როგორ ავითარებენ გურანდა ფხაკაძე და ანი იაკობაშვილი საკუთარ უნარებს და რა გზა გაიარეს წარმატებულ კარიერამდე
ავტორი: „თბილისელები“ 16:45 10.03

მეან-გინეკოლოგ გურანდა ფხაკაძეს ჩვენი მკითხველი და პაციენტების დიდი არმია კარგად იცნობს. მისი წარმატება თვითგანვითარების უწყვეტ ჯაჭვზე დგას და თავისი საქმიანობით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. ამჯერად გურანდას შვილმა, ანი იაკობაშვილმა მიიქცია ჩვენი ყურადღება, რომელმაც საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო უამრავი მიმართულებით დაკვირვება, სამყაროს თავისებურად შემეცნება და ჯერ კიდევ მეორეკურსელმა მამის კომპანიაში საპასუხისმგებლო მიმართულებები ჩაიბარა.
ანი იაკობაშვილი: პირველი კლასიკური გიმნაზია დავამთავრე. ამჟამად 20 წლის ვარ, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი. დაახლოებით, ერთი წელია, ბიზნესში ვარ ჩართული და მამას კომპანიაში – GMC Motors-ში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ვმონაწილეობ. ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან მქონდა შინაგანი ინტერესი ბიზნესის მიმართულებით, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდებოდა, მიჩნდებოდა იდეები, რომელთა მასშტაბური განხორციელების დიდი სურვილი მქონდა. ჩემთვის განათლებას დიდი
მნიშვნელობა აქვს, ჩემი ყოველდღიურობა ცოდნისკენ სწრფვაა, უამრავ ინფორმაციას ვიძიებ, რაც სამყაროს უკეთესად შეცნობაში მეხმარება. განათლება არის ის, რაზეც ჩვენს ანალიტიკურ უნარებს ვაშენებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ვართ ყოველდღიურობაში, ის ვართ ყველა საქმეში, ყველა დარგში, ყველა სფეროში... თუ ხარ პროფესიონალი და გაქვს ამისკენ სწრაფვა, უნდა იყო პროფესიონალი ნებისმიერ საქმეში. ეს და სხვა პრინციპული მიდგომები მხდის ისეთს, როგორიც ვარ.
– რა პოზიცია გიკავია მამას კომპანიაში?
– კომერციულ მიმართულებას ვხელმძღვანელობ და კრეატიული დირექტორის როლი მაქვს, რომელიც ცდილობს, სიახლეები დანერგოს იქ, სადაც არის, გააკეთოს ყველაფერი ახალი საკუთარი ხელწერით. მინდა, შევქმნა საინტერესო, პროფესიონალური და პროგრესული გარემო.
– რას მოიცავს GMC Motors-ის საქმიანობა?
– GMC Motors მოიცავს მძიმე და სპეცტექნიკის ყველა მიმართულებას, აღჭურვილობას, მისაბმელებს, ნაწილების ფართო არჩევანს, სერვისულ მომსახურებას და სასუქების მიმართულებას. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქტთან ერთად, სრულ სერვისულ მხარდაჭერას სთავაზობს მომხმარებელს. მომხმარებლისთვის უდიდესი კომფორტია; შეიძინოს ყველაფერი ერთ სივრცეში და ამასთანავე ჰქონდეს კომპანიის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ჩვენი პროფესიონალი გუნდის მუდმივ კავშირს მომხმარებლებთან.
– რა ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში შენი მისვლით?
– ჩვენი კომპანია, დაახლოებით, 15 წელია, არსებობს, ამ წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებით მუშაობდა, მაგრამ ფართო აუდიტორიისთვის, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობის საჭიროება არ ჰქონდა, მისი არსებობა არ იყო ცნობილი. დღეს ყველა კატეგორიის ადამიანმა იცის „ჯიემსი მოტორსის“ არსებობისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ. მამა იმხელა ნიჭის, ცოდნის და გამოცდილების პატრონია, რომ ბევრად მეტი აქვს სათქმელი, ვიდრე ამ წლების განმავლობაში უთქვამს. ჩემი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყო ხელი ამ პროცესში. როდესაც შვილი გიდგას გვერდით, ზუსტად იცი, რომ ის თავისი შესაძლებლობების ას პროცენტს ჩადებს საქმეში და მეც ზუსტად ამ პროცესში ვარ.
– ბაზარზე რამდენად დიდია კონკურენცია?
– ამ სფეროში ძალიან ბევრი კომპანიაა. ყველა თავის მხრივ ვითარდება და თავისი შემოთავაზებები აქვს, ამიტომ კონკურენციაც საკმაოდ მაღალია, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგია, რადგან მაღალი კონკურენციის პირობებში კიდევ უფრო მეტ ტონუსში ვართ და ეს უკანასკნელი აძლიერებს ბაზარს.
– ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრებოდით ჩინეთში, საიდანაც არაერთი ჯილდო ჩამოიტანეთ ...
– კომპანიაა GMC Motors ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს ჩინეთის რესპუბლიკის, მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი კომპანიის ექსკლუზიურ წარმომადგებლობას სასოფლო სამეურნეო მიმართულებით. ჩინეთის კომპანიამ ჩაატარა დახურული საერთაშორისო ღონისძიება ჩინეთის ტერიტორიაზე, რომელზეც მოწვეულ იყვნენ მსოფლიოს 150 ქვეყნის სხვადასხვა დილერი კომპანიები. ღონისძიების ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა რეკორდული რაოდენობის ჯილდო, რითაც საერთაშორისო ასპარეზზე GMC Motors აღიარებულ იქნა თავის საქმიანობაში, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– გეგმაში მაქვს რომ ჩვენი კომპანია მოერგოს ყველა სეგმენტს და ჩვენი პროდუქცია თითოეული ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. მაქვს პირადი გეგმებიც, ვწერ მოთხრობებს და წიგნის გამოცემას ვაპირებ.
გურანდა ფხაკაძე: აბიტურიენტობის პერიოდში ანას წინაშე დადგა საკითხი თუ რომელ დარგში მიეღო უმაღლესი განათლება. ბევრ სფეროზე ვიმსჯელეთ და რაღაც ეტაპზე სამედიცინოც ვცადეთ, მომზადებაც კი ჰქონდა დაწყებული ანის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ შინაგანად ძალიან იყო დაძაბული. როდესაც ვკითხე, რაში იყო საქმე, მითხრა, რომ თავს კომფორფულად არ გრძნობდა, რომ ეს სფერო მის ხასიათთან, მის ბუნებასთან, მის ტემპერამენტთან ორგანული არ იყო. იმ მომენტშივე შევწვიტეთ მომზადება სამედიცინო სფეროში, რადგან ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი შვილის ბედნიერებაა. ნებისმიერი სფერო მოითხოვს შინაგან მოწოდებას, თუ ეს არ გაქვს, ვერ იქნები წარმატებული.
– გურანდა, თქვენ საკუთარი პროფესია გვერდზე გადადეთ და დიდი რესურსი ჩადეთ შვილების აღზრდაში, როგორ შეძელით რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ წარმატებული კარიერის შექმნა?
– შვილების გაჩენის შემდეგ პირველი 6 წელი არ მიმუშავია, რადგან ვფიქრობ, ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლის ჩართულობა შეუფასებელია. როცა ისინი სკოლაში წავიდნენ, მაშინ გავედი სამსახურში. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საკითხში ჩვენი თავის ყველაზე დიდი კონკურენტები ჩვენვე ვართ. ამიტომ, აუცილებელია მუდმივ რეჟიმში ვძერწავდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას, ვვითარდებოდეთ და ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ ვიყავით. ეს დამეხმარა კარიერის სწორად მოწყობაში. ჩემს სფეროში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელია მუდმივი, უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღება, ტრენინგები, კონფერენციები, სადაც ახალ თანამედროვე მიდგომებს ეზიარები.
– იყო რთული პერიოდებიც, რა დროსაც, ასევე, ძალიან დიდი გამძლეობა გამოავლინეთ
– ეს იყო ის პერიოდი, როცა დოქტურანტურას ვამთავრებდი და ჩემი სადისერტაციო თემა უნდა დამეცვა, ამას დაემთხვა უდიდესი ტრაგედია ჩემს ოჯახში – ძმის გარდაცვალება, რამაც აბსოლუტურად სხვა რეალობაში გადამისროლა და ვაპირებდი გადამედო დიპლომის დაცვა, თუმცა გარშემო მყოფებმა დიდი როლი ითამაშეს ჩემს გადარწმუნებაში, ყველა მეუბნებოდა, რომ თუკი რამე შეიძლებოდა, ამ მომენტში გამეკეთებინა, ზუსტად ეს იქნებოდა, რითიც ჩემი ძმა ძალიან იამაყებდა და გავედი დაცვაზე და ისე მივიყვანე ეს საქმე ბოლომდე, იქ მყოფმა საზოგადოებამ უკვე დაცვის შემდეგ გაიგო ჩემი მდგომარეობა და ყველა ძალიან გაკვირვებული დარჩა ჩემი შემართებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან