როგორ ახერხებდა ლადო სულაბერიძე სიკვდილის ბანაკებში ლექსების წერას და რისთვის დასაჯა ის ხელისუფლებამ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 19.12, 2023 წელი

ლადო სულაბერიძე 1919 წელს ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაიბადა. მამამისი – სიმონ სულაბერიძე, პირველი მსოფლიო ომის დროს მეფის არმიის პორუჩიკი იყო. დედა – მარიამ ნამიჭეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ ზედა ვანიდან იყო. ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. ლადომ მეოთხე-მეხუთე კლასიდან დაიწყო ლექსების წერა. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ მამამ ის ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში შეიყვანა, სადაც მისი პოეტური ნიჭი ქართულის მასწავლებელმა შენიშნა და მწერლის მომავალი განვითარებისთვის უკეთეს გარემოში, ქუთაისის მეორე საშუალო სკოლაში გადაიყვანა. მეათე კლასში სწავლის დროს ლადო სულაბერიძის ლექსები ხშირად იბეჭდებოდა საქალაქო გაზეთ „ინდუსტრიულ ქუთაისში“ და უკვე მონაწილეობდა ქუთაისის მწერალთა კავშირის მიერ გამართულ საღამოებშიც.
1938 წელს ძმები ლადო და შოთა სულაბერიძეები თბილისში ჩამოვიდნენ. ლადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მისი ძმა – სამედიცინო ინსტიტუტში. 1941 წელს ლადო მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. 1942 წლის 18 მაისს ქერჩთან მძიმედ დაჭრილ გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა. ორი თვის განმავლობაში ის ფეოდოსიის ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა, იქიდან კი დასავლეთ უკრაინის ქალაქ ვლადიმირო-ვოლინსკის ტყვეთა სიკვდილის ბანაკში გადაიყვანეს.
სასიკვდილო ტყვეობისგან თავის დაღწევის მიზნით ლადო გერმანელების შეთავაზებაზე დათანხმდა. მისი თქმით, იმ სიტუაციაში ეს იყო გადარჩენის ერთადერთი შანსი. ის ზასლავაში გადაიყვანეს, სადაც კავკასიელებისგან დაკომპლექტებულ სამთო ანუ „ბერგმანის ბატალიონში“ ოცეული ჩააბარეს.
პოეტურ საქმიანობას ამ სიტუაციაშიც აგრძელებდა: ასეულის მეთაური დაითანხმა, რომ ზასლავაში განლაგებული „ბერგმანის ბატალიონისთვის“ ბერლინში საგანგებოდ ლეგიონერებისთვის გამომავალი გაზეთი „საქართველო“ გამოეგზავნათ. ამ გაზეთში დაბეჭდა ნარკვევი „ბერგმანის ბატალიონის” შესახებ და ლექსები „ამურის” ფსევდონიმით. სულაბერიძის პოეტურ შემოქმედებას მაშინ ისეთი მოწონება დაუმსახურებია, რომ გაზეთ „საქართველოს“ გამომცემელთ მისი ლექსების ცალკე კრებულად გამოქვეყნება გადაუწყვეტიათ.
ზასლავაში სამთვიანი ყოფნის შემდეგ ლადო სულაბერიძის ასეული დასავლეთ უკრაინის ერთ დაბურულ ტყეში გადაიყვანეს სურსათის შესანახ ბანაკში საწყობების დატვირთვა-გადმოსატვირთად. იქვე ერთ-ერთ სოფელში 24 წლის ლადო სულაბერიძე სიყვარულმა 16 წლის უკრაინელ გოგონასთან დააკავშირა. ვალია ფეხმძიმედ იყო, როცა ლადოს ასეული ბელორუსიაში გადაიყვანეს, რადგან „წითლებმა“ უკრაინის ფრონტი გაარღვიეს.
1944 წლის გაზაფხულზე ალყაში მოხვდნენ და ამჯერად პოლონეთს შეაფარეს თავი. ლადო თავისი ასეულის საფრანგეთში გადაყვანის ნებართვისთვის ათდღიანი მივლინებით ბერლინში ჩავიდა. პასუხის მიღება ვერ მოასწრო, რადგან პოზნანში რუსები შევიდნენ და გერმანულ მუნდირებში გამოწყობილმა ქართველმა ლეგიონერებმა სიცოცხლის გადასარჩენად თავიანთი მუნდირებისა და იარაღის სამოქალაქო ფორმაში გადაცვლა დაიწყეს. გერმანელების არმიის უკან დახევის შემდეგ ის თავის საბრძოლო შენაერთს ჩამოშორდა და საბჭოთა ჯარის მიერ კონტროლირებად ქალაქში მარტოდმარტო დარჩა. 1945 წლის ბოლოს კი, ტყვედყოფილისა და ლტოლვილის სტატუსით, ლტოლვილთა ნაკადთან ერთად გერმანიაში გადავიდა.
ბერლინში ლადო სულაბერიძეს რუსებმა სარეპატრიაციო ბანაკის კომენდანტობა მიანდვეს. ბანაკი ბერლინის გარეუბანში, ბისდორფში მდებარეობდა. ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სხვა ტყვედყოფილებთან ერთად, ქალაქ კოზელსკის დიდ შემკრებ პუნქტში ჩაიყვანეს. მალე მის შესახებ მოსკოვიდან მოვიდა დასტური, რომ ის ტყვედჩავარდნამდე საბჭოთა არმიაში ლეიტენანტი იყო და დემობილიზაციით თბილისში გამოუშვეს.
ლადო სულაბერიძე თბილისში 1945 წლის დეკემბერში დაბრუნდა. ამ დროიდან მოყოლებული 1948 წლამდე პოეტს თავისუფლად და შეუზღუდველად ცხოვრების უფლება ჰქონდა მიცემული და მისი ბიოგრაფიის ეს პერიოდი, შემოქმედებითი თვალსაზრისით, საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 1947 წელს ის მწერალთა კავშირის წევრად მიიღეს და ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკური კომიტეტის მდივნობაც ჩააბარეს. ლადო სულაბერიძემ შეადგინა ლექსების პირველი კრებული „ყირიმის ღამეები“ და გამოსაცემად გამომცემლობა „საბლიტგამში“ ჩააბარა. „ყირიმის ღამეები“ გამოიცა, მაგრამ ავტორის დაპატიმრებისთანავე ტირაჟი დაჭრეს და გადაყარეს. წიგნის ერთადერთი ეგზემპლარი გადარჩა, რომელიც გამოცემისთანავე გაიგზავნა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში.
1948 წლის 7 მარტს პოეტი სამშობლოს მოღალატეობის ბრალდებით დააპატიმრეს და 1950 წელს სასჯელის მოსახდელად ციმბირში, კერძოდ კი მაგადანის ოლქის დაბა კალიმაში გააგზავნეს. უმძიმესი პირობების მიუხედავად, გაციმბირებული ლადო სულაბერიძე ლექსების წერას მალულად ახერხებდა. ცემენტის ყუთების ქაღალდისგან თავისი ხელით შეკრულ ორ პატარა წიგნაკში მან 67 ლექსი და 8 პოემა ჩაწერა. ეს ორი წიგნაკი მასზე ადრე გათავისუფლებულმა ქართველმა მეგობრებმა გულაგის ლაგერიდან ფარულად გამოიტანეს და თბილისში მის მშობლებს ჩააბარეს. ლადო 1956 წელს გაათავისუფლეს.
ლადო სულაბერიძე პოემებისთვის, „შემოდგომის დღის ქრონიკა“ და „ლოდზე ამოკითხული თქმულება“, აგრეთვე, ლექსების ციკლისთვის – „თბილისი დამიმშვენე“, საქართველოს მწერალთა კავშირის ლიტერატურული პრემიებით დაჯილდოვდა. 1985 წელს მან გამოსცა რომანი „ზღვისკენ მიმავალი გზები“. ლირიკული ლექსების კრებული „ჩამავალ მზესთან“ პოეტის ბოლო გამოცემაა.
1993 წელს მწერალთა კავშირის მიერ სათავგადასავლო რომანი „ცხადსიზმარიანა“ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურულ პრემიაზე იქნა წარდგენილი.
ლადო სულაბერიძე ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს საკუთარ ბინაში გულის შეტევით გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პოეტი დასაფლავებულია მშობლების გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე.
გამოყენებული მასალების წყარო: wikipedia.org/wiki/ლადო_სულაბერიძე; ნიკოლეიშვილი ავთანდილ. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულ არმიაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერი პოეტები//ქართული ემიგრაცია; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან