საზოგადოება

როგორ აღწერს დღიურებში თავის ვნებიან ურთიერთობებს გურამ რჩეულიშვილი

№17

ავტორი: ეკა პატარაია 20:00 03.05

გურამ რჩეულიშვილი
დაკოპირებულია

როგორ გახდა ის განსაკუთრებული ქართულ მწერლობაში – გამახვილებულმა ყურადღებამ, წვრილმანების აღწერამ ყოფით ცხოვრებაზე მარტივი, ზოგჯერ ქუჩური ლექსიკით, სინამდვილითა და სისადავით შეაქმნევინა მთელი რიგი გასაოცარი ნაწარმოებები. როდესაც ის თავის ცხოვრებაზეც წერს, მიხვდებით როგორ ძერწავს დეტალებისგან საინტერესო ამბებს, რაც უკვე მხატვრული ნაწარმოებებია. ამ დღიურებში წაიკითხავთ მის სტუდენტურ ცხოვრებაზე, ახალგაზრდულ გატაცებებზე, თავქარიანობაზე, ვნებებზე. გარწმუნებთ, ასეთი გურამ რჩეულიშვილი არავინ იცის. ის მკითხველთან ისეთი გულახდილია, როგორც არავინ არასდროს.

***

(1956 წ. პირველი დღე კიევში)

„...რესტორანი „აფხაზეთი“. იაფფასიანი საუზმე, თბილი ლუდით და კვლავ კიევის ქუჩები. დაწითლებული ცხვირი და გასაუთოებელი სარეცხივით დაჭმუჭნული ლოყები ჩვენს ვაჟკაცობას არ სტეხდა. ფარული სიამოვნებით გამვლელთა ყურადღებისგან და უკრაინელ ქალთა ეშხიანი მზერისგან, დინჯად მივაბიჯებდით კრეშჩატიკაზე. სასტუმროში ადგილები არ აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში გაგვეთია ღამე... ხელმძღვანელმა თავისუფლება მოგვცა დაღამებამდე. შეკრების ადგილი დავთქვით მასწავლებელთა სახლი – სტალინის მოედანზე, სადაც ჩვენებს კონცერტი უნდა გაემართათ. გიგი, ჟორა, გურამი და მე წავედით, მთავარი ფოსტიდან დეპეშები გავაგზავნეთ სახლში. კარებში შეგვხვდა წარმატებისგან თავბრუდახვეული სულიკო კოროშინაძე – მომღერალი. ახლა უკან დავუყევით ქუჩას... უცებ ნაცნობი სახეები... – ვაჰ, ჯემალ ბიჭო, დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგოებთან ერთად გნახავდი, სად მოჩანგლე? ეგ?.. სიცილი – ბიჭო, ჩუმად, ცუდი არაფერი წამოგცდეს, ქართველები არიან. შეცდომით ნასიამოვნები გოგონები იცინიან. მე-3 ნომერ ტროლეიბუსს წმინდა სოფიოს ტაძართან მივყევართ. აქ კი გახელდა ჩვენი ფოტოგრაფი და კინაღამ მსხვერპლად დაგვადო წმინდა სოფიოს ტაძარსა და ბოგდან ხმელნიცკის ძეგლს, რომელიც ტაძართან დგას. ძლივს წამოვიყვანეთ თავად გაყინულებმა გაყინული ამხანაგი... ბევრი ხეტიალის შემდეგ რომელიღაც „ჩაინაში“ შევედით დასანაყრებლადა და
გასათბობად... ჩვენს ყურადღებას არ ეპარებოდა ის პატივისცემა, რომელსაც იჩენდნენ კიეველები... კვლავ კიევის ქუჩები, კვლავ სიცივე. ნასადილევს ვნებამ იმატა. აღგზნებული ვაჟები სვლას ვუმატებთ... უცებ: – უკაცრავად, ქალიშვილო, ვერ მეტყვით, კინო სად არის? – რატომ არა, მე სწორედ იქ მივდივარ. – რას მეუბნებით?!. გინდათ ერთად წავიდეთ? – ერთად? სიამოვნებით... – ბიჭებო, მოიცადეთ, მოდით, გაიცანით. გოგოს: – ესენი ჩემი მეგობრები არიან... გოგოს სიამოვნების ღიმილმა გადაურბინა. ალბათ, გუნებაში დაადასტურა ჩვენი ქართველობა. გურამ თიკანაძე დუმილით ართმევს ხელს. ბიჭები ვითომ ერთმანეთში საუბრობენ: გიგი, ჰკითხე, ბიჭო, მაგას ამხანაგები ეყოლება და კარგ დრო გაგვატარებინებენ. გურამი – გიგის: ახლავე, მოიცა ჯერ. გოგოს: – თქვენი სახელი, უკაცრავად, დამავიწყდა. – ვალია. – ვალია, ლამაზო, კინოში სულ მარტო მიდიოდით? – არა, ამხანაგებმა გამომგზავნეს. – სად გიცდიან? ერთი სიტყვით ვქირაობთ „ზის – 110-ს“ და ვაგროვებთ სახლებიდან მის სამ ამხანაგს... ცოტა ხნის მერე ჩვენი გოგონების თანხლებით კონცერტზე მივდივართ. არც ერთს თავისუფალი ბინა არ აღმოაჩნდა. მე ჩემს გოგოს ვაცილებ სახლში, მისი ხელი ჯიბეში მიდევს და ვჯმუჯნი. 30-იანი ყინვა აღარ მოქმედებს ჩემზე. სახეზე მახურებს. მე: ჩქარა, სადმე. ის: სად? მე: მე რა ვიცი, შენ თავად გეცოდინება. ის: მოიცა, მოვიფიქრებ. მე ვეღარ ვისვენებ, ახლა მომინდა მისი ბიოგრაფიის დაზუსტება... – აი, აქ შევიდეთ, – ვეუბნები გოგონას, რომელიც უსიტყვოდ მომყვება. თბილსა და ბნელ პოდიეზდში დადგმულ ყუთზე წამოვსკუპდით... სიამოვნებითა ვგრძნობ, თუ როგორ გადმოდის მისი ენა ჩემს ხახაში და ვნებას მიასკეცებს. ცოტაც... – ჰო, – ვეუბნები, – გესმის, მეტს აღარ მოვითმენ. გოგო ნელა ეკვრება ფიცრებს. სამჯერ წამოვჯექით და სამჯერ დავაკარი ბეჭებით ფიცარს პირველი შემხვდური ჩვიდმეტი წლის უკრაინელი გოგონა. მის საათს ვუყურებ. უკვე ორი საათი გავიდა აქ შემოსვლის შემდეგ, მე კი ახლა მინდა და მინდა, მაგრამ დრო აღარ იცდის... გურამთანა მაქვს შეხვედრის დრო დათქმული. საკმაოდ ცივად ვემშვიდობებით ერთმანეთს. მე ვჯდები მანქანაში და მოვდივარ მასწავლებელთა სახლისაკენ. კონცერტი ახალი დამთავრებულია... მე ჩემი „გმირობის“ ამბავს არ ვაციებ და სამივეს ცალ-ცალკე ვუყვები. იმ ღამეს მერაბ ელიოზიშვილთან მეძინა... (მწერალი, ფილმ „შერეკილებში“ მარგარიტას ქმრის როლის შემსრულებელი – ე. პ.)

... 14 მარტს დილით, მომინდა დღიურების წერა და გამახსენდა აკაკი: „წერე, წერე ჩემო... წერას მაინც ისწავლიო!“ (ღმერთმა დასწყევლოს, გულში ეს ლანძღვა, ალბათ, დედის გინებას ნიშნავს). მერე... დავესწარი ლომაურის სემინარს... ლექციების მერე გადავედით პირველ კორპუსში. მარიკამ და მარინემ (და – მარინე – ე. პ.) პალტო დამიჭირეს. ავედი ზევით სტიპენდიის სანახავად. ველაპარაკები ნუგზარს. – შეხედე ბიჭო, რა კარგია, – დამანახვა ნუგზარმა ჩემი ნაცნობი გოგონა. ეს გოგონა, გვარად X, შარშან გამაცნო ო. დ-ს დამ, ზ-მ, რაღაცა წიგნის ჩაბარების თაობაზე. გოგონა მომეწონა და უცებ ვუშოვე წიგნი, სამაგიეროდ, სტიპენდია უნდა დაეხარჯა და თბილისის ზღვაზე წავსულიყავით. ალბათ, წავიდოდით კიდევაც, რომ ძმაკაცის და არ ყოფილიყო ზ. გულში რაც შეიძლება მუხანათური აზრები მქონდა... ერთი წელი გავიდა ამ ამბების შემდგომ... ერთი სიტყვით, მომეწონა, გავაცანი ნუგზარსაც. ამის შემდეგ ნუგზარი მიქებდა – მაწონებდა, ერთი სიტყვით, მიდასტურებდა გრძნობას. მერე კარპატებში წავედი. მერე ჩამოვედი. ნუგზარი მეუბნებოდა, რამოდენიმეჯერ ვნახეო და ძალიან მომწონსო, საგაზაფხულოდ აუცილებლად დაეჯახეო. მოკლედ: – გამარჯობათ, – მივესალმეთ ერთმანეთს... ლაპარაკი ისევ მთაზე, გერმანულზე, კვლავ ძლიერ შეუმჩნეველი არშიყის ტონით მიდიოდა... სულ ვაკვირდებოდი ამ გოგოს და ვერ გამეგო, რა აკლდა, რაღაც მიზიდავდა, რაღაც თითქოს, მე თავად არ ვიცი, რა. კარგა ხანს ვისაუბრეთ. შემდეგ ბოდიში მომიხადა, რომ გამაცდინა და წავიდა. აშკარად მომწონდა. – ბიჭო, მაგასთან რომ იარო, ძალიან მოუხდებით ერთმანეთს, – კიდევ ჩამაწვეთა ნუგზარმა. პალტოები ჩავიცვით და ქვევით ჩამოვედით. მე თითქმის შეყვარებული ვიყავი. მეორე დღეს კბილის ექიმიდან, სადაც განგებ გვიან მივედი, მართლა, მიზეზი გვიანი მისვლისა იყო გოგონა, რომელიც ორი დღის წინ აქვე გავიცანი. პირველი ნახვით იგი ძლიერ მომეწონა. შემდეგ, მოსაცდელში წიგნს ვკითხულობდით და კარგად დავუკვირდი. თავდახრილი იგი მიმზიდველი აღარ მეჩვენა... იგი მიყვებოდა თავის მიზნების გაცრუების შესახებ. მითხრა, შტატში ვერ მოვხვდი მუზეუმშიო, თუმცა ბავშვი რომ არ მყოლოდა, აუცილებლად ვეცდებოდი სამუშაოს დაწყებასო. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. ეშმაკმა დალახვროს...

... არიან იაზვა მასწავლებლები. ძალიან ხშირადაც, არც გასაკვირია, ისე არიან მომრავლებულნი ეს შობელძაღლები. ყველა ლექტორია – მეტი რაღა უნდათ. აი დედასა! რატომ ღმერთს არ გაეცინება, რომ ჩემ წინ მჯდომ ლექტორს ჩვენი სწავლება ევალებოდეს... ამ საათში თემო ბერიძე გააგდო გარეთ... კიდევაც იმქურება – მერე არაფერი არ გაჭრის, იცოდეთ, ისმინეთ სულ ყველამ, შეღავათი ერთხელ შეიძლება – მირტყამს მე „ნამიოკებს“, – თქვენ არც ერთი საათის ღირსნი არ ხართ... მე წერა მინდა და ეს ლექტორი თავისი ეგოისტური აზრებით საქმეს მ...ს ოჰ, ჩემი დარდი მაინც სხვაა. რა იშოვის 120 მანეთს დღეს ღამემდე... თერთმეტამდე ფული უნდა ვიშოვო. სად? როგორ? დედას ვუტირებ, მოვიტაცებ ან წავართმევ ვინმეს. უნდა ვიშოვო... ვინ მოგცემს, ან ვის ვუთხრა, ყველას თავი გასჭირვებია. მაგის დედაც, ბევრჯერ მქონდა ასე, ვერ ვიშოვე და მორჩა, ჩაიარა, დავიწყებას მიეცა. მხოლოდ ნერვები მშობლებისა, ძვირფასი ყოველივეზე, საგრძნობლად დასუსტდაა... აუდიტორია ურიგდება უსწავლელობას, უსაქმურობას, ლექტორი იმუქრება წასვლით, მაგრამ ტირის ლექციათა შემცირებაზე – ესეც საწყალი ჭიაა, რა ქნას – ასეთნი ვართ ხალხი. ჭკვიანი ისაა, ვინც კარგად მალავს თავის აზრებს...

(1956 წ. 16 მარტი)

... ვზივარ ფილოსოფიის ისტორიის ლექციაზე, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, ჩემს ახალ ჟინს – დღიურების წერას აყოლილი. გადაწყვეტილი მაქვს, ჩემს დღიურებში აღვწერო სხვა, დიდი ხნის წინათ გავლილ დღეთა განცდა-ამბები... სულ უფრო მძაფრად მიდგება თვალწინ ის გავლილი დრო, როდესაც უზომოდ ვიყავი შეყვარებული... ახლაც შეყვარებული ვარ... უფრო და უფრო ყრუდა ვგრძნობ ჩხვლეტას გულის სიღრმეში. თითოეული ასეთი ჩხვლეტა დაკავშირებულია რაიმე რეალურთან ჩემი სიყვარულის ისტორიიდან... ღმერთმა დასწყევლოს ყოველი კრებები. ერთ-ერთი ასეთი კრების დროს... მე უკან ვიჯექი და ვლაზღანდარობდი. უცებ, ჩემდა უნებურად, თვალი მოვკარი წინა მერხზე მჯდარ ყელმოღერებულ გოგონას, რომელსაც დიდი თვალები და წამწამები დაეჭყიტა.... დამთავრდა კრება. სწრაფად გამოვედი... ცოტა ხანმა არ გაიარა და ისიც გამოვიდა, ისე ახლოს ჩამიარა, რომ მისი სუნთქვა ვიგრძენი... მიდიოდა ფეხაკრებით, არა, რაღაცნაირად თითქის წვერებზე აწევით, რაც მის სახესა და ტანს საოცრად შეეფერებოდა. აი, ვიფიქრე მე, გულში და „პირი დავაღე“. ასეთი იყო ჩვენი, უფრო სწორად, მხოლოდ ჩემი მასთან პირველი შეხვედრა. რაც იყო – იყო, მაინც კარგი იყო. შემდეგ ვესტიბიულში რამოდენიმეჯერ მოვკარი თვალი შველივით გოგონას.... ესეთი იერი დღესაც გონებას მაკარგვინებს – შველივით სიარული...

(19 მარტი. 1956 წ.)

... გავიღვიძე ცუდ ხასიათზე. ცოტა ხნის მერე მიზეზი მომაგონდა. გუშინწინ საბურთალოზე ვიქეიფეთ ნუგზარმა, ბორიამ, გურამმა და მე – ბორიას დაბადების დღე აღვნიშნეთ, ნუგზარს წავეკინკლავე... ბოლოს ყვირილი დავიწყეთ, როგორ უნდა იკითხო წიგნი. შევთვერით. ანგარიში გავასწორე. მე და ბორია წინ წამოვედით ლაპარაკით, უკან ნუგზარი და გურამი მოდიოდნენ. უცებ გურამი წინ გავარდა და როცა შუა ბაზრამდის მივიდა, რომელიც ცარიელი იყო, დაიძახა: – ჰა, ბიჭებო, ვის გეფსიათ. ეს ისე სულელურად მოუვიდა, რომ ყველა გამგონს ისტერიული სიცილი აუვარდა. იქვე სომეხ ვაჭართა ჯგუფი იგუდებოდა სიცილისგან. – ბიძაჯან, თქვენი კამპანიიდან თუ ვინმეს ეფსია, იმას წავიყვან, არ გინდათ? – ეხლა მათ გადასწვდა... კაცს ოღონდ აჭამე და ამხიარულე... ქუჩაში რომ გამოვედით, კაპიკი ფული აღარ გვქონდა...

... დავდივარ დაბორიალებული, ვფიქრობ, ოჰ, ნეტავ გამარკვია ჩემს ფიქრებში... დიახ! მე სიყვარული მინდა. მე მინდა მიყვარდეს გოგო! ქალი! თუნდ ერთი წუთით ფიზიკურიც იყოს ეს სიყვარული... არა, ჩემს გულს ორივე უნდა, ორივე ერთი გაგებით... მე მინდა საყვარელი, ტოლი ჩემი, თავისი სულითა და ხორცით... ამურის ძახილი ისე ძლიერ მესმის ყურებში, რომ თუ რამეში არ გადავიტანე, საშინელ ყვირილს მოვრთავ და გარეთ გავვარდები. მართლადა, რომ გავვარდე, რა იქნება.. აი, იქ იფუშება მთელი იდილია ჩემი გრძნობებისა. მერე გამრიცხავენ, მერე სახლში „გაგიჟდებიან“, რატომ? ვერ ავიღებ დიპლომს, ვერ მოვეწყობი სამუშაოზე; რას ვიზამთ, ხალხნი ვართ მაინც, რაც უნდა იყოს, უნდა იფიქროს კაცმა ცხოვრების ეკონომიურ მხარეზე. ჩემს გვერდით ზის მარიკა და ისიც კრთის... – რა მოგივიდა, მარიკა, რატომ კანკალებ? – ვეკითხები და თვალებში ვუყურებ. – რას წერ, ბიჭო, წამაკითხე, რა. – მე ცოტა ვწითლდები, მრცხვენია უცხო ჩავახედო ჩემს ფიქრებში, მაგრამ ამ გოგონაში ვგრძნობ რაღაც ძალიან ახლოს, მეგობრულს... მე ჩავუკითხე ჩემი დღიურის ნაწილი და ახლა მის გრძნობებზე ჩამოვუგდე ლაპარაკი. ჩემმა გულახდილობამ, როგორც ეტყობა, ძლიერ იმქომედა მასზე. – რა ვიცი, გურამ, რა მემართება. დედას გეფიცები, თვით მამა არ ჩამომოვიდეს ცოცხალი, თუ ჩემზე უბედური ვინმე მგონია... რას ამბობ, მარიკა, შენ და ასე უბედური... – ოხ, ნეტავ ვიცოდე, რა ვქნა, მირჩიე, ბიჭო. – აიღე და გაყევი ბ-ს ცოლად, – დაუდევრად ვუთხარი მე. – სიამოვნებით, რომ მართლა ვგრძნობდე, რომ მიყვარს. არ ვიცი, არა... შევეჩვიე და ვერ წარმომიდგენია, რომ მას ხმა აღარ გავცე. ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია, რად მოხდა ასე, რად დავუახლოვდით ერთმანეთს, არა, არ მიყვარს... – მარიკა, შენ ცხოვრობ ადამიანის მთელი ცხოვრებით. იწვი. გიყვარს ან არ გიყვარს, სულერთია. შენ გრძნობ და ეს გრძნობა, თუნდ გაურკვეველი, არის ძვირფასი... შესაძლოა, ვინმე შემიყვარდეს და არ მინდა, ეს ხომ საშინელება იქნება, ბ-ს ცოლობა კი ვერ წარმომიდგენია. მაპატიე, გურამ, ასე რომ გელაპარაკები. დედას გეფიცები, არავისთან, ინგასთანაც კი ამ საკითხზე ასე არ მიმსჯელია. – მესმის, მარიკა, რას ამბობ... ორივენი ჩვენ-ჩვენ ფიქრებში გავეხვიეთ... დაე, იყოს მეტი ღალატი, შფოთი, უსიამოვნება, ოღონდ არ იყოს უმოძრაობა!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

3-9 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი 3-9 მაისი