საზოგადოება

როგორ აკვირვებდა ყველას მარიამ ბაიდაური საკუთარი წარმატებით და როგორ მიიღო ის ამერიკის ექვსმა უნივერსიტეტმა

№38

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 27.09, 2022 წელი

მარიამ ბაიდაური
დაკოპირებულია

მარიამ ბაიდაური ქართველი სტუდენტია ამერიკაში, რომელიც ქიმიურ ინჟინერიას ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლობს. გიზიარებთ მისი წარმატების გზას.

მარიამ ბაიდაური: ამჟამად ამერიკაში, ოჰაიოს შტატში, Cose Western Kesevve University-ში ვსწავლობ. ქიმიური ინჟინერიის მეორე კურსზე გახლავართ. როგორც ყველა ამერიკულ უნივერსიტეტში, აქ მოსახვედრადაც აპლიკაციის შევსებაა საჭირო. ეს რთული და გრძელი პროცესია, რომელიც მოიცავს: ესეების დაწერას, შენ შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის შეგროვებას – კლასგარეშე აქტივობები, ნიშნები, მასწავლებლის რეკომენდაციები და ასე შემდეგ, მეცხრე კლასის შემდეგ თუკი რამ გაგვიკეთებია, ყველაფერს უთითებ და აგზავნი. კომისია განიხილავს შენს აპლიკაციას და იღებენ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ დგება დაფინანსების საკითხი. მოგეხსენებათ, ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლა საკმაოდ ძვირია. ამისთვის განიხილება კიდევ ერთი აპლიკაცია, რომელშიც უკვე შენი და შენი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ არის ინფორმაცია და საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე აპლიკაციის გათვალისწინებით იღებენ, შემოგთავაზონ თუ არა ადგილი მათთან და თუ გთავაზობენ, რამდენით დაგაფინანსონ.

– შენს შემთხვევაში, ასპროცენტიან დაფინანსებაზე გვაქვს საუბარი, არა?

– დიახ, დაფინანსებაში სრულად შედის სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯები. თუმცა ჩემი დაფინანსების ნაწილი გამომდინარეობს საერთაშორისო სკოლიდან – UWC, რომელშიც აქ ჩაბარებამდე, ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ორივე ერთად სრულად ფარავს საჭირო ხარჯებს.

– ქიმიური ინჟინერია – რა არის ამ პროფესიაში შენთვის განსაკუთრებით საინტერესო?

– ქიმია ჩემთვის ასოცირდება იმის შეცნობასთან, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა ჩემ გარშემო მოლეკულურ დონეზე. ქიმიური ინჟინერია კი უკვე მოიცავს იმას, თუ როგორ შეიძლება, მოლეკულური ცოდნით შექმნა ინოვაციები.

– როგორც ვიცი, შენი მონაცემები ათ უნივერსიტეტში გაგზავნე და ექვსისგან დადებითი პასუხი მიიღე. რის მიხედვით გააკეთე არჩევანი?

– ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ უნივერსიტეტის რეიტინგი, არამედ, დაფინანსებაც. სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი, ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა უნდა გამეთვალისწინებინა. იყო უნივერსიტეტები, რომლებმაც უარი მითხრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაფინანსებას ვერ მთავაზობდნენ და ჩემს ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, პირობითად, 183 ათასი გადაეხადა.

ავარჩიე Cese Western Reserve-ის უნივერსიტეტი, რომელიც დაფინანსებასაც მაძლევდა და თან, ჩემთვის აქ შედარებით უკეთესი გარემოა, რადგან ეს სკოლა მაქსიმალურად ორიენტირებულია ინჟინერიასა და სამეცნიერო სფეროზე, რაც მე მეტ შესაძლებლობას მაძლევს ამ სფეროში განვითარებისთვის.

– პირველი პერიოდი, ალბათ, რთული იყო.

– მალევე შევეგუე, რადგან უკვე მქონდა საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება – როგორც გითხარით, ორი წელი საერთაშორისო სკოლაში ვსწავლობდი. გარდა ამისა, ამერიკაში პირველად 15 წლის ასაკში, გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი და ამჯერად, ანუ უკვე მეორედ, მარტივად შევეგუე აქაურობას. სწავლის მხრივაც არ გამჭირვებია, რადგან ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული, რაშიც საერთაშორისო სკოლაში სწავლა დამეხმარა.

– როგორც ჩანს, საერთაშორისო სკოლამ ბევრი რამ განსაზღვრა, კერძოდ სად სწავლობდი?

– ბოლო ორი წელი ვსწავლობდი UWC Dilijan College-ში. ეს არის გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების მოძრაობა, რომელსაც მსოფლიოს 18 ქვეყანაში აქვს სკოლები. საერთო ჯამში კი, ამ პროცესში 150 ქვეყანა არის ჩართული. აქ სწავლა შესაძლებელია სკოლის ბოლო ორი, დამამთავრებელი წელი. მე საქართველოდან თერთმეტი კლასის დამთავრების შემდეგ წავედი და რადგან პროგრამა ორწლიანია, პლუს ერთი წელი მომიწია სწავლა. მაგრამ ღირდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს სკოლა დიდ შესაძლებლობებს მომცემდა და იქიდან ამერიკის ან რომელიმე სხვა ქვეყნის კარგ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გარანტირებული მექნებოდა. ხშირად მეუბნებოდნენ, რატომ დაიმატე წელიო. ბევრისთვის გაუგებარი იყო, რატომ ვისწავლე 13 წელი, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სკოლა დიდ შესაძლებლობებს მომცემდა სწავლისა თუ პიროვნული განვითარების მხრივ. როგორც გითხარით, ეს სკოლა 18 ქვეყანაში არსებობს და მე სომხეთში, ქალაქ დილიჟანში გამანაწილეს.

– სად მიიღე დაწყებითი განათლება?

– ყველას უკვირს, როცა ამას ვამბობ, ხაშურის საჯარო სკოლაში-მეთქი. UWC-ში რომ ვაბარებდი, შესარჩევების დროს, თითქმის ყველა მოსწავლე თბილისის და ძირითადად, კერძო სკოლიდან იყო. როცა ვთქვი, რომ მე რაიონიდან ვიყავი და არასდროს მისწავლია კერძო სკოლაში, გაუკვირდათ. პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, ქალაქ ხაშურის ნომერ მერვე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ამან ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია. გაუკვირდათ, რომ მე სააპლიკაციო პროცესიდან ბოლო ეტაპამდე მივაღწიე. რაიონის საჯარო სკოლიდან რომ ასეთ წარმატებას აღწევ, უკვირთ.

– კიდევ უფრო პატარა წასულხარ გაცვლითი პროგრამით ამერიკაში. ესეც გააკვირვებდათ.

– დიახ, მაშინ 15 წლის ვიყავი. ამერიკის საელჩოსთან ჩემი პირველი შეხების მიზეზი იყო პროგრამა „სტარტაპი ახალგაზრდებისთვის“, სადაც მოწვეული სპიკერები გვიკითხავდნენ ლექციებს. შემდეგ საელჩომ ინდიანას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გამოაცხადა გაცვლითი პროგრამა – „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა“. საქართველოდან ათ ბავშვს მიეცა ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა. როდესაც აპლიკაციას ვავსებდი, მახსოვს, ყველა მეუბნებოდა, რომ შანსი არ მქონდა. ამბობდნენ, რომ რაიონის და თან საჯარო სკოლის მოსწავლის აპლიკაციას არც კი წაიკითხავდნენ. თუმცა, აქ დიდი როლი დედაჩემმა ითამაშა – დამაძალა, არ დავნებებულიყავი და აპლიკაცია შემევსო. ასეც მოვიქეცი: 10 ივნისს, ჩემს დაბადების დღეს შევავსე და გავაგზავნე. შემდეგი ეტაპი იყო ინტერვიუ, რომელიც აკანკალებულმა დავასრულე და მეგონა, რომ თავი ვერ გავართვი, მაგრამ ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს: მარიამ, შენ ამერიკაში მიდიხარ.

– ალბათ, დღეს აღარავინ ფიქრობს, რომ რაიონის სკოლაში სწავლით საკუთარ განვითარებას რამე დააკელი.

– მახსოვს, ხალხი ვერ იგებდა, რატომ მივდიოდი სომხეთში ორი წლით. FLEX-ის პროგრამიდან მქონდა შემოთავაზება და შემეძლო, ამერიკაში წავსულიყავი ერთი წლით, სომხეთში საერთაშორისო სკოლის ორწლიანი გამოცდილება ვარჩიე ამერიკას და ამის ახსნა ხალხისთვის ცოტა რთული იყო. თუმცა, როცა დავბრუნდი, უკვე ჰქონდათ იმედი, რომ მომავალში მეტი წარმატება მელოდა. ახლა ხშირად მეუბნებიან, შენგან აღარაფერი გაგვიკვირდებაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა