როგორ აღზარდა სონია დუმბაძემ იტალიაში მრავალი ვარსკვლავი და რა დაავადების გამო ჩამოშორდა ის სცენას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 10.07

სონია დუმბაძე 1904 წელს დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, მომღერალ-მგალობლების ოჯახში. მისი ბაბუა გახლდათ ლოტბარი ანტონ დუმბაძე, მამა – სასულიერო პირი და მგალობელი დავით დუმბაძე, დედა კი – მაკა ტუსკია.
სონიამ მუსიკალური განათლება მიიღო ოზურგეთის „ბაღის კლასში“. გალობდა დიმიტრი სიმეულიდის გუნდში, ფოთის გიმნაზიასა და ქუთაისის წმიდა ნინოს სახელობის სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსწავლეთა გუნდის სოლისტი იყო.
სონია დუმბაძე 1919 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მისი ვოკალის პედაგოგი იყო ანა ჯაყელი. სწავლის პარალელურად, ის თავის სარჩენად ტელეფონისტად მოეწყო. 1923 წელს სამსახურში უსიამოვნება შეხვდა და ბაქოს კონსერვატორიაში გადავიდა, სადაც სტუდენტურ დადგმებში მონაწილეობდა. შემდეგ კი, თბილისის კონსერვატორიის კონკურსში გამარჯვებულ 15 სტუდენტთან ერთად, იტალიაში გაემგზავრა ვოკალური ხელოვნების დასახვეწად.
სონია მილანში მაესტრო დელი პონტისთან მეცადინეობდა, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ მალე საბჭოთა მთავრობამ ევროპაში გაგზავნილ სტუდენტებს სტიპენდია შეუწყვიტა, ოჯახიც ვერ ეხმარებოდა და იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა.
ცხოვრებისთვის საჭირო ფინანსები რომ მოეპოვებინა, სონია დუმბაძე საბჭოთა კავშირიდან ჩასულ ხალხს იტალიურ ენას ასწავლიდა. შემდეგ პარიზში კოსმეტოლოგია შეისწავლა და უკვე ამით ირჩენდა თავს, თუმცა კვლავ მომღერლობაზე ოცნებობდა.
1928 წელს, სპონსორ ბიჩე პალმას დახმარებით, სწავლა განაგრძო მაესტრო სკ. მილიონისთან. მალე დაიწყო კონცერტებში მონაწილეობაც და მოწონებასაც იმსახურებდა.
1937 წელს იგი ცოლად გაჰყვა იტალიელ ბარიტონს, ჯოვანი ბონოს და უკვე მასთან ერთად მართავდა კონცერტებს. პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემოქმედებაში ხელი შეუშალა ავადმყოფობამ. გულის დაავადებისა და ორი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ იძულებული გახდა, სცენას ჩამოშორებოდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს, სიგმა დე გრასისთან ერთად შექმნა ვოკალის შესანიშნავი სკოლა და აღზარდა სხვადასხვა ეროვნების მრავალი ცნობილი მომღერალი, მათ შორის: ლირიკული სოპრანოები – იტალიელი ვირჯინია ვერგა (ფილეტი), ამერიკელი ეველინ ტომეი (როვერტი); სოპრანოები: რინა კეკი, მარია ჰაუზერი; მის სტუდიაში სწავლობდნენ: ლა სკალას დირიჟორის, დე საბატას ქალიშვილი ლილიანა, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ დირექტორის ქალიშვილი, გრაციელა პოლაკო, სოპრანო ოგოტ ლინერი, ტენორი მარიო კატულო, ბარიტონი ჯუზეპე სკალკო და სხვები.
სონია დუმბაძემ შეძლო ახლობლებთან კავშირის აღდგენა და 1963 წელს სამშობლოს ეწვია. თბილისში ყოფნისას იგი დაუკავშირდა ოპერის თეატრს და ბელკანტოს მეთოდით რამდენიმე გაკვეთილი ჩაატარა. მან დიდი დახმარება გაუწია ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტებს, გოჩა ბეჟუაშვილსა და ნუგზარ გელაშვილს, რომლებთანაც ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ მუშაობდა. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობისა და საბჭოთა კავშირ–იტალიის მეგობრობის საქართველოს განყოფილებამ მომღერალს შეხვედრა მოუწყო, სადაც ბევრი თბილი სიტყვა ითქვა.
სამწუხაროდ, მეორედ ჩამოსვლა ვეღარ მოასწრო. გარდაიცვალა 1968 წელს მილანში და იქვე დაკრძალეს.
მომღერლის ძმა იყო ვასილ დუმბაძე – საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ამერიკაში, მორგანთა ბანკის ფინანსისტი და ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ცნობილი თავისი ავანტურიზმით, სკანდალური კარიერით რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროში და საიდუმლო დიპლომატიური საქმიანობით.
გამოყენებული მასალების წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი; დაუშვილი რუსუდან. სონია დუმბაძე მომღერალი პედაგოგი მილანში // პრაიმტაიმი; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან