საზოგადოება

როგორ აღმოჩნდა სპარტაკ შარიქაძე 800-იდან საუკეთესო 8 სტუდენტს შორის და როგორ გახდა ის რომის თეატრის რჩეული

№4

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 30.01, 2023 წელი

სპარტაკ შარიქაძე
დაკოპირებულია

რამდენიმე თვის წინ რომის საოპერო თეატრმა ახალგაზრდა სოლისტებისთვის მოსმენა გამოაცხადა. საერთო ჯამში, მასში, დაახლოებით, 800 ვოკალისტი იღებდა მონაწილეობას. აქედან 8 შეირჩა. რჩეულთა შორის გახლავთ სპარტაკ შარიქაძე.

 

სპარტაკ შარიქაძე: მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდ საოპერო თეატრებს აქვს პროგრამები, რომელიც გულისხმობს 30 წლამდე ახალგაზრდების მათ თეატრში დაკავებას, შესაბამისი მოსმენების შედეგად. მათ შორის არის რომის თეატრიც. პროგრამა, რომელზედაც მე ამიყვანეს, უკვე დაიწყო და წელიწად-ნახევარი გაგრძელდება. მთელი ეს დრო საშუალება მოგვეცემა, ვიმუშაოთ ძალიან მაგარ ვოკალის ქოუჩებთან, მსოფლიო დონის მომღერლებთან და დირიჟორებთან. ჩვენთვის ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია კარიერული განვითარების გზაზე. ეს წელიწად-ნახევარი აქ ვიმუშავებთ და პრაქტიკას უმაღლესი დონის პროფესიონალებთან გავივლით. მაგალითად, ამ მომენტში თეატრის მთავარი დირიჟორია მიკელე მარიოტი, ვისთან ერთადაც კოლაბორაციები გვექნება. ეს ბევრს ნიშნავს და ძალიან ვამაყობ იმით, რომ 800 კონკურსანტიდან ორი ქართველი აგვარჩიეს და აქ აღმოვჩნდით.

რომის თეატრი ერთ-ერთი უძველესი თეატრია იტალიაში. მას დიდი ისტორია აქვს. აქ ყოველთვის შეხვდებით უმაღლესი დონის დირიჟორებსა და მომღერლებს.

– როგორ აისახება თქვენს კარიერაზე რომის საოპერო თეატრში გავლილი ეს პროგრამა?

– მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან კარგად. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. დავიხვეწებით და დავოსტატდებით ჩვენს სფეროში და საშუალება მოგვეცემა, გავიცნოთ ის ადამიანები, ვინც საკუთარი თავის რეალიზებაში ძალიან დაგვეხმარებიან. ესენი არიან აგენტები, დირიჟორები. ისინი ქმნიან მომღერლების კარიერას. მხოლოდ სიმღერა არ არის საკმარისი. ყველა დიდ მომღერალს ჰყავს აგენტი, რომელიც მას კონტრაქტების მიღებაში ეხმარება. მუსიკალურად და ვოკალურად თავისთავად გავიზრდებით და ეს ძალიან მიხარია, მაგრამ კონტაქტები, რომელსაც აქ შევიძენთ, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენს მომავალ კარიერას მთლიანად განსაზღვრავს.

– ამ თეატრის სცენაზე ძალიან სახელოვან ადამიანებთან ერთად მოგიწევთ მსმენელის წინაშე წარდგენა და არ ნერვიულობთ?

– ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და აქედან გამომდინარე, ვნერვიულობ კიდეც, მაგრამ თეატრის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ, ამ მხრივაც გვეხმარებიან. შენი ემოციები უნდა დამალო, მსმენელის წინაშე თავისუფალი უნდა წარდგე და ამასაც მუშაობა სჭირდება. ახლა რომ ვნერვიულობთ, მგონი, ამ ეტაპისთვის ძალიან ნორმალურია, მაგრამ დროსთან ერთად ყველაფერი დაიხვეწება.

– ალბათ, ძალიან დიდი სიხარულია ახლა თეატრიდან დადებითი პასუხის მიღება...

– რა თქმა უნდა, ასეა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, სრულიად უიმედოდ არ ვყოფილვარ – მანამდე შესარჩევი ტური გავიარეთ და გარკვეული მოლოდინი მქონდა. ჯერ ჩვენი ვიდეოჩანაწერები გავაგზავნეთ, შემდეგ ლაივმოსმენაზე აგვარჩიეს. რომში რომ ჩამოვედით, თეატრში გავიარეთ პირველი ტური, ფინალი და ყველა ამ ეტაპზე კონკურსანტები გვაკლდებოდნენ. ფინალის შემდეგ იყო გასაუბრება და გასაუბრებიდან ათ დღეში მივიღეთ საბოლოო პასუხი. ათ დღეში გავიგე, რომ რომის თეატრმა მიგვიღო ამ ახალგაზრდულ პროგრამაზე. ასე რომ, ეს პროცესი ბევრი ეტაპისგან შედგებოდა და შედეგი ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილა, თუმცა, არც გარანტირებული და მაინც მოუთმენლად ველოდი. ეს გზა რომ გავიარეთ, ჩემთვის უკვე დიდი წარმატება და პატივია, თუმცა, რომ არ ავერჩიეთ, რა თქმა უნდა, გული ძალიან დამწყდებოდა. ემოციების ზღვა მქონდა, როცა გავიგე, რომ არჩეულ რვა ახალგაზრდა მომღერალს შორის მეც ვიყავი.

– რვა ახალგაზრდა მომღერლიდან, ორი ქართველი ხართ.

– დიახ. მეორე ქართველი ეკატერინე ბუაჩიძე მეცო-სოპრანოა. მე ბანი გახლავართ. ჩვენ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები ვიყავით და ამ პროგრამის გამო ახლა ჩვენი სტუდენტური სტატუსი დროებით შეჩერებულია. ეს ბუნებრივია, რადგან აქ წამოვედით. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით. მე და ეკატერინე კურსელები და კარგი მეგობრები ვართ. აქაც ერთად ვართ. ის უნიჭიერესი მეცო-სოპრანოა, რომელსაც კარგი კარიერის გაკეთება შეუძლია. ეკატერინეს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. დარწმუნებული ვარ, რომ მას წინ დიდი წარმატებები ელოდება. ამაზე ისიც მიუთითებს, რა განწყობებითაც მას აქ დახვდნენ.

– გამარჯვებულ რვა ადამიანს შორის ორი ქართველი ხართ და საერთო ჯამში, 800 ადამიანიდან აგარჩიეს.

– დიახ, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. თავიდან 800 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, შემდეგ სხვადასხვა ტურში ეს რაოდენობა გაიცხრილა. ძალიან მაღალი დონის შემსრულებლებთან გვიწევდა კონკურენცია, ბევრი მათგანი კონკურსების ლაურეატიც იყო, არაერთი სპექტაკლი ჰქონდათ ნამღერი და ეს საშემსრულებლო ოსტატობაზე გავლენას ახდენს. ასეთი კონკურენციის პირობებში ნამდვილად რთული იყო, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ და როგორც ჩანს, გამოგვივიდა.

– საქართველოს არაერთი საამაყო წარმომადგენელი ჰყავს საოპერო სამყაროში მსოფლიო მასშტაბით. თუ იყო ამაზე ხაზგასმაც?

– მოსმენის დღეს კონცერტმაისტერმა, რომელიც პირველად ვნახე, მკითხა, თქვენ საქართველოდან ხართო? მეგონა, ანკეტა ნახა, მაგრამ არა, მე ეს ვიგრძენიო, მითხრა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ქართველი ჰყავს მოსმენილი. ქართველი მუსიკოსები ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობენ და ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს მონაცემებს. ობიექტურად, მართლა გამორჩეული მონაცემების ხალხი ვართ. მინდა ვთქვა, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.

– როგორი შეფასებები დაიმსახურეთ ჟიურისგან?

– ფინალის შემდეგ, გასაუბრებაზე გვქონდა ჟიურის შეფასებების მოსმენის შესაძლებლობა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ძალიან დიდი წონა აქვთ საოპერო სამყაროში. ერთ-ერთი იყო ზალცბურგის ფესტივალის დირექტორი Evamaria Wieser, რომელიც ასევე, ჩიკაგოს ოპერის დირექტორია. ის არაერთი საოპერო კონკურსის ჟიურის წევრი გახლავთ. სამწუხაროდ, მანამდე ამ ქალბატონს არ ვიცნობდი.

ვიცოდი, რომ ჟიურიში უბრალო ადამიანი არ იჯდებოდა, მაგრამ კონკრეტულად ვინ იყო, არ ვიცოდი. როცა მან ჩემ მიმართ ძალიან დიდი აღტაცება გამოხატა, არც კი მიფიქრია, რომ ასეთი დონის ადამიანი მაქებდა ასე. იგივე მოხდა ეკატერინესთანაც. მერე, როცა გავიგე, ვინ იყო ეს ქალბატონი, როცა გავიგე, როგორმა ადამიანმა გამოხატა დიდი მოწონება, ძალიან ამაღელვებელი იყო. შეფასებას რომ თავი დავანებოთ, ამ დონის ადამიანთან პირისპირ შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია. თან თავის შეფასებაში ის იმდენად გულწრფელი და უშუალო იყო, ვერ აღგიწერთ და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ახალგაზრდა ასაკში ასეთი ადამიანისგან მსგავს შეფასებას მივიღებდით. მომხდარის დაჯერებაც კი მიჭირდა. ეს საერთაშორისო მასშტაბის პირველი მოსმენა იყო ორივე ჩვენგანისთვის და სიმართლე გითხრათ, ყველას უკვირდა. მიუხედავად გამოუცდელობისა, მაქსიმალურად შევეცადეთ და თვითონაც აღნიშნეს, რომ ძალიან იღბლიანი ცდა გამოგვივიდა.

– სიმღერა რა ასაკიდან დაიწყეთ?

– 7 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა სიმღერაზე შემიყვანეს. თავიდან ფოლკლორულ სიმღერებს ვმღეროდი. ჩემი პირველი ანსამბლი „ერქვანი“ გახლდათ. შემდეგ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ წევრი გავხდი. ბევრ კონცერტში მივიღე მონაწილეობა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. 21 წლის ასაკში გადავწყვიტე ჩემი შესაძლებლობები საოპერო მუსიკის განხრით მეცადა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი