საზოგადოება

როგორ ასწავლიდა ანზორ ერქომაიშვილი ჰამლეტ გონაშვილს მელოდიას და ტექსტებს

№40

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 13.10

ანზორ ერქომაიშვილი
დაკოპირებულია

„…შეიძლება, კაცს კვლევის არაჩვეულებრივი ალღო, უნარი, შეუპოვრობა ახასიათებდეს, რასაკვირველია, დიდი წინაპრებისგან მომდინარე აზროვნების სიღრმე და ნიჭი, მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც, რასაც გუმანს ეძახიან, რომელიც მე სხვასთან არ მინახავს. ერთ მაგალითს გეტყვით: რამდენიმე წლის წინ ერქომაიშვილების მშობლიურ სოფელ მაკვანეთში სრულიად უნიკალური ზეიმი გაიმართა. თავის ახალგაზრდა მოწაფეებთან ერთად ანზორმა აპარატურა ჩაიტანა მაკვანეთის სასაფლაოზე. იმ დღეს მთის კორტოხზე, სადაც ხალხური სიმღერის კორიფეები არიან დაკრძალული, მათი ხმები გაისმა (დღესაც აუღელვებლად ვერ ვიგონებ ამას). ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ქართული ხალხური სიმღერის დიდოსტატების ხმა იმ ქვეყნიდან მოისმოდა... იმ დღეს წუთისოფელი მარადისობასთან იყო წილნაყარი. ამას 50-60 კაცი მაინც ხომ ესწრებოდა, სრულიად სხვა მუსიკაზე გაზრდილი ახალგაზრდებიდან რამდენიმეში მაინც ხომ გაჩნდა ეს განცდა...“ – ეს ვახტანგ როდონაიას სიტყვებია ანზორ ერქომაიშვილზე.

ანზორ ერქომაიშვილის დღიურებიდან (რადიო „თავისუფლება“, 2007):

„ცოტა შორიდან დავიწყებ. 50-იან წლებში, მაშინ ქართული ხალხური სიმღერა პოპულარული არ იყო, უცხოეთიდან პოპ-მუსიკა, ჯაზი შემოვიდა, არც ხალხი იყო ამისთვის მზად, არც ქართული ესტრადა. საბჭოთა იდეოლოგიის მძიმე მანქანა მუშაობდა, იქმნებოდა ბელადთა სადიდებელი სიმღერები, ეწყობოდა ოლიმპიადები, სადაც უფრო ხშირად სრულდებოდა სიმღერები მთავრობაზე, კოლმეურნეობაზე, მაგრამ ჩვენს ნიჭიერ ლოტბარებს ხალხური სიმღერებიც გაჰქონდათ. მათი მეოხებით გადარჩა ქართული სიმღერა...

1961 წელს „გორდელა“ კონსერვატორიის სტუდენტებმა ჩამოვაყალიბეთ, დღეს ისინი გამოჩენილი მუსიკოსები არიან – გომარ სიხარულიძე, თემურ ქევხიშვილი, თამაზ ანდღულაძე... ბაბუაჩემი, არტემ ერქომაიშვილი ცოცხალი იყო, მან მონათლა ანსამბლი, კონსულტაციებს გვიტარებდა, მის მიერ ჩაწერილ სიმღერებს ვასრულებდით. მაშინ ქართული ხალხური მუსიკა ჯერ კიდევ დაწუნებული იყო, მაგრამ „გორდელამ“ მოახერხა ახალგაზრდობის მობრუნება ჩვენი ფოლკლორისკენ. გარდა მივიწყებული ხალხური სიმღერებისა, საგალობლებსაც ვასრულებდით. კომუნისტების დროს არავინ იცოდა, ქართული საგალობელი რას წარმოადგენდა, როგორ სრულდებოდა,... პირველად კონსერვატორიის მცირე დარბაზში რომ კონცერტი გავმართეთ სანთლების ფონზე, საზოგადოება გაოგნებული დარჩა, გაიგო, რომ ჰქონდა არაჩვეულებრივი საუნჯე – ხალხური სიმღერა და საგალობელი. „გორდელას“ მთავარი დამსახურებაც, ალბათ, ეს იყო“.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ანზორ ერქომაიშვილი რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში მუშაობდა. კულტურის განყოფილების გამგეს, რეზო მორჩილაძეს უთხოვია, თუ მომღერალთა ანსამბლს ჩამოაყალიბებთ, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სალხინოსთან“ (ხელმძღვანელი – რეზო ჭოხონელიძე, დღეს – „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი) გავაერთიანებთო. ჰამლეტ გონაშვილი, ჯუმბერ ყოლბაია, გენო მუჯირი, გაიოზ არაბაშვილი, იური კახნიაშვილი, ანზორ ტუღუში და სხვა – ანსამბლის პირველი თაობა იყო. „ხალხური სიმღერის შესწავლა „გორდელას“ სტილში დავიწყეთ. ორ წელიწადში „რუსთავი“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიიღო. ჯერ ასი კონცერტი უნდა გაგვემართა, მერე ას ორმოცდაათამდე გაზარდეს. სად აღარ დავდიოდით გასტროლებზე. მოკავშირე რესპუბლიკებში, როგორც მაშინ ეძახდნენ, არც ერთი დიდი ღონისძიება არ იმართებოდა, ანსამბლი რომ არ მიეწვიათ. მალე გაითქვა სახელი. „რუსთავით“ „გოსკონცერტიც“ დაინტერესდა, ის აგზავნიდა ანსამბლებს უცხოეთში „საბჭოთა კულტურის“ წარსადგენად. მთელი ჰონორარიც მას მიჰქონდა, მაგრამ ვიცოდით, რომ საქართველოს კულტურა უნდა გაგვეტანა საზღვარგარეთ. უცხოეთში მოგზაურობისას სირთულეებიც ბევრი შეგვხვედრია. ხანდახან 10-12 საათი ავტობუსში ვმსხდარვართ და მერე პირდაპირ სცენაზე გავსულვართ. 1977 წლის 5 აგვისტოს ჩვენი ავტობუსი ფეოდოსიაში მძიმე ავარიაში მოყვა – ხრამში გადავარდა. დილით ვერტმფრენებით ცნობილი ქირურგები ჩამოაფრინეს და 30 კაცი ჰოსპიტალში გადაგვიყვანეს. ანსამბლის ექვსი წევრი, არაჩვეულებრივი ბიჭები დაგვეღუპა. ეს იყო უდიდესი ტრაგედია, რაც დღემდე მოგვდევს. მაგრამ ანსამბლი თავისას მოითხოვდა, სიცოცხლე გრძელდებოდა...

...რუსთავს” კონცერტი ჰქონდა პოზნანის საკათედრო ტაძარში. იცით, ცოტა დააკლდა და შეიძლებოდა ქალაქი მთავარი ტაძრის გარეშე დარჩენილიყო. ბოლოს სამადლობელი სიტყვით გამოვიდა მუსიკალური აკადემიის პროფესორი და პუბლიკას აკანკალებული ხმით „გამოუტყდა“: ასეთი რამის მოსმენა ამ ათასწლოვან კედლებს (პოლონელებისთვის თითქმის უხსოვარი დროა) არ ღირსებიათო. ერთი მოხუცებული გვერდით მჯდომს ესაუბრებოდა, სასწაულის მომსწრე გავხდი, ალბათ, მხოლოდ ესღა მქონდა ამქვეყნად დარჩენილი, რომ ამ საოცრებისთვის მომესმინაო. უკან, ვარშავაში, ასე მგონია, ქართული საგალობლების ფრთებით „ჩამოვფრინდიო“...

...როცა ასი წლის წინანდელ ჩანაწერებს ვუსმენთ, ისინი გვარწმუნებენ და გვაჩვენებენ, როგორი იყო შესრულება ყოფაში, როცა გლეხები მუშაობისას მღეროდნენ. მაგალითად, ჩემი დიდი წინაპრის, გიგო ერქომაიშვილის ანსამბლის ჩანაწერს როცა უსმენ, გრძნობ, რომ მათი სიმღერა ნაღდია. დრომ თავისი მოიტანა. ურბანიზაციამ გავლენა მოახდინა ფოლკლორზეც. მან სცენაზე გადაინაცვლა, როცა სიმღერა სცენაზე აგაქვს, სხვა მოთხოვნები ჩნდება. ბევრი ანსამბლი შეიქმნა. მერე რევოლუციას რეპრესიები მოჰყვა, ეკლესიებს არბევდნენ, ხალხმა საგალობლები, ტრადიციები დაივიწყა... ცხადია, დროსთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ, ვფიქრობ, არც ისე იყო, რომ ათი საუკუნის წინათ ეს სიმღერები ისე არ იმღერებოდა, როგორც ასი წლის წინათ, მაშინაც იცვლებოდა, ოღონდ ზეპირი სახით გადაეცემოდა თაობებს. მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა ასე კარგად შემოინახა და დღეს ჩვენი პოლიფონია მთელ მსოფლიოს აოცებს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: „რუსთავის“ მომღერალთა გუნდს ფლორენციაში ჰქონდა კონცერტები. ფარდას დიდხანს არ ხურავდნენ, რამდენჯერმე „ბისზე“ გამოსვლა მოგვიხდა, დიდი ოვაციები გაგვიმართეს. კონცერტის შემდეგ კულისებში შუახანს გადაცილებული კაცი შემოვიდა, მოღუშული სახით ხელმძღვანელი იკითხა. მომიახლოვდა და მითხრა, ამ სიმღერებიდან, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, ერთიც რომ დაიკარგოს, პასუხს ვინ აგებსო? ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. მერე მკითხა, იცით, რომ ეს სიმღერები თქვენი საკუთრება არ არისო? სულ დავიბენი. ქართული სიმღერა დღეს პირველად მოვისმინე და აღფრთოვანებული ვარ, მიმაჩნია, რომ ეს სიმღერები, ისევე, როგორც ლეონარდო და ვინჩის, ტიციანის, მიქელანჯელოს, გოეთეს, შილერის შემოქმედება, ხუროთმოძღვრების შედევრებიც ჩამოთვალა, ეს ქალაქიც, სადაც, ახლა ვართ, მთელ მსოფლიოს ეკუთვნის, თქვენი სიმღერებიც მსოფლიოს საკუთრებაა. ბედნიერი ვარ, რომ ადამიანთა მოდგმის, იმ საზოგადოების წევრი ვარ, რომელსაც ასეთი სიმღერები აქვს, ეს სიმღერები ჩემიცაა, ახლა გეკითხებით, რომ დაიკარგოს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელიო?..

...ნურვინ იტყვის, სიმღერის სწავლება შეიძლებაო. შეიძლება, მელოდია ასწავლო, მაგრამ... მაგალითად, ჰამლეტ გონაშვილი, მას შემდეგ, რაც მელოდიას, ტექსტს შევასწავლიდი, შინ დაჯდებოდა, სიმღერას გადახარშავდა, მოირგებდა, გულში, სისხლძარღვებში გაატარებდა და სულ სხვანაირად მოიტანდა. ასე იყვნენ ნამდვილი მომღერლები, ვინც განსაკუთრებული თვისებებით იყო დაჯილდოებული. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როცა ცნობილმა ფრანგმა ფოლკლორისტმა, ჩვენმა მეგობარმა, სინჰა არონმა მის მიერ ექსპედიციაში მოპოვებული მასალა - პიგმეების მუსიკა მომასმენინა. მოგეხსენებათ, ეს არის აფრიკული ველური ტომი. შემგროვებლობას ეწევიან, ნადირობას მისდევენ და აქვთ მრავალხმიანი მუსიკა. მართალია, ჩანასახის დონეზეა, მაგრამ ოთხხმიანობა გამოკვეთილია. ამან შემძრა. ყველასა და ყველაფრისგან განსხვავებული, არაჩვეულებრივი მუსიკა, საკუთარი ხელწერა აქვთ, მაგრამ ქართული ხალხური სიმღერა სრულიად განსხვავებული, უნიკალურია“.

***

ანზორ ერქომაიშვილი მთელი დედამიწის ზურგზე დაეძებს ჩვენი „ბერიკაცების“ დაკარგულ ხმებს და, მერე, როგორც ბიძინა კვერნაძე ამბობს, ანსამბლები „აცოცხლებენ ხუთ ხაზზე მიყრილ მკვდარ თავკომბალებს – ნოტებზე ჩაწერილ სიმღერებს“. არქივი არ დატოვა მოსკოვში, კრასნოგორსკში, რიგაში, ლენინგრადში, ბერლინში, ვენაში, ლონდონსა თუ პარიზში... მიაგნო ვასო აბაშიძის, დავით ანდღულაძის, ვანო სარაჯიშვილის, ფილიმონ ქორიძის (მისი ხმის ჩანაწერი არ არსებობდა), იოსებ ტომაშევიჩის (მსოფლიო მნიშვნელობის ბანი, ახალციხელი პოლონელი ქართველი კაცი) და მრავალ სხვათა ჩვენთვის მანამდე დაკარგულ ჩანაწერებს. ჯერ კომპაქტდისკებზე გააცოცხლა, მერე „რუსთავმა“ უამრავი სიმღერა დაამუშავა და ჩაწერა ჯერ ფირფიტებზე, შემდეგ კი კომპაქტდისკებსა და აუდიოკასეტებზე. დღეს ეს სიმღერები ბევრი ანსამბლის რეპერტუარშია. ჩამოთვლა უმადური საქმეა, რაღაც გამოგრჩება იმ დიდი საქმიდან, ანზორ ერქომაიშვილსა და მის თანამოაზრეებს რომ გაუკეთებიათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამართული ფესტივალების გამოცემები, სანოტო კრებულები, კატალოგები, მონოგრაფიები... უზარმაზარი ბიბლიოთეკა გამოვა. ერთ ცნობილ უცხოელ მუსიკოლოგს უთქვამს: წარმოუდგენელია... ამ გამოცემებს ერთი ინსტიტუტი არ ეყოფოდაო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...