როგორ ჩამოიშორა გიორგი შავგულიძემ ოპერის მომღერლები „ქეთო და კოტეში“
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 25.07

„დიდ იმედებს ამყარებდა, თურმე, კოტე მარჯანიშვილი მასზე. კარგი გარეგნობის, მორცხვი და მორიდებული ახალგაზრდა იყო, მაგრამ რეპეტიციებზე ხშირად აგვიანებდა. დაგვიანებისათვის კი, სასტიკად სჯიდნენ და აჯარიმედბნენ კიდეც მსახიობებს. ის კი დაგვიანებულთა სიაში არასოდეს იყო. როდესაც ვიკითხე თუ რატომ იყო ასეთი გამონაკლისი, რეჟისორის თანაშემწემ მიპასუხა: სულერთია, კოტე მის გვარს ამოშლის დაჯარიმებულთა სიიდანო, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი ხანი არ იყო მარჯანიშვილის მფარველობისა და ხელმძღვანელობის ქვეშ, რადგან 1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მოსკოვში გაგემზავრა და იქედან საქართველოში ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. დაობლდა ხელოვნება, თეატრი და პირადად გიორგი შავგულიძე. 1933 წლის სეზონში, მარჯანიშვილის მოსკოვში წასვლამდე აღდგენილი იყო პიესა „ხატიჯე“. განხალებულ სპექტაკლში ხატიჯეს მე ვთამაშობდი, ხოლო ჩემამდე ამ როლს თამაშობდნენ სხვა მსახიობები, მათ შორის მარჯანიშვილის მეუღლე, ხოლო ჩამოსულ, ახალგაზრდა ინჟინერს – გიორგი შავგულიძე. სპექტაკლი აღადგინა რეჟისორმა დოდო ანთაძემ. ერთ დილას, ხატიჯესა და ინჟინრის შეხვედრის ეპიზოდის რეპეტიცია უნდა გაგვევლო. მე უკვე სცენაზე, ჩემს ადგილას ვიდექი და პარტნიორს ვლოდი. ჟორა, ჩვეულებისმაბერ, კარგა მოგვიანებით შემოვიდა დარბაზში და სცენაზე ამოვიდა. გაბრაზებულმა დოდომ ხმამაღლა გამოსძახა: რა ამბავია, ბატონო. ახლა მაინც მოდი დროზე, ამისთანა შეყვარებული გელოდებაო. ეს ნასროლი ფრაზა ორივეს მოგვხვდა გულში, რადგან ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ სცენურ რომანზე არ იყო ნათქვამი...“ – ასე იხსნებეს თავის სადღიურო ჩანაწერებში მეუღლეს, ჟორა შავგულიძეს ლიზა ვაჩნაძე, რომელსაც თურმე, ჟორა შავგულიძე ეუბნებოდა, რომ მოვკვდვები ჩიტად გადავიქცევიო. როგორ ჩანს, გარდაცვალების შემდგომ ის მართლაც გადაიქცა ჩიტად, რადგან სულ თავისი სახლის ფანჯრის სარკმელთან მიდიოდა და ელოდა, როდის დაუყრიდა მისი საყვარელი ცოლი პურის მარცვლებს ასაკენკად. მოდი, განვაგრძოთ კითხვა რას წერს ლიზიკო ვაჩნაძე ყველასთვის უსაყვარლეს მსახიობ ქმარზე.
ის იმ ხასიათით
„... როცა ჟორა ამხანაგებში იყო, სულ რაღაც უცნაურს ყვებოდა ხოლმე. ყველა გაფაციცებით უგდებდა ყურს. მას განსაკუთრებით უყვარდა შალვა ღამბაშიძე, შალვასაც ძალიან უყვარდა ჟორა. რას არ მოიგონებდა, რა ამბავს არ შეულამაზებდა თავისებურად, რომ შალვასთვის ესიამოვნებინა. ისიც ბავშვივით ხარხარებდა მის მონაყოლზე. 1955 წლის 18 მაისს მარტო ვიყავი სახლში, ჟორასა და ნუკრის ველოდი სადილად. დაირეკა ზარი. გამიხარდა, დროზე მოვიდნენ-მეთქი, მაგრამ კარი რომ გავაღე, დავინახე ჟორა კედელთან მიყუდებული ქვითინებდა. მე შევკივლე, ვაიმე რა იყო, რა ამბავია, რა უბედურება დაგვატყდა თავს-მეთქი. შალვა ღამბაშიძე აღარ არისო. ხმამაღლა ქვითინებდა, ძალიან განიცადა შალვას სიკვდილი. მერე მითხრა: ეს ორი ადამიანი იყო თეატრის დედაბოძივით. ვერიკოსაც რომ რამე მოუვიდეს, თეატრში ფეხს აღარ შევდგამო. ბოლო წელს, რამდენიმე პიესა განაწილდა თეატრში და ჟორას არცერთ პიესაში როლი არ ჰქონდა. ძალიან დაფიქრებული იყო და ხშირად, ფიქრის შემდეგ, ჩუმად წამოილაპარაკებდა – წავალ თეატრიდან. „გოსკინპრომში“ გადავალ სამუშაოდო, მაგრამ ეს ხომ გულით არ იყო ნათქვამი, მას ხომ გატაცებით უყვარდა თეატრი, მისი თეატრი. ის ხომ ბავშვი მოვიდა და თეატრში დავაჟკაცდა, აქ ნახა პირველი სცენური ცხოვრების სიხარული, რომელიც თანდათან იზრდებოდა. თუ სპექტაკლზე ადრე მოვიდოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, დიდი როლი უნდა ეთამაშათუ პატარა, როდესაც გრიმის გაკეთებას მორჩებოდა, ან თავის პატარა საპირფარეშოში იყო, ან კულისებში დადიოდა და იქ ელოდა თავის გასვლას სცენაზე. თავის დღეში არ შედიოდა მსახიობთა მოსაცდელ ფოიეში, სადაც სცენაზე გასვლამდე ან კამათობდნენ რაიმეზე, ან ყვებოდნენ რამეს. ყველამ იცოდა მისი ჩვევა და არავინ არც საუბარს დაუწყებდა, არც ხუმრობას, მთელი სპექტაკლის მსვლელობის დროს ის იმ ხასიათით არსებობდა, რომელსაც იმ საღამოს თამაშობდა. რეპეტიციის შემდეგ თეატრში მარტო რჩებოდა, როდესაც ყველა წავიდოდა, ის დაიწყებდა ამ როლზე მუშაობას. დადიოდა ფოიეში ჩუმად, ხშირად ბუტბუტებდა თავისთვის რაღაცას, რომ შემოსულიყო ვინმე, ის ვერც შეამჩნევდა და რომც შეემჩნია, არ მიაქცევდა ყურადღებას, ასე გატაცებით იცოდა მუშაობა იერსახეზე... უკვირდათ, სად პოულობდა იგი ამდენ უცნაურ და მოულოდნელ მხატვრულ დეტალებს, სად ჰქოდა მას დაფარული ის საუნჯე, საიდანაც საჭიროებისდა მიხედვით უშურველად სწრაფად ირგებდა საჭირო „სამკაულებს“ (ნ. გურაბანიძის წიგნიდან – გიორგი შავგულიძე)
გრიმის ჩემოდანი
სახლში თუ გასტროლებზე ჟორა ყოველთვის და ყოველდღე ვარჯიშობდა. შუა ოთახში ჩამოკიდებული ჰქონდა სავარჯიშო რგოლები და ყოველდღე ატრიალებდა გირებს. მას უყვარდა ამხანაგები და მათთან ხუმრობა, განსაკუთრებით კი – მსახიობ საშა სიხარულიძესთან. მოსწონდა მისი რეაგირება და სწრაფი ანთება. ერთ ზაფხულს საგასტროლო ჩემოდანი ჩავალაგე, ჟორამ კი, როგორც ყოველთვის, თავისი ჩემოდანი გაამზადა. სადგურზე ყველამ თავისი ტვირთი საბარგო განყოფილებაში ჩააბარა. ჟორამ, გრიმის ჩემოდანი საშა სიხარულიძეს გაუწოდა – ცოტა ხანს დამიჭირეო. საშამ ჩამოართვა და მოულოდნელი სიმძიმის გამო იქვე ჩაიკეცა, რას წარმოიდგენდა, რომ შიგ სავარჯიშო გირები ეწყო. მსახობებმა სიცილი ატეხეს, საშამ კი, წყრომით უთხრა: რაია შიგ, შე უკუღმართო, სულ უნდა იციგნო?
ჩვენც ეს გვინდოდა...
ერთ მორიგ შვებულებაშიც გავემგზავრეთ მხატვრული ბრიგადით ჟორჟოლიანი, შავგულიძე, გომელაური, ანთაძე და მე. ანთაძე ჩვენი ადმინისტრატორი იყო. ვთამაშობდით სკეტჩებს და ნაწყვეტებს. ჩავედით ქართლში, ერთი ადგილიდან მეორე პუნქტში გადასასვლელად კოლმეურნეობამ ურემი მოგვცა. სცენა უნდა მოგვეწყო პატარა ქვის შენობაში, რომელსაც კარი და მაღლა ერთი უმინებო სარკმელი ჰქონდა. როგორც ეტყობოდა, საჰაერო თავლა იყო გამოსუფთავებული. შუაში ფარდა ჩამოვკიდეთ და მოვაწყვეთ სცენა. ჩავედით თუ არა, ანთაძემ გვთხოვა: გამოეწყეთ და სოფელში გაიარ-გამოიარეთო, ხალხმა დაგინახოთ, თორემ შეიძლება, არავინ მოვიდესო. ჟორამ მაინცდამაინც ურმით მოინდომა გასეირნება. კოფოზე თვითონ იჯდა. ხარები მას არ ემორჩილებოდნენ. სიცილით და ყიჟინით აგვედევნენ სოფლის ბავშვები. ჟორჟოლიანი იცნეს კინოდან და უყვიროდნენ: ბაბაია, ბაბაია ჩამოვიდაო. ჩვენც ეს გვინდოდა. ჟორა კი ფეხზე იდგა და უყვიროდა: ცირკი ჩამოვიდა, ბავშვებო, ცირკი, მოდითო. ხალხი ბევრი მოვიდა. ჟორჟოლიანი ცოცხალი რეკლამა იყო, რადგან კინოსურათებიდან ყველა იცნობდა. მთელი სოფლის ახალგაზრდობა დაგვესწრო კონცერტზე. საღამო ხალისიანად და მხიარულად ჩავატარეთ. ასე და ამრიგად ხალხსაც ვემსახურებოდით და ჩვენც ვიადვილებდით მთელი წლის ჯაფას.
ასეთი „მასკარადების“ მოწყობა უყვარდა
ერთ ორშაბათ დღეს (თეატრს გამოსასვლელ დღეს), დილით მე და ჟორამ ძალიან ვიჩხუბეთ. საჩქაროდ ჩავიცვი და გავედი სახლიდან. ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ საღამომდე ამხანაგთან დავრჩი. სახლში კარგა მოგვიანებით დავბრუნდი, იმ იმედით, რომ ჟორა არ დამხვდებოდა. მეც უკვე გადამიარა სიბრაზემ. შევაღე კარი და ვხედავ, ტახტზე ზის ვიღაც უშნო, აყლარწული, უცნაურად გამოწყობილი და შეღებელი ქალი შლაპით. რომ შევედი, ფეხზე წამოდგა, მომეხვია და საოცარი ნაზი ხმით მითხრა: „ოო დარაგაია, ნაკანეც“. ჟორა ჩემს ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ხოლო ფეხზე თავისი ფეხსაცმელები ეცვა, რაც უფრო უშნოს ხდიდა მას. ტუჩები საშინლად ჰქონდა წითლად შეღებილი. მეტ სასაცილოს ვერაფერს ნახავდით. როგორ არ დაეზარა ამდენი ხანი ასე ჯდომა და ლოდინი, მით უმეტეს, რომ არ იცოდა, როდის მოვიდოდი, აი, ასე იცოდა მან განიარაღება, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენში დამნაშავე. საერთოდ, ასეთი „მასკარადების“ მოწყობა უყვარდა, ამით თვითონაც ერთობოდა და ჩვენც.
მწუხარების გამომხატველი ფიგურა შვილისგან
ჟორას უყვარდა ეკლესიაში შესვლა. მისი თეატრალობა თუ მოსწონდა. ძალიან ხშირად შედიოდა დიდუბის პანთეონში ათვალიერებდა საფლავებს და ხუმრობით ადგილსაც ირჩევდა. მისი ნუკრი ჯერ კიდევ სამხატრო ტექნიკუმის მოწაფე იყო და პლასტელინისგან ძერწავდა სხვადსხვა დავალებას. ერთხელ, მუშაობის დროს ჟორამ შეაჩერა, მისი ნახელავი ხელის გულთან მიიდო და აღტაცებით წამოიძახა: ამას ხელი აღარ ახლო, შესანიშნავია ძეგლად, ჩემი ძეგლი ეს უნდა იყოსო. ნუკრიმ გაიცინა და შეხუმრებულმა უთხრა: მოიცა მამა, სანამ დავამთავრებ ტექნიკუმს და აკადემიას, რამდენი რამ მოგეწონება, მერე აირჩიე ძეგლიო, მაგრამ ჟორა აღარ მოეშვა, რა მასალა მოუხდება, რაში უნდა გამიკეთოო. ჩვენ ვიცინოდით, ვხუმრობდით, ის კი სრული სერიოზულობით ირჩევდა მასალას. ბოლოს იმ მასალაზე შეჩერდა, რომლითაც ჩვენ შევძლებდით გაკეთებას – თაბაშირზე. ასე მოესიყვარულა ესკიზს, შეახვია და კარადის თავზე შეინახა. ხანგამოშვებით მოიკითხავდა. ეშინოდა, ნუკრის პლასტელინის ნაკლეობის გამო არ დაეშალა... 1959 წლის 2 აპრილს უცებ მოიკითხა, სად არის ჩემი ძეგლიო. არ დამიჯერა, რომ არც არავის გახსენებია. ჩამომაღებინა და დიდხანს ატრიალა ხელში. დიდხანს ესიყვარულა იმ ესკიზს, რომლითაც შვილმა ასე მალე შეუსრულა სურვილი და ნაადრევად დაადგა ტრაგიკული, ჩაღვენთილი, მწუხარების გამომხატველი ფიგურა.
აპრაკუნეს ბუღალტერი
მაშინ წულუკიძის ქუჩაზე ვცხოვრობდით. გვქონდა უსარკმელო, ბნელი თერთმეტმეტრიანი ოთახი, ძალიან ძნელი შეიქმნა ამ პირობებში ორი ბავშვის გაზრდა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ოთახში მათი და ჩვენი საწოლები ერთად ვერ იმართებოდა. და აი დავიწყე განცხადებების წერა, ვისთანაც კი შეიძლებოდა – ვითხოვდი ბინას, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ჩემი განცხადებები დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევდნენ, ამიტომ ჩვენი თხოვნა უშედეგოდ რჩებოდა. ამ გაჭირვებას ერთი ბავშვი შეეწირა. ჩვენ კი ასე ვცხოვრობდით 1935 წლიდან 1949 წლამდე.
1935 წელს თეატრში დაიდგა იონა ვაკელის პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“. დამდგმელი რეჟისორი შალვა ღამბაშიძე იყო. აპრაკუნეს თვითონ ღამბაშიძე თამაშობდა, ხოლო, აპრაკუნეს ბუხჰალტერს – შავგულიძე. პიესა გროტესკულად იყო გადაწყვეტილი. ჟორა ისეთი შეცვლილი იყო გარეგნულად, რომ ვერავინ ცნობდა და არც შეიძლებოდა მისი ცნობა. ერთ წარმოდგენაზე მსახიობ მიშა ლორთქიფანიძეს სპექტაკლის სანახავად დედა მოუყვანია. დედამისი მე კარგად მიცნობდა. როდესაც ჟორა გამოსულა სცენაზე, მიშას დედასთვის უთქვამს (ალბათ, განგებ): აი, ამაზე გათხოვდა ლიზიკო ვაჩნაძეო. დედამისს ხმამაღლა წამოუძახია: ვაიმე, შვილო, პატრონი არ გყავდაო. მთელი სპექტაკლი თურმე იძახდა: რითი მოხიბლა მახინჯმა ბიჭმა ეს ოქროსავით გოგოო. სპექტაკლი რომ დამთავრდა, მიშამ მერე გვითხრა: ბევრი ვიცინე და დედას ვარწმუნებდი – მართლა ასეთი კი არ არის, ცხოვრებაში მშვენიერი ბიჭია-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა – ასეთი მოქცეული ფეხებით მშვენიერება სად გაგონილაო. თვითონ ლორთქიფანიძე კარგი ტანადი იყო და მის დედას არ შეეშლებოდა, რა იყო კარგი ტანი, მაგრამ რა იცოდა, რომ ეს გარეგნობა მას მხოლოდ ამ სპექტაკლში ჰქონდა.
ჟორას უყვარდა ზღაპრები
ჟორას ძალიან უყვარდა ზღაპრები, რომელსაც ბებიაჩემი უყვებოდა პატარა ნუკრის. ჟორა ჩააცივდებოდა: ბებო, მოგვიყევი ზღაპრებიო.. საწყალი ბებიაჩემი შეუტევდა კახურად: ქა, შენ რაღა დაგემართა, დღისით ვის გაუგია ზღაპრები, საცვალი დამეკარგებაო... მაგრამ ვინ ეშვებოდა. ძალიან ადვილი იყო მისი განწყობილების შეცვლა. ერთი ძალიან განიერი, ძველებური ხის საწოლი გვქონდა. მეტი არც არაფერი ეტეოდა ჩვენს ოთახში და ხშირად, სადილის შემდეგ, თუ თავისუფალი ვიყავით, მამა-შვილი მთხოვდნენ, რამე წაგვიკითხეო. ოღონდ, ორივე სახლში ყოფილიყვნენ, რომ დამშვიდებული ვყოფილიყავი და, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვთანხმდებოდი. ჩავეწყობოდით საწოლში და დავიწყებდი ხმამაღალ კითხვას. მე თვითონ ისე გავერთობოდი კითხვით და შინაარსით, რომ სანამ ხმა არ ჩამეხრიწებოდა და შესასვენებლადაც არ გავჩერდებოდი, ვერ ვიგებდი, როდის ამოუშვებდნენ ხოლმე ფშვინვას. როცა გამოიღვიძებდნენ, ნახევრად მძინარენი მეტყოდნენ, განაგრძეო, მაგრამ თავშივე ჩაეძინებოდათ და შინაარსის ვეღარაფერი ესმოდათ, სანამ წაკითხულს არ მოვუყვებოდი.
მაყურებლის სიყვარულით განებივრებულს, სულ ცხოვრების კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. არ უყვარდა, თუ ბავშვს დანაშაულისათვის გავუჯავრდებოდი ან დასვჯიდი, მაშინვე მას მიეხმარებოდა. ერთხელ, ნუკრი სკოლაში წასვლის მაგიერ ილიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილის ანსაბლის რეპეტიციაზე წასულიყო. მათ რეპეტიციები კონსერვატორიის დარბაზში ჰქონდათ, ჩვენ კი იმავე ეზოში ვცხოვრობდით. მეორე დღეს მასწავლებელმა შემომითვალა: ნუკრი, ხშირად ტოვებს გაკვეთილებს და თუ კლასშია, გაკვეთილს ყურს არ უგდებს, სულ ხატავსო. როდესაც შინ მოვიდა, დავსაჯე.
მამამისმა ვერ აიტანა მისი ტირილი და გაბრაზებულმა ჰკითხა: აბა, ახლა ვინ უფრო გიყვარსო. ბავშვი მიუხვდა ნიშნის მოგებას და ტირილითვე უპასუხა: დედაო. იმ დღით ჟორა გვიან მოვიდა შინ და კიდევ არ იყო დამშვიდებული, ისე ეწყინა ბავშვის ეს გულუბრყვილო პასუხი. ის თვითონ თავის დღეში არ სჯიდა ბავშვს და საერთოდ, არც უნდოდა ჩაჰკვირვებოდა ცხოვრების ჩვეულებრიობას, რომლის ნაკლოვანებას თეატრი და მისი გმირების ცხოვრება უვსებდა... როდესაც რომელიმე კინოფილმს ვუყურებდით, თუ ცოტათი მაინც დრამატული იყო, სინათლის ანთებისას ჟორა საშინლად უხერხულად გრძობდა თავს, რომ ნამტირალევს შეხედავდა ხალხი და, თუ კომედია იყო, ყველაზე ხმამაღლა ის ხარხარებდა.“
კოჟანდარა ნიკომ „ნემეცურიც იცოდა“
ვახტანგ ტაბლიაშვილი: „შავგულიძის შემოქმედება მხოლოდ კინოფილმებმა შემოგვინახა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ კოჟანდარა ნიკო „ქეთო და კოტეში. ეს სახე გიორგი შავგულიძის საოცრად დიდი დიაპაზონისა და საოცრად მრავალფეროვანი შემოქმდების ერთ-ერთი კარგი ნიმუშთაგანია. აქ თანაბარი ღირსებით კიაფობს სიმღერა, ცეკვა და მეტყველება. რად ღირს ხანუმასთან თქმული თუნდაც ერთი ფრაზა: „ნემეცურიც იცოდა“, ან ქაბატოსთან ოინბაზობა მაკარის სახლის სხვენში, ან მისი ცნობილი კინტოური, სურათის ფინალში კუპლეტებით – „ძმებო, როცა მოვკვდები...“ ამასთან დაკავშირებითაა ერთი პატარა მოგონებაც: სიკოს და ნიკოს კუპლეტები, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ოპერის მსახიობებს უნდა ჩაეწერათ. დირიჟორმა შალვა აზმაიფარაშვილმა მომასმენინა და შემეკითხა. როგორ მოგწონსო. მომღერალთა შესრულება არ მომეწონა, სქემატური იყო, არაფრის მთქმელი. მღეროდნენ, როგორც პროფესიონალ მომღერლებს შეეფერებათ, რაც იერსახეს არ ესატყვისებოდა. მსახიობებს ვესაუბრე, ვთხოულობდი მეტ კონკრეტულობას, დამაჯერებლობას, ცხოვრებისეულ ხასიათს. მომღერლები ცდილობდნენ, მაგრამ წლობით განმტკიცბულ შტამპს თავი ვერ დააღწიეს. მუშაობას ესწრებოდნენ შავგულიძე და ვასო გოძიაშვილი. მოვიდნენ ჩემთან და ჩუმად მითხრეს: ჩვენ ვიმღერებთ, მოგვისმინონ და მიხვდებიან, რასაც ვთხოულობთ.“ წინადადება სიამოვნებით მივიღე. ჟორამ და ვასომ ორკესტრის თანხლებით იმღერეს კუპლეტები და დასასრულს ორკესტრს მსახიობებმა ხელებით დაუწყეს კაკუნი ინსტრუმენტებს (ეს მათი აპლოდისმენტია). შალვა აზმაიფარაშვილმა სიცილით მომმართა: ესენი ჩავწეროთ, სხვანი რად გვინდაო. ასეც მოვიქეცით და კარგი შედეგიც მივიღეთ.
გიორგი შავგულიძე იყო ქართველი მაყურებლის უაღრესად საყვარელი მსახიობი. კოტე მარჯანიშვილმა მასში არტისტი პირველდანახვისთანავე შეიგრძნო. ბავშვი, რომელიც რიონის მაღალი ხიდის მოაჯირიდან ისარივით გადაეშვა აზვირთულ ტალღებში, თეატრში წაიყვანა და არ შემცდარა დიდი რეჟისორის მახვილი თვალი.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან