საზოგადოება

როგორ ჩამოჰყავს საქართველოში ანი ლაღიძეს მსოფლიო დონის ვარსკვლავები და რით გადაწყვიტა მან მამის სახელის უკვდავყოფა

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 22.08, 2023 წელი

ანი ლაღიძე
დაკოპირებულია

ანი ლაღიძემ ბავშვობა თეატრალურ სამყაროში და კინოფილმებით შთაგონებულმა გაატარა, ამიტომ მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა მშობლებმა გადააფიქრებინეს. მათ სურვილს დაჰყვა, თუმცა ბედისწერამ, მართალია სხვა ამპლუით, მაგრამ მაინც სცენამდე მიიყვანა.

ანი ლაღიძე: დავიბადე რუსთაველის სახელობის თეატრის ცნობილი მსახიობის, სოსო ლაღიძის ოჯახში. რაც ნიშნავდა, რომ რუსთაველის თეატრი ჩემი მეორე სახლი გახდა. 7 წლის ვიყავი, როდესაც დედასთან ერთად (დედა – ინგა ჯიბუტი, პროფესიით ენათმეცნიერი იყო) რუსთაველის თეატრში „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერას დავესწარი. შეიძლება, ითქვას, რომ სტურუას სპექტაკლებზე გავიზარდე. მშობლებთან ერთად ხშირად დავდიოდი იმ წვეულებებზე, რომელიც რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების ოჯახში იმართებოდა და სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ცნობილი მსახიობები, რეჟისორები თუ იმპრესარიოები იკრიბებოდნენ. ნატაშა ჩხიკვაძის როლი დიდია ჩემი სახელოვნებო კარიერის ჩამოყალიბებაში. თეატრის მაგიით ბავშვობიდანვე „მოვიწამლე“ და მსახიობობაზე ოცნება დავიწყე, უფრო კი – კინომსახიობობაზე. როდესაც სკოლის ასაკში ფრანკო ძეფირელის „რომეო და ჯულიეტა“ პირველად ვნახე, ფილმმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ საკუთარი თავი ჯულიეტას როლში წარმოვიდგინე. ვიკეტებოდი ჩემს ოთახში და სარკის წინ განვასახიერებდი ხოლმე ჯულიეტას განცდებს, იმდენად, რომ ხშირად ცრემლებიც კი მომდიოდა. სამსახიობო კარიერის პარალელურად, მთელი ბავშვობა, ფიგურულ ციგურაობაში ჩემპიონობაზე ვოცნებობდი. ძილშიც კი მესიზმრებოდა ყინულზე, მუსიკის ფონზე, როგორ გავდიოდი ტროფით გამარჯვებული. მიუხედავად ასეთი ემოციებისა, მშობლებმა ჩემს გატაცებას – გავმხდარიყავი კინომსახიობი, ხელი არ შეუწყვეს. მამამ იცოდა ჩემი შეუპოვრობა და პირველობისადმი სწრაფვა, ამიტომ გამაფრთხილა, რომ მსახიობის კარიერა ყოველთვის დამოკიდებულია რეჟისორებზე და მათ დამოკიდებულებაზე მსახიობისადმი. მამისა და დედის რჩევას დავუჯერე და დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით, მაგრამ ხელოვნებისადმი ინტერესი არ გამნელებია.

– თუმცა, თქვენი კარიერა მაინც სცენას დაუკავშირდა. ეს როგორ მოხდა?

– 1998 წელს, ამერიკიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, როდესაც მსოფლიო საოპერო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ მიმიწვია თავისი სახელობის ფონდის მიერ დაარსებულ ოპერის საერთაშორისო ფესტივალ „ბრავოში“ და საერთაშორისო ურთიერთობების მართვა ჩამაბარა. სწორედ აქ ვიგრძენი მთელი სიცხადით, რომ შემეძლო, ჩემი მომავალი სცენისთვის უკვე სხვა მხრიდან დამეკავშირებინა. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: მართალია, მსახიობი არ გამოვედი, მაგრამ ჩემი ცხოვრება მაინც სცენას უნდა დავუკავშირო-მეთქი. სცენაზე სხვა არტისტების ვირტუოზულობამ და შემოქმედებითმა წვამ თანამონაწილე გამხადა იმ ჯადოსნური პროცესის, რომელშიც ვტრიალებდი. ასე, თანდათან, ახალმა პროფესიამ – არტპროდიუსერობამ, ძალიან საინტერესო და სარისკო დეტალებით აღსავსე ცხოვრების ლაბირინთებში ჩამითრია. ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, დამოუკიდებლად მემოქმედა. ჩამოვაყალიბე საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“, შევკრიბე საინტერესო ჯგუფი და დავიწყეთ კულტურულ პროექტებზე მუშაობა. „თაგის არტი“ თავიდან სამხატვრო გალერეის საქმიანობით იყო დაკავებული. ლონდონში, სოტბისის ინსტიტუტში მოკლე კურსის სწავლების შემდეგ, თბილისში დავბრუნდი და მთაწმინდაზე საკუთარი გალერეა გავხსენი. პირველ პროექტს – „პაატა ბურჭულაძე – 25 წელი მსოფლიო სცენაზე“, მოჰყვა მეორე პროექტი – „იქ, სადაც ტანგო ხვდება ჯაზს“. ორივე პროექტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმატებით წარვადგინეთ. ერთ პროექტს მეორე დაემატა, მეორეს – მესამე და ასე მოვედით აქამდე. განვლილ გზას რომ ვუყურებ, ბევრი გულგატეხილობაც შემხვედრია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ასეც უნდა ყოფილიყო. ზოგადად, ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე და თუ შეუპოვარი არ ხარ, უმალ დაყრი ფარ-ხმალს, დაკარგავ ინტერესს განვითარების შესაძლებლობების ძიებისადმი. სწორედ რომ გამძლეობა, სრულყოფილებისაკენ სწრაფვა, მოთმინება, გამბედაობა და უპირველეს ყოვლისა, რწმენა უკეთესი ხვალინდელი დღისა და შენი საქმის სიყვარული გადაგალახვინებს ნებისმიერ წინააღმდეგობას. შემდეგ იყო კაბოვერდელი სეზარია ევორა, კუბელი მესაყვირე არტურო სანდოვალი, ნეაპოლიტანელი გიტარისტი ანიელო დესიდერიო, კუბელი პიანისტი გონსალო რუბალკაბა, იაპონელი ჯაზპიანისტი ჰირომი, ფრანგი ფენომენალური აკორდეონისტი რიშარ გალიანო – ექვსი სრულანშლაგიანი პროექტით. ყოველ ჯერზე გალიანო ბრწყინვალე მუსიკოსებით სტუმრობდა თბილისს. ასევე, ხოაკინ კორტესის ფლამენკოს დასი თბილისსა და ბათუმში. ფრანგულმა ელექტროტანგოს ჯგუფ „გოტან პროჯექტმა“ თბილისში დაასრულა თავისი კარიერა და ამ კონცერტს დავარქვით „უკანასკნელი ტანგო თბილისში“. ამ სიაში დიდებულ ადგილს ეიფმანის პეტერბურგის ბალეტი იკავებს სპექტაკლებით: „ძმები კარამაზოვები“, „ანა კარენინა“ და „როდენი“. ყოველთვის ისეთ პროექტებს ვირჩევ, რომლებსაც გულის სიღრმეში ვატარებ. დაწყებიდან დასრულებამდე. შინაგანად თუ არ ვიგრძენი, რომ ის ჩემია, ხელს არ მოვკიდებ პროექტს. აი, ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი და წარმატების ფორმულა. თუმცა, ფიასკოც განმიცდია. რაც შეეხება ფესტივალს – „თბილისი რიტმი“, მას თავისი საინტერესო ისტორია აქვს. ის 2017 წელს დავაფუძნე. ფესტივალი წარმოადგენს რამდენიმედღიან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე ეს ფესტივალი მივუძღვენი მამაჩემის – კინოსა და თეატრის მსახიობის, სოსო ლაღიძის ხსოვნას. მე ის ძალიან დამაკლდა. „თბილისი რიტმის“ დროს, მე მამას ყოფნას ყველა მხრიდან ვგრძნობ და ისიც თითქოს უხილავად მეხმარება. სცენა ხომ მან შემაყვარა. მე გენიალური მამა მყავდა...

– ძალიან ბევრი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი ჩამოგყავთ საქართველოში, ეს, ალბათ, თქვენთვის ბევრს ნიშნავს.

– სეზარია ევორა, რიშარ გალიანო, გონსალო რუბალკაბა, არტურო სანდოვალი, კაილ ისტვუდი და მისი კვინტეტის ვირტუოზი მუსიკოსები, პაოლო ფრეზუ, იამანდუ კოსტა, ჰირომი, ვინსენტ პეირანი, ჰამილტონ დე ჰოლანდა, ტომ იბარა, ალექსის კარდენასი და მრავალი სხვა, ვისთანაც მიმუშავია, მათი შინაგანი თავისუფლება, ბუნებრივი არტისტიზმითა და სითამამით გაჯერებული თითოეული მოქმედება, და რაც მთავარია, ადამიანობა, მაძლევს ძალას მიმართულს სრულყოფილებისა და ახალი ხედვისკენ. მათგან მიღებული ძლიერი ემოციები არ მაძლევს მოდუნებას, რომ არ შევწყვიტო ოცნება, რომელიც ბოლოს აუცილებლად ახდება. ახდენილი ოცნება კი ცხოვრებას საინტერესოს ხდის.

– რთული არ არის მათი დათანხმება? ვარსკვლავები ხომ განსაკუთრებული ჭირვეულობითა და მოთხოვნებით გამოირჩევიან?

– დასაწყისში დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ უცხოელი კოლეგები შენს პროფესიონალიზმსა და წესიერებაში დაარწმუნო. ერთი წარმატებული გასტროლი მომდევნო განსახორციელებელი პროექტების სრულფასოვანი მართვის საწინდარია. სეზარია ევორა ყველაზე ჭირვეული არტისტი მეგონა. კატეგორიულად გაგვაფრთხილა ჯგუფი, რომ ის კონცერტის დასრულების შემდეგ გამართულ წვეულებაზე არ წამოვიდოდა. ადრე უნდა ავდგე, სამგზავრო კაბა უნდა დავაუთოო და აეროპორტისთვის გავემზადოო. აი, არავინ რომ არ მოელოდა. ის მოხდა. ევორას ძალიან ვთხოვეთ, 2 საათი მაინც გაეტარებინა ჩვენთან ერთად. იმ ღამეს ის ჩვენთან ერთად წამოვიდა და მეორე დილით უბედნიერესმა დატოვა თბილისი. სეზარია ევორამ თბილისს 2005 წლის მსოფლიო საგასტროლო ტურის ჩამონათვალში პირველი ადგილი მიანიჭა, როგორც საუკეთესო მასპინძელი ქალაქი. ხოაკინ კორტესს ერთ-ერთ მოთხოვნად ეწერა, 100 ცალი თეთრი ვარდი ლარნაკში დაგვეხვედრებინა, მის გასახდელში. როდესაც პირისპირ შევხვდი, რათა გაგვევლო რიგი საორგანიზაციო საკითხი, ღიმილიანი სახით შემომხედა და მითხრა, რომ იმ 100 თეთრ ვარდზე არ მეფიქრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა