როგორ აღმოჩნდა ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო რეიტინგის სათავეში და რა აძლევს მას ყველაზე დიდ მოტივაციას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 09.05

ისტორიული წარმატება ქართული ტაეკვონდოს ისტორიაში – ზურაბ კინწურაშვილი წონის ლიდერია. იგი 74 კილოგრამ კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის სათავეშია. რეიტინგში პირველი ადგილი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
ზურაბ კინწურაშვილი: სარეიტინგო ქულები შეჯიბრებებიდან გამომდინარე გროვდება. ტურნირები ხარისხის მიხედვით კატეგორიებად არის დაყოფილი. შევძელით და ბოლო ხუთი სარეიტინგო ტურნირიდან, ოთხზე ოქროს და ერთზე ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ. ზუსტად ამ შედეგებიდან გამომდინარე ვარ დღეს მსოფლიო რეიტინგის სათავეში.
– ამ შედეგის გათვალისწინებით, როგორია დღეს თქვენი ემოციები და რამდენად მოსალოდნელი იყო ასეთი მაჩვენებელი?
– ეს მაჩვენებელი, პირველ რიგში, ძალიან საპასუხისმგებლოა. როდესაც ტურნირზე პირველ ნომრად გადიხარ, ყველას ყურადღება შენკენ არის მომართული. ცდილობენ დაგაკვირდნენ, მაგალითი აიღონ და ასე შემდეგ. ასეთ დროს შენი მარცხი უფრო მეტად აკვირვებთ. ბუნებრივია, რომ უკვე შემდეგ ჯერზეც გამარჯვებას ელიან და მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ ყველას იმედი გავამართლო. აქედან გამომდინარე, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. პასუხისმგებლობასთან ერთად, ძალიან დიდი სიხარულიცაა. ვამაყობ ამ შედეგით. მინდა, უფრო მაღალი მწვერვალები დავიპყრო და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის პირველ ადგილზე იყოს, რომ საქართველოს დროშამ ყველა შეჯიბრებაზე ამაყად იფრიალოს.
რაც შეეხება მოლოდინებს, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში საკმაოდ დიდი ხანია, ლიდერად ვითვლებით. ბოლო პერიოდში მოვუგეთ მსოფლიოს ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონებს, ასევე, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ სპორტსმენებს. აქედან გამომდინარე, ეს შედეგი უკვე ჩვენი მიზანი იყო. მიხარია, რომ ეს მიზანი განვახორციელეთ და იმედი მაქვს, შემდეგ მიზნებსაც ათიანზე შევასრულებთ.
– იქნებ სამზადისი გაიხსენოთ, როგორ ჩაიარა წინარე პერიოდმა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დონეზე?
– ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, სპორტსმენისთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზადყოფნა. ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ყოველთვის პირველობისთვის ვიბრძვი. სულ ვცდილობ, საუკეთესო შედეგი დავაფიქსირო და ამისთვის ბევრს ვშრომობთ.
– როდის დაუკავშირეთ ცხოვრება სპორტს და კონკრეტულად ტაეკვონდოთი როდის დაინტერესდით?
– ექვსი წლის ვიყავი, როცა სკოლაში სიარულის პარალელურად, მოვინდომე სპორტით ვყოფილიყავი დაკავებული. ბაბუამ მიმიყვანა სპორტზე და რამდენიმე წლის განმავლობაში მას დავყავდი ვარჯიშებზე, საათობით მელოდებოდა და შემდეგ სახლში ერთად მოვდიოდით. ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მიზეზია, ვის გამოც მე ამ სპორტში დავრჩი. ექვსი წლის ბავშვი ვერ გააანალიზებს, უღირს თუ არა ამ სპორტში აქტივობის გაგრძელება, ეს ბაბუას დამსახურებაა. მერე და მერე, რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ მომწონდა ჩემი საქმე. დავიწყეთ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში. როდესაც კადეტების კატეგორიაში გადავედით, საკმაოდ დიდი წარმატებები გვხვდა წილად. პირველად გერმანიაში გამოვედი საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ჩვენდა გასაკვირად, ტრიუმფით დავასრულეთ. გასაკვირად იმიტომ, რომ პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო, ოქროს მედალი მოვიპოვეთ და ეროვნული ფედერაციის ყურადღებაც მივიქციეთ. მალევე ევროპის ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა, სადაც მესამე ადგილი დავიკავე. ამ შედეგებმა ძალიან დიდი სტიმული მომცა. უკვე მოზრდილ ასაკშიც საკმაოდ კარგი შედეგები მქონდა. ევროპის პრიზიორი გავხდი, ასევე, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მოვიპოვე ლიცენზია, რაც უპრეცენდენტო მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ახლა 23 წლის ვარ და ახლანდელი შედეგებზე უკვე ვისაუბრეთ.
ამ წლების განმავლობაში მარცხიც არაერთი იყო, ბევრი იმედგაცრუება შემხვდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერმა მეტი მოტივაცია მომცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღაც რაღაც დაგვითმია კიდეც, მაგრამ მერე ამას ტრიუმფალური გამარჯვება მოჰყოლია.
– როგორია ტაეკვონდოს ისტორია ჩვენს ქვეყანაში?
– მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტაეკვონდო. ის სპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობაა. 2000 წლიდან ოლიმპიურ სახეობას წარმოადგენს, რაც მას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. ტაეკვანდო საზღვარგარეთ მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე საქართველოში, თუმცა, ბოლო პერიოდში, შესამჩნევად გაიზარდა მისი პოპულარობა ჩვენთანაც. ძალიან ბევრი ბავშვია დაინტერესებული, სკოლებში მსურველების რაოდენობამ იმატა, რაც ძალიან სასიხარულოა და სამომავლოდ კარგი შედეგების მიღწევის საშუალებას მოგვცემს.
ამ საქმეში, სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად, დიდ შრომას დებს ეროვნული ფედერაცია, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციას, ასევე, სპორტის სამინისტროს. ყველაფერმა ერთად კარგი შედეგი გამოიღო და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მეტსაც გავაკეთებთ.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პირად მწვრთნელს თემურ ღლონტს და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოსებ ოსიძეს.
საბედნიეროდ, გარდა პროფესიონალებისა, ჩემ გვერდითაა მთელი ჩემი ოჯახი და მათი ძალიან მადლიერი ვარ ასეთი მხარდაჭერის გამო. ისეთ რთულ მომენტებში, როცა ვფიქრობდი – „გამომივა თუ არა? სხვა საქმეზე ხომ არ ვიფიქრო?“ და ასე შემდეგ, ოჯახი ყოველთვის გვერდით მედგა და ძალას მაძლევდა.
– ალბათ, თქვენი შედეგებიც არის ბევრი ბავშვისთვის სტიმული და კარგად იგრძნობა, თითოეული გამარჯვების შემდეგ როგორც ეცვლებათ პატარებსა და მშობლებს სპორტის ამ სახეობის მიმართ დამოკიდებულება.
– ნამდვილად. ამაში დავრწმუნდი, როცა ევროპის თამაშებზე ვასპარეზობდი. მაშინ შეკრებაზე დაახლოებით 50 ბავშვი იყო და ჩემს ფინალს უყურებდნენ. საოცარი ემოციებით შეხვდნენ ჩემს გამარჯვებას, მთელი გულით მგულშემატკივრობდნენ. ჩემთვის ენით აღუწერელია ის ემოციები, რასაც ვგრძნობ იმის გამო, რომ შემიძლია, მათთვის მისაბაძი ვიყო. ბევრი მოსულა და უთქვამს, როცა გავიზრდები, მინდა, შენნაირი ვიყოო. ეს ჩემთვის მოტივაციაზე ბევრად მეტია. ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩემზე ბევრად მაგრები იქნებიან და მთელი გულით მჯერა, რომ ასეც იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან