როგორ აღუზარდა სამშობლოს ჩემპიონები იური ჩიქოვანმა და როგორ ჩაუყარა მან საფუძველი საქართველოს ყველა ისტორიული გვარის შესწავლას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 29.11, 2023 წელი

იური ჩიქოვანი დაიბადა 1937 წელს ქალაქ ლენინგრადში, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოში ნეიროქირურგიის სკოლის ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ კონსტანტინე (ბონდო) პლატონის ძე ჩიქოვანის ოჯახში.
1939 წლიდან ჩიქოვანების ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. სახელგანთქმული ნეიროქირურგის ოჯახში დაბადებულ იურის ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და გერმანული ენების სპეციალობით დამთავრების შემდეგ ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ინგლისური ენის კათედრაზე უფროს მასწავლებლად.
პედაგოგობასთან ერთად, იური ჩიქოვანი გახლდათ ცნობილი მოჭადრაკე, საჭადრაკო თეორეტიკოსი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, თბილისის ოთხგზისა და საქართველოს 1976 წლის ჩემპიონი ვაჟთა შორის, ვახტანგ ქარსელაძის მემორიალის გამარჯვებული, FIDE-ს ოსტატი, საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში. საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრების შემადგენლობაში, ის წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს სპორტულ ღირსებას სხვადასხვა სახის გუნდურ ჩემპიონატებში.
1966 წლიდან მოყოლებული, თითქმის 30 წლის განმავლობაში, ჭადრაკში აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მისი აღზრდილები არიან ცნობილი ქართველი მოჭადრაკეები: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, ევროპის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტი, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონი ნინო გურიელი და არაერთი სხვა საერთაშორისო ოსტატი და დიდოსტატი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მადლობა.
1984 წლიდან, ორ სხვადასხვა სფეროში პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, იური ჩიქოვანი გენეალოგიურ კვლევა-ძიებას შეუდგა. გენეალოგიური კვლევა ჩვენში მანამდეც წარმოებდა, მაგრამ მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ისტორიულ საგვარეულოთა სრულფასოვან, სისტემურ შესწავლას.
იური ჩიქოვანის ინიციატივით, 1995 წელს დაარსდა „ქართული გენეალოგიური საზოგადოება“, რომელსაც გარდაცვალებამდე თავმჯდომარეობდა. ის, ასევე, ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ გენეალოგიური კვლევის ცენტრს, იყო ამავე ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების მიწვეული სპეციალისტი და საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის შტატგარეშე სპეციალისტი. იყო „თავად-აზნაურთა საკრებულოს“ ვიცე-წინამძღოლი და მთავარი გენეალოგი.
მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა ძირითადად თავად-აზნაურული წარმომავლობის ქართული ისტორიული საგვარეულოების მეცნიერული შესწავლა. აღნიშნულ თემატიკაზე პირველწყაროების – საქართველოსა და რუსეთის სიძველეთა საცავებში დაცული ხელნაწერებისა და საარქივო მასალების საფუძვლიანი კვლევის შედეგად, მან ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მრავალი ისტორიულ-გენეალოგიური ნაშრომი, სტატიები და 11 წიგნი: „თავადი ჭავჭავაძეები“, „ჩხეიძეთა საგვარეულო“, „მიქელაძეთა და მხეიძეთა საგვარეულო“, „თავადი მაყაშვილები და თავადი ჩიჩუები“, „აფხაზ თავად შერვაშიძეთა საგვარეულო“; „თავად მაჩაბელთა საგვარეულო“; „გიორგი მეთორმეტე და მისი შთამომავლობა“, „დოკუმენტები ცხადყოფენ“, „ისევ დოკუმენტები ცხადყოფენ“.
1993-1998 წლებში მოსკოვში, რუსულ ენაზე გამოიცა მრავალტომეულისა, ოთხი ტომი საერთო სახელწოდებით – „რუსეთის იმპერიის თავად-აზნაურთა საგვარეულოები“. ამ მრავალტომეულის მესამე ტომში, რომელიც 1996 წელს გამოიცა, შევიდა გამოკვლევები ბაგრატიონთა დინასტიისა და მისი საგვარეულო განშტოებათა შესახებ, რომელიც ეყრდნობა იური ჩიქოვანის მიერ მოპოვებულ მასალებსა და მისი თანაავტორობით შედგენილ გენეალოგიურ ნუსხებს. იმავე მრავალტომეულის მეოთხე ტომის – „საქართველოს სამეფოს თავადები“, თანაავტორები არიან იური ჩიქოვანი და სტანისლავ დუმინი. აღნიშნულ ტომში შესული 63 საგვარეულოს გენეალოგიური ტაბულები და მთლიანად შედგენილია ჩიქოვანის სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე.
საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველმა მკვლევარ-გენეალოგმა, ხანგრძლივი და მძიმე შრომის შედეგად, შეადგინა და სათანადო კომენტარებითურთ გამოსაცემად მოამზადა ასზე მეტი ქართული ისტორიული გვარის გენეალოგიური ნუსხა.
იური ჩიქოვანის სამეცნიერო ღვაწლი შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა. 2004 წელს ის გახდა საქართველოდან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიისა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში მდებარეობს.
იური ჩიქოვანს დარჩა შვილები – მარინა, გიორგი და რუსუდან ჩიქოვანები და შვილიშვილები.
რაც შეეხება იური ჩიქოვანის მამას – ბონდო ჩიქოვანი 1938 წელს საქართველოში ახალგახსნილ ნეიროქირურგიულ განყოფილებას ოცდაათი წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში. იმ დროის ცნობილი ქირურგები სკეპტიკურად შეხვდნენ ლენინგრადის ნეიროქირურგიულ ინსტიტუტში დახელოვნებულ ახალგაზრდა კოლეგას, მაგრამ მალე შეეცვალათ აზრი, ბონდოს პროფესიონალიზმი დაუფასეს, მის მიმართ პატივისცემით განეწყვნენ და საქართველოში ნეიროქირურგიული მიმართულების ფუძემდებლად აღიარეს.
გამოყენებული მასალების წყარო: ჟურნალ „ისტორიანის“ რედაქცია; „კვირის პალიტრა“. ავერსი.ჯი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან