როგორ ამოწყვიტეს ნოდარ მგალობლიშვილის გვარი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 07.12, 2021 წელი

ყოველთვის ყველგან – თავისებურად მოკრძალებული… არანაირ ჩინ-მედალზე რომ არ უოცნებია და არც მოუნდომებია… ცხოვრობდა და საყვარელი საქმე ჰქონდა… 50-ზე მეტი როლი ითამაშა თეატრში – გამორჩეული ინტელექტუალური ხედვით და ნიჭიერებით… აღიარებამაც არ დააყოვნა, მოუთმენლად ელოდნენ სცენაზე მისაბაძ მსახიობსა და პიროვნებას. ალბათ, დიდი ღირსებაა, უდიდესი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობა და მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატობა, იმავდროულად… – მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილის პერსონა.
ასე იყო ეს ამბავი...
„...მამამ და დედამ გომბორში გაიცნეს ერთმანეთი. მამა ფარმაცევტი იყო, იქ მუშაობდა იმხანად, დედა კი – საავადმყოფოში – მეანად. დედაჩემი ქუთაისელი იყო. მამა – დიდი ჯიხაიშიდან. მე რომ უნდა დავბადებულიყავი, დედაჩემი წაიყვანეს ქუთაისში და იქ დავიბადე, მაგრამ დაბადების მოწმობაში მიწერია გომბორი. მერე დედა თბილისში ჩამოიყვანა მამამ და ვცხოვრობდით სოლოლოკაში, მამიდასთან ერთად, გაერთიანებული ოჯახები გვქონდა.
დედისერთა ვარ. წყნარი, მორჩილი ბავშვი ვიყავი. მაგრამ 30-იანი წლების რეპრესიებმა, შიშმა ჩემი ხასიათიც თავისებურად ჩამოაყალიბა. ჩვენი გვარი ამოწყვიტეს, გაურკვეველი მიზეზით მამაჩემის ბიძაშვილი – გერმანე მგალობლიშვილიც დააპატიმრეს. მისით დაიწყო და დახვრიტეს სხვა ნათესავებიც… 1939 წელს მამაჩემიც დააპატიმრეს, აბრეშუმის ქარხნის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა… უსამართლობისადმი პროტესტი აქედან გამიჩნდა, პრინციპულობა და შეუპოვრობა შემმატა... ბავშვობიდან მომღერლობა მინდოდა. ამბობდნენ, რომ კარგი ხმა მქონდა. მერე, სკოლას რომ ვამთავრებდით, 1950-ში, იმ წელიწადს მამა უკვე ძალიან ცუდად იყო, ბებიამ, მისმა დედამ, სადილობის დროს გვითხრა, ცოტას წამოვწვებიო, ღვინო დალია და თქვა: ჩვენ გაგვიმარჯოსო. წამოწვა ტახტზე, ვერ იყო კარგად… მითხრეს, ჩადი, ექიმი ამოიყვანეო, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით, პირველ სართულზე ჩავედი და ამასობაში ბებია უკვე აღარ იყო. მამას არაფერი გაუგია, ბებია დავასაფლავეთ და მეხუთე დღეს მამაც გარდაიცვალა.
სკოლა 2 თვეში დავამთავრე. მინდოდა კონსერვატორია, მაგრამ ხმა დავკარგე. ჩემმა პედაგოგმა მითხრა, ცოტა ხნით დავისვენოთ და მერე ისევ დავიწყოთ მეცადინეობაო. მაგრამ აღარ აღდგა ხმა და სკოლა რომ დავამთავრე, სადღაც ხომ უნდა ჩამებარებინა? ჰოდა, წავედი „გეპეიში“. (წყ: kvira.ge) პირველივე გამოცდაში – მათემატიკაში ჩავიჭერი. წამოვედი იქიდან და მერე შემთხვევით შემხვდა ჯემალ ანჯაფარიძე, ზურიკოს ძმა. მოდი, შემოდი თეატრალურშიო, – მითხრა… მე ვუთხარი, რა მინდა, არ გადამრიო-მეთქი… აბა, ასე ხომ არ ივლიო და… იმან სარეჟისოროზე ჩააბარა და მე – სამსახიობოზე. ასე იყო ეს ამბავი...
მოცეკვავე ძმაკაცები
მე და ირაკლი უჩანეიშვილი ერთ უბანში ვცხოვრობდით. ის – ლერმონტოვზე, მე – ენგელსის ქუჩაზე. ველოსიპედი გვქონდა, იმაზე „ვკატაობდით“ ხოლმე, „კანკები“ და რაღაცები. ცეკვაზე დავდიოდით ერთად და მოკლედ, სულ ერთად ვიყავით.
1941 წლის 22 ივნისს ერთად მოვისმინეთ ლევიტანის ხმა, როგორ აცხადებდა თავისუფლების მოედანზე რადიო ომის დაწყებას.
მე და ირაკლი ერთად ვცეკვავდით. იმ დღესაც ცეკვაზე უნდა მივსულიყავით, ახლანდელი თავისუფლების მოედანზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ეზოში იყო ცეკვის სექცია. წავედით, მაგრამ ცეკვის გაკვეთილი ჩაიშალა, მასწავლებელმა გამოგვიცხადა: წადით, ბიჭებო, სახლში წადითო… ხალხი შეკრებილი და გაოცებული იყო, ჩვენ კი ეს ყველაფერი ისე მივიჩნიეთ, კინოში რომ მოხდება რაღაც.
იმ დღეს დავცილდით მე და ირაკლი. ის მერე წავიდა სადღაც, საავიაციო ტექნიკუმი დაამთავრა. და უცებ, წლების მერე, პლეხანოვზე, ქუჩაში შევხვდით ერთმანეთს: ერთ შენობაში იყო გადატანილი თეატრალური ინსტიტუტი. იქ იყო მისაღები გამოცდები.
გავიხედე, ვიღაც კაცი მიდის, მაღალი განსხვავებულქუსლიანი ფეხსაცმელებით, დიდი თმით. შემომხედა, ირაკლი უჩანეიშვილი ვიცანი… გადავეხვიეთ ამდენი ხნის უნახავები… ირა, სად მიდიხარ-მეთქი, და აგერ ახლოს, საქმე მაქვს, პლეხანოვზეო. შენ სად მიდიხარო? ვუთხარი, მეც აქვე მივდივარ-მეთქი (ამ სიუჟეტის მიხედვით შეიძლება მართლა კარგი რაღაც ააგო). აქეთ მივდივარო, მეც აქეთ მოვდივარ-მეთქი… მივდივართ, მივდივართ და რომ მივუახლოვდით ეზოს, ეზოში უნდა შევიდე და იქ გაჩერდა ირაკლი…
აქ რატომ გაჩერდი-მეთქი და მე ამ ეზოში შევდივარო. იმას კი არ მეუბნება, სად მიდის. შენ აქ რა გინდაო და მეც შევდივარ-მეთქი. შენცო? – მე ვუთხარი, მე რა, შენ თუ შედიხარ… მე რატომ არ უნდა შევიდე-მეთქი?!
რაო, ინსტიტუტში შედიხარო, მე ვუთხარი, აბა რა ვქნა-მეთქი. ერთი ლექსი ვისწავლე, ერთი იგავ-არაკი და ერთი მოთხრობიდან ნაწყვეტი.
ოთარიც იქ იყო, მეღვინეთუხუცესი… ისიც ჩვენთან ერთად აბარებდა…
ეს მაღალი ვინ არიო, – იკითხა ირაკლიმ. რა ვიცი, ალბათ აბარებს-მეთქი. მერე დავძმაკაცდით.
ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით ოთარი, ირაკლი და ლია ელიავა…“
ნინო ჩხიკვიშვილი, მეუღლე: ...თეიმურაზ კვანტალიანის ფილმში „ბიძინა“ ნოდარი ბიძინას როლს ასრულებდა… ბაზარში მიმდინარეობდა გადაღებები… ნოდარს ამ ეპიზოდში უნდა ეთამაშა ნასვამის როლი, რომელიც ბაზარში დებოშს ტეხს… ჩაუარა ერთმა, მეორემ… მესამე გამოჩნდა და ნაცნობია, მაინც დაინახა… სოფლიდან ჩამოსულმა ციალას (ნოდარის პირველი მეუღლე) ნათესავმა შენიშნა. ციალას უთხრეს, შენი ქმარი ვნახეთ, ბაზარში მთვრალი იყო და ჩხუბობდაო…
მახსოვს, ერთხელ ვსხედვართ სახლში და ვიღაც ურეკავს, ბატონო რეზო ჩხეიძე აღმოჩნდა, ახლა რუსეთში ვარ და შენ აქ რა დაფასებული ხარო, გაოგნებული ელაპარაკებოდა ნოდარს“…
წარმატების რიდი
ნოდარ მგალობლიშვილი: „იალტაში ვარ გადაღებაზე, შესვენებაა და ტურისტების დიდი დელეგაცია მოვიდა, გამოქანდა ერთი ქალი და მოვიდა ჩემთან. შეიძლება, ერთი წუთითო? – მკითხა. მე გიცნობთ-მეთქი? არაო. მე გიცნობთ, თუ შეიძლება, ავტოგრაფი დატოვეთო. მაძლევს რვეულიდან ამოხეულ ფურცელს, წიგნზე დაადო და მოვუწერე ხელი. ამას რომ მოვუწერე, გავიხედე და რიგი დადგა. რეჟისორმა დაინახა… Освободите актера-ო, დაიძახა… ასეთ მდგომარეობაში ვიყავი ლამის მთელი თვე.
4 წელიწადში 6 ფილმში გადამიღეს…
რომ დამიძახებდნენ მოსკოვში და მაქებდნენ, ყურადღებას არ ვაქცევდი. „ვიცილებდი“ ამ ქებას… გიჟდებოდნენ, ყველას უკვირდა, რა არის ამისთანა ეს კაციო?! რუსებიც გაოცებულნი იყვნენ, Какой ты своенравный-ო. ბოღმა, საერთოდ, ადამიანს აფუჭებს. რამდენი მსახიობი დაიღუპა იმის გამო: იმას მისცეს და მე არ მომცესო!
ერთხელ ლილი იოსელიანმა მითხრა, იცი, რაღაც გაკლია, როგორც ადამიანს და განსაკუთრებით, როგორც მსახიობსო… როლების განაწილება რომ არის და კედელზე აკრავენ სიას, ვაკვირდები და ყველას ეტყობა სახეზე, განაწილებული არის თუ არა, შენ ვერ გატყობ ვერაფერსო. აი, ეს გაკლია, როგორც მსახიობს – ჟინიო… ეს მერე ბევრ რამეში მომეხმარა კიდეც. შურიანი არ გავხდი…
ჩეკისტის თითი
ბავშვობიდან ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ჩემ მეზობლად, მაჩაბლის ქუჩაზე, კომკავშირის ცეკას ეზოში, ლავრენტი ბერია ცხოვრობდა. მის მოპირდაპირედ კი ჩემს მეგობარს ჰქონდა ბინა, მას ხშირად ვსტუმრობდი. ბერიას სახლის წინ მცხოვრებთ ფანჯრებზე შავი ფარდები ეფარათ, რომ არ დაენახათ, რა ხდებოდა ბერიას აივანზე. იქ მისი ვაჟიშვილი ხშირად რგოლებზე ვარჯიშობდა. ველოსიპედიც ჰქონდა, რაც იმ დროს ნამდვილი ფუფუნება იყო. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა:
იცი, ფარდიდან გავიჭვრიტე და დავინახე, ველოსიპედი როგორ ჩამოიტანა ეზოში და დაატარებდა. არ გაინტერესებს? მოდი, გაჩვენებ.
მივედი. ამ სახლს ოთხმეტრიანი ყრუ კედელი ესაზღვრებოდა (ახლა რკინის ღობეა), სადაც ვიწრო კარი იყო ჩადგმული. იმ კარიდან ერთი კაცი თუ გამოეტეოდა. მის წინ კი ყოველთვის იდგა ჩეკისტი, რომელიც გაფაციცებით ზვერავდა ტერიტორიას, თუმცა იმ ქუჩაზე და, მით უფრო, მათ მხარეს მოძრაობას ვერავინ ბედავდა. ჩეკისტმა შეგვნიშნა ფანჯრიდან ქურდულად მომზირალი ბავშვები და საყვედურის ნიშნად თითი დაგვიქნია. ახლაც მელანდება ის თითი!.. კინაღამ გული ამოგვივარდა იმის შიშით და... მყისვე შინ გამოვიქეცი (ეზოს მეორე გასასვლელიც ჰქონდა), სულმოუთქმელად ავირბინე ხუთი სართული და დედას ვუთხარი:
– ბერიამ დაგვინახა!
– ეს რა ქენი, შვილო! – თავში ხელი წაიშინა დედამ და ჩემოდანში ბარგის ჩალაგებას შეუდგა. მას შემდეგ სულ ველოდით, რომ მოგვაკითხავდნენ.
საშინელი დრო იყო. ბინის ჩხრეკისას, თუნდაც ფოტოზე, თუ ვინმე თვალში არ მოუვიდოდათ, მიზანში ამოიღებდნენ და მიჰყავდათ...
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან