საზოგადოება

როგორ არიდებდა თავს სისხლისღვრას პოლიტიკასა და ფეხბურთში ედუარდ შევარდნაძე

№48

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 05.12, 2023 წელი

ედუარდ შევარდნაძე
დაკოპირებულია

„ჩემი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში ის, რაც თქვენი ყურადღების ღირსად მივიჩნიე, აქ არის: შეგიძლიათ, თავისუფლად განმსაჯოთ – შეუბრალებლად, უკომპრომისოდ...“, – წერს ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში.

ცხელი სუნთქვა

„მოხდა ისე, რომ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში დიდსა თუ პატარა კონფლიქტურ სიტუაციებში უშუალოდ მომიხდა ჩარევა და მათი მოწესრიგება. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებული სიცხადით მახსოვს: ეს იყო 1977 წელს, თბილისში, „დინამოს“ საფეხბურთო სტადიონზე, რომელიც ასი ათასამდე მაყურებელს იტევს... ვნებათაღელვა მსაჯის შეცდომებმა გამოიწვია. ამას ისიც დაემატა, რომ მან თამაშის დასასრულს მოწინააღმდეგის კარში პენალტი არ დანიშნა. არ ვიცი, განზრახ გააკეთა ეს თუ უნებლიეთ, მაგრამ სტადიონის ტრიბუნები თითქოს ჩამოინგრა. ათასობით მაყურებელი მინდვრისკენ გაიჭრა, რომ არბიტრი დაესაჯა. ძლივს მოვახერხეთ მსაჯის დამალვა სტადიონის მიწისქვეშა ოთახში და მაშინ გულშემატკივრების რისხვა წესრიგის დამცველებს დაატყდა თავს. ქვებს ესროდნენ სამთავრობო ტრიბუნასაც, სადაც მე ვიდექი. ორჯერ მივმართე მაყურებელს მეგაფონით, შევპირდი, რომ ყველაფერს გავარკვევდით, მაგრამ ამაოდ. არავითარი არგუმენტი აღარ ჭრიდა. საჭირო იყო შოკის მომგვრელი მოქმედება. იძულებული გავხდი, ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხში გავსულიყავი (ეს უფრო გადახტომა იყო), ამას ნამდვილად არავინ ელოდა. რამდენიმე თანამშრომელი გამომყვა. ჩემთვის მოულოდნელად მაყურებელმა გზა მომცა და პირდაპირ მინდორზე გავედი. მთელი მოედანი ახალგაზრდებით იყო სავსე.

– ბიჭებო, – მივმართე მათ, – ხომ ხედავთ, თქვენთან ვარ, მსაჯებს კი ჩვენ მოვუვლით, – ეს ვთქვი და გასასვლელისაკენ გავემართე. ჩემთვის მოულოდნელად ეს უზარმაზარი მასა მე გამომყვა. გაგანია ზაფხული იყო და დიდი სიცხე იდგა, თან „გამცილებელთა“ ცხელი სუნთქვა მდევდა, სული მეხუთებოდა. ჩემი ტანსაცმელი ოფლით ისე გაიჟღინთა, რომ იტყვიან, გასაწური იყო. ნახევარი კილომეტრი ვიარე სტადიონიდან, მეტი აღარ შემეძლო, სუნთქვა მიჭირდა და გარშემო მყოფთ მივმართე: „გამიგეთ, უბრალოდ, ცუდად ვარ, სადაცაა წავიქცევი“... ეტყობა, ადამიანის ფერი აღარ მედო. ახალგაზრდებმა წრე გააკეთეს და ამოსუნთქვის საშუალება მომცეს. შემდეგ თანდათანობით დამშვიდდნენ და ნელ-ნელა დაიშალნენ კიდეც. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა – იმ დღეს სტადიონზე დიდი სისხლის ღვრა ავიცილეთ თავიდან, რადგან ვიცოდი, რომ „საქმეში ჩასარევად“ უკვე ემზადებოდნენ. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ასეთი სასწაულები მხოლოდ განგების ძალით ხდება.

არ იყო იოლი დავალება

ჩერნენკოსთან არის დაკავშირებული სტალინის ქალიშვილის, სვეტლანა ალილუევას თბილისში დამკვიდრების მცდელობა. ერთხელ, პოლიტბიუროს დახურულ სხდომაზე, მისი გენერალური მდივნობის დროს, ჩერნენკომ თქვა: „სვეტლანა ჰაერშია გამოკიდებული, მოსკოვში ცხოვრება არ სურს და მინდა, შევარდნაძეს ვთხოვო, თუ ალილუევა დათანხმდება, იქნებ საქართველოში შეუქმნას პირობები“... სვეტლანა ცენტრალურ კომიტეტში დაიბარეს, შესთავაზეს თბილისში გადმოსვლა. ისიც დათანხმდა. არ იყო იოლი დავალება. ბინას, სამსახურსა და მანქანას კიდევ მოევლებოდა; მთავარი მაინც სხვა იყო: სვეტლანა ალილუევა მეტად რთული პიროვნება გახლდათ. თუმცა სტალინის შვილს მოსკოვის შემდეგ, რა თქმა უნდა, თბილისში უნდა ეცხოვრა და მეც დავთანხმდი. თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ახალ სახლში, სამოთახიანი ბინა გავურემონტეთ და ავეჯით გავუწყვეთ. სვეტლანა, თავის ქალიშვილთან, ოლგასთან ერთად ჩამოვიდა. ერთი-ორჯერ შევხვდი, ვუთხარი, პირველ ხანებში გაგიჭირდებათ, მაგრამ აქ თბილი ხალხია, მამათქვენს დიდ პატივს სცემენ და აქაურობას მალე მიეჩვევით-მეთქი. ყველანაირად ხელს ვუწყობდით. ოლგა ქართულ სკოლაში შევიყვანეთ (მათივე თხოვნით) და ცალკე ქართულის მასწავლებელიც მივუჩინეთ, ოჯახს მანქანა მივეცით. შემოიარეს საქართველო. ყველგან სიყვარულით ხვდებოდნენ. ოლგა მიეჩვია ბავშვებს, მეგობრებიც გაიჩინა, მაგრამ სვეტლანა ვერ შეეგუა აქაურობას, ქართველებიც და საქართველოც, ისევე როგორც მამამისისთვის, მისთვისაც უცხო იყო. წასვლამდე რამდენჯერმე შევხვდი, არ მინდოდა, წასულიყო, ყველაფერს გაგიკეთებთ-მეთქი. არა, ვერ შევეგუე აქაურობას, ოლგამაც ვერ ისწავლა ქართული, უნდა წავიდეო. თბილისიდან სვეტლანა ჯერ მოსკოვში დაბრუნდა, შემდეგ, თუ არ ვცდები, ლონდონში გადავიდა, იქიდან კი – ამერიკაში, მერე ისევ – ლონდონში.

ჰომეინის ასკეტური ცხოვრება

მახსენდება ჩემი ვიზიტი ირანში აიათოლა ჰომეინისთან, 1989 წელს. ...თოვდა. ჰომეინი შემაღლებულზე ცხოვრობდა. შესვლისას, როგორც მეჩეთში, ფეხსაცმელი უნდა გამეხადა. გავიხადეთ. წინდებით შევედით. თავისთავად ეს უკვე ქმნიდა უხერხულობას. გაცვია დიპლომატიური პროტოკოლის ყველა მოთხოვნით და უფეხსაცმლოდ ხარ, თანაც, როგორც სალოცავში, შენთვის განმარტოებულად კი არ უნდა იყო, არამედ ილაპარაკო და მოსაუბრე შენს მხარეზე გადმოიყვანო, დაარწმუნო.

თავიდანვე გამაფრთხილეს: თქვენ, ერთადერთი უცხოელი ბრძანდებით, ვისაც იმამი ხვდება ირანის რევოლუციის შემდეგ. მისი დრო ძალიან შეზღუდულია და თხუთმეტ-ოც წუთში უნდა ჩაეტიოთო. დავსხედით და ჩუმად დავიწყეთ ლოდინი. ოთახს მოვავლე თვალი ჰომეინის ხაზგასმით ასკეტურ საცხოვრისს. ეტყობოდა, აქ უმთავრესი ცხოვრების არსის წვდომა იყო; იმამს ხელი არაფერში უნდა შეშლოდა. ყველაფერი სადა იყო – იატაკზე თეთრი, მონაცრისფრო ხალიჩა დაეფინათ. მოკლედ მხოლოდ ის იყო, რაც აუცილებელია. ოთახში ჩემთან და თარჯიმანთან ერთად მასპინძლებიც იყვნენ. ისინი მდუმარე მოწიწებით ელოდნენ იმამის შემოსვლას. ფიქრი ისტორიისკენ გამექცა. რამდენი ქართველი მჯდარა ასე სპარსეთის შაჰის მისაღებში. მართალია, ახლა მე სხვა ქვეყანას წარმოვადგენ, მაგრამ მაინც... მოლოდინის უხერხულობის განცდა დამეუფლა. ისიც გამახსენდა, რომ ამავე დიდი ქვეყნის ქართველი ხელმძღვანელი, არცთუ დიდი ხნის წინ, თავის კოლეგებთან ერთად, თეირანში იჯდა და მსოფლიო გავლენის სფეროებს ანაწილებდა... მაშინ ირანის ბედი დიდწილად სწორედ ამ ქართველზე იყო დამოკიდებული... თოვლი აქ ხშირად არ იცის, მაგრამ როდესაც მოდის, მაგარი ყინვებია. წინდებისამარა ვიყავით და გავითოშეთ. დაახლოებით თხუთმეტი წუთი გვალოდინა, მერე გავიგე, ასე ყოფილა მიღებული, ირანელ ხელისუფლებთან შეხვედრა 10-15 წუთით გვიან იწყებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მანიშნეს – მოდისო. ჯერ შვილი გამობრძანდა. მანაც თავაზიანად გამაფრთხილა, მობრძანდებაო. ერთი ჩია მოხუცი შემოვიდა ოთახში, სიმპათიური, თეთრწვერა, იქ მიღებული წესით – შავი თავსარქმლითა და ნაცრისფერი ეროვნული ხალათით. ჩვენი სავარძლების გვერდით, ტახტის კუთხეზე ჩამოჯდა .წარმადგინეს. ჩვენ გარშემო თითქოს არავინ ჩანდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ყოველი ჩემი ჟესტი, სიტყვა, სულ უმნიშვნელო გადახედვა თუ გადალაპარაკება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო. ვერც ტელევიზია შევამჩნიე – არავინ ჩანდა. ვილაიეთიმ წინასწარ გამაფრთხილა: შეხვედრის სასურველად წარმართვის ერთადერთი შანსია, თუ მოუყვებით, რასაც გორბაჩოვი იმამს სწერს თავის წერილში, თხუთმეტი-ოცი წუთის ფარგლებშიო. მივესალმე. ვუთხარი, თქვენი წერილის პასუხად (როგორც ვთქვი, ეს იყო ფილოსოფიური ხასიათის წერილი) გორბაჩოვმა წერილი გამოგიგზავნათ ასეთი და ასეთი შინაარსის-მეთქი. თხუთმეტი წუთი მისმინა. ხანდახან თავს დააქნევდა ხოლმე. მერე ერთხანს თითქოს ფიქრებში წავიდა და პასუხად მითხრა: „მე იმედგაცრუებული ვარ. გამიგია, რომ გორბაჩოვი მოაზროვნე კაცია. შემთხვევითი არ იყო, რომ მას წერილი გავუგზავნე, სადაც გააზრებულია ადამიანის როლი და ადგილი არა იმდენად მიწიერ, არამედ ზეციურ სამყაროში. მე არ მაინტერესებს, რა ხდება მიწაზე; მე, იქ, ზეცაში ვიყურები და ამაზე პასუხი ჯერ ვერ მივიღე. რაც შეეხება ურთიერთობის ნორმალიზებას, მე ამას ხელს შევუწყობ“, – ეს სიტყვები კმაყოფილებით წარმოთქვა. ეს იყო და ეს. შემდეგ წამოდგა, დამემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. ცოტა არ იყოს, ხასიათი გამიფუჭდა. გამოვედი, ჩავიცვი ფეხზე, მაგრამ რას ჩაიცვამ, გაყინულია. ჩავთვალე, რომ ვიზიტიც ვერ შედგა სასურველ დონეზე. ჩემებს ვუთხარი, დაგეგმილი შეხვედრები (რაფსანჯანთან, ჰომენეისთან, ოფიციალური ვახშამი) იქნებ გავაუქმოთ-მეთქი. ერთ რამეზე ვზრუნავდი, საგარეო საქმეთა მინისტრის თავმოყვარეობა არ მსურდა შელახულიყო. ვილაიეთი ყველაფერს მიხვდა, მითხრა – დაგირეკავთო.

ირანისთვის ნამდვილად არ იყო ხელსაყრელი საბჭოთა კავშირის განაწყენება. ჰომეინისთან ვიზიტის შემდეგ საბჭოთა კავშირში ირანის ელჩი ხეირანი ნობარი დაუკავშირდა ჩემებს და სთხოვა, ჩემთან შეეთანხმებინათ იმამ ჰომეინისთან შეხვედრის გაშუქების ხასიათი:

ირანის მხარეს განზრახული აქვს, პოზიტიურად შეაფასოს ეს საუბარი, რომელსაც იგი, როგორც მეგობრულს, ისე აღიქვამს. ირანის მხარე აღნიშნავს საუბრის დადებით მომენტებს, ხაზი გაესმება ირანისა და საბჭოთა ხელმძღვანელობის სურვილს ურთიერთობის განვითარების შესახებ. როდესაც შევარდნაძემ იმამს მოუთხრო გორბაჩოვის წერილის შინაარსი, იმამმა მხარი დაუჭირა გაცხადებულ აზრებს. ინფორმაციაში, რომელსაც ამზადებს ირანის მხარე, იმამის ეს რეპლიკები სრულად იქნება ასახული. სამწუხაროდ, ექიმების მოთხოვნით, შეხვედრა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. იგი ისედაც უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ. მე დავეთანხმე ირანის პოზიციას შეხვედრის ამგვარი გაშუქების შესახებ. და მართლაც, ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ტელეფონში ვილაიეთის ხმა გაისმა: „იმამი საოცრად კმაყოფილია. თუ თარჯიმანი გყავთ, ტელევიზორი ჩართეთ!“ ჩავრთე და რას ვხედავ – ყველაფერი აკლებულია: „ეს არის ისტორიული შეხვედრა და ამით იწყება საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის ახალი ეტაპი! გაიმართა ერთსაათიანი საუბარი – ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა! თბილად მიესალმა, თბილად გამოეთხოვა... იმამმა დიდი შეფასება მისცა გორბაჩოვის წერილს!“ და წავიდა... ტელევიზია... რადიო... გაზეთები.. თითქოს იზოლაციაში იყვნენ და ახლა გაეხსნათ დასავლეთის კარი. ორი დღე დავრჩი იქ. საღამოს ვახშამზე ვილაიეთიმ კვლავ გამიმეორა: იმამი საოცრად კმაყოფილია შეხვედრით, ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყოო (რა თქმა უნდა, ვილაიეთი იმამის თანხმობის გარეშე ასეთ განცხადებას ვერ გააკეთებდა).

– მაგრამ მან მხოლოდ ირიოდე სიტყვა თქვა, ასე მგონია, ხეირიანად ვერ ვისაუბრეთ.

– თქვენ ვერ შეამჩნიეთ, მან სამჯერ დაგიქნიათ თავი. ეს იცით, ჩვენთვის რას ნიშნავს?! უდიდესი პატივისცემა და ყურადღებაა, – მიპასუხა ვილაიეთიმ.

მოკლედ, ყველა ნიშანს, ყველა ჟესტს, კულტურის ყოველ კოდს შესაბამისი წაკითხვა და გაშიფვრა სჭირდება. თავისი შედეგებით ვიზიტი მართლაც ისტორიული გამოდგა. ირანში დღემდე ახსოვთ ეს ვიზიტი. უკვე მას შემდეგ, რაც მე საქართველოში დავბრუნდი, რაფსანჯანი თბილისში რომ ჩამოვიდა, მითხრა: „შენ ერთადერთი უცხოელი იყავი, რომელსაც ჰომეინი შეხვდა“. დიდი კაცი იყო ჰომეინი. მან თავისი წერილით გაარღვია ის იზოლაცია, რომელშიც ირანი თვითონვე მოაქცია. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მაშინ, თუნდაც პიროვნულ ასპექტში, იქ საფუძველი ჩაეყარა საქართველო-ირანის ახალ ურთიერთობასაც – სხვაგვარ, თანაბარ ურთიერთობას. შემდეგ, წლების მერე, რაფსაჯანისთან, ხათემისთან და ირანის სხვა ლიდერებთან ჩემს, როგორც საქართველოს მეთაურის, ურთიერთობას, სწორედ ჰომეინისთან ვიზიტი განსაზღვრავდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ზოგჯერ არ ემთხვეოდა (თუნდაც ნავთობსადენის საკითხებში), თითქოს ჰომეინის უსიტყვო თანხმობით საქართველოსა და ირანს შორის საოცრად პოზიტიური, განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. სხვათა შორის, სანამ ირანში ჩავიდოდი, ქალაქ ბასრაში სადამ ჰუსეინს შევხვდი – ერაყში ხომ თორმეტ ათასამდე საბჭოთა მოქალაქე მსახურობდა. სადამი ხაზგასმით ცდილობდა, ჩემდამი პატივისცემა გამოეხატა. რაღა თქმა უნდა, საუბარში ერაყ-ირანის ომის უაზრობასაც შევეხე. აშკარად ვაგრძნობინე, რომ ეს მართლაც უაზრო ომი იყო და ადრე თუ გვიან ერაყისადმი საბჭოთა კავშირის დამოკიდებულებაზეც იმოქმედებდა. ჩემმა მასპინძელმა ერთობ ჯიუტი კაცის შთაბეჭდილება დატოვა. აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა სადამს ქუვეითთან დაკავშირებით.

ქართველების გარეშე დიდი პოლიტიკა არ კეთდება

ჩემ მიმართ, როგორც ქართველისადმი, სიძულვილი ზოგმა სამხედრომ და პოლიტიკოსმა ჩემს სამშობლოზე, საქართველოზე გადმოიტანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩემზე ნადირობა ჩემს ქვეყანაზე ნადირობად იქცა. როგორი იქნება „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ოცდამეერთე საუკუნეში? აი, ყველაზე მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხის გასაცემად ერთი რამ უნდა ითქვას ხაზგასმით: ოთხმოციან წლებში „ცივი ომის“, როგორც მსოფლიო წესრიგის საფუძვლის, უარყოფის დროს, საბჭოთა კავშირმა უარი თქვა სამოცდაათწლიანი კომუნისტური მმართველობის შეხედულებებსა და დოგმებზე, მაგრამ შეძლებს კი დღევანდელი რუსეთი უარი თქვას იმ იმპერიულ შეხედულებებსა და დოგმებზე, რომლებიც რუსი ადამიანის შეგნებაში საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა მეზობელი ქვეყნების მიწებისა და მეზობელი ხალხების დაპყრობის საფუძველზე. ბერლინის ბურგომისტრმა ბანკეტი მოაწყო, რომელზეც ჩემი მისამართით ბევრი კეთილი სიტყვა თქვა, ბოლოს კი ასე დაამთავრა: „განგებამ ისე ინება, რომ ერთმა ქართველმა, სტალინმა, გაყო გერმანია, მეორე ქართველმა, შევარდნაძემ გააერთიანა“. საპასუხოდ მადლობა ვუთხარი ამ სიტყვებისთვის, გადაჭარბებით შეაფასეთ-მეთქი ჩემი წვლილი და ხუმრობით დავამატე: „ისე, რომ იცოდეთ, ქართველების გარეშე დიდი პოლიტიკა არ კეთდება“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული