როგორ აღმოჩნდა ნინო ფერაძის ნახატები არაერთ ქვეყანაში და რა საოცარი ისტორია უკავშირდება მის ნამუშევარს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:00
ნინო ფერაძის ხელოვნება მნახველებს განსაკუთრებულ სიმშვიდესა და სიამოვნებას ჰგვრის. მისი ნახატებიდან სიკეთე მოდის. მათში ვერ ნახავთ მძიმე თემატიკას და ალბათ, ამიტომაცაა, რომ ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ.
ნინო ფერაძე: რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემმა მშობლებმა საბავშვო ბაღში შესრულებული ნახატების ალბომიც შემომინახეს. დედა ექიმი იყო, მამა – ისტორიკოსი, მაგრამ ორივე ხატავდა სამოყვარულო დონეზე. ოჯახში გარემოც განსაკუთრებული მქონდა და ამას ისიც ემატებოდა, რომ მშობლებს ხშირად დავყავდი გამოფენებზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმე ბავშვობაშივე ვიპოვე და დღემდე ამით ვცხოვრობ. როცა მთელი ცხოვრება იმას აკეთებ, რაც მოგწონს, ეს ძალიან სასიამოვნოა.
– როგორ გახსენდებათ პირველი აღიარება და წარმატება?
– პატარა ვიყავი, მგონი, სკოლაშიც არ დავდიოდი, როცა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის მიერ გამართულ ბავშვთა კონკურსში ვმონაწილეობდი და ჯილდო მივიღე. მახსოვს, ბარათი გადმომცეს, რომელზეც ეწერა „პატარა ნიჭიერ მხატვარს“, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
მერე იყო კონკურსები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ კუთხით მაინცდამაინც აქტიური ვიყავი. როდესაც არჩევნის გაკეთების დრო მოვიდა, ბევრი არ მიფიქრია, პირდაპირ მხატვრობა ავირჩიე. მიმაჩნია, რომ ბედმა გამიღიმა, როცა ეს არჩევანი გავაკეთე. თუმცა, მაშინ არც ისე ადვილი იყო აკადემიაში ჩაბარება და ორი წელი ვაბარებდი, საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. საინტერესო წლები გავატარე აკადემიაში ნიჭიერი ადამიანების გვერდით. ჩემი კურსელები დღეს ცნობილი მხატვრები არიან.
– რა შეფასებები დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
– დიდი ხნის წინ გერმანიაში ასეთი შემთხვევა მოხდა: ოჯახს ავადმყოფი გოგონა ჰყავდა, რომელმაც ჩემი ნახატის ფოტოები ნახა და თურმე, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, გამოფენაზე მოუნდა მოსვლა. მშობლებისთვის უთქვამს, წამიყვანეთ, ეს ადამიანი უნდა ვნახოო. ეს ისტორია რომ მოვისმინე, ძალიან ახლოს მივიტანე გულთან. ბავშვი, რომელიც დეპრესიულია, ეტლში ზის, სახლიდან არ გადის და არაფრის ხალისი არ აქვს, ითხოვს ჩემს გამოფენაზე მოყვანას. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რომ არ მოგატყუოთ, მიყვარს გამოფენაზე დამთვარიელებლებისთვის შორიდან ყურება და მათ რეაქციებზე დაკვირვება. მხატვარს თავისი სამყარო აქვს და შესაბამისია მისი შემოქმედებაც, მაგრამ ძალიან საინტერესოა იმის გაცნობიერება, მართლა მხოლოდ შენთვის მუშაობ თუ სხვების რეაქციაც გაინტერესებს.
დღეს სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო გაამარტივა ამ ტიპის კომუნიკაცია და უამრავი ადამიანის აზრის მოსმენაა შესაძლებელი. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, ჩემს ნახატებთან დაკავშირებით თავიანთ განცდებს მიზიარებენ. საინტერესო და სასიამოვნოა ამის მოსმენა და დიდ სტიმულს მაძლევს. თუ ერთი ადამიანისთვისაც კი საინტერესო ხარ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
– როგორია ხატვის პროცესი?
– ეს არის ყოველდღიური მუშაობა. არ აქვს მნიშვნელობა წვიმს, ცხელა თუ ცივა, მაქვს თუ არა განწყობა. თითქოს, ყოველდღიური რუტინული სამუშაოა, რომელსაც დიდი შედეგი მოაქვს. ბევრს მუშაობ და უცებ თავადაც გიკვირს, შედეგი იმდენად კარგია. იდგე და მუზას ელოდო, ეს არ არის ჩემი სტილი. მე მიმაჩნია, რომ როცა ბევრს მუშაობ, მაშინ ჩნდება გზა, რომელიც ოპტიმალურია.
– მთელი ცხოვრებაა ყოველდღე ხატავთ თუ იყო პაუზებიც?
– ალბათ იყო, მაგრამ არა დიდხნიანი. არ მახსენდება, რომ თვეების განმავლობაში არ მეხატა, თუმცა, შეიძლება, ერთთვიანი პაუზა მქონოდა.
ბოლო კურსზე ვსწავლობდი, როცა მულტსტუდიაში დავიწყე მუშაობა, ანიმაციური ფილმების დამდგმელი მხატვარი ვიყავი. საკმაოდ ბევრი ფილმის დამდგმელი მხატვარი გახლავართ. იმის გარდა, რომ ეს საქმე მომწონს, ანიმაციაში მუშაობამ მასწავლა, რომ არცერთი დღე არ უნდა გაატარო ფანქრის გარეშე. ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა, ყოველდღიურ ჩართულობას მოითხოვს. დიდხანს ვმუშაობდი და ყოველდღიური მუშაობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, დღემდე ასე ვარ. მგონი, უკვე ავადმყოფობაა, ამის გარეშე თავს უჩვეულოდ ვგრძნობ (იცინის). ჩანაფიქრი, რომელიც მაქვს, მუდმივად მაწუხებს და მინდა, სისრულეში მოვიყვანო, ამიტომ არ მიყვარს დროის დაკარგვა.
– დაგითვლიათ, რამდენი ნამუშევარი გაქვთ შესრულებული?
– ამას ნამდვილად ვერ დავთვლი (იცინის). 10-15 წლის წინ დავიწყე ნამუშევრების არქივზე მუშაობა და დღეს ეს არქივი საკმაოდ დიდია. კომპიუტერების ეპოქაში ეს მარტივია, მანამდე ამის შესაძლებლობა ნაკლებად იყო და ვინ იცის, რამდენი ნამუშევარი გამიყიდია და გამიჩუქებია. უამრავი. ზოგჯერ რომ შევხედავ, თვითონაც გული მისკდება, ამდენი? – მიკვირს. ზოგი – დიდი, ზოგი – პატარა, მაგრამ ყველა ერთად – ძალიან ბევრი.
– რა შინაარსს ატარებენ თქვენი ნახატები?
– ორი მიმართულებაა, ერთი შეიძლება, მხოლოდ ემოცია იყოს და არანაირი შინაარსი, უფრო აბსტრაქციისკენ მიდის. მეორე მხრივ, შეიძლება, იყოს თემა, მშვიდობიანი, წყნარი, ოპტიმიზმით სავსე. იმდენად რთულია დღევანდელი ცხოვრება, რომ ამაზე დამატებით ყურადღების გამახვილებასა და შემოქმედებაში გადატანას არ ვეთანხმები. რეალობაშიც გვეყოფა. ახალგაზრდა რომ ვიყავი, ძალიან რთული წლები იყო. ჩემი ძველი ნამუშევრები საკმაოდ მძიმე იყო ფერითაც, თემატურადაც. 90-იანი წლები, სამოქალაქო ომი, უბედურებები... ბევრი საშინელება გამოვიარეთ. მერე მივხვდი, რომ ეს არანაირ პლუსს არ მაძლევს არც მე, არც მნახველს. მხოლოდ ზედმეტი დატვირთვა და ემოციაა. არ მინდა ამის კეთება. შეიძლება, ჩემი ნახატები ზღაპრულია, მაგრამ ჩემი სამყარო ისეთია, როგორიც მინდა, იყოს და არა ისეთი, როგორსაც ყოველდღიურად ვხედავთ. ყველაფერს ვხედავ, მაგრამ მე არ მინდა ამის ჩვენება ჩემს შემოქმედებაში, ეს ჩემი შეგნებული არჩევანია. მივხვდი, რომ ეს არ არის საჩემო და არასდროს მომიტანს სიხარულსა და ბედნიერებას. პრობლემა ისედაც იმდენი აქვთ ადამიანებს, კიდევ ჩემი თვალით დანახული, რომ დავუმატო, აღარ არის საჭირო.
– თქვენი ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთაც აქტიურად იყიდება, როგორ გაფართოვდა საზღვრები?
– ახლა ნაკლებად ვმოგზაურობ, ადრე სოციალური ქსელები არ იყო, მაგრამ იყო გამოფენები ევროპაში, აქაც ჩამოდიოდნენ აქტიურად. ბოლო წლებში პერსონალური გამოფენები არ მქონია, მაგრამ მოთხოვნა სოციალური ქსელებიდან არის, ასევე, ჩამოსული სტუმრებისგან. განსაკუთრებით იმ ქვეყნებშია ჩემი ბევრი ნამუშევარი, სადაც ხშირად ვმოგზაურობდი და სხვადასხვა სახელოსნოშიც ვმუშაობდი. ახლა ამის შესაძლებლობა ნაკლებადაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





