საზოგადოება

როგორ არ წყვეტდა რაჟდენ არსენიძე საქართველოსთვის ბრძოლას ემიგრაციიდან და რა წვლილი შეიტანა მან კონსტიტუციის შექმნაში

№42

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:45 25.10

რაჟდენ არსენიძე
დაკოპირებულია

რაჟდენ მათეს ძე არსენიძე დაიბადა 1880 წელს სოფელ სოჩხეთში, ქუთაისის მაზრაში. მამა სასულიერო პირი, დიაკონი ჰყავდა და შვილს პირველი ქართველი წამებულის, რაჟდენ პირველწამებულის სახელი დაარქვა. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იურიევის უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება.

თავისი პოლიტიკური მრწამსით იყო სოციალ-დემოკრატი, ახალგაზრდობიდანვე ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში და იბრძოდა რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ბაქოს მენშევიკურ ორგანიზაციებში. ხშირად გამოდიოდა მიტინგებზე მგზნებარე რევოლუციური მოწოდებებით, ეწეოდა არალეგალურ საქმიანობას, წერდა პოლიტიკურ წერილებსა და პროკლამაციებს, რისთვისაც გადასახლებული იყო ციმბირში. პარტიის დავალებით, ერთხანს მეოთხე დუმის პეტერბურგის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში მუშაობდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის შედგენაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

რაჟდენ არსენიძის თაოსნობითაა შედგენილი „საქართველოს კონსტიტუცია“, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის თებერვალში მიიღო. ის საქართველოს მთავრობის წევრმა, ნოე ცინცაძემ ასე შეაფასა: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციას რაჟდენ არსენიძის კულტურისა და ცოდნის ბეჭედი აზის“.

რაჟდენ არსენიძე ახალგაზრდობიდანვე აქტიურ სამწერლო-პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასა“ და „კვალში“, აგრეთვე, სოციალ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ–გაზეთებში.

1921 წლის საქართველოს ოკუპაციის შემდეგ რაჟდენ არსენიძე იძულებული გახდა, ემიგრაციაში გახიზნულიყო. თავდაპირველად სტამბოლში დასახლდა, რომ სამშობლოსთან ახლოს ყოფილიყო და მისი გათავისუფლებისთვის ებრძოლა. ამ მიზნით გაწევრიანდა ეროვნულ მთავრობასთან დაარსებულ „სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში“, რომელსაც ნოე ხომერიკი ხელმძღვანელობდა. ამასთან, რედაქტორობდა სტამბოლში გამომავალ მის პერიოდულ ორგანოს – „თავისუფალ საქართველოს“. რაჟდენ არსენიძის „თავისუფალი საქართველო“ მიუკერძოებელი ისტორიული ქრონიკაა იმ პერიოდის საქართველოში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიისა.

1930-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით პარიზში გამოდიოდა ჟურნალი „სოციალისტური აზრი“.

1952 წელს, როცა მიუნხენში ანტისაბჭოური რადიო „თავისუფლება“ დაარსდა, ბატონი რაჟდენი უყოყმანოდ დაინიშნა ქართული რედაქციის პირველ დირექტორად. მან თავის გარშემო შემოიკრიბა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტები და 10 წლის განმავლობაში უკვე რადიოს საშუალებით იბრძოდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური სივრციდან სამშობლოს გამოსახსნელად.

ვიქტორ ნოზაძე მას ასე ახასიათებს: „რაჟდენმა ძალიან კარგად იცოდა ქართული ლიტერატურა. იყო ქართული კულტურის დიდი მოყვარული; კარგად ესმოდა ის და არ გაუშვებდა ისეთ წიგნს, რომელიც ამ საკითხს შეეხებოდა, რომ არ წაეკითხა... იგი იყო ფართო დიაპაზონის კაცი! თავისი პარტიული ამხანაგების უმრავლესობისგან გამოირჩეოდა ფართო განათლებით, გონების ჰორიზონტითა და საქართველოს წარსულის კარგი ცოდნით“

რაჟდენ არსენიძე რამდენიმე საყურადღებო ნაშრომის ავტორია. თბილისში, გამოიცა მისი „დემოკრატიული რესპუბლიკა“. ეს არის მრავალმხრივ საინტერესო გამოკვლევა, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური და ისტორიული თვალსაზრისით. ფაქტობრივად, მასში აისახა ქართველი სოციალ–დემოკრატების პროგრამული შეხედულებები სახელმწიფო მოწყობისა და მართვა–გამგეობის საკითხებთან დაკავშირებით. ავტორი არ მალავს თავის უარყოფით შეხედულებებს მმართველობის ამერიკული მოდელისადმი, არ მოსწონს და არადემოკრატიულად მიიჩნევს ორპალატიან პარლამენტს, ცდილობს, თავისებურად შეაფასოს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და საკითხი. იგი ცალსახად ევროპულ, კერძოდ, შვეიცარიულ მმართველობას ანიჭებს უპირატესობას, როგორც უშუალო დემოკრატიის გამოვლინების საუკეთესო ნიმუშს. შეიძლება ითქვას, რომ „დემოკრატიული რესპუბლიკა“ მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული სამართლებრივი ლიტერატურის გამორჩეული ნაშრომია. ალბათ, სწორედ ამიტომ, 2014 წელს ეს წიგნი მეორედ გამოიცა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ, ქართული სამართლის კლასიკის სერიით.

რაჟდენ არსენიძე არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ პოლიტიკურ–ჟურნალისტური მოღვაწეობით და მეცნიერულ მუშაობასაც მისდევდა. ის ავტორია ნაშრომისა: „განხილვა მეფე ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობისა”.

1962 წელს რაჟდენ არსენიძე მიუნხენიდან დაბრუნდა და ლევილის შატოში დასახლდა. ავადმყოფობის მიუხედავად კვლავაც ხალისით მონაწილეობდა როგორც პარტიულ, ისე საზოგადო ქართულ საქმიანობაში. გარდაიცვალა 1965 წლის 24 მაისს. დაკრძალულია ლევილში.

თავის უკანასკნელ წერილში მას ანდერძი დაუტოვებია: „ჩვენ თამამად ვაცხადებთ, რომ იარაღი არ დაგვიყრია, ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, იგი გრძელდება და არ წყდება, სანამ ქართველი ხალხი არ მოიპოვებს თავისუფლებას, სანამ არ გახდება სრული გამგე და პატრონი თავის მომავლის!“...

გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია; არსენიძე რაჟდენ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; wikipedia.org; www.justice.gov.ge/Page/index?code=945518a1-5b30-4146-8851; www.nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა