საზოგადოება

როგორ აღუწერა გარდაცვლილმა ზურაბ ვადაჭკორიამ ცოლს სიზმარში გიო ხუციშვილის სიკვდილისა და მის გვერდით დაკრძალვის ამბავი

№46

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 22.11, 2022 წელი

ია ვადაჭკორია
დაკოპირებულია

ზურა ვადაჭკორია ერთი ძირძველი თბილისელი, კარგი ბიჭი იყო, ძალიან თბილი, კეთილი გულის მქონე, მეზღაპრესავით თავისი ჯადოსნური ჯოხით, რომელსაც დიდიც და პატარაც ერთნაირად პატივს სცემდა, პატივს სცემდნენ მის ხელოვნებას, იმ გამორჩეულ, ორიგინალურ ჟანრს, რომელსაც ილუზიონისტის ხელოვნება ჰქვია. მისი დანახვა გიხაროდა. იყო საოცარი მეოჯახე და მეგობარი, პოზიტიური ადამიანი. დღეს მას ყველაზე ახლობელი ადამიანი, მეუღლე გაიხსენებს.

– ია, დღევანდელი გადასახედიდან როგორ უყურებ ცხოვრებას ზურას გარეშე? ალბათ, უფრო და უფრო გიმძაფრდება მონატრება და სულ თვალწინ გიდგას ყველა ის ლამაზი პერიოდი, რომლებიც ერთად გაგიტარებიათ.

– რა თქმა უნდა, ძნელია, ძალიან ძნელი. კადრებივით სულ თვალწინ მეშლება ყველაფერი. პირველად რომ მიყვარდა, ისე ვარ დღემდე. კარგი ქმარი, მამა და მეგობარი იყო. არ მგონია, რომ ზურიკო არ არის ჩემთან. ის ერთი წელი, რაც ჩვენ დაგვემართა, საერთოდ ამოღებული მაქვს მეხსიერებიდან. ჩემს თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, მაგაზე ვიფიქრო. არ ვიჯერებ, რომ ზურიკო აღარაა. წუთი და წამი არაა მის გარეშე. უბრალოდ, პირველი დღიდანვე გავითავისე, რომ ეს ჩემი პრობლემაა, ჩემშია ეს ტკივილი. რაც ჩემი სატარებელია, ბოლომდე უნდა ვატარო და ვიცხოვრო ამით. არაფერი არ მაძლევს იმის საშუალებას, ცუდზე ვიფიქრო. პირიქით, სულ იმაზე ვფიქრობ: ზურიკოს ეს გაუხარდებოდა, ეს მოეწონებოდა... ვიცი, როგორ ესიამოვნებოდა, ასე რომ ვზრუნავ ჩვენს ოჯახზე. რაც არ მოსწონდა ჩემში, იმას არასდროს ვაკეთებ. ნიკუშას ახლახან მესამე შვილი შეეძინა. მიმის მეორე შვილი ჰყავს, ქალიშვილი. გაიზარდა ჩვენი ოჯახი, რითაც ბედნიერი იყო და იქნებოდა. ასე რომ, ცხოვრება გრძელდება.

– ალბათ, ახლა უფრო მეტად ფიქრობ, ცდილობ, ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც მას მოეწონებოდა.

– რა თქმა უნდა. უფრო სხვა რაღაცებს შევცვლიდი. ვთქვათ, რომ მეტყოდა, აქ წავიდეთ, იქ წავიდეთ და არ მივყვებოდი, ძალიან ვნანობ და ამას შევცვლიდი. ბოლოს თითქოს მეზარებოდა და არსად აღარ მივყვებოდი. ვნანობ, ერთი წუთი არ უნდა დამეკარგა. სულ მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ყველგან. არ მახსოვს, ზურიკო სახლში მოსულიყო და მისთვის სახლის კარი მე არ გამეღო. სიამოვნებდა, როცა იცოდა, რომ მე უნდა დავხვედროდი და მისთვის კარი მე უნდა გამეღო.

– იხსენებ ხოლმე თქვენი გაცნობისა და დაქორწინების პერიოდს?

– სულ მახსენდება. ზურიკო გოგი დოლიძის ოჯახში გავიცანი, აქ, ჩვენს ქუჩაზევე (გოგი დოლიძის სახელობის ქუჩაზე). გოგის მამიდაშვილთან ვმეგობრობდი. მე გოგოლის ქუჩაზე ვცხოვრობდი გოგის დედასთან, ქეთო დეიდასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მოკლედ, გავიცანი და მას მერე სახლში მაკითხავდა. ხან სად დამპატიჟებდა, ხან – სად. გამაცნო თავისი მეგობრები, ერთად დავდიოდით სასეირნოდ, თეატრში, კინოში, კაფეში, ყველგან. თავიდან მეგობრები ვიყავით, მერე გადაიზარდა სიყვარულში. თითქმის ერთი წელი გაგრძელდა ასე და მერე გავყევი ცოლად. თვითონ მეუბნებოდა, შენ უნდა იყო ჩემი შვილების დედაო. ისე განვითარდა მოვლენები, ერთი დღეც ვეღარ ვძლებდი, რომ არ მენახა. ყოველდღე მოჰქონდა ყვავილები, საჩუქრები და იყო რომანტიკულ ამბებში. მე და ზურიკოს პრობლემები ურთიერთობაში არასდროს გვქონია, გასტროლებზე სულ დადიოდა. ვერ ვძლებდი დიდიხანი რომ იყო წასული. დისკომფორტი მქონდა, დეპრესიაში ვვარდებოდი, არც მისი ფული მინდოდა, არც ქონება, ცხოვრება, არაფერი, მინდოდა, ოღონდ ყოველთვის ჩემ გვერდით ყოფილიყო.

– ეჭვიანობები გქონდათ?

– ეჭვიანი თვითონაც იყო და მეც ვიყავი, თუმცა, ესეც არ გამხდარა ჩვენი კამათის მიზეზი. მე მსახიობი ვარო, იტყოდა და ყველაფერი გასაგები იყო. მერე შევეჩვიე. წამიყვანდა თავის ნაცნობ მეგობრებთან, გამაცნობდა. ისე დამარწმუნებდა თავის სიმართლეში, რომ აღარ მაძლევდა ეჭვიანობის საბაბს. მეც, მას რომ არ ენერვიულა, არასოდეს ისეთ რამეს არ გავაკეთებდი, რაც არ მოეწონებოდა.

– ის, რაც ზურიკოს დაემართა, ნერვიულობას ხომ არ უკავშირდება?

– ზოგადად, ძალიან ემოციური იყო. ამიტომ ვუფრთხილდებოდი. ყველაფერზე ნერვიულობდა. ვთქვათ, ბავშვებს რომ დაურეკავდა მობილურზე, ერთი ზარი გავიდოდა, მეორე და არ პასუხობდნენ, აგვიანებდნენ პასუხს, ნერვიულობდა ან სადმე საქეიფოდ რომ მივდიოდით, აი, მერე ვინ როგორ მივიდოდა სახლში, ყველას ურეკავდა, რომ გაეგო, ან კიდე, რომ გაიგებდა, რომ ვიღაც ცუდად არის, ვიღაცას უჭირდა, მთელი ღამე არ ეძინებოდა.

ახლა იმდენ რაღაცას ვიგებ, გაგიჟებული ვარ. ვინმე ქუჩაში რომ შეხვდებოდა, ეს თავისას ეტყოდა, ის თავისას, გაიგებდა, რომ უჭირდა, მაშინვე დატრიალდებოდა, იმ წუთში მოუგვარებდა. რამდენი მეუბნება ამას იცით? როგორ წვდებოდა ამდენს, არ ვიცი. მახსოვს, სადმე რომ მივდიოდით, იმდენი ხანი ვუნდებოდით ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისვლას – გზადაგზა ყველას უგვარებდა საქმეებს, ეხმარებოდა.

– როგორ გადახვედი შედარებით მშვიდ ფაზაში, ზურას ავადმყოფობიდან მოყოლებული, ამდენი მძიმე დღის მერე? დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ მგონი, ასე არ არის. ეს ტკივილი სულ შენთან არის. უბრალოდ, იცვლება ცხოვრების ფორმები.

– ნამდვილად. თითქმის მთელი ორი წელი განადგურებული დავდიოდი. მერე მივხვდი, რომ არ შეიძლება, შენი პრობლემა ყველას თავს მოახვიო. ეს შენი ტკივილია და უნდა გაჩერდე. მახსოვს, როგორი ემოციებით ველაპარაკებოდი ყველას. ახლა რომ მხვდება ის ხალხი, მეუბნებიან: ია, როგორი იყავი მაშინ, შეშინებული, დაბნეული და, ახლა რა კარგად გამოიყურებიო... რომ მახსენდება, რა გადავიტანე, ვერც აღვწერ იმ მდგომარეობას. დღეში სამჯერ, ოთხჯერ სასაფლაოზე ავდიოდი, სულ ზურიკოზე ვლაპარკობდი. დავსტრესე ყველა, ოჯახის წევრები. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და მერე რაღაცები შევცვალე.

– გესიზმრება?

– ღამე არ გავა, ზურიკო სიზმარში არ ვნახო. გამორიცხულია. როგორც ჩვენი მფარველი ანგელოზი, ისეა ჩვენთვის. ზურიკო რომ გარდაიცვალა, მალევე გარდაიცვალა გიო ხუციშვილიც. აბასთუმანში ვიყავით ყველანი. მესიზმრება, ვითომ ვურეკავ ზურიკოს, თან, ვერ ვურეკავ. ვნერვიულობ. ამ დროს როგორც იქნა დავურეკე, მიპასუხა. მე ვუთხარი: ზურიკო, რამდენი ხანია გირეკავ, რატომ არ მპასუხობ ტელეფონზე-მეთქი და... კარგი რა, ია, მთელი ღამე არ მიძინია. გამთენიისას გიო ხუციშვილი გარდაიცვალა და ის მოიყვანეს, ჩემს კოიკაზე დააწვინეს. კარზე ბრახუნი რომ ატეხეს და შემოიყვანეს, ასე მეგონა, კონცერტებზეა ჩამოსულიო. ჰო, კაი, კაი, ზურიკო-მეთქი და გამომეღვიძა. როგორც ყველა, დილით რომ იღვიძებს, მაშინვე ტელეფონში შედის, მეც ასე შევედი ტელეფონში და ვნახე, რომ გიოს ორმოცი გასულა. ზურიკოს გვერდზეა დაკრძალული.

– ვიცი, რა ძნელია ხელახლა იმ ყველაფრის გახსენება, მაგრამ მოდი, მისი ბოლო დღეები გავიხსენოთ.

– გონზე იყო, ლაპარაკობდა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა. წარმოიდგინეთ, როგორი იყო ზურიკო და ამ დროს საწოლში წევს. მეუბნებოდა, არ მინდა ასეთი სიცოცხლე, საწამლავი დამალევინე, ასე ვერ ვიქნებიო. ამბობდა: მე სიკვდილის კი არ მეშინია, თქვენთან განშორება არ მინდა, მომენატრებითო. იმ საშინელ დღეს რა დამავიწყებს. 1 მარტი გათენდა. მეძახის: ია, მოდიო. საჭმელს ვუკეთებდი. აქ ვარ, ზურიკო, ახლავე-მეთქი. მოდი, მოდი, ია, ჩქარა! ნახე, თავზე მადგანან ვიღაცები, მივყავარო. მივვარდი უცებ. ვის მიჰყავხარ, ზურიკო, აქ არავინაა-მეთქი. როგორ არააო, ხელი დაარტყა საწოლზე, გადაატრიალა თვალები და... დამთავრდა ყველაფერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი