როგორ ამოაკვეთინა ფეხი აგრესორებს ქართული მიწებიდან გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა
ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 06.04, 2022 წელი

გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა სამშობლოსადმი უანგარო სამსახურის საუკეთესო მაგალითია. გიორგი მაზნიაშვილის წიგნი „მოგონებანი“ ასახავს 1917-1925 წლების კრიზისულ მოვლენებს, აქ წაიკითხავთ მის მიერ გადატანილი ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებსაც.
...არსებობს ვერსია მისი არაქართული წარმოშობის შესახებ. თეძამის ხევზე სამხედრო ცხენოსანთა პოლკი მდგარა. ერთი ახალგაზრდა, გვარად მაზნიევი, დემობილიზაციის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა; სასირეთში გლურჯიძეების ოჯახში ჩასიძებულა. ამ ვერსიის მიხედვით, მისი ქართული მოდგმაც აქედან მოდის. გენერლის ვაჟიშვილიც დაინტერესებულა თავიანთი გვარის წარმოშობით. იგი მივლინებით უკრაინის ერთ სოფელში მოხვდა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მაზნიევები აღმოჩნდნენ და ბორისმაც ისინი თავის წინაპრებად მიიჩნია. გიორგი მაზნიაშვილის მამა – ვანო (ივანე) ტიპური ქართველი გლეხი იყო, რომ იტყვიან, ერთი ღერი რუსული არ იცოდა. არც ივანეს მამას სცოდნია რუსული. ისიც სასირეთში ყოფილა დაბადებული და გაზრდილი. გიორგი აღნაგობით საშუალოზე ცოტა უფრო დაბალი ყოფილა. შავგვრემანი, შავთვალ-წარბით, ჩაფსკვნილი. მამამისი ივანე, ოცნებობდა, შვილი სამხედრო ოფიცერი გამოსულიყო. მეზობლებში, ნათესავებში კაპიკ-კაპიკ სესხულობდა ფულს და ასე შეგროვილი თანხით მოუხერხებია, შვილი სასწავლებლად კადეტთა კორპუსში შეეყვანა. გიორგი შემდგომში სახელგანთქმული გენერალი გახდა და იგი სიცოცხლეს არ ზოგავდა დემოკრატიული საქართველოს განმტკიცებისათვის. საქართველოში მე-11 არმიის შემოსვლის შემდეგ, გენერალს არსად უმუშავია, სოფელში ცხოვრობდა და თავის მამულში ტრიალებდა, ზამთრობით რამდენიმე თვით თუ ჩავიდოდა თბილისში. გენერალი მაზნიაშვილი გულუხვი პიროვნებაც იყო. ძალიან ხშირად ასაჩუქრებდა თანასოფლელებს. ხშირად გლეხებთან ქეიფობდა, მაგრამ მთვრალი არავის უნახავს. გიორგობა დღეს სოფელს ეპატიჟებოდა ეკლესიის ეზოში და ისინიც საღამოს აგიზგიზებულ ცეცხლთან იკრიბებოდნენ. ის ყოველთვის თავის თანასოფლელების გვერდით იყო. გენერლის კაცთმოყვარეობაზე ისიც მეტყველებს, რომ მან რუსეთ-იაპონიის ომის დროს ჩინეთიდან ლტოლვილი ბიჭი შეიფარა, ჩამოიყვანა თავის სოფელში, დაარქვა ქართული სახელი – ტუხა. გვარიც ჩინურს მიამსგავსა, „ჯუჯანქაია“ უწოდა. შერთო ქართველი ქალი და ამით საფუძველი დაუდო ჩინურ-ქართულ მოდგმას. მწერალი ელიზბარ მაისურაძე, რომელიც გენერლის ნათლული იყო, კარგად იცნობდა მაზნიაშვილების ოჯახს, მის შვილებს. თავის მოგონებებში იგი წერს: „მისი შუათანა ვაჟი, ვანოც დახვრიტეს. მისი „დანაშაული“ ის გახლდათ, რომ მაზნიაშვილის ვაჟი იყო. უმცროსმა ბორისმა კი თავს უშველა, ბაქოში გადაიხვეწა. შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა და პოეტ იოსებ ნონეშვილის დახმარებით დაიბრუნა მამისეული სახლი. გენერალს კიდევ ერთი ქალიშვილი დარჩა – ანეტა, რომელიც დაქორწინდა და თბილისში დასახლდა. ანეტას მეუღლე რუსი ჰყავდა, რომელსაც მალე გაშორდა. დარჩა ერთი ვაჟიშვილი, რომელიც მილიციაში წაუყვანიათ და იქ ცემისაგან შემოკვდომიათ. მეორედაც გათხოვდა ანეტა, შეეძინა ორი ვაჟი, მაგრამ ისინიც ჭაბუკობის პერიოდში გარდაიცვალნენ. გიორგი მაზნიაშვილი დამოუკიდებლობის წლებში შემომვლელი რაზმის უფროსიც იყო, დივიზიისაც, გარნიზონისაც, შავი ზღვის სანაპიროების ჯარებისაც, თბილისისა და მისი რაიონის სარდალიც და სოღანლუღის რაიონის ჯარებისაც, თბილისისა და მისი მიდამოების, აფხაზეთის, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორიც. მთელ საქართველოში უწევდა ტრიალი და წარმატებით ებრძოდა ოსმალებსაც, სომხებსაც, ბოლშევიკებსაც, ვინც სახელმწიფოებრივ საზღვრებს არღვევდა... მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგაც მოუხდა ბრძოლა და იმათაც საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდა. გენერალი მაზნიაშვილი, როგორც პროფესიონალი სამხედრო, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავარი იყო, მას თავი უსახელებია რუსეთ-იაპონიის ომში. ლაზარეთში მყოფი დაჭრილი გენერალი პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ინახულა და გამოჩენილი მამაცობისათვის წმიდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გენერალი სამშობლოში დაბრუნდა და თანამოაზრეებთან ერთად ენერგიულად დაიწყო მუშაობა ქართული ჯარის შესაქმნელად. არსებულ სიტუაციაზე გიორგი „მოგონებებშიც“ გვიამბობს: „მე ჩამოვედი ტფილისში 1917 წელს 20 სექტემბერს დასავლეთის ფრონტიდან. ჩემთან ერთად ჩამოვიდა 60-მდე ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი. ჩვენ თავს მხნედ და იმედიანად ვგრძნობდით, ეროვნული სამხედრო ნაწილების შედგენაზე ვამყარებდით დიდ იმედებს. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ნაწილების შედგენას უკვე შეუდგნენ ჩვენში და ველოდი, რომ დღე-დღეზე მიმიწვევდნენ 5 სამსახურში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც მოველოდი. ტფილისში ამ დროს არსებობდა ჯერ კიდევ ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი, რომელიც შესდგებოდა კომისრისაგან. ხოლო არმიას სათავეში ედგა კავკასიის ფრონტის მთავარი სარდალი თავისი შტაბითა და კავკასიის სამხედრო ოლქი“. გენერალი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ არავითარი ეროვნული სამხედრო ნაწილი არ არსებობდა. იყო ორი ქართული ლეგიონი, ერთი ქვეითი და ერთიც ცხენოსანი. ოქტომბერში ფრონტიდან დაბრუნდა ორივე ქართული ლეგიონი, ხოლო ქუთაისში შედგა სათადარიგო ქართული ათასეული. აი, ეს ნაწილები გახდა საფუძველი ქართული არმიის შექმნისა, – გულისტკივილით აღნიშნავს გენერალი. „ქართული ჯარების შესადგენად პირობები ვერ იყო კარგი. როგორც კავკასიის არმიაში, ისე კავკასიის ოლქის შტაბებში. გრძნობდნენ, რომ დღე-დღეზე უნდა დაშლილიყო მათი ჯარები და ამიტომ ამ საქმეს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ჯარისკაცები სამსახურის მაგივრად დადიოდნენ მიტინგებზე, ქეიფობდნენ და პირად საქმეებს აწყობდნენ. ყაზარმებში დადიოდნენ მხოლოდ დასაძინებლად. კავკასიის არმიის უზარმაზარი საწყობები, რომლებიც სავსე იყო მრავალმილიონიანი ქონებით, თითქმის უდარაჯოდ იყო დატოვებული. ცხენები მრავლად იხოცებოდა შიმშილით, რადგან საკვებს, რომელსაც იძლეოდა სამხედრო სამმართველო, ჯარისკაცები ჰყიდდნენ ბაზარზე. ფრონტიდან დაბრუნებულ დეზერტირებს უფრო მეტი არეულობა შეჰქონდათ ჯარისკაცებში. ისინი არამც თუ თვითონ უფროსებს, ქალაქის მილიციასაც კი არ ემორჩილებოდნენ. ახლად შემდგარი ეროვნული ნაწილები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ წილს იგდებდა ხელში სახელმწიფოს ქონებიდან. ოფიცერთა შემადგენლობაც ვერ იდგა სასურველ სიმაღლეზე. რომ ჰხედავდნენ, გარშემო ყველაფერი როგორ ინგრეოდა, თვითონაც ასცდნენ კეთილ გზას, ხოლო უფრო შეგნებული და გამოცდილი ოფიცრები, ხელისუფლების უძლურების გამო, თვითონაც უძლურნი იყვნენ და არ იცოდნენ, რანაირად ეშველათ საქართველოსათვის და მოესპოთ უბედურება, რომელიც დღითი დღე იზრდებოდა“. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქართველ ოფიცერთა შემადგენლობა იმდენად დიდი იყო, რომ ის ერთ კი არა, სამ კორპუსს ეყოფოდა. ოფიცერს საზოგადოდ არაფრისა და არავისი არ ეშინოდა. ჯამაგირი მეტად მცირე იყო, ისიც – რამდენიმე თვეში ერთხელ. იარაღი, აღკაზმულობა და მთავარი სურსათის მარაგი საწყობებში იმდენი იყო, რომ თავისუფლად შეიძლებოდა 50 ათასი კაცის შეიარაღება, აღკაზმვა და გამოკვება ათი წლის განმავლობაში. საჭირო იყო მხოლოდ ჯარისკაცები, რომლებიც ორ-სამ თვეში გაიწვრთნებოდნენ, თუ მთავრობა ამ საქმეს გულით მოეკიდებოდა და საჭირო დახმარებას გაუწევდა, – წერს გიორგი მაზნიაშვილი. მაგრამ მენშევიკური მთავრობა, ქართული არმიის შედგენას გულგრილად უყურებდა და ჯარისკენ მხოლოდ მაშინ მიიხედავდა, როდესაც გაჭირვება დაადგებოდა, დანარჩენ დროს კი იგი თავის ნებაზე იყო მიშვებული. ყოველივე ამას კარგად ხედავდა სამშობლოში დაბრუნებული გენერალი მაზნიაშვილი და ყველაფერს აკეთებდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოსაყალიბებლად. სათანადოდ გაწვრთნილი ეროვნული არმიის შექმნა გენერალ მაზნიაშვილს ქართული სახელმწიფოს არსებობის გარანტად მიაჩნდა. გენერალი გიორგი კვინიტაძე საგანგებოდ აღნიშნავდა: „გენერალი მაზნიაშვილი მამაცი კაცია, რამდენჯერ მინახავს ტყვიების ზუზუნში და გადაჭრით შემიძლია თქმა, რომ არასასურველ ვითარებაშიც კი მამაცია, სწორედ ესაა მისი ნაკლი – მოჭარბებული სიმამაცე, ხშირად გადადებდა ხოლმე თავს. შეიძლებოდა, თავი წაეგო და ხელიდან გამოგვცლოდა ისეთი კაცი, რომლის დაკარგვაც დიდ ზიანს მოგვიტანდა“. გენერალ მაზნიაშვილის დაუღალავი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქართველი ახალგაზრდობის მიზიდვა ქართულ ჯარში. სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ ოფიცერთა თანადგომით მან თავი მოუყარა 16 წლიდან 20 წლამდე ახალგაზრდებს და საფუძველი ჩაუყარა მეორე ქართულ დივიზიას. 1917 წლის 19 ნოემბერს, ქართველ ოფიცერთა დახმარებით, ეროვნულმა საბჭომ, ამიერკავკასიის კომისარიატმა და თბილისის საბჭომ ბოლშევიკ ჯარისკაცთა გარნიზონს არსენალი ჩამოართვეს, დეკემბერში კი, ისიც შეძლეს, რომ თურქეთის ფრონტიდან უწესრიგოდ დაბრუნებულ ჯარისკაცთა ბობოქარი მასა თბილისის გაუვლელად გაგზავნეს რუსეთში და ასე იხსნეს ამიერკავკასიის კომისარიატი დამხობისაგან, ხოლო საქართველოსა და ამიერკავკასიის დედაქალაქი – რუსეთის არმიის ოკუპაციისაგან. ამ დიდი საფრთხის თავიდან აცილების საქმეში ფასდაუდებელია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დამსახურება, რომლის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა თბილისის უსაფრთხოების ოპერაცია. იგი ყოველთვის წინ მიუძღოდა ქართულ მხედრობას, იღებდა მტრის პირველ დარტყმას და ელვისებური შეტევით შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს. „მოგონებებში“ გენერალი მაზნიაშვილი საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ქართველი ახალგაზრდობის სანიმუშო სამსახურზე ქართულ დივიზიაში. აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობა მონდომებით და მხნედ ეწეოდა მხედრულ სამსახურს. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, იმპერიის არმიაში მყოფი ჩვენი ოფიცრების უმრავლესობა მხარს უჭერდა იმ ქართველ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აქტიურ მუშაობას ეწეოდნენ ქართველ ტყვეთა გასათავისუფლებლად, ტყვეებისაგან ეროვნული სამხედრო ფორმირებების შესაქმნელად. ამ პატრიოტულ საქმეში ქართველი ოფიცრობა გარკვეულ წარმატებებს აღწევდა. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა“ სპეციალური „მოწოდება“ შეადგინა, რომლითაც მოუწოდებდა ქართველ სამხედრო ტყვეებს ქართულ რაზმებში გაერთიანებისაკენ, გერმანიის ჯარებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. მოწოდებას, რომლის სათაურია „ქართველებო“, ცენტრალურ საისტორიო არქივში მივაკვლიეთ. მოწოდება გაუვრცელებიათ ავსტრია-უნგრეთში, რუსეთის არმიის ტყვეთა შორის. მოწოდებაში აღნიშნულია: „... ქართველებო, იმის მაგიერ, რომ ხელში გვეჭიროს რუსული მახვილი და ვემსახუროთ (მათ) სახელმწიფოს – ჩვენი და მთელი კაცობრიობის მტერს. ისარგებლეთ შემთხვევით და ჩაეწერეთ ქართულ რაზმებში... შესაძლოა, თქვენ გაწუხებთ ფიცი, რომელიც მიეცით რუს იმპერატორს, მაგრამ თვით რუსი იმპერატორები არიან ფიცის გამტეხნი, საქართველოსთან 1783 წლის ტრაქტატის დამრღვევნი, საქართველოს პოლიტიკური სახელის წამშლელნი. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვებრძვით რუსეთს და თქვენც სამშობლოს ერთგული სამსახურისაკენ მოგიწოდებთ. თქვენი სამშობლო საქართველოა და არა რუსეთი. გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს! გაუმარჯოს ქართულ სახელმწიფოს, ძირს ტირანები, რომლებმაც გააპარტახეს საქართველო ასწლიანი ბატონობის დროს! დაე, თითოეული ქართველი იქცეს გმირად ამ ბრძოლაში. სჯობს, ტყვეობაში სამარცხვინო სიცოცხლეს მშობლიურ ველზე სიკვდილი ამჯობინოთ!“
გამოჩენილ მხედართმთავარს კარგად ჰქონდა შეთვისებული ქართული ჯარის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ქართველი მეომრის ფსიქოლოგია. „მოგონებებში“ იგი საგანგებოდ აღნიშნავდა: „მე კარგად მქონდა შესწავლილი ფსიქოლოგია ქართველი მეომრებისა, კარგად ვიცოდი, რომ თუ გავუძლებდი მტრის პირველ იერიშს, ჩემი ჯარები იბრძოლებდნენ ბოლომდე, მაგრამ თუ პირველ შეტაკებისთანავე შედრკებოდნენ, მაშინ გამეორდებოდა ძველი ისტორია და იძულებული გავხდებოდი დამეხია უკან და კვლავ დამეწყო, გაფანტული ჯარის შეგროვება“. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ძალით თურქებმა დაიკავეს ქალაქი ბათუმი, ბათუმის ოლქი, ანუ მთელი აჭარა. ოკუპანტებმა ოზურგეთამდე მიაღწიეს. ნოე ჟორდანიას დავალებით, გენერალმა მაზნიაშვილმა დიდი მუშაობა გასწია თურქების გასადევნად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მხედართმთავრის ძალისხმევით, მალე ოკუპანტებისგან გათავისუფლდა გურია და აჭარა. ფასდაუდებელია გენერალ მაზნიაშვილის დამსახურება ბოლშევიკების მოსალოდნელი აგრესიისგან აფხაზეთის დაცვის საქმეში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს ლიდერები ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე შეხვდნენ აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენლებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში მიიღებდა პოლიტიკურ ავტონომიას და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად შეეცდებოდა, აღდგენილიყო სუვერენული უფლებები გაგრის რაიონზე, რომელიც რუსეთმა ჩამოაჭრა სოხუმის ოლქს და მიუერთა ნოვოროსიის გუბერნიას... აპრილის შუა რიცხვებში გენერლის შტაბში, სოფელ ნატანებში მივიდა აფხაზთა დელეგაცია სოხუმიდან და სთხოვა გიორგი მაზნიაშვილს, ქალაქი სოხუმი და მთელი აფხაზეთი გაეწმინდა ბოლშევიკებისაგან. გენერალმა აფხაზთა დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ქალაქის თავი და აფხაზეთის ეროვნული საბჭოს სამი წევრი, განუცხადა, რომ მათი თხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს მთავრობის კომპეტენციას შეადგენს. შემდეგ, აფხაზი დელეგატები თბილისში გაემგზავრნენ ცენტრალურ მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. მთავრობამ გენერალ მაზნიაშვილს დაავალა თავისი ჯარიდან გამოეყო ცალკე რაზმი და გაეგზავნა აფხაზეთში ბოლშევიკების განსადევნად. 1918 წლის 16 ივნისს გენერალთან კვლავ მივიდნენ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს დელეგატები დახმარების თხოვნით, რადგან ბოლშევიკები მეორედ შეიჭრნენ აფხაზეთში. ქართველი გენერლის რჩევით, აფხაზთა დელეგაცია ისევ თბილისში გაემგზავრა საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების გასამართავად. 18 ივნისს გენერალი მაზნიაშვილი, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის სანაპირო ჯარების უფროსად. ამ დანიშვნით ქართველი გენერალი რესპუბლიკის შავი ზღვის სანაპიროზე დისლოცირებული სასაზღვრო ძალების სარდლის თანამდებობასაც ითავსებდა. დრო არ ითმენდა, საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება „წითლების“ განსადევნად. გენერალ მაზნიაშვილის ენერგიული საქმიანობის შედეგად, მოხერხდა ძალთა მობილიზება აფხაზეთის გასათავისუფლებლად ბოლშევიკი აგრესორებისგან. გენერალმა მაზნიაშვილმა ბრძოლით განვლო სოჭის, ტუაფსეს რაიონები. სამურზაყანო კი გენერალ გედევანიშვილის რაზმებმა დაიკავეს. 1918 წლის სექტემბერში აფხაზეთში აღდგა საქართველოს იურისდიქცია. ამ დიდმა და მნიშვნელოვანმა სამხედრო გამარჯვებებმა, რომელიც მოიპოვა ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით, საქართველოს მთავრობა გაახარა, თუმცა ნოე ჟორდანიამ უცხოეთის სახელმწიფოთა საყურადღებოდ გააკეთა საგანგებო განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტერიტორიების შემოერთება საქართველოს მთავრობის გეგმაში არ შედის, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტუაფსემდე ქვეყნის დაცვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების, ბოლშევიკებისაგან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილების საჭიროებამ მიიყვანა. მთავრობის დიპლომატიური სიფრთხილე იყო ის მიზეზი, რომ ქართული ჯარის ეს წარმატებული ლაშქრობა არ გახმაურებულა. მხოლოდ 1918 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოში“ მცირე ინფორმაცია სათაურით – „შავი ზღვის პირის ჩვენი ჯარის ბრწყინვალე გამარჯვების ამბავი“. ნიკო თავდგირიძის მიერ სოხუმიდან გაგზავნილი ამ კორესპოდენციით შეიტყო ქართულმა საზოგადოებამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმების მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შესახებ. თბილისის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გენერალი მაზნიაშვილი 1918 წლის ოქტომბერში თბილისის ოლქის გენერალ-გუბერნატორად ინიშნება, 1918 წლის დეკემბერში კი – სომხეთის წინააღმდეგ მოქმედი ჯარის სარდლად. ქართული ჯარის წარმატებები ამ ომში მნიშვნელოვანწილად განაპირობა გენერალ მაზნიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციებმა. სომხებისათვის ინგლისელთა გარკვეული მხარდაჭერის გამო, სომხეთთან ომში მიღწეული გამარჯვების შედეგებით საქართველოს, ფაქტობრივად, არაფერი შემატებია. თუმცა ამან დაარწმუნა აგრესორი იმაში, რომ ქართული მიწა-წყლის ძალით მიტაცების მცდელობა ძვირად დაუჯდებოდა. ამ გამარჯვების სული და გული ბრძოლებში გამოწრთობილი სარდალი, გულმხურვალე მამულიშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი გახლდათ.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან