საზოგადოება

როგორ აქცია ბიძინა მახარაძემ დედაქალაქი საკუთარ სოფლად და რა არ აპატია მას არცერთმა ქალმა

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 28.06, 2023 წელი

ბიძინა მახარაძე
დაკოპირებულია

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ბიძინა მახარაძე არ უყვარს და ვინც მის იუმორს არ აფასებს. ყველაფერი წლების წინ, თავიდანვე განსაკუთრებული წარმატებით დაიწყო...

ბიძინა მახარაძე: გონიოში დავიბადე, მაგრამ ისე მოხდა, რომ არ მომიხდა იქაური ნესტიანი ჰავა, ნამეტანი გალურჯებული ბოვში ვიყავი და ამიტომ დედამ თავის მხარეში, ხაშურში წამიყვანა, ბებიასთან. ასე გადავრჩი, ხაშურის კლიმატმა მიხსნა. ხუთ წლამდე იქ ვიზრდებოდი და რაღაცას დავემსგავსე (იცინის). ამ ჩემი გამაგრებული ორგანიზმით მერე ისევ გონიოში წამიყვანეს და რვა კლასამდე იქ ვიყავი, მანამ, სანამ თბილისში არ გადმოვედი. საქმე ისაა, რომ მათემატიკური ნიჭი აღმომაჩნდა და კომაროვის სკოლაში მოვეწყვე. მე-9-მე-10 კლასში იქ ვსწავლობდი. შემდეგ უნივერსიტეტთან შედარებით, უფრო იოლი გზა ავირჩიე – ეს იყო „გეპეი“ და სწავლა იქ გავაგრძელე.

– მათემატიკის ნიჭი გქონიათ, ამ მიმართულებით რატომ არ წახვედით?

– სიმართლე რომ ვთქვათ, მე ბევრი რამის ნიჭი მქონდა. სოფელში მათემატიკით გამოვირჩეოდი და მათემატიკურ სკოლაში – სპორტული მონაცემებით. საქართველოს ჩემპიონი გავხდი ხელბურთში. „გეპეიში“ სწავლის დროს უკვე მსახიობობით გამოვირჩეოდი (იცინის). დიპლომი რომ დავიცავი, ოლიმპიადაზე ფინალურ კონცერტზე გამოვედი და პაროდიები გავაკეთე. 1975 წელი იყო. მაშინ ეს ახალი ხილი იყო. ბიჭო, ეს ვინ გვყოლია, სად იყავი აქამდეო, მითხრეს და დამტოვეს „გეპეიში“ კათედრაზე. ეს ფორმალურ ხასიათს ატარებდა, იმ მიზნით, რომ ორკესტრში ვყოფილიყავი. შემდეგ მითხრეს, ან დისერტაცია დაიცავი ან ხელოვნებას გაჰყევი, სულ ასე არ გამოვაო. ხელოვნება ავირჩიე და მივყვები.

– ესე იგი, სამეცნიერო საქმიანობაზე უარი თქვით.

– კი, მქონდა ამის შანსი. სხვათა შორის, ჩემმა ნათესავებმა ვერ გამიგეს. ბიჭო, რას ლაპარაკობ, რა დროს ხელოვნებაა, დოცენტი გამოხვალო, მეუბნებოდნენ. მაშინ ხელოვნება ყვაოდა, მაგრამ ხალხში მაინც იყო ეს დამოკიდებულება. მახსოვს, ბიცოლამ მითხრა, სად დოცენტი და სად მსახიობიო?! მე ვუთხარი, ჩანტლაძე ხომ არის მსახიობი-მეთქი. – ახლა, ჩანტლაძისნაირი ხო არ იქნებიო, – მიპასუხა. რატომ არ ვიქნები-მეთქი?! ყველა წინააღმდეგი იყო, არავის უნდოდა ჩემი მსახიობობა. მხოლოდ ერთმა ბიძამ თქვა, რა გაუჭირეთ საქმე, თუ მსახიობობა უნდა, მსახიობი იყოსო. „გეპეის“ დამთავრების შემდეგ ფილარმონიის მსახიობი გავხდი. სხვათა შორის, პირველად რომ მივედი, არ ამიყვანეს.

– რა დაგიწუნეს?

–საქართველოა, პატრონი უნდა გყავდეს. „გეპეიდან“ „ცისფერ ტრიოსთან“ ვძმაკაცობდი და მერე თამაზ სეფერთელაძემ მიმიყვანა. მაშინვე ამიყვანეს. 1977 წლიდან უკვე ესტრადის პროფესიონალი მსახიობი ვარ, ასეა დღემდე.

ეს ნიჭი გენეტიკურიცაა. მამაჩემი სოფელში საუკეთესო იუმორისტი იყო. აბესალომ მახარაძესთან ერთად ქეიფი ერთი სიამოვნება იყო. ბაბუა ლოტბარი, მომღერალი გახლდათ. შეიძლება ითქვას, სცენაზე მოკვდა. მამაც მღეროდა „შვიდკაცაში“. სხვათა შორის, მეც ვმღეროდი „შვიდკაცაში“, ოღონდ მოსკოვში. მახარაძეებისგან იუმორი გამომყვა. დედის ხაზით სპორტული მონაცემები მივიღე მემკვიდრეობით. თუმცა, არა მხოლოდ. საწყალ დედასაც ჰქონდა პაროდირების ნიჭი. თურმე, თეატრი უნდოდა, მაგრამ პაპაჩემი თეატრში გაუშვებდა თავის გოგოს?! ეტყობა, ეს ყველაფერი შეჯამდა ჩემში და ასეთი რამ გამოვიდა.

– დიდი აღიარების პერიოდი როდის მოვიდა?

– პაროდია საქართველოში იმდენად ახალი ხილი იყო, უცებ აიტაცეს. რუსეთში იყვნენ ცნობილი პაროდისტები, საქართველოში – მე შემოვიტანე ეს მიმართულება. აქაც აკეთებდნენ, მაგრამ თითო-ოროლას, პირველი ვიყავი, ვინც ერთად 10-15 ადამიანის პაროდიას აკეთებდა. იმდენად უნიკალური იყო ეს ყველაფერი, ხალხმა მაშინვე აიტაცა. ცხოვრებაში 2-3 შემთხვევა მქონდა, როდესაც ტაში ვერ გავაჩერე. პაროდირება რომ მივატოვე, მერე გავმსახიობდი. ახლა მესამე ეტაპი მაქვს, ვავტორობ. ვთარგმნი, ანუ ნახევრად ავტორი გამოვდივარ და ახლა ამით ვიქცევ თავს. ადრე სხვას ვართობდი და ახლა მე თვითონ ვერთობი ამით (იცინის).

– როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, ყველამ რომ შეგიყვარათ და საოცრად პოპულარული გახდით?

– თავიდან გიკვირს, მერე გიხარია და მერე უკვე ეჩვევი. ახლა შენ რომ გელოდებოდი, ათი ადამიანი მაინც გამომელაპარაკა, სრულიად უცხო. ვინმე თუ არ მიცნობს, იმას ლანძღავენ, როგორ არ იცნობო (იცინის). თბილისში რომ ჩამოვედი, არ მომეწონა ქალაქური ცხოვრების წესი. სოფელი მაინც სულ სხვაა. ჩემს თავს ვუთხარი, ისეთი რამე უნდა გავაკეთო, რომ ჩემთვის სოფლად ვაქციო თბილისი-მეთქი და ზუსტად ასეა. როგორც სოფელში, სადაც არ უნდა შევიდე, ყველგან მცნობენ, სიყვარულს გამოხატავენ... ამ საქმეზე კი წამივიდა ერთი 40 წელი, მაგრამ ღირდა (იცინის).

– ახლა სიყვარულზე ვისაუბროთ. პირველად როდის გეწვიათ?

– პირველი სიყვარული საბავშვო ბაღში იყო. არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ ვიღაც მიყვარდა. სკოლიდან უკვე მახსოვს, რომ ეთერი მიყვარდა, ის ჩემი კლასელი იყო. რომეო და ჯულიეტას ასაკია – გინდა, არ გინდა, გიყვარდება, რა თქმა უნდა, პლატონური სიყვარულით.

– სერიოზული სიყვარული როდის გეწვიათ?

– მასეთი არ მქონია. მე იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე, მთელი ჩემი გრძნობა მისკენ იყო მიმართული. ჩემთვის ქალის სიყვარული გვერდითი მოვლენა იყო, რაც არასდროს არ მაპატია არცერთმა ქალმა. ამას ყველა გრძნობდა, იმიტომ რომ ერთი ცუდი თვისება მაქვს, არასდროს არავის ვატყუებ. ქალს არ უყვარს, როცა მასზე წინ საქმეს აყენებენ. შემეძლო მომეტყუებინა, მაგრამ რატომ?!

– ხომ ამბობენ, სიყვარული თუ არ გამოგიცდია, არ გიცხოვრიაო. ამაზე რას ფიქრობთ?

– სწორია. მე მიყვარდა და მიყვარს ჩემი საქმე. მე სამშობლო მიყვარს, რაც ძალიან ძნელი რამ არის. ქალი არის აუცილებლობა. ტოლსტოი წერს თავის დღიურებში, შეუძლებელია, ერთდროულად გიყვარდეს საქმეც და ქალიცო. 13 შვილი გაუჩინა ცოლმა და რომ კვდებოდა, ამბობდა, ცოლი არ დამანახოთო (იცინის). ჩეხოვსაც რომ ჰკითხეს, ცოლი რატომ არ მოგყავსო, უპასუხა, მყავსო. ვინო? - თეატრიო, უპასუხა. ასე გამოვიდა ჩემთანაც, პროფესიამ ჩამყლაპა.

– დიდ ხათაბალაში კი აღმოჩნდით პირველი ცოლის გამო. რატომ გამოვიდა ასე?

– მე ცოლის მოყვანა არ მინდოდა, იმან კი გათვალა, რომ ქართველი კაცი სჭირდება. თვითონ რუსი იყო.

– რატომ მოიყვანეთ, თუ არ გინდოდათ?

– დედაჩემმა მაიძულა. ხომ იცით, ქართველები დედას ვუჯერებთ. შვილი უკვე გვყავდა და დედას შვილიშვილი უნდოდა. პირდაპირ მითხრა, შენ ცოლის მომყვანი არ ხარო. მაიძულა, ხელი მომეწერა ამ ქალთან, გვარი მივეცი, ვარჩენდი, მაგრამ საბოლოოდ ეს ურთიერთობა მაინც დაინგრა. ეს არ იყო სიყვარული. გასაგებია, რომ უქალოდ ვერ იცხოვრებ და ამ ადამიანთან, უბრალოდ, ურთიერთობა მქონდა. თავიდანვე ვუთხარი, რომ მეტი არ მინდოდა და კიო, დამთანხმდა, თუმცა მერე მოხდა ის, რაც მოხდა.

– აბორტიც მოგითხოვიათ.

– კი, ასე იყო. დღეს სხვანაირად უყურებენ ამ საკითხს, მაშინ არ აღიქმებოდა ასე მტკივნეულად. კი საშინელებაა, მაგრამ მაშინდელი დამოკიდებულება არ იყო ასეთი მგრძნობიარე, ძალიან შეიცვალა განწყობები ამ საკითხის მიმართ. მით უმეტეს, რუსეთში ქალთან არასერიოზული ურთიერთობის გამო არავინ გეტყოდა რამეს. კი, შევთავაზე. ამისთვის სპეციალურად ჩავფრინდი. ვუთხარი, ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს და არ გამოვა ეგ ამბავი-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა. მერე ბავშვი რომ დაიბადება და დაინახავ, თუ ადამიანი ხარ, გადაირევი, აბა, რა, სხვანაირად წარმოუდგენელია და ასეც მოხდა. მეორე შვილიც შეგვეძინა და ბავშვები მიყვარდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდა. შვილებზე ვზრუნავდი, ფინანსურადაც სისტემატურად ვეხმარებოდი, 7 წელი ვიმუშავე „მოსენერგოში“, რომ ბავშვებს ბინა ჰქონოდათ. მოკლედ რომ ვთქვა, ბავშვების წინაშე რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთე, მაგ მხრივ, ვალში არ ვარ, მაგრამ როცა ქალს არ უყვარხარ, როცა არ უნდა ჩემთან, მეც არ მინდა მასთან.

– თვითონაც არ უნდოდა?

– არა, მხოლოდ ბინა უნდოდა მოსკოვში და სხვანაირად ვერ მიიღებდა. მას გეგმა ჰქონდა და იმის მიხედვით იქცეოდა. ახლა არ უნდა, კონტაქტი მქონდეს შვილებთან. იმიტომ რომ არ უნდა სიმართლე გაიგონ, გაიგონ, რომ ისე არ არის, როგორც ის უყვება. რაც საქართველოში ჩამოვედი, ანუ 2003 წლის შემდეგ, შვილები არ მელაპარაკებიან. მაგ დროს უფროსი უკვე დიდი იყო, ცოლი ჰყავდა, უმცროსი – 12 წლის. ჩამოსვლის შემდეგ ერთი წელი ვეკონტაქტებოდი, მერე აირია ურთიერთობები. არადა, მანამდე ყველაფერი ნორმალურად იყო. შვილიშვილიც მყავს, მაგრამ არ მაჩვენებენ. რთულია, მაგრამ, თუ გადარჩენა გინდა, უნდა შეეგუო, თორემ მიიღებ ინფარქტს.

– მეორე ოჯახი როგორ შექმენით?

– მარტო ცხოვრება ძნელია. შვიდი წელი ცოლის გარეშე ვიყავი, შემდეგ ისევ დავოჯახდი. კონცერტი მქონდა უზენაეს სასამართლოში და იქ გავიცანი მომავალი მეუღლე. კადრებში მუშაობდა. მერე კონცერტზე დავპატიჟე, კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ახლა ცოლზე რომ ვბრაზდები ხოლმე, მას კი არაფერს ვეუბნები, ის კონცერტი ვინც დაგეგმა, მას ვურეკავ და ვეჩხუბები (იცინის).

– ოჯახშიც ისეთი მხიარული ხართ, როგორც სცენაზე?

– მუდმივად ვერ ვიცინებ, გიჟი ხომ არ ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჩემს ცოლს რომ ჰკითხო, მძიმე ხასიათი მაქვს, მაგრამ მე არ ვეთანხმები (იცინის). ქალები რასაც მძიმეს ეძახიან, ის ჩვეულებრივი, მამაკაცური ხასიათია. კაცი უფრო დინჯი და ნაკლებად ემოციურია, ქალი – უფრო გახსნილი და ემოციური. ეს განსხვავება ბუნებრივია და ამის გამო არ ვფიქრობ, რომ მძიმე ვარ. თუმცა, ცუდი თვისება მაქვს, არ ვიტყუები, მხოლოდ სიმართლეს ვლაპარაკობ. სხვათა შორის, სულ სიმართლე, აუტანელი რამეა მოსასმენად. ტოლსტოი ამიტომ იყო აუტანელი, ტყუილს ვერ ათქმევინებდი.

– ალბათ, ამიტომაც ხართ მძიმე.

– მუდო, უჟმური და ჟმოტი – შემოკლებით არის „მუჟ“, ანუ ქმარი (იცინის). სინამდვილეში, ყველასთვის მუდო ვიქნები, ვინც აღმოაჩინეს, რომ ცხოვრებაში ისეთი არ ვარ, როგორიც სცენაზე. ეს არის სტერეოტიპი. რომ დამინახავენ, ხშირად იცინიან, მე ხან ვიცინი, ხან - არა, გააჩნია მდგომარეობას, სულ ხომ ვერ ვიცინებ, ამიტომ მუდო ვიქნები მისთვის, ვისთანაც არ გავიცინებ. მაგალითად, სუფრასთან რომ ვსხედვართ, ცოლი მიჯიკებს ხოლმე, ანეკდოტი მოყევი, მიდი, მოყევიო. მე ამ დროს ჩემთვის, მშვიდად ყოფნა მინდა. ასე გამოვდივარ მუდო. ერთხელ სუფრაზე ერთი კაცი მეუბნება, ბატონო ბიძინა, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურად იჯექი, მაინც გიცანიო. ერთხელ კიდევ, ქობულეთში მამიდაშვილთან ერთად ვზივარ, ვჭამ და მშვიდად ვსაუბრობ. ერთი-ორი საათის შემდეგ, ვიღაცას რაღაცის მოწოდება ვთხოვე და ძლივს არ გევიგონე შენი ხმაო, მაშინვე მისაყვედურა იმ ადამიანმა (იცინის). რადგან იუმორისტი ხარ, ესე იგი, ვალში ხარ, ყველგან და ყოველთვის აცინო ყველა. თუ ასე არ მოიქცევი, უჟმური ხარ.

– მითხარით, პენსიონერივით ვცხოვრობო და რას გულისხმობდით?

– ყველა ასაკს აქვს თავისი პლუსი. ახლა გაცილებით მეტი სულიერი სიმშვიდეა. ვთარგმნი, ვმუშაობ. წიგნი არასდროს მიყვარდა, მაგრამ სულ იუმორზე ხომ ვერ იქნები დამოკიდებული, ამიტომ დავიწყე სერიოზული ნაშრომების კითხვა. კომაროვს რომ დაამთავრებ, გაანალიზების უნარი გაქვს, ტვინიც გიჭრის, ასე რომ, რაღაც ახალს ვიძენ. ნიცშეს ვკითხულობდი ხშირად, მონტესკიეს, ბიბლიას... - სამაგიდო წიგნებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა