როგორ ამოაკვეთინა ფეხი აგრესორებს ქართული მიწებიდან გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა
ავტორი: ეკატერინე პატარაია 11:00 12.04, 2022 წელი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13(1109)
ამასობაში სახელმწიფოს სერიოზული პრობლემები შეექმნა მესხეთში. საქართველოს სიძულვილით აღვსილმა ბეგებმა ყარსში სასწრაფოდ შექმნეს, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობა და ამ საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი სერვერ-ბეგ ათაბაგი, ქობლიანელი, ჯაყელი იყო. ამ ახლად შექმნილ „სახელმწიფოში“ უნდა გაერთიანებულიყო ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქები, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები... დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის შეცდომები ქართველი მაჰმადიანების მიმართ ბოლშევიკურმა მთავრობამაც განაგრძო. შედეგები ყველამ კარგად ვიცით და მის შედეგს ახლაც ვიმკით. მაშინდელ რთულ და დაძაბულ სიტუაციაში საქართველოს მთავრობას არ შეეძლო ახალციხისათვის დამხმარე სამხედრო ძალები მიეშველებინა. თუმცა, სიტუაციის ამგვარ წარმართვაში, მთავრობასაც მიუძღვის გარკვეული წვლილი. გენერალ-გუბერნატორი და ჯარის სარდალი გიორგი მაზნიაშვილი გადააყენეს და მის ნაცვლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნეს.
ევროპის უდიდესი ომის დროს (იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი) გენერალმა ოდიშელიძემ მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის ჯარების მთავარი შტაბისა. ომის დასაწყისში ჩვენ ვხედავთ მას პირველი არმიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე. ომის მეორე პერიოდში ოდიშელიძე ინიშნება კორპუსის უფროსად და შემდეგ, მოკლე დროის განმავლობაში – კავკასიის უფროსად. აი, ასეთ პიროვნებას მთავრობა ცვლის გაჩაღებული ომის დროს და ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც სამხედრო სტაჟით მეტად ჩამორჩებოდა ოდიშელიძეს. უახლესი ამბების განვითარებამ დაუმტკიცა მთავრობას მისი შეცდომა. გენერალი ოდიშელიძე როგორც პროფესიონალი, მართლაც დიდი ავტორიტეტით რომ სარგებლობდა იმპერიის შეიარაღებულ ძალებში, სადავო არ არის, მაგრამ შესაძლოა, გენერალი მაზნიაშვილი ჯეროვნად არ იცნობდა გენერალ კვინიტაძის შესაძლებლობებსა და მის პროფესიონალიზმს, ამიტომაც მას სათანადოდ ვერ აფასებდა. თუმცა დასაშვებია ისიც, რომ გენერალ კვინიტაძის მიმართ მაზნიაშვილს გარკვეული უკმაყოფილების გრძნობაც გააჩნდა. „მოგონებებში“ გენერალი აშკარად გამოთქვამს პირად წყენას კოლეგისადმი, იხსენებს რა 1919 წელს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტზე მუშაობის პერიოდს, მხარეში შექმნილ სიძნელეებს და დროებით წარუმატებლობებს სერვერ-ბეგის ბანდებთან ბრძოლის დროს. გენერალი მაზნიაშვილი წერს: „...სამხედრო მინისტრის ამხანაგის (მოადგილის, ც. ჩ.) გენერალი გედევანიშვილის დეპეშა მივიღე, რომლითაც ზრდილობიანი კილოთი გვაცნობებდა შემდეგს: სამხედრო მინისტრი საჭიროდ თვლის, ტფილისში მოგიწვიოთ, თქვენი დივიზიის მსწრაფლ მობილიზაციას მინისტრი დიდ მნიშვნელობას აძლევს და ამიტომ, თქვენი თანამდებობა გენერალ კვინიტაძეს ჩააბარეთ და დაუყოვნებლივ ტფილისში ჩამოდითო... ეს კიდევ არაფერი. ჩემთვის საწყენი უფრო ის იყო, როდესაც გავიგე, რომ კვინიტაძეს, როდესაც ის ბორჯომში მოვიდა ჩემთან, როგორც შტაბის უფროსი, უკვე ჯიბეში ედო თავის დანიშვნის ბრძანება და ეს გარემოება დამიმალა.“ ორივე მხედართმთავარს აერთიანებდა ერთი მთავარი საერთო მიზანი – სამშობლოსადმი უანგარო სამსახური. ვეება მონსტრთან უთანასწორო ბრძოლაში გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, პატარა საქართველო დამარცხდა. ამ უმძიმესი ვითარების ჟამს საქართველო, თურქეთის მხრივ, ოკუპაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ვერაგობითა და ძალით საბჭოთა რუსეთმა საქართველოში უსასტიკესი ბოლშევიკური რეჟიმი დაამყარა. ქართველი ხალხი არ შერიგებია მძიმე ხვედრს და განაგრძობდა ბრძოლას დამპყრობლებთან.
...ვფიქრობთ, ქართველი საზოგადოებრიობისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, გაეცნოს უსამართლოდ უფლებააყრილი პატიმარი გენერლის წერილს, რომელიც დაცულია საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში. წერილში ვკითხულობთ: „დავიღალე სამართლის ძებნაში. 15 თვეა, რაც ციხეში ვზივარ და კიდევ ოთხი წელიწადი უნდა ვიჯდე. ასე ნელ-ნელა, მაგრამ შეუწყვეტლად უნდა მიჰქრეს ჩემის სიცოცხლე, აღსავსე ტყვეობის ზნეობრივი და ფიზიკური ტანჯვით და თან, ამავე ტემპით უნდა ვანადგურო და ვაქციო ჩემის ოჯახი ნივთიერად და მორალურად, რომ ყველა ეს უბედურება, „დამსახურებული დაფასება“, შედეგი იყოს რაიმე დანაშაულისა და ბოროტმოქმედებისა. ჩემი ხასიათის სიმტკიცე მეყოფოდა, რომ ყოველივე ეს უსიტყვოდ ამეტანა რამენაირად და არავითარი ნაბიჯი არ გადამედგა ჩემი ბედის შესამსუბუქებლად, მაგრამ როდესაც არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის არც მთავრობისა და არც საზოგადოების წინაშე, როდესაც ყოველივე ჩვენგანის მოვალეობა პირნათლად შემისრულებია, როდესაც ამის საპასუხოდ პატივაყრილი და სახელგატეხილი ციხეში ვარ ჩაგდებული, იქ ვლევ ჩემს დღეებს, აბა როგორ არ ვეძიო სამართალი, როგორ არ მოვიარო კარდაკარ ყოველი ისეთი პიროვნება, რომელიც თავის მდგომარეობით იზიარებს მთავრობის ორგანოების ყოველ სანქციას და მოქმედებას?! ამ აზრთა პყრობილი თქვენც გაუწყებთ ჩემს მდგომარეობას, თქვენთანაც მოვდივარ სამართლის საძებნად, მით უმეტეს, რომ თქვენ უფრო მოვალე ხართ, ყურადღება მომაქციოთ ამ სიტყვის შემდეგ, რომელიც ბათუმის რევკომის სახელით, 1921 წლის მარტის თვრამეტს მე და მთელ ქართველ ოფიცრობას მოგვეცით, რომლის ძალით არც ერთი ჩვენგანი წარსული მოქმედებისათვის გასამართლებულ არ უნდა ყოფილიყო და განა ეგრევე არ იყო დეკრეტი ¹1-ით თქმული საჯაროდ?! უფრო კერძოდ განა ს. ორჯონიკიძემ იმავე წლის (1921 წელი) 23 მარტს, როდესაც უკვე ოსმალთ ჯარები გავანადგურე, არ მითხრა, რომ ასეთ ბრწყინვალე სამხედრო მოქმედებისათვის და ახალი მთავრობის წინაშე დამსახურებისათვის მე მეპატიებოდა ყოველი მანამდე ჩადენილი მოქმედების პასუხის გება. ჰოდა როდესაც დღეს ციხეში ვსნეულდები მე, პირადად, ხოლო ოჯახი იტანჯება მატერიალურად და ზნეობრივად, სწორედ იმიტომ, რომ დანაშაულად ჩამითვალეს ჩემი წინანდელი მოქმედებები, როდესაც როგორც ქართველი ჯარის სარდალი, ვებრძოდი ჯარს და ვიცავდი ჩემი სამშობლოს მიწა-წყალს, როგორ არ უნდა მოგაგონოთ ან თქვენ, ან ს. ორჯონიკიძეს მოცემული სიტყვები, ან მთავრობას მისი დეკრეტი ¹1. რად მოხდა, რომ ყველამ დაივიწყა თავისი სიტყვა და მოვალეობა, რომ მე გამხადეს უდანაშაულო მსხვერპლად. ან იქნებ სხვა დანაშაული ჩავიდინე საქართველოში დამყარებული ახალი ხელისუფლებისადმი? მაგრამ ამ შემთხვევაში რად აუხვიეს გვერდი დამნაშავის დაკითხვას, რათ წარუკვეთეს მას წინასწარი საშუალება მოწმეების დასახელების და ყოველ წამოყენებული ბრალდების გაბათილებისა. ვაცხადებ კატეგორიულად, რომ არცერთი ბრალდება, რომელიც რეზოლუციაშია წამოყენებული და რომელთა მიხედვით სიკვდილი მომესაჯა – შემდეგ ამნისტიით ხუთი წლით საპყრობილეზე შეცვლილი – ჩემთვის არ წამოუყენებიათ, არცერთის გამო არ დაუკითხივართ. ნახეთ არქივი და დარწმუნდით. ამგვარად, თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩემი დასჯა მოხდა იმ დანაშაულობათათვის, რომელიც ჩამიდენია საქართველოს საბჭოთა მთავრობის ხელში, ამას ხომ დამტკიცება უნდოდა, ამისთვის ხომ უნდა დავეკითხეთ და ხომ უნდა დაეკითხათ ის პირნიც, რომელთაც მე დავასახელებდი ჩემი უფლებისა და სიმართლის დასაცავად და ვინაიდან არც ერთს, არც მეორეს ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ამგვარი „დანაშაულობისთვის“ დასჯილი ადამიანის განთავისუფლებას და სრულს რეაბილიტაციას მოითხოვს თვით მთავრობისა და მისი ყოველი წევრის პრესტიჟი. მაგრამ მე მგონია, ამ ბრალდებით მხოლოდ უფასო დამატების ხასიათი აქვთ, რაკი მათ შესახებ არ დაუკითხივართ. ისინი ჩემი დასჯის მოტივაციის როლს არ თამაშობენ და ბრალდებათა შორის გამოძიება, დაკითხვა და მოწმეები არ ესაჭიროებოდა მხოლოდ ერთ მუხლს – თუ საერთოდ შესაძლოა ამგვარი პროცედურით ადამიანის დასჯა, გასამართლება – ეს მუხლია „ჩემი ბრძოლა საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ“. ეს ფაქტი ცნობილია, ამას არ უნდა ფიცი, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ – ეს ხომ მრავალგზის ნაპატიები მქონდა, უწინარეს ყოვლისა დეკრეტით და მერე თქვენი და ს. ორჯონიკიძის სიტყვებით. ამგვარად, არ არის დანაშაულის ელემენტი ჩემს დასასჯელად. ეს მდგომარეობა წერილობით თუ სიტყვიერი განცხადებით გავაცანი სხვადასხვა პასუხისმგებელ პირს და საბუთი მაქვს, რომ ისინი დავარწმუნე კიდევ ჩემს უდანაშაულო დასჯაში. ამიტომაც, თქვენც მოგახსენებთ ეხლა ყოველივეს და გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ჩემი რეაბილიტაციის და გათავისუფლების საქმეში. გაქვთ საშუალება, საქმეს და ყველა მასალას გაეცნოთ და ამით დარწმუნდეთ მთხრობელის სისწორეში და მითვე ჩემს უდანაშაულობაში და როცა ეს აზრი შეგიდგებათ, კეთილი ინებეთ, დამიდექით თავდებათ და გამათავისუფლეთ, რათა საშუალება მომეცეს ჩემი სახელის რეაბილიტაციისა იმავე დაწესებულებაში და იმავე გზით, რა დაწესებულებებმა და გზამაც მას მოსცხო ჩირქი. გიორგი მაზნიაშვილი“. ეს წერილი, რომელსაც, სამწუხაროდ, თარიღი აღნიშნული არ აქვს, 1922 წლის 14 დეკემბერს წარედგინა სამხედრო კომისარს, თენგიზ ჟღენტს. წერილს ახლავს მამია ორახელაშვილისა და ფილიპე მახარაძის რეზოლუცია: „პატიმრობა შეეცვალოს შემდეგში გადასახლებით“. ამ რეზოლუციის გარდა, პატიმარი გენერლის წერილს ადევს აგრეთვე მეორე რეზოლუციაც: „გათავისუფლებულ იქნას“. ორჯონიკიძე. როგორც უსამართლოდ დაპატიმრებული გენერლის წერილიდან ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ დაივიწყა როგორც მისი დამსახურება, ასევე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეს გამოცხადებული ამნისტია, რომელიც მას უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა.
...ფიცგაუტეხელმა მხედართმთავარმა სიცოცხლის ბოლო წლები სამშობლოში გაატარა. განაწყენებული და შეურაცხყოფილი გენერალი, რომელიც ემიგრაციაში უკიდურეს ხელმოკლეობასა და გაჭირვებას განიცდიდა, თავის ზნეობრივ მოვალეობად სამშობლოში დაბრუნებას მიიჩნევდა. „მოგონებებში“ იგი გულისტკივილით წერდა: „გაჭირვებამ და ჩემი პიროვნებისა და პატიოსნების აბუჩად აგდებამ მაიძულეს მე, მიმემართა საბჭოთა მთავრობისთვის, შეემოკლებინათ ჩემი გაძევების ვადა, და როდესაც ნებართვა მივიღე, გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავ სამშობლოში, შევერთებოდი ჩემს ორ მილიონ მოძმეს და მათთან ერთად გამეზიარებინა ბედნიერებაც და უბედურებაც...“ მთავრობისაგან „დაფასებული“ გენერალი საკუთარი ძალით მოწეული ჭირნახულით ინახავდა ოჯახს. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მას „დანაშაული“ (ერის სამსახური, ც. ჩ.) არ აპატია. იგი ავადსახსენებელ 1937 წელს დააპატიმრა და შემდეგ დახვრიტა. გიორგი მაზნიაშვილს გულთმისანივით უწინასწარმეტყველებია თავის თავზე: „ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე დამშვიდებული თაობა მკვდრეთით აღმადგენს, სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთარდება“. თითქმის ყველა ქართველის სათქმელი თქვა შოთა ნიშნიანიძემ გიორგი მაზნიაშვილისადმი მიძღვნილ ლექსში: „შინელზე მირილ ნატყვიარიდან ვჭვრეტ გამოფრენილ ციცინათელებს...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან