საზოგადოება

როგორ ახერხებს ერთდროულად ადვოკატობასა და მასწავლებლობას არტურ მურადიანი და რა შემთხვევაში ამბობს ის ბრალდებულის დაცვაზე უარს

№6

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:43 09.02

არტურ მურადიანი
დაკოპირებულია

არტურ მურადიანი – ახალგაზრდა, წარმატებული ადვოკატი და პარალელურად, ორი სხვადასხვა სკოლის პედაგოგი, ამბობს რომ მისი პროფესიები გარკვეულწილად კავშირშია ერთმანეთთან და ეს ეხმარება ორივე მიმართულებით თანაბრად წარმატებული იყოს. როგორ განვითარდა ის წლების განმავლობაში და კიდევ რა სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებ თავად გვესაუბრა.

არტურ მურადიანი: 2005 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია დავამთავრე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ვმუშაობდი პოლიციაში, ვიყავი ოპერატიულ სამსახურში, ასევე გახლდით გამომძიებელი. 2018 წელს პოლიციიდან წამოვედი და იმ პერიოდიდან დღემდე ვეწევი საადვოკატო საქმიანობას, პარალელურად, გავიარე მაგისტრატურა, სისხლის სამართლის მიმართულებით. ეს არის ჩემი ძირითადი მიმართულება და აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ უფრო ხშირად სამოქალაქო განხრით მიწევს მუშაობა.

– რა საქმეებზე მუშაობთ ამჟამად?

– მაქვს რამდენიმე საქმე, მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ბრალდება და ქურდობა, სომხეთის რეპუბლიკიდან იყვნენ გადმოსულები და ქურდობის მცდელობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

– საინტერესოა თქვენი მეორე პროფესია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება თქვენი ძირითადი საქმიანობისგან, პედაგოგიურ საქმიანობას ვგულისხმობ.

– სკოლაში ვასწავლი სამოქალაქო განათლებას. ეს საგანი ძალიან ახლოსაა ჩემს პრაქტიკულ საქმიანობასთან. მეორე სკოლაში კი ისტორიას ვასწავლი.

– როგორ ათავსებთ ამ ორ საქმიანობას ერთმანეთთან?

– ორივე სკოლიდან მაქვს ხელშეწყობა და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი საქმიანობა ისე გავანაწილო, რომ სასკოლო პროცესში ხელი არ შემეშალოს. ძალიან რთულია ერთდროულად ორ სკოლაში იყო დაკავებული და პარალელურად, საადვოკატო საქმიანობას ეწეოდე. ეს ყველაფერი დროის დეფიციტს ქმნის და ამ ამბით ყველაზე უკმაყოფილო ჩემი ოჯახის წევრები არიან, რადგან ყველაზე ნაკლები დრო ოჯახისთვის მრჩება.

– კიდევ რა მიმართულებით ხართ დაკავებული?

– ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე. სახალხო დამცველთან არსებობს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო და ამ საბჭოს წევრიც გახლავართ. ძალიან საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე გვიწევს მსჯელობა. იცით, ალბათ ცოტა ხნის წინ 14 წლის არასრულწლოვანი ქმარმა რომ მოკლა, ამ ამბავთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ნაადრევი ქორწინებების თემებზე ვმუშაობთ.

– თუ არის საქმე, რა შემთხვევაშიც უარს ამბობთ ბრალდებულის დაცვაზე?

– არის სტანდარტი, რომ ადვოკატმა უარი არ უნდა უთხრას კლიენტს დაცვაზე, მაგრამ ჩემი პრინციპი ასეთია, მე დარწმუნებული უნდა ვიყო ჩემი კლიენტის უდანაშაულობაში და მორალური საფუძველი უნდა მქონდეს თითოეული ადამიანის დასაცავად. მე ვიცავ უდანაშაულო ადამიანს, დამნაშავის გასამართლებლად კი არ მინდა, ტყუილის თქმა მიწევდეს. ყველა ადამიანი იმსახურებს დაცვას, მაგრამ ადვოკატის მუშაობა რომ ეფექტური იყოს, ჩემი აზრით, ის მორალური დილემის წინაშე არ უნდა იდგეს. როგორ მაღალ ანაზღაურებაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მე ჩემი მორალის წინააღმდეგ ვერ წავალ.

– თქვენი პროფესიის ადამიანისთვის, რომელიც მუდმივად დაკავებულია, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა, გაგვაცანით ისინი.

– მყავს მეუღლე და სამი შვილი, უფროსი გოგონა 15 წლისაა, მას ადვოკატობა უნდა და იმედია, ბოლომდე მიიყვანს საქმეს, მე პროკურორობას ვთავაზობ, მაგრამ არ სურს. მყავს პატარა ბიჭები 4 და 5 წლის. მე მათ არჩევანში არ ვერევი, მთავარია, ის საქმე აკეთონ, რაც ეყვარებათ და რისგანაც სიამოვნებას მიიღებენ. მე მიყვარს ჩემი პროფესია და ჩემი სამსახურები, რთულია, მაგრამ თუ გიყვარს, რასაც ემსახურები, ბევრად გიადვილდება პროფესიულ სირთულეებთან გამკლავება.

– როგორც ვიცი, მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებით და მუდმივად ზრუნავთ განვითარებაზე.

– ადამიანის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა, ამიტომ მეც მუდმივად მოძრაობაში ვარ. მაქვს საადვოკატო ოფისი, ვსწავლობ დოქტურანტურაზე საქართველოს ისტორიის მიმართულებით და გეგმაში მაქვს, მივიღო სამართლის დოქტორის ხარისხიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული