როგორ არჩევს ტელეწამყვანი ლანა ბიბილურიძე გადაცემისთვის საინტერესო სტუმრებს და რატომ ვერ წარმოუდგენია მას კამერის გარეშე თავისი ყოველდღიურობა
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:54

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი და წამყვანი ლანა ბიბილურიძე ის ადამიანია, ვისაც თავისი პროფესია და სამუშაო გარემო ძალიან უყვარს და ამ ყოველდღიურობის გარეშე ყოფა ვერ წარმოუდგენია. მის შემეცნებით გადაცემა „ყვითელ მიქსში“ უამრავი ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანი მიდის და თავის მოსაზრებას თამამად აფიქსირებს. თავად წამყვანი, რესპონდენტი სტუმრებისთვის არა მარტო ჟურნალისტი, ერთგვარი ფსიქოლოგიცაა და მიაჩნია, რომ მისი საქმიანობით ბევრ ადამიანს ეხმარება, ჩრდილიდან გამოვიდეს და საზოგადოებამ მათ შესახებ გაიგოს.
– რატომ აირჩიე პროფესიად ჟურნალისტიკა და რა იყო შენი მიზანი, როცა ამ სფეროში კარიერულ საფეხურზე დგამდი ფეხს?
– ჟურნალისტიკა ჩემთვის მხოლოდ კარიერული არჩევანი არ არის, ეს ჩემი შინაგანი სამყაროა. მინდა, მსოფლიოს ესმოდეს ჩემი ხმა, ხმა, რომელიც უამრავი ადამიანის ხმას იტევს. ეს ხმები ჩემი გადაცემის სტუმრების ხმაა. ჩემი მიზანი იყო, ვყოფილიყავი ხიდი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნაკლებად ეთმობა დრო ტელესივრცეებში. დღეს მედიასივრცე ხომ უმეტესად უფრო სკანდალით, ინტრიგით, პირადი ცხოვრების დეტალების გამოფენით ინტერესდება, მე კი ვირჩევ სხვა გზას, მე არ მივსდევ სკანდალებს, მე არ ვქმნი ცხელ თემებს. ჩემთვის მთავარია გულწრფელობა, სიღრმე და ის შინაარსი, რომელიც მაყურებელს დაეხმარება, ყველაფერი სხვანაირად გაიაზროს. და, ასევე, ვეძებ იმ გმირ ადამიანებს, ჩრდილში რომ არიან და თავიანთ საქმეს აკეთებენ. ხანდახან ყველაზე საინტერესო ადამიანები ჩრდილში არიან და მე ვპოულობ მათ. გმირობა მხოლოდ ომის ფრონტზე ყოფნა არაა, გმირობაა, თუნდაც, აკეთო შენი საქმე მიუხედავად სიდუხჭირისა, დაუფასებლობისა... გმირია ადამიანი, რომელიც ორმოცდაათი წელია, ემსახურება თავის საქმეს მიუხედავად სიძნელეებისა. მე მყავდა ასეთი არაერთი ხელოვანი სტუმარი, ადამიანი, რომელიც ორმოცდაათი წლის ასაკში პირველად გამოჩნდა საჯაროდ და როგორ მახსოვს მათი სიხარულით სავსე თვალები. თუნდაც, ამ ყველაფრის გამო ღირდა ჩემი მოღვაწეობა ჟურნალისტიკის სფეროში. და, ასეთი არაერთი შემთხვევა მახსოვს. გმირია, ვინც ქუჩაში მღერის სცენის გარეშეც. შეიძლება, ის შინაგანად დათრგუნულია, მაგრამ მაინც არ ნებდება და აკეთებს თავის საქმეს. გმირია მწერალი, პოეტი, როცა სიბნელეში ანათებს ლამპარს თავისი სიტყვით და შემოაქვს სინათლე. ზოგადად, ხელოვნება გმირობაა ისინი ხომ სამყაროს სხვანაირად გვანახვებენ, უფრო რეალურად. გმირობაა, დარჩე გულწრფელი დღევანდელ ყალბ ეპოქაში. ჩემს გადაცემაში იმდენი გულწრფელი სიტყვა მომისმენია, ისეთი გულწრფელი თვალები მინახავს... ვეძებ ნიჭიერ ადამიანებს. ადამიანებს, ვისაც სურთ, თქვან თავიანთი სიტყვა. სხვათა შორის, ბოლო წლებში იკვეთება ერთი პრობლემური ტენდენცია – ტელეგადაცემებს აფასებენ იმით, თუ რამდენმა ნახა, დააკომენტარა, დაალაიქა და არა იმით, თუ რას ამბობს, რა სიღრმის მატარებელია გადაცემა, რა შინაარსის. უამრავი ადამიანისგან მსმენია, რომ ტელევიზორი საერთოდ გაიტანეს ოთახიდან, აღარ უყურებენ, იქ ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. არადა, ამ დაძაბულ გარემოში ხომ უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ადამიანი სულს მოითქვამს და მიიღებს და იპოვის სულიერ სიმშვიდეს. ადამიანი, შეიძლება სიტყვამ გადაარჩინოს და ზუსტად ამ სიტყვას ვეძებთ ჩემს გადაცემაში. მაგალითად, მოვიწვიე სტუმრად მამაო, რომლის სიტყვებმაც სული გაუთბო მაყურებელს და ერთგვარი თერაპია იყო ხალხისთვის. ასევე, მოვიწვიე სტუმრად ფსიქოლოგი, მისმა საუბარმა სულის ლაბირინთებში გვამოგზაურა და ხელოვანი საზოგადოება, რომლებმაც სრულიად სხვანაირად დაგვანახვეს სამყარო. ასე რომ, ეს მომწონს ჩემს პროფესიაში, რომელსაც ბევრი მხარე აქვს და ვეძებ პასუხებს. ჟურნალისტიკამ დამანახვა, თუ რა დიდი ძალა აქვს შეკითხვას, რომ არასდროს უნდა შევწყვიტოთ კითხვის დასმა და ცნობისმოყვარეობა. ჩემი პროფესია კი სავსეა კითხვებითა და პასუხებით, ჭეშმარიტების ძიების პროცესით.
– ამ პროფესიის ადამიანებს უამრავ განსხვავებული აზროვნების ადამიანთან უწევს კონტაქტი, კითხვის დასმა, ინტერვიუს ჩაწერა და ასე შემდეგ. ანუ, ჟურნალისტი ერთგვარი ფსიქოლოგიცაა...
– გეთანხმებით, ეს აუცილებელია. მე ვსწავლობ კიდეც ფსიქოლოგიას, შარშან ჩავაბარე ეროვნული გამოცდები. ფსიქოლოგია ძალიან მეხმარება, რომ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობა დავამყარო. თუნდაც, უამრავ სტუმარს ეშინია კამერის წინ საუბრის და ამ დროს მე ვარ ხოლმე მათი არა მარტო ჟურნალისტი, ფსიქოლოგიც. კარგი და სიღრმისეული გადაცემა რომ შედგეს, ვფიქრობ, მხოლოდ ჟურნალისტის დიპლომი არ არის საკმარისი და ამისთვის სხვა უნარ-ჩვევებიც საჭიროა. ჩემი ერთ-ერთი მისიაა, დავინახო ადამიანები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. დღეს უამრავი ემიგრანტია, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს და მათი ხმა ჩემთვის მნიშვნელოვანია. აქვე ვიტყვი, რომ არაერთ ემიგრანტს გავუხსენი გზა, რომ მათი ხმა სამშობლოში გაგვეგო. მახარებს, რომ ჩემს პროფესიას, ჟურნალისტიკას, ხალხისთვის ვიყენებ. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დაახლოებით ასამდე სტუმარი ჩავწერე. ესენი არიან არა მხოლოდ ცნობადი, არამედ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ადამიანები.
– ლანა, შენი პროფესიული კარიერა ტელეკომპანია „თრიალეთში“ დაიწყო თუ მანამდე სხვა გამოცდილებებიც იყო?
– მე არ დამიწყია ჩემი კარიერა ტელეკომპანია „თრიალეეთში“, მანამდე იყო სხვა მრავალწლიანი გამოცდილება. უკვე ათ წელზე მეტია, ჟურნალისტიკაში ვარ, ვმუშაობდი სხვადასხვა ტელეარხებზე. ამჟამად კი ვარ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ტელეწამყვანი. დღეს, როცა მედიასივრცე ხშირად ხმაურით, სკანდალითა და პირადი ცხოვრების დეტალების გამოფენით არის სავსე, მე სრულიად სხვა გზას ვირჩევ... ჩემი გადაცემა შემეცნებითი ხასიათისაა. მე ვპოულობ ხელოვან ადამიანებს — მუსიკოსებს, მხატვრებს, პოეტებს... არ მივდევ სკანდალს. დღეს მედიის ნაწილი იქცა ბრძოლად – ვინ უფრო იყვირებს, ვინ უფრო მკვეთრ სიტყვას იტყვის ეთერში. თითქოს პროფესიონალიზმი ხმაურითა და დაპირისპირებით იზომება. არ ვეთანხმები ამ მიდგომას. მჯერა, რომ ჟურნალისტიკას ჯერ კიდევ შეუძლია, იყოს სუფთა, შინაარსიანი, ადამიანური. მე ვარ ხიდი. ვუკავშირდები ადამიანებს, ვუსმენ მათ და შემდეგ მათ ხმას ვაწვდი საზოგადოებას. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და დარჩება, მოვძებნო უნიკალური ადამიანები, გავაცნო ისინი საზოგადოებას და მათი მაგალითით შთაგონება მივცეთ სხვებს. თუ ერთი მაყურებელი მაინც დაფიქრდება, თუ ვიღაცას იმედი გაუჩნდება ან, სულაც, საკუთარ თავში ძალას იპოვის, ამით ჩემი საქმე გამართლდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან