როგორ ასწავლიდნენ კანონიერი ქურდები დავით ზეიკიძეს პოლიციელის უნარ-ჩვევებს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 29.11, 2023 წელი

დავით ზეიკიძე – ეს სახელი და გვარი, ალბათ, ყველას გეცნობათ საბჭოთა კავშირის პოლიციის ისტორიიდან. პოლიციის გენერალ-მაიორი წლების წინ ხორცპროდუქტების ბიზნესში ჩაება და ამ საქმეს დღემდე წარმატებით უძღვება, მაგრამ ვფიქრობ, მისი, როგორც პოლიციელის, კარიერული საფეხურები საზოგადოებისთვის უფრო მეტად საინტერესოა, ვიდრე მისი ბიზნესი.
პოლიციელის კარიერა 70-იან წლებში
მე დავიწყე რიგითი თანამშრომლობით. ჯიბის ქურდებს დავდევდი. 70-იანებში ძალიან მომრავლებული იყო ჯიბის ქურდობის შემთხვევები და მერე კიდევ უფრო მომრავლდა. აქედან დავიწყე, ნელა-ნელა ყველა ინსტანცია გავიარე და გავხდი გენერალი. მე დამნიშნეს და ქუჩაში გამიშვეს, დავდივარ ახლა, უნდა წავაწყდე ჯიბის ქურდებს, მაგრამ სად არის – არ არიან, ვერ ვიჭერ. ვფიქრობ, რად უნდათ ამდენი ხალხი რომ მუშაობს ამაზე, ტყუილად გვიხდიან ხელფასს-მეთქი. ამ დროს უკვე სამხედრო ვარ და ეს პატიოსნება იმ სამხედროდან მომდევს. მერე გაირკვა, რომ თურმე, ყველას, ვინც ახალია, მოჰყვება ძველი – ჯგუფში უშვებენ ძველთან და ის ძველი იმ რაიონში, სადაც დაავალებენ აცნობს ჩემს თავს, რომ მე ახალი თანამშრომელი ვარ და უფრთხილდით. რომელი ჯიბგირი დამენახვება, ისინი მხედავენ და მერიდებიან და მე ვერ ვხედავ და დავდივარ ასე, ვერ ვიჭერ. „სტავკა“ ჰქონდათ (ზოგჯერ დღეში 30, 25, 10, 5 მანეთი), შეთანხმებულები იყვნენ პოლიციასთან. აღარ ეხება, ქურდი დადის, პოლიციელი გარეთ დგას და ფაქტობრივად, ეხმარება. თუ ვინმე გამოჩნდება, ის „ნიშანს“ აძლევს და ვერ იჭერენ. ვფიქრობ, რა ვქნა ახლა, რა გავაკეთო. ნელა-ნელა გავიცანი ერთი ჯიბგირი, რომელსაც ძველი თანამშრომლები სცემდნენ. გავაშველე – ნუ სცემთ, რატომ სცემთ-მეთქი. ჯიბგირიაო. მერე რა, რომ ჯიბგირია, დგას კაცი თავისთვის, ახლა ხომ არ იპარავს, შეეშვით-მეთქი. ეს თურმე აგენტი ყოფილა და არ უნდათ, ამ რაიონში აგენტი მუშაობდეს, რა იციან ვისი აგენტია. ის კი არ ადარდებთ, რომ ეს იპარავს. ეს, ვინც დავიცავი, ეტყობა, დამიყარაულდა. ერთ დღეს მოვდივარ მარტო და დამიწყო ლაპარაკი. მთელი სურათი გამიხსნა, რაც ამ ჯიბის ქურდებში ხდებოდა. მეუბნება: მაგათთან ერთად არსად წახვიდე, მარტო წამოდი და მე დაგაჭერინებ სუყველასო და მართლაც, ვიჭერ მარტო. მასწავლეს. უკვე ლიდერი გავხდი იმათში. ესენი არ იჭერენ და მე ვიჭერ. ასე ნელა-ნელა, ძალიან კარგ თანამშრომლად ჩამოვყალიბდი. ისეთი პროფესიონალი ვარ, რომ... მაღაზიაში ხომ შედის ვიღაც საყიდლად, მას ხომ შეჰყებიან ქურდები, რომ მოპარონ და მე არ შევდივარ, რომ არ დამინახონ, იმიტომ რომ მიცნობენ. გარეთ ვდგავარ, შორს, უკვე ვიცი, რომ მოპარული აქვთ, მაგრამ როგორ გინდა დაამტკიცო. იმ კაცმა მასწავლა: რად გინდა იქ რომ შედიხარ. დადექი გარეთ და უყურე შორიდან. სამი კაცი რომ მოვა, ორი თუ შევიდა, ერთი კართან დგება. კართან რატომ დგება-მეთქი. ვინმე, „ძაღლი“ რომ მოვიდეს, მინიშნებას მისცემს – ბიჭო, წავედითო და ისინიც ყველაფერს ანებებენ თავს. თუ მოპარული აქვს, დააგდებს იქვე და წამოვა, რომ არ დაიჭირონო. თუ მოიპარა, კარში ვინც დგას, ის გარბის. თუ სადმე საეჭვო ან მოფარებულ ადგილას შევიდა, ესე იგი, უკვე მოპარული აქვსო. მეორე რომ გამოდის, იმას აქვს ის საფულე, მაგრამ პირველია მომპარავი. იმას ნუ დაადებთ ხელს, პირველი და მეორე დაიჭირე და ფაქტი გექნებაო. ასე იყო ავტობუსში. კიბეებზე ერთი დგებოდა, დანარჩენები შიგნით შედიოდნენ. უკვე იმ დონეზე ვარ, რომ მე უკვე არსად აღარ შევდივარ. ორ კაცს წავიყვან, გარეთ ვდგავარ და აი, ასე ვიჭერ. გიჟდებოდნენ, როგორ იგებსო. არ იცოდნენ. ასე უკვე დიდი სახელი დავიმსახურე და უფროსობას ქურდობა-ყაჩაღობებში ინსპექტორად გადავყავარ. აქ კი, საერთოდ, გაგებაში არ ვარ, როგორ ვიმუშაო, ვინ რას გასწავლის, არავინ არაფერს გასწავლის. შედარებითია ყველაფერი, პატიოსნობაც. ყველაზე პატიოსნად „კაგებე“ მიიჩნეოდა, სადაც ქრთამი ნაკლებად იყო, ასევე, ქალაქის პოლიცია, სადაც ქრთამს ასე მასობრივად არ იღებდნენ. მეტი წილი პროფესიონალები იყვნენ და მე გამიმართლა. პატიოსნება ესაა, თუ სწორად მუშაობ, დანაშაულს ავლენ, შეგიძლია, საქმე გახსნა და ფულს არ იღებ. მე გამიმართლა, რომ ასეთ პროფესიონალებში მოვხვდი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ექვს თვეში იმათზე მაგარი გავხდი და იცით, რატომ? რომ მივედი, არავინ არაფერს არ მასწავლიდა. შევიდოდი ხოლმე, დავჯდებოდი და ვუსმენდი. მოსმენით ვისწავლე ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ ვისწავლე ბევრი. გავიცანი კიდევ ერთი ადამიანი, ისიც ყოფილი ქურდი, გარიყული ჰყავდა პოლიციას, ყველას. მან მასწავლა ერთი რაღაც. ვორონცოვზე იყო კანონიერი ქურდების შეკრება, ბირჟა. კანონიერი ქურდები იკრიბებოდნენ, კარგად ჩაცმულები, კარგი საათებით, ბეჭდებით, ოქროს „ცეპებით“ და კაციშვილი იმათ ხმას არ სცემდა. იმ კაცმა იქ წამიყვანა და მეკითხება: უყურებ იქ, ქურდები რომ დგანანო. ვუთხარი: კი, ნახევარზე მეტს ვიცნობ-მეთქი. არაო, შენ მთავარი არ იცი, რაც მანდ ხდება. შენ ხომ არ გგონია, ტყუილად დგანან და ბირჟაობენ, ახლა მანქანა მოვა და დაგანახებო... მოვიდა მწვანე „ჟიგული“. გადმოვიდნენ ორნი. ორნი მანქანაში სხედან. გამოიყვანეს ქურდი, ელაპარაკნენ, ელაპარაკნენ... საქმეზე ლაპარაკობენ, საქმის კურსში აყენებენ, რაღაცის გაკეთებას აპირებენო. ჩაიწერე ამ მანქანის ნომრები, დაადგინე, ამათი ჩაცმულობა, აღნაგობა და მეტი არაფერი გინდა, ყოველდღე იარე აქო. არაფერი დანაშაული არ არის, თუ ერთმანეთს ელაპარაკებიან, მაგრამ აქ თურმე საქმეები კეთდება. ესენი, ვინც მოდიან, ან „ხარაშნიაკები“ არიან, ან მაგარი ქურდები, შემსრულებლები. ერთი სიტყვით, ამათი კარტოთეკა შეადგინე. ყაჩაღობა რომ მოხდება, პირველ რიგში, თუ მანქანით იყვნენ, დაადგინე მანქანა რა ფერის იყო და ეძებე, აღნაგობას ხომ ჩაიწერ, ხომ ნახავენ იქ ვიღაცები – აღანგობა, იცი, ჩაცმულობა იცი, მანქანის ფერი იცი და ნომერიც ხომ იცი – ნაღდი ნომრებით მოდიოდნენ, არ აყალბებდნენ, ჩაიხედე შენს კარტოთეკაში და გეცოდინება, ვინ არისო. გავაკეთე კარგი, დიდი კარტოთეკა და პირველად გავდივარ უკვე ყაჩაღობაზე. მივედი, ამბობენ: „ვოლგა“ იყო ასეთი, ასეთი, ოთხნი იყვნენ, ჩაცმულობა ასეთი, ასეთი ჰქონდათო... ჰო, მანამდე ამ კაცს ვეკითხები: ჩაცმულობას რომ მეუბნები, რომ გამოცვალოს-მეთქი. შენ რამდენი გაქვს გამოსაცვლელიო? ორი-მეთქი. არც იმათ არ აქვთ მეტიო. ერთს ხომ მაინც ეცმევა ის, რომელიც მაშინ ეცვაო თუ არადა, მანქანის ფერი, მარკა ხომ იცი, შეამოწმეო. დაემთხვა. ოთხნი არიან. ჩავისხი ხალხი და წავიყვანე ჯგუფი ამათ დასაჭერად. ჯერ ჩვენ ჩასაფრებულები ვართ. სიგნალიზაცია ჩავრთეთ. ერთხელ, ორჯერ – არ აღებენ კარებს. მესამედ, ეტყობა, მობეზრდათ და გამოვიდნენ. გააღეს კარი თუ არა შევვარდით. მოხდა ისე, რომ ესენი აღმოჩნდნენ. აი, ასე. ძალიან ხშირად ვხსნი ასე საქმეებს. იძახიან: ბიჭო, ეს ზეიკიძე ამათთან, ქურდებთან შეკრული ხომ არ არის, ასე კარგად რომ იჭერსო. ეჭვი შეეპარათ. ერთი სიტყვით, აქაც დიდი სახელი დავიმსახურე. ამ დროს ჯიბგირობა ისეა გახშირებული, ქალაქის მასშტაბით ოთხმოცამდე გაზარდეს თანამშრომელთა რაოდენობა. მე რომ ვმუშაობდი, ორმოცი იყო. „ცეკა-ტეკას“ დონეზე განიხილეს ეს საკითხი, მოაბეზრეს თავი ამ საჩივრებით ხალხმა. ვინ ვინ და ზეიკიძე გავუშვათო. ექვსი თვის შემდეგ ამათ უფროსად დამაწინაურეს. მივედი. ფეხბურთია. ამათ ვეჩხუბები, რატომ არ იჭერთ ამ ჯიბგირებს-მეთქი. არ არიანო. როგორ არ არიან. ჩემთან წამოდით-მეთქი. წავიყვანე ფეხბურთის მატჩზე ჯგუფი. მე ხომ ვიცი, რომ ყველა ჯიბგირი თუ ვინმე არსებობს, ფეხბურთზე თბილისში ჩამოდის. ხალხმრავლობაა ავტობუსებში, ტროლეიბუსებში, სანამ ფეხბურთი დაიწყება, მანამდე ესენი მუშაობენ, იქ რომ მორჩებიან მერე მიდიან დეზერტირების ბაზარში. ავდივარ თუ არა და გავხედე: აჰა, დაიჭირეთ ეს კაცი, ის ქალიც მოიყვანეთ-მეთქი. დაიჭირეს, გასინჯეს, მოპარული აქვთ. ალექსანდროვიჩ, როგორ დაინახეო. მე მეუბნებიან. დავინახე, თვალები უნდა გაახილოთ-მეთქი. ერთი სიტყვით, ერთ დღეს ოთხი კაცი დავიჭირეთ. ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა. იქ რომ მოვრჩი, მერე ტრამვაი-ტროლეიბუსებზე გადავედი, იქაც დავიჭირეთ და მიმყავს რაიონებში, იქ ვაბარებ. მივედი მეორე დილით. მე ვეკითხები: აბა, როგორ ხართ. თქვენ რამდენი დაიჭირეთ-მეთქი, ვეკითხები. არცერთიო, – მიპასუხეს. 80 კაცია და არცერთი არ ჰყავთ დაჭერილი ჰოდა, ვასწავლი ახლა ამათ, ჯიბგირი როგორ იპარავს, როგორ დადგა, „პრიტირკას“ როგორ უკეთებს, როგორ უნდა დაიჭირონ. ერთ-ერთი აღმოჩნდა პროფესორის შვილიშვილი, სახლში რომ მივიდა, ბაბუამ ჰკითხა: აბა, შვილო, რას აკეთებო. რას ამბობ, ისეთ რამეებს ვაკეთებთ, ისეთი უფროსი გვყავს ჯიბის ქურდობას გვასწავლისო. ამან იფიქრა, შვილიშვილს მიფუჭებენო და მივიდა სამმართველოს უფროსთან. ჩემს შვილიშვილს ჯიბგირობას ასწავლიანო და მართლაც, დამიბარა სამმართველოს უფროსმა. უფროსმა იცის, რომ მე კარგი თანამშრომელი ვარ და მეუბნება: რა არის ეს, დათო? პროფესორი კაცი ჩივის, რომ შვილიშვილს ჯიბგირობას ასწავლისო. მართალიაო? კი, ვასწავლი-მეთქი. რას ამბობ, კაცოო? აბა, თუ ოპერმუშაკმა არ იცის, ჯიბგირი როგორ იპარავს, როგორ უნდა დაიჭიროს. პროფესორმა უკვე თვალები გაახილა. ვასწავლი იმიტომ, რომ არ შეეშალოს, ტყუილად არ დაიჭიროს. ტყუილად რომ დაიჭერს, შეიძლება, იქ დანა იხმარონ, იარაღი, დაჭრან, ჩხუბი ატყდეს, ამიტომ უნდა იცოდეს, როდის დაიჭიროს, რომ ასეთი ამბავი არ მოხდე-მეთქი. წამოდგა ეს კაცი, კარგი კაცის ხელში ჩავარდნილა ჩემი შვილიშვილი. ბოდიშს მოგიხდითო და წავიდა. იმდენად კარგად ვასწავლე მათ, რომ თანამშრომლები 14 კაცზე ჩამოვიდნენ, მეტი არ იყო საჭირო. აღარ არის ჯიბგირობა და როგორ არის, იცით, „პრისტუპნიკებში“? თუ ჯიბგირები დაინახავენ, რომ თავისუფლად აქვთ სამუშაო ადგილი, იქ მუშაობენ, თუ ხედავენ, რომ ავიწროებენ, იქიდან გარბიან. ასე არიან ბინის ქურდებიც, ყაჩაღებიც. თუ იციან, რომ ამ რაიონში მაგარი თანამშრომლები არიან, ერიდებიან, სხვაგან მიდიან და წავიდნენ. მერე ისევ დამაბრუნეს ქურდობა-ყაჩაღობის უფროს ინსპექტორად. ცოტა ხანში გავხდი ქურდობა-ყაჩაღობის უფროსი. მტკიცებულებები ჩემს საქმეში, რომელიც სასამართლოში მიჰქონდათ, იყო მხოლოდ თანამშრომლის ჩვენება, უნდა დაგეჭირა ისე, რომ ეს ნაღდი უნდა ყოფილიყო. ტყუილად თუ დაიჭერდი ... არც იყო ასე... შეგეძლო, აგეღო, ჩაგედო, წაგეყვანა და დაგეჭირა.
როდის იყო ჩადება „მოსული“?
ჩემს ცხოვრებაში არასდროს ჩამიდია, ერთის გარდა. ერთხელ ჩავუდე და რატომ ჩავუდე, იცით? უფროსი ინსპექტორი ვიყავი, ქურდობების განყოფილების უფროსი ვინც იყო, ის შეწუხებულია, ძალიან ცუდ ხასიათზეა. შევედი და ვეკითხები: რა არის, ბიჭო, რატომ ხარ ასეთ ხასიათზე-მეთქი. დამავალეს, ერთი ყაჩაღია, დაიჭირეო. ჯიბეები გაკერილი აქვს, ნარკოტიკი ჩაუდეო, სად ჩავუდო. მომეცი, მე ჩავუდებ-მეთქი. სად ჩაუდებო. „ნასკებში“ ჩავუდებ-მეთქი. მკვდარია, ტო, როგორ უნდა ჩაუდოო. მივდივართ ახლა. სამნი ვართ. ორი უკან ზის. თან, იმას „რაზვეტკა“ დასდევს. უკვე ვიცით, სად არის, მოსახერხებელ ადგილას რომ მივედით, დავიჭირე და უკან მსხდომებს ვეუბნები: შუაში ჩასვით-მეთქი. მანქანას ხომ აქვს ამობერილი შუაში, არ არსებობს, მესამე კაცი რომ ჯდება, ერთი ფეხი არ შემოდოს, იმიტომ რომ ვერ ეტევა. ვიცი, რომ ასე უნდა დაჯდეს. მე სპეციალურად საჭესთან ვზივარ. უკან მსხდომებს კი დავავალე, რომ რომ პატარა მუჯლუგუნი მიარტყით, რომ ის აყვირდეს, დაყვირდეს, ყურადღება რომ გადაიტანოს-მეთქი... რა არის, ბიჭო... არაფერი ჩამიდოთ, ბიჭო! – ყვირის. მე ხელი „ნასკებთან“ მივარტყი, ერთხელ მივარტყი, მეორედ... ბიჭო, გაჩერდი, რა გაყვირებს, რა უნდა ჩაგიდოთ-მეთქი. მესამედ ჩავუცურე ორი ჩეკი „ნასკებში“. მივიყვანე ერთ-ერთ განყოფილებაში. ამ დროს შემოწმებაა მოსული, პოლიციის უფროსი და სამინისტროდან არიან მოსულები. რა არის, დათოო. რავი, აი, მოვიყვანეთ, ქუჩაში არ იქცეოდა კარგად. ნახეთ, ვინ არის, საბუთი არ აქვს და არაფერი-მეთქი. მილიციის უფროსმა – გაჩხრიკეთო. მაშინ იგრძნო, დაიკუზა და ჩაიხედა – ჩამიდეთ, თქვენი დედაო. მილიციის უფროსი ეუბნება, მკვდარი იყავი, ბიჭო, როგორ ჩაგიდეს, რატომ მაშინ არ იყვირეო. დაიჯერეს, რომ იმას ჰქონდა... მაგრამ, იცი; რა იყო ჩვენთან კარგი? იმ შემთხვევაში, თუ იმ დანაშაულს არ გახსნიდი, რისთვისაც დაიჭირე, არ არსებობდა ის ციხეში გაეშვათ. ეს იყო დროებითი დაკავება, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ, დაპირისპირებები მოეხდინათ, გამოძიების პროცესი ჩაეტარებინათ. უამრავი ბინის ქურდობა და რამდენიმე ყაჩაღობა გაიხსნა. ეს იყო ერთადერთი და არც ვმალავ, რომ ჩავუდე. კეთილი საქმე რა არის, იცით? თუ ტყუილი კეთილ საქმეს ემსახურება, მე იმას ტყუილად არ მივიჩნევ. შეიძლება, არ ტყუიხარ, მაგრამ თუ ბოროტებას ემსახურება ის საქმე, უკვე ბოროტი ხარ, მართალი აღარ ხარ. არასდროს ყოფილა ასეთი დრო, როცა არ უდებდნენ, მაგრამ ამ ხერხს ძალიან იშვიათად იყენებდნენ. მაგალითად, ნარკოტიკს იყენებდნენ იმისთვის, რომ ფული გაეკეთებინათ. მხოლოდ, აკეთებდნენ ისე, რომ სხვას ჩაადებინებდნენ და თვითონ არ უდებდნენ, სხვას ჩაადებინებ თუ შენ ჩაუდებ, იგივე არ არის? მაგრამ აკეთებდნენ, თუმცა, როგორც ვთქვი, ხშირად არ იყო. ჩემს დროს მე ეს ოფიციალურად ავკრძალე. თუ ვაჟკაცები ხართ, კანონიერად დაიჭირეთ, თუ არადა, მე ასეთი დაჭერა არ მჭირდება-მეთქი. ოფიციალურად მქონდა აკრძალული. თათბირზე გამოვაცხადე, შვიდასი კაცი ესწრებოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან