საზოგადოება

როგორ აღზარდა დიმიტრი მინდიაშვილმა ექვსი ოლიმპიური ჩემპიონი და როდის გადაურჩა ის სიკვდილს სასწაულებრივად

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:40 19.06

დიმიტრი მინდიაშვილი
დაკოპირებულია

საქართველოს, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში დიმიტრი, იგივე მიტო მინდიაშვილი დაიბადა 1933 წელს რუსთავში, შინაგანი ჯარების ოფიცრის, პოდპოლკოვნიკ გიორგი მინდიაშვილის ოჯახში.

მიტოს მამა დემობილიზაციის შემდეგ ადგილობრივ ბაზარში დირექტორად მუშაობდა და 1937 წელს რეპრესირებულ იქნა პოლიტიკური მუხლით. გადაასახლეს არხანგელსკში, საიდანაც 1939 წელს მოითხოვა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში გაშვება, 1941 წელს კი მოხალისედ წავიდა დიდი სამამულო ომის ფრონტზე. ომში იმყოფებოდა მისი მეუღლეც, მედდა ანა მინდიაშვილი. მათი ოთხივე შვილი, მიტო, გივი, იოსები და მერი კახეთში ბებია-ბაბუასთან, იასე და ნინო მინდიაშვილებთან გაიზარდნენ.

1947 წლამდე დიმიტრი ადგილობრივ სკოლაში სწავლობდა, რის შემდეგაც, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებით შთაგონებული, ცხვარში წავიდა და მალე დაიმსახურა გამოცდილი მწყემსების პატივისცემა. მწყემსობის მიტოვება უბედური შემთხვევის გამო მოუხდა. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, როცა მის სიახლოვეს მეხი ჩამოვარდა. საავადმყოფოში ორი დღე უგონოდ იყო, შემდეგ კი სოფელში დაბრუნდა, რვაწლედი დაამთავრა და მძღოლის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1952 წელს დიმიტრი მინდიაშვილი ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ასტრახანში, სარაკეტო ნაწილში, იყო რაზმის მეთაური და ოცეულის მეთაურის მოადგილე. სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა პირველი სპორტული წარმატება – ძალოსნობაში თურქესტანის სამხედრო ოლქის ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით კი გადაიყვანეს ყაზახეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო წყალბადის ბომბის გამოცდაში.

ყაზახეთში გაიცნო მომავალი მეუღლე, რომელიც იქ კემეროვოდან იყო ჩასული. დემობილიზაციის შემდეგ ციმბირში ჩააკითხა და მალე იქორწინეს კიდეც.

დიმიტრიმ მუშაობა დაიწყო მძღოლად „აბაკან-ტაიშეთის“ რკინიგზის მშენებლობაზე. ერთი წლის შემდეგ კი კრასნოიარსკში გადავიდა, სადაც, როგორც მძღოლი, მონაწილეობას იღებდა ორ დიდ სამშენებლო პროექტში – კრასნოიარსკის ჰიდროელექტროსადგურისა და ენისეიზე კომუნალური ხიდის მშენებლობაში.

მუშაობის პარალელურად, დიმიტრი მინდიაშვილი სერიოზულად იყო დაკავებული ჭიდაობით. ვარჯიშობდა სპორტულ საზოგადოება ოèùåâèê-ში. 1957 წელს მან მოიგო კრასნოიარსკის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, ერთი წლის შემდეგ კი რეგიონის უძლიერესი მოჭიდავე გახდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ დამსახურებისთვის მას მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება თავისუფალ ჭიდაობაში – პირველს კრასნოიარსკის მხარის ისტორიაში.

1958 წლიდან სპორტსმენი ნებაყოფლობით საწყისებზე ავარჯიშებდა მოჭიდავეებს, რომლებმაც სულ რამდენიმე წელიწადში წარმატებას მიაღწიეს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.

ამ მიმართულებით სპეციალიზაციის მიზნით, ახალგაზრდა მწვრთნელი შევიდა კრასნოიარსკის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1964 წელს. უკვე 1968 წელს რიგაში გამართულ სსრკ ჩემპიონატზე მისმა შეგირდებმა ერთდროულად მოიპოვეს ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი.

1970 წელს დიმიტრი მინდიაშვილი შეუერთდა საბჭოთა კავშირის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შტაბს, უფროსი მწვრთნელის თანამდებობაზე. 1972-დან 2008 წლის ჩათვლით ის, როგორც მწვრთნელი, ზაფხულის ყველა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.

დიმიტრი მინდიაშვილი აღიარებულია საბჭოდა კავშირისა და რუსეთის მეოცე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. ის იყო ექვსი ოლიმპიური ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი, მათ შორის არიან – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბუვაისარ საიტიევი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ივან იარიგინი.

მინდიაშვილის ინიციატივით, კრასნოიარსკში ჭიდაობის სახეობებში უმაღლესი დაოსტატების ჭიდაობის სკოლა გაიხსნა, რომელიც 1993 წლიდან მის სახელს ატარებს, 2009 წელს კი ეს სკოლა გადაკეთდა დიმიტრი მინდიაშვილის სახელობის ჭიდაობის აკადემიად.

1992 წელს სპორტსმენმა კრასნოიარსკის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად.

1996 წელს სანკტ-პეტერბურგის ფიზიკური კულტურის აკადემიაში მას მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და დაინიშნა პროფესორის თანამდებობაზე.

დიმიტრი მინდიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი ნაშრომი, 2 ენციკლოპედია და 6 წიგნი, მათ შორის: „დიდი ხალიჩის ოსტატი”, „თავისუფალი ჭიდაობის ილეთების ენციკლოპედია”...

დამსახურებული მეცნიერი და პედაგოგი მრავალი ჯილდოსა და წოდების მფლობელია: კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის მრჩეველი სპორტისა და ფიზიკური კულტურის დარგში; კრასნოიარსკის მხარის პრეზიდენტი თავისუფალ ჭიდაობაში; ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ოქროს ორდენის კავალერი; კრასნოიარსკის საპატიო მოქალაქე; კრასნოიარსკის მხარის საპატიო მოქალაქე; რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი და სხვა. მას კრასნოიარსკის მხარეში პირველს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის შრომის გმირის წოდება.

იგი გარდაიცვალა 2021 წელს კრასნოიარსკში. დაკრძალულია „ბადალიკის“ სასაფლაოს დიდების ხეივანში.

წყარო: nplg.gov.ge;1tv.ge/news; sputnik-georgia.com.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა