როგორ აწყობდა მიტროფანე ლაღიძე საპროტესტო აქციებს და როგორ ედგა ის სათავეში ციხის საიდუმლო გვირაბის გაყვანას პატიმრების გასაქცევად
ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 14.11, 2022 წელი
ქუთაისში პირველად ყინულის კეთება ლაღიძის წყალთა ქარხანაში დაიწყო, მანამდე ქალაქ ქუთაისის მოსახლეობა სარგებლობდა ზამთრის პერიოდში მომარაგებული თოვლით, რომელსაც სპეციალურად აგროვებდნენ და ინახავდნენ განსაკუთრებულ ფარდულებში. იქ თოვლს ზევიდან აყრიდნენ ნახერხს და აფარებდნენ ჭილოფებს. ეს საშუალება ძლიერ ანელებდა და აძნელებდა თოვლის დნობის პროცესს. უფრო ადრე, 1902 წელს, აი, რას მოუთხრობს გაზეთი ,,ივერია“ თავის მკითხველს: ,,არქიელის გორაზე გაცხარებული მუშაობაა წყლის მილის უმთავრესი აუზის გასაკეთებლად. მუშები მახლობელ სოფლებიდან ხარ-ურმებით ეზიდებოდნენ ვინ სილას, ვინ კირს, წყალს, ცემენტს, ხე-ტყესა და სხვას. ქუთათურებს ახლა კი იმედი მოგვეცა, რომ ახლო მომავალში რიონის სილა-წყალი ბროლივით ანკარა წყალზე შეგვეცვლება, სწორედ ისე, როგორც კოკოჩევ-ხაინდრავა და აბზიანიძის მტვერნარევი ყინული მიტროფანე ლაღიძის ბროლივით სუფთა ყინულზე შეგვეცვალა 29 ივლისს და ამ გვარიან სიცხეში ყელს იმით ვიგრილებთ ქუთათურები. სადილობის დროს, ღვინოს უმისოდ არ გეახლებით, შუადღესა და საღამოობით კი მიტროფანესვე ხელოვნურ გემრიელ წყლებს ამავე ყინულით გაციებულს მივირთმევთ, ამნაირად, ქუთაისიდან სააგარაკოდ გახვეწილი კი აქვთ შემოსანატრი ჩვენ აქ დარჩენლთათვის და უეჭველია, მალე გამოეშურებიან აქეთკენ“. ხალხის სიხარულსა და აღფრთოვანება-აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ისინი, როგორც „ივერია“ იტყობინებოდა დღედაღამ მუშაობდნენ, რათა მოსახლეობას რიონის ამღვრეული და სილანარევი წყლის მაგივრად სუფთა და ანკარა წყარო მიეღო. ეს დიდი დამსახურება იყო მიტროფანე ლაღიძისა.
ლაღიძის ახალი ტექნოლოგიები
პირველად ლაღიძემ ძალიან ფართოდ გამოიყენა ხილეული წყლების უალკოჰოლო სასმლის დასაყენებლად საქართველოში არსებული ადგილობრივი ხილ-კენკრის ნედლეული. ამასთან, ის ზედმიწევნით ფრთხილად ეკიდებოდა ხილის ნედლეულის შერჩევას მიკრორაიონების მიხედვით. ასე, მაგალითად, ჟოლოს სიროფს ამზადებდა მხოლოდ ბორჯომის ხეობაში, უმთავრესად კი ბაკურიანში გავრცელებულ ხილ-კენკრით, რომელიც ძალიან სურნელოვანი და გემრიელი იყო, თუმცა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოტანილი ნედლეული უფრო იაფი ჯდებოდა. ამბობენ, მიტროფანე ლაღიძეს წყლის დაყენების რაღაც საიდუმლოება ჰქონდაო, მაგრამ მას, როგორც ცნობილია, წყლის დაყენების არავითარი საიდუმლოება არ გააჩნდა, გარდა ბუნებრივი დეგუსტაციური ნიჭისა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა საქმისადმი. ერთხელ, ბატონმა აკაკი შანიძემ მოყვა: მიტროფანეს შევეკითხე, თუ როგორ აყენებდა ასეთ სურნელოვან და სასიამოვნო სასმელ წყალს. მან მიპასუხა – ბატონო აკაკი, მე არაფერს ვუმატებ იმ სურნელოვან ხილს, რაც ჩვენს მრავალფეროვან ბუნებას ასე უხვად მოუციაო... ლაღიძემ უალკოჰოლო სასმელების დამზადების საკითხი საქართველოში მეცნიერულ დონემდე აიყვანა და ამით ავტორიტეტი შეუქმნა მის ფართოდ გამოყენება-მოხმარებას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში... მიტროფანე ლაღიძე მიიწვიეს მოსკოვში. იქ მას საუბარი ჰქონდა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელებთან. მას დაავალეს მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში გაეხსნა უალკოჰოლო ხილეული წყლების საფირმო დარბაზები. მიტროფანე ლაღიძემ კიევში წაიკითხა რამდენიმე მოხსენება, ლიმონათის ქარხნის მუშებს გააცნო თავისი რეცეპტურით დამზადებული სურნელოვანი წყლების დამზადების წესები. ლაღიძის სურნელოვანი წყლებით, მისი დაყენების მაღალი ტექნოლოგიით მრავალი ქვეყანა დაინტერესდა და არაერთხელ მიუღია მოწვევა ირანიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდან, რათა ამ ქვეყნებში გაეხსნა თავისი წარმოება. ამისთვის უცხოელი საქმოსნები მეტად ხელსაყრელ პირობებს ჰპირდებოდნენ მიტროფანეს – კაპიტალურ დაბანდებას თვითონ კისრულობდნენ და შემოსავლის ნახევარს მას აძლევდნენ. მაგრამ არცერთი ქვეყნის საქმოსანთა წინადადება მას არ მიუღია.
„გლავფრუქტვოდი“
მიტროფანე ლაღიძე დანიშნულია საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროს ,,გლავფრუქტვოდის“ მთავარ კონსულტანტად. მას დავალებული აქვს თვალყური ადევნოს მთელს ჩვენს ქვეყანაში უალკოჰოლო სასმელების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს იყო უდიდესი ნდობა, პატივისცემა და აღიარება, რომელიც მიტროფანე ლაღიძის კეთილშობილურმა შრომამ, პროფესიულმა ოსტატობამ და გამოცდილებამ დაიმსახურა.
საგამომცემლო ამხანაგობა
ლაღიძემ ქუთაისში დააარსა საგამომცემლო ამხანაგობა, სადაც ბეჭდავდა ქართველი მწერლების თხზულებებს და ავრცელებდა ხალხში. ამით ის ხელს უწყობდა ჩვენი მწერლობის პოპულარობას ფართო მასებში. მიტროფანე ლაღიძე ახალგაზრდობიდანვე ეძებდა სამოღვაწეო კუთხეს, სადაც მას მეტი შესაძლებლობა, მეტი გაქანება მიეცემოდა, რომ ერში, თავის ხალხში სახელი და დიდება დაემკვიდრებინა. ამიტომ ის პირველად ხელს ჰკიდებს ისეთ დიდ კულტურულ საქმეს, როგორიც წიგნების გამოცემაა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მეტად ეროვნულ საქმეში. ის ხალხში აღვივებს წიგნისადმი ინტერესსა და სიყვარულს. ძველად, წიგნის გამოცემის საქმე მეტად რთული და მძიმე იყო არა მარტო ეკონომიკური უსახსრობის გამო, არამედ იმის გამოც, რომ მეფის ცენზურა ყოველგვარ პროგრესულ და მოწინავე აზრს სასტიკად დევნიდა და ავიწროებდა. 1898 წელს მიტროფანე ლაღიძემ გამოსცა ქართველების პოემების კრებული, ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“, აკაკი წერეთლის „მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის „,იმედი“... „წმინდა ნინო და ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“. წიგნს ყდაზე აწერია: „მთელი ამ გამოცემის შემოსავალს, ნიშნად ღრმა პატივისცემისა, ვუძღვნი დიდებულ იუბილარს, აკაკის, 50 წლის მოღვაწეობის სახსოვრად“.
მეამბოხე უფლებადამცველი
1904 წელს მიტროფანე ლაღიძემ საშა წულუკიძის, მიხა ცხაკაიასა და ივანე გომართელის წინადადებით, თავის ქარხანაში შემოიღო რვასაათიანი სამუშაო დღე, რაც იმ დროისთვის მეტად იშვიათი მოვლენა იყო. 1890 წლიდან 1917 წლამდე მიტროფანე აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და თავდადებით, დაუზარებლად ეხმარებოდა გამოჩენილ რევოლუციონერებს. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 1897 წელს მიხა ცხაკაიამ მოაწყო საზღვარგარეთიდან ქუთაისში არალეგალური ლიტერატურის გამოგზავნა, რომელსაც მიტროფანე პირადად იღებდა იმ მისამართით, რომელიც მან ცხაკაიას ადრე მისცა. შემდეგ, საზღვარგარეთიდან და რუსეთიდან მიღებულ არალეგალურ ლიტერატურას იგი უშიშრად ავრცელებდა ქუთაისში, თბილისში, ჭიათურასა და ბათუმში. არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისა და გაფიცვის მოწყობისთვის. როგორც ეს საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, მეფის მთავრობამ იგი სამჯერ დააპატიმრა და ქუთაისის ციხეში ჩასვა. მას მისჯილი ჰქონდა გადასახლება. როგორც ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, მიშა ცხაკაიასა და საშა წულუკიძის დავალებით, იგი ქუთაისში აწყობდა მუშების, ნოქრებისა და მოწაფეების საიდუმლო კრებებს, სადაც გამოდიოდნენ მიხა ცხაკაია, საშა წულუკიძე, ალიოშა ჯაფარიძე და სხვები. 1903 წელს, საშა წულუკიძის დავალებით, მიტროფანე ლაღიძე ქუთაისში მონაწილეობდა მაღაზიების, ქარხნის მუშების, სასწავლებლებისა და სახელოსნოების მუშა-ახალგაზრდობის მიერ მოწყობილ საპროტესტო სამდღიან დემონსტრაციაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა, აგრეთვე, ქუთაისის ციხის გვირაბის გაყვანასა და ციხიდან რევოლუციონერების გაქცევაში. გაქცეულთაგან 8 კაცი მიტროფანემ სოფელ გოდოგანში გაგზავნა და იქ ჰყავდა დამალული.
ეს წლები დასავლეთ საქართველოს ცხოვრებაში მეტად მძიმე იყო. იმხანად საქართველოში რევოლუციის წინააღმდეგ ამოქმედდა მეფის ადმინისტრაციის მთელი აპარატი, რომელსაც მეთაურობდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი, თავისი მხეცური სისასტიკთ ცნობილი ალიხანოვ-ავარსკი, სწორედ ის ალიხანოვი, რომელმაც გადაწვა და გაანადგურა დასავლეთ საქართველოს მრავალი სოფელი და ქალაქი. ამ ბრძოლებში მიტროფანე ლაღიძეც აქტიურობდა. ილია ჭავჭავაძის თანამედროვე მწერალი და კრიტიკოსი ილია ბახტაძე 1957 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ წერდა: „მახსოვს, 1906 წელს, როდესაც ქუთაისის გუბერნატორობიდან ვლადიმერ სტაროსელსკი გადააყენეს, რომელსაც ცოლად ჰყავდა ილია ჭავჭავაძის ცოლის, ოლღა გურამიშვილის და, ხოლო გუბერნატორად მხეცი ალიხანოვ-ავარსკი დანიშნეს, დააპატიმრა უალკოჰოლო წყლების ცნობილი ოსტატი მიტროფანე ლაღიძე და გაძლიერებული ძებნა დაუწყეს მის ძმას, მიხაკოსაც. მიტროფანე ლაღიძის დაპატიმრებამ ქუთაისში საგრძნობლად შეაფერხა მისი ლიმონათის ქარხნის მუშაობა. დიდად განიცადა მიტროფანე ლაღიძის დაპატიმრება აკაკი წერეთელმა, რომელიც დაახლოებული იყო მიტროფანეს ოჯახთან. მას არა მარტო როგორც უალკოჰოლო წყლების გამოჩენილ ოსტატს, არამედ როგორც ყოველგვარი კულტურლი საქმიანობის აქტიურ ხელშემწყობსა და დამხმარეს, ისე იცნობდნენ. ილია ჭავჭავაძემ, რომელიც პატივსა სცემდა მიტროფანე ლაღიძეს, როგორც უალკოჰოლო წყლების საუკეთესო ოსტატს და საქართველოში კულტურული საქმიანობის ერთ-ერთ ხელშემწყობს, როგორც იქნა, მოახერხა მისი განთავისუფლება. მას შემდეგ არ გასულა დიდი დრო და მიტროფანემ, აკაკი წერეთლის რჩევითა და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, 1906 წლის ბოლო თვეებში თბილისში გახსნა უალკოჰოლო სასმელების ქარხანა. წყლების გასაყიდად გოლოვინის პროსპექტზე (ამჟამინდელი რუსთაველი) მოაწყო მაღაზია. მან წყლების ფირმის ქართული წარწერა ზემოთ გააკეთა, ხოლო რუსული ქვემოთ, რაც მეფის მთავრობის დროს აკრძალული იყო. მახსოვს, მიტროფანე ლაღიძეს მეფის მოხელეებმა ეს დიდ დანაშაულად ჩაუთვალეს და დაპატიმრება მოუნდომეს, მაგრამ იგი კვლავ ილიამ გადაარჩინა.
მას შემდეგ, რაც მიტროფანემ თავისი წარმოება თბილისში გახსნა, აკაკი წერეთელი აქაც ხშირად ნახულობდა მას და მეგობრული საუბარი ჰქონდა ხოლმე, პოეტი თავისებური გადაკვრითა და ხუმრობით ეტყოდა მიტროფანეს, შენი რეცეპტით გამოშვებულმა ხილის ნატურალურმა, უალკოჰოლო სასმელმა წყალმა ქუთაისურ ამბოხს აჯობა და ერთი შეეჯიბრე კახურ დიდებულ ამბოხსაცო.
1930 წელს მიტროფანე ლაღიძე აფხაზეთში ცნობილმა რევოლუციონერმა ნესტორ ლაკობამ მიიწვია სამუშაოდ. იგი გაემგზავრა სოხუმში, სადაც მისი ხელმძღვანელობით, აშენდა ხილეული წყლების ქარხანა. აქ მუშაობდა მისი ცოლის ძმა ნ. ვახანია და მიტროფანეს შვილი, ცნობილი პროფესორი რამაზ ლაღიძე. ლაღიძის წყლებმა ფართო პოპულარობა მოიპოვა არა მარტო სოხუმელ, არამედ უცხოელ ტურისტთა შორისაც.
აალებული ქარხანა და მეგობრები
1921 წელს მიტროფანე ლაღიძის წყლების ქარხანას რუსთაველის პროსპექტზე ცეცხლი მოედო. ქარხანა ქვედა სართულზე იყო განლაგებული,ზემო სართული კი რომელიღაც დაწესებულებას ეკავა, და, აი, ამ შენობის ზედა ნაწილს რაღაც ბოროტმოქმედების კვალის დასაფარად ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლში გაეხვია ლაღიძის ქარხანაც. სასწრაფოდ სახანძრო რაზმი გამოიძახეს. ამ დროს დარეკეს ოპერა იწვისო და ეს სახანძრო რაზმი იქ გაგზავნეს, ვითომდა ცეცხლის ჩასაქრობად. ოპერას კი ცეცხლი არ გასჩენია. ეს იყო ბოროტმოქმედთა ხრიკები. მიტროფანე ლაღიძის წყლების ქარხანაში ცეცხლის გაჩენის ამბავი მთელ თბილისს მოედო. აქვე გაჩნდა თბილისის მთელი ინტელიგენცია, მიტროფანეს მეგობარ-ნაცნობები, მათ შორის ვალერიან გუნია, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვები. მეხანძრეთა გარეშე დარჩენილ ცეცხლს შეუტიეს – უნდოდათ, მიტროფანე ლაღიძის ქარხანა გადაერჩინათ. ეს ოთხეული რამდენიმე საათს უშიშრად ებრძოდა ცეცხლს, განსაკუთრებით კი პაოლო, იგი შენობის ხან ერთ კუთხეში ეკვეთებოდა ცეცხლს და ხან მეორეში. ამ დროს მან შენიშნა, რომ ფილოსოფიურად დაფიქრებული ნელი ნაბიჯით, აუღელვებლად მოდიოდა მიტროფანე.
– შენ, ჰეი, ბატონო მიტროფანე, როგორ დინჯად მოდიხარ, ხომ ხედავ ქარხანა იწვის, – ხმამაღლა უთხრა თურმე კვამლით მთლად გაშავებულმა პაოლომ. მიტროფანე კი მაინც დინჯად და აუჩქარებლად მოდიოდა.
შემდეგ ხშირად ამ ამბავს პოეტი სიცილით იგონებდა ხოლმე და ამბობდა: „რა კაცია ეს მიტროფანე, როგორი დინჯი და აუღელვებელი! ჩვენ ყველანი გამურულები ვიყავით კვამლით, ის კი აუფორიაქებელი იყო. თუმცაღა, – იგონებს პოეტი, – მის მშვიდ და წყნარ სახეს სევდა და დარდი გადაჰკვროდა მომხდარი შემთხვევის გამო.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან