის დასრულების შემდეგ ბიურო ისევ ტაგანროგში დააბრუნეს. მალევე საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში შევიდა მაღალი მახასიათებლების მქონე ბერიევის ჰიდროთვითმფრინავი ბვ-6.

ასევე, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თვითმფრინავი ამფიბია ბვ-12, რომლის სხვადასხვა მოდიფიკაციები დღესაც არის მსოფლიოს მრავალი არმიის შეიარაღებაში. ეს თვითმფრინავები საცდელ ფრენებს საქართველოში, პალიასტომის ტბაზე გადიოდნენ.

1947 წლის მაისში გიორგი ბერიაშვილმა მუშაობა დაიწყო ტურბორეაქტიულძრავიან ექსპერიმენტულ მფრინავ ნავზე. პროექტის ინიციატორი თავად კონსტრუქტორი გახლდათ.

1948 წლის 12 ივნისს საბჭოთა მთავრობამ მიიღო შესაბამისი დადგენილება რეაქტიული თვითმფრინავების პროექტირების შესახებ. პროექტის მიხედვით, მფრინავი ნავი უნდა გამოეყენებინათ, როგორც მზვერავი და ბომბდამშენი. 1952 წლის 30 მაისს პ-1-მა პირველი გაფრენა განახორციელა. პ-1 იყო პირველი რეაქტიული ჰიდროთვითმფრინავი საბჭოთა კავშირში.

გიორგი ბერიევის ხელმძღვანელობით შეიქმნა შემდეგი თვითმფრინავები: სტალ-6, სტალ-7; ჰიდროთვითმფრინავები: მბპ-2ბ, მო-1, მო-1რ, სახომალდო კატაპულტირებით კÎპ-1 და კÎპ-2, ბვ-6, რეაქტიული ნავი ბვ-10, მფრინავი ამფიბიები ბვ-12 და ბვ-12ოჟ, მეპ-5, მგპ-7, ლლ- 143, ბვ-8 პ-1 ბ-14; ; სამგზავრო გვ-30(ბვ-32); საცდელი თვითმფრინავი – იარალი ო-10.

გიორგი ბერიაშვილის მიერ შექმნილი ჰიდროთვითმფრინავების ნიმუშები 1961 წელს დემონსტრირებული იყო პარიზის საავიაციო სალონზე, ხოლო 1966 წელს ტურინის საავიაციო სალონზე.

ბვ ინდექსი ბერიევის გვარის პირველი ასოებია. ბერიევის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო დღემდე უშვებს საზღვაო ავიაციის ახალ მოდელებს ამ ინდექსით.

გიორგი ბერიაშვილის მაღალ პროფესიულ ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის წლების განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული საავიაციო ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის, გემთმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტისა და სამხედრო–საზღვაო ფლოტის ავიაციის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრი. მას მინიჭებული ჰქონდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და საინჟინრო ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორის წოდება. გიორგი ბერიევი ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი: 1947 წელს – ბვ-6-სთვის, 1968 წელს – ბვ-12-ისთვის. დაჯილდოებული იყო: ორჯერ ლენინის ორდენით, ასევე, წითელი დროშის ორი ორდენითა და მრავალი მედლით.

1968 წელს გიორგი ბერიევი პენსიაზე გავიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის სამეცნიერო მოღვაწეობას მოსკოვში აგრძელებდა. გარდაიცვალა 1979 წელს. გიორგი ბერიევის სახელს ატარებს ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო ტექნიკური კომპლექსი, სადაც 2003 წელს დიდი პატივით აღნიშნეს მისი დაბადებიდან 100 წლისთავი.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველო: ენციკლოპედია; ტატიშვილი ი. გენერალური ავიაკონსტრუქტორი გიორგი ბერიაშვილი. https://ru.wikipedia.org/.../ბåðèåâ,_დåîðჯèé_მèõჭéëîâ; wikipedia.org/wiki/გიორგი_ბერიევი; armada.ge; გიორგი ბერიევი (ბერიაშვილი) // საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სათავეებთან, 1922-2012; კახიძე, დიანა. საზღვაო ავიაციის გენიოსი – გიორგი ბერიაშვილი // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი.

ქეთი მოდებაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული