საზოგადოება

როგორ აიძულებდნენ კოტე მიქაბერიძეს თავი დამნაშავედ ეგრძნო და რა ფორმით უხდებოდა მას საბჭოთა ხელისუფლებისთვის ბოდიშების მოხდა

№8

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 27.02

კოტე მიქაბერიძე
დაკოპირებულია

კოტე მიქაბერიძე – მსახიობი, კინორეჟისორი, შესანიშნავი მხატვარი, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კინოშედევრის ავტორი და, მაინც, ყველაზე ტრაგიკული ბედის ადამიანი. მისი ბიოგრაფია ზუსტად ასახავს საბჭოთა ეპოქის „ატმოსფეროს“ და იმ ათასობით ადამიანის ბედს, რომლებიც, მართალია, ფიზიკურად გადარჩნენ, მაგრამ მორალურმა წნეხმა სრულიად გაანადგურა. ის არ დაუპატიმრებიათ მაშინ, როდესაც სისტემის საწინააღმდეგო ფილმი „ჩემი ბებია“ გადაიღო, „დიდი ტერორის“ ეპოქასაც შემთხვევით გადაურჩა. ის დააპატიმრეს მაშინ, როდესაც ბრძოლისგან, ბევრჯერ დამარცხებისა და იმედგაცრუებისაგან დაღლილს, 60 წელს გადაცილებულს, უბრალოდ, ნერვებმა უმტყუნა. დღეს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან და მუზეუმებთან წვდომა შესაძლებელია, მინდა, მისი დღიურებით ზუსტი, თანმიმდევრობით გავყვეთ მოვლენებს და გავიგოთ, როგორი გზა გაიარა ამ გენიალურმა, იმ დროის თანამედროვე რეჟისორმა, კოტე მიქაბერიძემ საპატიმრომდე და მის შემდეგ. მაგრამ მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

კოტე მიქაბერიძე ერთ-ერთი იყო მრავალ კინემატოგრაფისტთა შორის, რომელიც კინოში თეატრიდან მოვიდა და მოგვიანებით კი კინორეჟისურაში სცადა ბედი. მისი პირველი ფილმი „ჩემი ბებია“ ჩაფიქრებული იყო, როგორც სატირული კომედია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის საბჭოთა იდეოლოგიის აბსურდულობას დასცინოდა. აჩვენებდა ბიუროკრატიულ სისტემას, რომელიც ვეღარ ფუნქციონირებდა... სერგეი ტრეტიაკოვი ამბობდა კიდეც: „ექსცენტრიკული კომედიის შექმნის მცდელობა, ეს საბჭოთა პირობებში ურთულესი ჟანრია, სატირა და პროკურატურა გვერდიგვერდაა”...

„ჩემი ბებია“ აღმოჩნდა მრავალი წარუმატებლობის დასაწყისი, დაბრკოლებათა უწყვეტი ჯაჭვის პირველი რგოლი. ამ ფილმს მოჰყვა ბევრი განუხორციელებელი, შეჩერებული, დაუმტკიცებელი, დამტკიცებული და მივიწყებული პროექტი. არქივებში დაცული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ არსებობდა 8 დასრულებული ან უკვე დამტკიცებული სცენარი (ზოგიერთ მათგანზე მუშაობა უკვე დაწყებულიც იყო), მაგრამ მათი განხორციელება არ მოხერხდა. თემატურად მრავალფეროვან სცენარებს ერთი საერთო თვისება ახასიათებდა – მთავარი პერსონაჟები არ ჰგავდნენ საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელ გმირებს, ისინი ბევრად უფრო ლაღი და გულწრფელები იყვნენ. მასალებიდან ჩანს, რომ „ჩემი ბებიის“ გადაღებამდე ერთი წლით ადრე, კოტე მიქაბერიძე მუშაობას გეგმავდა დოკუმენტურ ფილმზე სახელწოდებით – „რთველი“. კინოსცენარის გეგმაში ვკითხულობთ, რომ გადაღება ძიგა ვერტოვის „კინოთვალის“ პრინციპების მიხედვით უნდა წარმართულიყო. ფილმში უნდა შესულიყო ფოქსტროტის მოცეკვავეების ფეხების კადრები, რომლებიც ყურძნის დაწურვის პროცესში გლეხის ფეხების გამოსახულებასთან იქნებოდა დამონტაჟებული. ასევე გამოყენებული უნდა ყოფილიყო მულტიპლიკაციის ელემენტები. ამავე მასალიდან ირკვევა, რომ ფილმის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული იყო და გადაღებების დასრულება 1928 წლის ნოემბრის ბოლომდე იგეგმებოდა. ეს მისი პირველი განუხორციელებელი პროექტია. პირველი „შემოქმედებითი კრახის“ შემდეგ, 1930 წელს, კოტე მიქაბერიძე იღებს დოკუმენტურ კულტურფილმს – „რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი“ (აგრომინიმუმი). სათაური, თითქოს; ირონიულად მიგვანიშნებს რეჟისორის შემოქმედებით არჩევანზე – „ჩემი ბებიას“ შემდეგ გადაეღო ფილმი, რომელიც დაშვებული „შეცდომის“ გამო, ერთგვარი „ბოდიში“ იქნებოდა. მიქაბერიძის მომდევნო პროექტი გახლავთ „როტე-ფანე“, რომელზეც მუშაობა მან 1930 წელს დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ-მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო, მუშაობის გაგრძელება ვერ მოხერხდა. მიქაბერიძის „სახკინმრეწვში“ მიწერილი წერილიდან ირკვევა, რომ ფილმის ძირითადი ეპიზოდი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დროულად ვერ გადაიღეს. მიქაბერიძე ითხოვს ფილმზე მუშაობის დასასრულებლად სცენარის გადაკეთების უფლებას და 6 გადასაღები დღის დამატებას. ფილმი 1932 წელს ლეო ესაკიამ გადაიღო და მას „შაქირი“ დაარქვა. კოტე მიქაბერიძის ერთ-ერთ წერილში კი ვკითხულობთ: „ამჟამად ვიტანჯები მორალურადაც და მატერიალურადაც. დამადანაშაულა, რა ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში, წარმოებამ უცერემონიოდ მომაცილა მომავალ სამუშაოს და დამტოვა უსახსროდ. უშნო, უპასუხისმგებლო დევნა ჩემ მიმართ, წამოწყებული წარმოებაში ადმინისტრაციის მხრიდან, ჩემს მორალურ დეორგანიზაციას იწვევს და კლავს ჩემში ყოველგვარ შრომისუნარიანობას”. 1932 წელს კოტე მიქაბერიძემ, როგორც იქნა, მოახერხა გადაეღო მხატვრული ფილმი „ჰასანი“. ფილმი იმაზე, თუ როგორ იხსნის შიმშილის პირას მისულ აჭარელ ოჯახს კოლექტიური შრომის განაწილება. 1935-1936 წლებში კოტე მიქაბერიძე იწყებს ახალ პროექტზე – „ქაჯეთზე“, მუშაობას. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის ეს პირველი და ერთადერთი მცდელობაა ქართული კინოს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ ერთადერთი – ქაჯეთის ციხის აღების – ეპიზოდი უნდა გადაეღო, პროექტი მაინც საკმაოდ ამბიციური იყო. სამწუხაროდ, ფილმზე მუშაობა პრობლემებით დაიწყო. რუსეთიდან გამოძახებულმა კომბინირებული გადაღებების სპეციალისტმა, ივან ნიკიტჩენკომ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები და ფილმი ჩაშლის საფრთხის ქვეშ დააყენა. გარდა ამისა, „ქაჯეთი“ მოთხოვნილი თანხის 75 პროცენტით დააფინანსეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა როგორც დეკორაციებთან და მასობრივი სცენების გადაღებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე ბატალური სცენები. არსებობს „სახკინმრეწვის“ „სახგაერთიანების“ უფროსის, ამბროსი თითბერიძის წერილი, სადაც ვკითხულობთ: „მოსამზადებელ სამუშაოებს დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული კინემატოგრაფის შემოქმედებითი მუშაკების საუკეთესო მეგობარი, ქართველი და ამიერკავკასიელი ბოლშევიკების ხელმძღვანელი ამხ. ლავრენტი ბერია. ის არაერთხელ ნახულობდა ფილმის; „ქაჯეთი”, ყველა ნაწილს – სურათის ბოლო ჩაბარებამდე”. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბერია, სტალინის მსგავსად, საკუთარ თავს კინემატოგრაფიაში კომპეტენტურ ადამიანად თვლიდა და წარმოიდგინეთ, როგორ აგრესიულად ჩაერეოდა ის ფილმის შექმნის პროცესში. ამ და კიდევ სხვა მრავალ მიზეზთა გამო, შემოქმედებით ჯგუფს არ მიეცა ჩანაფიქრის სრულად რეალიზების საშუალება. ფილმმა, სამწუხაროდ, დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. კიდევ ერთი განუხორციებელი პროექტი იყო „კაკო ყაჩაღი“, რომელიც მან სიკო დოლიძესთან ერთად დაწერა. სახელმწიფო არქივში დაცული წერილიდან ირკვევა, რომ 1937 წლის ოქტომბერში „კაკო ყაჩაღი“ წარმოებაში ჩაუშვეს. დაკომპლექტებულია შემოქმედებითი ჯგუფი და დაწყებულია ოპერატორ ფელიქს ვისოცკისთან მუშაობა, მაგრამ, 1938 წლის დასაწყისში „კაკო ყაჩაღზე“ მუშაობა შეწყდა ზემდგომი ორგანოების განკარგულების საფუძველზე. პირველი სატირული კომედიის – „ჩემი ბებიის“ გადაღებიდან 10 წლის თავზე, 1939 წელს, მიქაბერიძე ოპტიმიზმით სავსე „საკოლმეურნეო კომედიას“ იღებს. თუკი „ჩემს ბებიაში“ მთავარი გმირი სისტემასთან დაპირისპირებული ადამიანია, „დაგვიანებულ სასიძოში“ ყველა მოქმედი გმირი ჰარმონიაშია სისტემასთან... ფილმს ბოროტი გმირი საერთოდ არ ჰყავს და ყველა პერსონაჟი თავისებურად კეთილია. მიუხედავად ამისა, „დაგვიანებულ სასიძოს“ ცენზურა მაინც შეეხო. მოსკოვმა ფილმიდან ამოიღო ეპიზოდი, სადაც სანდრო ბანაობს. მიზეზი: „ფილმს უნდა მოსცილდეს შიშველი სხეულის ეს უმიზნო გამოყენება…“ ასევე ამოაღებინეს ეპიზოდი, სადაც დედას შვილისთვის მინდორში სადილი მიაქვს. აქ კი მიზეზი: „მინდვრებზე კვების ორგანიზებაზე ეს ზრუნვა ახლა წყდება საკოლმეურნეო საველე ბანაკების შექმნის ფორმით, რითაც კოლმეურნეთა მომსახურება იქნება შესაძლებელი”...

არქივში ინახება კოტე მიქაბერიძის 3 ლიტერატურული სცენარი მხატვრულ ფილმ-ზღაპრისთვის „ნაცარქექია“... შემორჩენილია, ასევე, კინოსტუდიის დირექტორ ერასტი ხაჩიძის სახელზე მოსკოვიდან გაგზავნილი დეპეშა, რომლის თანახმად, 1945 წელს მოსკოვმა მიქაბერიძის სცენარი „მანანას მოტაცება“ დაამტკიცა. ამ სცენართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ არსებობს. სავარაუდოდ, ესეც მისი მომდევნო განუხორციელებელი პროექტი იყო. 1950 წელს კოტე მიქაბერიძე მულტიპლიკაციურ საამქროში გადაიყვანეს. ამ პერიოდში მან მულტიპლიკაციური ფილმებისათვის რამდენიმე სცენარი დაწერა. ერთ-ერთია ონაწილიანი ფერადი ფილმისათვის –„ბოროტი მელა“, რომელიც არ განხორციელებულა, თუმცა მისი შინაარსი ძალიან ჰგავს გვიანდელი ქართული ანიმაციური სურათისას („ბულბულის იუბილეს“)... ერთადერთ რეალიზებული ანიმაციური ფილმია „ზურიკო და მარიკო“, სადაც რეჟისორი კვლავ ზღაპრის თემას უტრიალებს. მისი ბოლო ნამუშევარია 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი „ალბანეთის დელეგაცია საქართველოში“. ფილმი გადაღებულია კინოჟურნალ „საბჭოთა საქართველოსთვის“ და ასახავს ალბანეთის კულტურის მოღვაწეების ვიზიტს. მიქაბერიძის უკანასკნელი კინოპროექტი იყო სცენარი მხატვრული საბავშვო ფილმ-ზღაპრისთვის – „ცისკარა“ (მისი განუხორციელებელი ფილმის – „ნაცარქექიას“ მოტივებზე. რეჟისორი – სერგო ჭელიძე). ფილმი გამოსვლისთანავე, გაურკვეველი მიზეზების გამო, ეკრანიდან მოხსნეს. დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ „ცისკარასთან“ დაკავშირებულმა დაძაბულობამ მიქაბერიძის ჯანმრთელობაზე იმდენად იმოქმედა, რომ ნერვიული აშლილობა დაეწყო, ლოგინად ჩავარდა და ანონიმური წერილები დაწერა.

...1956 წლის თებერვალში 60 წლის კოტე მიქაბერიძე დააკავეს. მიზეზი ოთხი ანონიმური წერილის გაგზავნა იყო. ორი მათგანი პირადი ხასიათის: ერთში ავტორი კინოსტუდიის თანამშრომლის უღირს საქციელს აპროტესტებდა, მეორე – მიხეილ ჭიაურელის სახელზე იყო გაგზავნილი – უცენზურო სიტყვებით, უსამართლობაში სდებდა ბრალს. დანარჩენი ორი, ანტისაბჭოთა ხასიათის, დასათაურებული იყო ფსევდონიმით: „თავისუფალი საქართველოს ხმა“. ერთი გააგზავნა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში, ხოლო მეორე – დიმიტრი მჭედლიძესთან (მაშინდელი ოპერის თეატრის დირექტორი). ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: „რის საბჭოთა ხელისუფლება – ეს ხომ ნამდვილი იმპერიალისტური სახელმწიფოა, უფრო უარესი – ფაშისტური სახელმწიფოა! ხალხმა იცის ეს. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!”. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (სუკი) გამართულ დაკითხვებზე მიქაბერიძე ამბობდა: „ვიმყოფებოდი რა, მე ვიტყოდი, სერიოზულად ავად და ნერვიულად გაღიზიანებული, არასწორად გავიგე 1956 წლის მარტში თბილისში მომხდარი მასობრივი არეულობები, რასაც ახალგაზრდობას შორის გარკვეული მსხვერპლი მოჰყვა. ამას გარდა, ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ 1937 წელს დააპატიმრეს ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომლებიც დღეს რეაბილიტირებულები არიან და გამოდის, რომ ისინი დაუმსახურებლად დასაჯეს. ამ ყველაფერმა ერთად ისე იმოქმედა ჩემზე, რომ წამაქეზა, დამეწერა და შემედგინა მკვეთრად ანტისაბჭოთა ხასიათის ანონიმური წერილები”. 1957 წლის 26 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლის 1 ნაწილით, ანტისაბჭოთა საქმიანობისა და აგიტაციისთვის, კოტე მიქაბერიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავის ბოლო სიტყვაში, სასამართლო პროცესზე მან თქვა: „ამჟამად მე თქვენ წინაშე ვდგავარ ჩემი დანაშაულით და თუ ეს აუცილებელია, დამეხმარეთ იმით, რომ მე მომეცეს საშუალება გამოვისყიდო ყოველივე ჩადენილი ჩემი მუშაობით მშობლიური ხელოვნებისათვის“. რეჟისორი მორდოვიის ავტონომიური რესპუბლიკის შრომა-გასწორების კოლონიაში გადაასახლეს, საიდანაც 1959 წელს დაბრუნდა. პატიმრობაგამოვლილს ფილმის გადაღების უფლებას არავინ მისცემდა, ამიტომ ადგილი სადუბლიაჟო საამქროში მიუჩინეს, იქ, სადაც პრობლემებს არავის შეუქმნიდა. წლები ჩუმად შრომაში გაატარა, არასდროს ახსენებდა „ფორმალიზმის გავლენით“ გადაღებულ ფილმს და არც ახალი ფილმის გადაღების სურვილს ბედავდა... კოტე მიქაბერიძე გენიალურ რეჟისორად სულ გვიან აღიარეს, მაშინ, როდესაც ის ცოცხალი აღარ იყო. ძნელი წარმოსადგენია, ერთმა ადამიანმა – ნიჭიერმა კაცმა, სავსემ იდეებით, ენერგიით, ენთუზიაზმით, გაუძლოს ამდენ დამარცხებას, ტყუილს, გაჭირვებას, შეურაცხყოფას, მძიმე სასჯელს და ბოლოს – სრულ მორჩილებას.

...1973 წელს არკადი ხინთიბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოვიდა და ბოლო ფრაზა ასე დაასრულა: „მივაკითხოთ ხოლმე ერთმანეთს და ვკითხოთ მთელი შეგნებით – როგორ ხარ?“ მერე, საღამო დასრულდა, შუქი აინთო და დარბაზი ყველამ დატოვა. სკამზე დარჩა მხოლოდ ერთი კაცი – კოტე მიქაბერიძე, რომელიც ეკრანის წინ ჩუმად გარდაცვლილიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული