საზოგადოება

როგორ აქცია მირზა პაპუნა დავითაიამ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები ანიმაციის გმირებად და როგორ აღიარეს ის ჰოლივუდური ბლოკბასტერების საუკეთესო ალტერნატივად

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:30 03.11, 2022 წელი

პაპუნა დავითაია
დაკოპირებულია

რეჟისორმა მირზა პაპუნა დავითაიამ „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ეკრანიზაცია გააკეთა. მან ლეგენდარული ქართული პოემის გმირები ანიმაციაში გააცოცხლა და ფილმის მსოფლიო პრემიერა „ჰოლივუდში“ გამართა.

მირზა პაპუნა დავითაია: ეს პროექტი 2011 წელს დაიწყო. მაშინ სახელმწიფო სამსახურში ვიყავი და ქართული დიასპორებისთვის „ვეფხისტყაოსნის“ აუდიოვერსიის შექმნის იდეა წამოვაყენე. იცით, რომ ჩვენ გვყავს ისტორიული დიასპორა თურქეთში, ირანსა და სხვა ქვეყნებში. მათ ქართულად ლაპარაკი იციან, მაგრამ წერა-კითხვა – არა და შესაბამისად, „ვეფხისტყაოსანთან“ წვდომა მათთვის აუდიოვერსიით ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა. სწორედ მათთვის ჩავწერეთ „ვეფხისტყაოსნის“ აუდიოვერსია, რომელსაც ჩვენთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობები კითხულობდნენ. კარგი პროდუქტი გამოვიდა, რომელიც გარდა იმისა, რომ დიასპორებისთვის გამოვიყენეთ, ჩემთვისაც ძალიან საყვარელ პროექტად იქცა. მანქანაში სულ ჩართული მქონდა და დღე და ღამე ვუსმენდი. გამომდინარე იქიდან, რომ თან მხატვარი ვარ, მაქვს თვისება, მოსმენილი ვიზუალურად წარმოვიდგინო. მოსმენილი ნელ-ნელა სცენებად იხატებოდა, მაგრამ მაშინ მის ფილმად გადასაღებად დრო არ მქონდა. 2013 წელს დავიწყე ამაზე მუშაობა და სცენარი დავწერე. თავიდანვე მინდოდა, მულტიპლიკაციური ფილმი გამეკეთებინა და პროექტი კინოცენტრში შევიტანე, მაგრამ არ დამიფინანსეს. თუმცა, სცენარი თაროზე არ შემომიდევს. ავდექი და დავიწყე მის მიხედვით კომიქსების გაკეთება. 2015 წელს ლოს-ანჯელესში გადავსახლდი. ამერიკა და იაპონია არის ის ორი ქვეყანა, სადაც კომიქსის ძალიან დიდი კულტურა არსებობს. ლოს-ანჯელესში კომიქსის გაკეთება შევისწავლე, ხატვა ისედაც ვიცოდი, რადგან ბავშვობიდან ვხატავ და განათლებით ფერმწერი ვარ. კომიქსების ტექნოლოგიაც რომ ვისწავლე, „ვეფხისტყაოსნის“ კომიქსი გავაკეთე და გამოვეცი კიდეც. ის 2016 წელს „არტანუჯმა“ გამოსცა და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სცენარი ხომ დიდი ხნით ადრე მქონდა მზად, ამ კომიქსების წყალობით კი, პრინციპში, უკვე კადრირებაც მქონდა...

– ანუ, „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციისთვის ნახევარ საქმეზე მეტი გაკეთებული იყო.

– დიახ, ეტაპობრივად ვუახლოვდებოდი საბოლოო მიზანს. ბოლოს სცენარი ცოტა შევცვალე და 2019 წლის ბოლოს გადაღება დავიწყე. გამომდინარე იქიდან, რომ ამის გადაღება ძალიან დიდ მასშტაბებთან არის დაკავშირებული, ვფიქრობდი, რა ტექნიკა გამომეყენებინა. გადავწყვიტე როტოსკოპის ტექნიკისთვის მიმემართა, ანუ, რეალური მსახიობები გადამეღო და ფონები დამეხატა. საკმაოდ ცნობილი მსახიობები გადავიღეთ. ფატმან-ხათუნი არის ლელა წურწუმია, ნესტან დარეჯანი – მანიკა ასათიანი, ავთანდილი – გიორგი ცხადაძე, ტარიელი – გივიკო ბარათაშვილი, როსტევანი – ალეკო ბეგალიშვილი და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან კარგი ქასთი მყავს.

– პრემიერა „ჰოლივუდში“ გქონდათ. როგორ შეარჩიეთ ადგილი?

– გამომდინარე იქიდან, რომ ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ და სხვა ფილმებსაც ვიღებ, რომლებსაც იქ დისტრიბუციას ვუკეთებ, ამ სფეროში ცოდნა და გამოცდილება მაქვს. ვიცი, სად როგორი კინო-თეატრია, რომელი კინოთეატრი უშვებს ამ ტიპის ფილმებს და ასე შემდეგ. იქ კინო-თეატრების რამდენიმე ქსელია. არის ქსელი, რომელიც ძირითადად „მეინსტრიმ ფილმებს“ უშვებს, მაგალითად, „მარველის“ კომიქსებს, არის კინოთეატრების ქსელი, როგორიცაა „ლემლი“, სადაც „ვეფხისტყაოსანი“ გამოვიდა და ის უფრო მეტად, განკუთვნილია არტჰაუსული, უცხოენოვანი ფილმებისთვის. ის ამ ტიპის კინოთეატრების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ძალიან პრესტიჟული ქსელია და ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ჩვენს სტილს. იქაური კრიტიკოსები რევიუებში წერენ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ არის ძალიან კარგი ალტერნატივა „ჰოლივუდური“ ბლოკბასტერებისთვის. იმიტომ, რომ მისი ესთეტიკა არის უფრო ევროპული, სწორედ ასეთი არის ეს კინოთეატრიც და მაყურებელიც შესაბამისი ჰყავს.

– როგორია მაყურებლის, პრესისა და კრიტიკოსების შეფასებები?

– ქართველი მაყურებლისგან, რა თქმა უნდა, მივიღებ შეფასებებს, მაგრამ ის ვერ იქნება იმდენად ობიექტური, რამდენადაც ამერიკელი კინოკრიტიკოსებისგან. იმიტომ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ქართველი მაყურებლისთვის კიდევ სხვა რამეა. ეს არ არის რიგითი ფილმი ან ისტორია, ეს ჩვენი ეროვნული საგანძურია და მის შესახებ ყველას ჩვენი წარმოდგენები გვაქვს. მაგალითად, თანამედროვე ქართველები გაზრდილები არიან სერგო ქობულაძის ილუსტრაციებზე და „ვეფხისტყაოსნის“ გმირები სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ.

– ამ მიზეზით გვიჭირს კიდეც სიახლეების მიღება.

– დიახ. მეცხრამეტე საუკუნის ქართველები, პირველად რომ ზიჩის ნახატებს დაინახავდნენ, მათთვისაც უცხო იქნებოდა, რადგან მიჩვეულები იყვნენ მამუკა თავახარაშვილის დახატულ ილუსტრაციებს. ანუ, ქართველ მაყურებელში წინასწარი განწყობა არსებობს. ამერიკელი კი მას უდგება, როგორც ჩვეულებრივ ფილმს და ამიტომ, მათი შეფასებები ძალიან საინტერესო იყო. მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ეს ფილმი „ჰოლივუდური“ ბლოკბასტერების ძალიან კარგ ალტერნატივად დაასახელეს. „ჰოლივუდი“ იმეორებს ერთსა და იმავეს. არ რისკავენ, რადგან ეს კინოინდუსტრია, პირველ რიგში, ბიზნესია და შემდეგ – ხელოვნება. ამიტომ აკეთებენ რიმეიქებს და ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ. კრიტიკოსები სიახლეებს ელოდებიან და მათთვის ეს „ვეფხისტყაოსანი“ ძალიან დიდი სიახლეა. მიზეზი ბევრია: პირველ რიგში, ისტორია არის განსხვავებული, ვიზუალია განსხვავებული, არ ჰგავს ამერიკულ ტიპურ მულტფილმს და ეს მოეწონათ. ძალიან საინტერესო შედარებები გააკეთეს ძველ, შუა საუკუნეების ინგლისურ ლიტერატურასთან, მაშინდელ ეპოსთან, მაგალითად: „რომეო და ჯულიეტასთან“, „ტრისტან და იზოლდასთან“.

– ძალიან ცნობილი ამერიკული გამოცემების ყურადღება დაიმსახურეთ.

– ფაქტობრივად, ყველასი: „ბროდვეი ნიუსი“, „დეილი ნიუსი“, „ფოქს ნიუსი“ და ასე შემდეგ. ბევრი დიდი ამერიკული გამოცემა წერდა ამ პრემიერაზე.

– როდის იგეგმება მისი ქართული პრემიერა და როგორია ფილმის მომავალი პერსპექტივა?

– ფილმი ხუთ ძალიან პრესტიჟულ ფესტივალზე იქნება წარდგენილი. ველოდებით დანარჩენებს. გამომდინარე იქიდან, რომ „ჰოლივუდის“ კინოთეატრებში უკვე გამოვიდა, შეგვიძლია, „ოქროს გლობუსზეც“ წარვადგინოთ და გვაქვს კიდეც შესაბამისი გეგმა. „ოქროს გლობუსის“ კრიტიკოსებს უკვე ვაჩვენეთ და იქიდანაც ძალიან კარგი გამოხმაურებები გვაქვს. გვინდა, საახალწლოდ ქართველ მაყურუბელსაც ვაჩვენოთ.

– ახლახან თბილისში თქვენი კიდევ ერთი ნამუშევრის, „ვიწრო ხიდის“ ჩვენება გაიმართა, რომელიც უკრაინაში გადაიღეთ. წინასწარმეტყველება გამოგივიდათ ამ ფილმის სახით. ერთ ინტერვიუში ამბობდით, ძალიან გამიჭირდა უკრიანული მხარის დარწმუნება იმაში, რომ რასაც რუსეთი ჩვენს ქვეყნებში სჩადის, ძალიან ჰგავს ერთმანეთსო. ძალიან ცოტა დრო გავიდა და სამწუხაროდ, ამაში ყველა კარგად დარწმუნდა. „აგვისტოს ხუთი დღით“ დაიწყეთ იმ თემაზე მუშაობა, რომელსაც რუსულ-ქართული ურთიერთობა ჰქვია და „ვიწრო ხიდი“ თითქოს, მისი გაგრძელება გამოვიდა, ამჯერად რუსულ-უკრაინული ურთიერთობების შესახებ.

– დიახ, უკრაინის კულტურის ფონდის კომისიის წევრების დარწმუნება მომიწია. 2018-2019 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ყირიმი რუსეთს უკვე ანექსირებული ჰქონდა და დონბასში არააქტიური კონფლიქტი მიმდინარეობდა, კიევში და სხვა ქალაქებში, რომელსაც უშუალოდ არ ეხებოდა კონფლიქტი, ამ ყველაფერს გაუგებრობას მიაწერდნენ. არ ეგონათ, რომ ეს იყო რუსეთის მიზანმიმართული ქმედებები იმისთვის, რომ რუსული გაგებით, თავიანთი გავლენის ქვეშ „დაებრუნებინათ“ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ასე შემდეგ. ვუხსნიდი, რომ საქართველოში იგივე გავიარეთ, რომ ამ პროცესს სხვადასხვა ფაზები აქვს – თავიდან სეპარატისტების ხელით აწარმოებენ პროცესებს, მაგრამ რაღაც ეტაპზე თვითონაც გააქტიურდება, როგორც 2008-ში საქართველოში-მეთქი, მაგრამ ამის ბევრს არ სჯეროდა. მაშინ უკრაინაში, დაფინანსების მოსაპოვებლად, კომისიის წინაშე წარვადგინე პროექტი და სწორედ ამ კომისიისთვის მიწევდა იმის ახსნა, რომ ეს არის ძალიან აქტუალური თემა, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან უფრო აქტიურ ქმედებაზე გადავიდოდა და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ ფილმის გადაღება. ისე მოხდა, რომ კომისიის წევრების უმეტესობა დავარწმუნეთ და დაგვეხმარნენ ამ ფილმის დაფინანსებაში, მაგრამ დღეს რომ მიწევდეს ამ ფილმის დაცვა ამავე კომისიის წინაშე, ამდენი ძალისხმევა ნამდვილად არ დამჭირდებოდა.

რაც შეეხება ფილმს „აგვისტოს ხუთი დღე“, 2008-ში მომხდარი ამბების შემდეგ გადავწყვიტეთ, ფილმი გაგვეკეთებინა ამ თემაზე. ერთი არის ნიუსი, რომლის საშუალებითაც ადამიანები ინფორმაციას იღებენ, მაგრამ ყველა არ უყურებს ნიუსს, თუმცა უყურებენ ფილმს. ფილმი ძალიან კარგი ენაა ადამიანებისთვის გარკვეული ინფორმაციის მისაწოდებლად. არ შეიძლება, ეს პირდაპირ მოხდეს, ასე პროპაგანდას დაემსგავსება, მაგრამ ასეთი გლობალური პოლიტიკური თემების შესახებ შეიძლება, ადამიანური ისტორიით მოყვე. ასეა „ვიწრო ხიდშიც“, ამ ფილმში მოტივი ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლიდან“ ავიღეთ. მთავარი გმირი ნადირობისას შემთხვევით აღმოჩნდება მტრის ტერიტორიაზე, როგორც სტუმარ-მასპინძელში ზვიადაური აღმოჩნდება ქისტების ტერიტორიაზე. „აგვისტოს ხუთ დღეში“ კი ვყვებით საერთაშორისო ჟურნალისტის ამბავს და ომი ფონად მიმდინარეობს. ორივე ომის ფონზე დანახული ადამიანური ისტორიებია. ეს ორი ფილმი ერთი დიდი ომის ორი სხვადასხვა ეპიზოდია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა