როგორ აღმოჩნდა ელისო კილაძე ქურდთან „რაზბორკაზე“ და რით დაღალა მან ქმარი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 28.12, 2020 წელი
![ელისო კილაძე ელისო კილაძე](/files/2020/12/25/375/eliso-kiladze_w_h.jpeg)
გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის სახელისა და გვარის გაგონება ბევრს არ სიამოვნებს, ზოგს აშინებს კიდეც, მაგრამ ფაქტი ერთია – მისი სახელი და გვარი მუდამ სკანდალურ საქმესთან ასოცირდება. ზუსტად ამ მიზეზის გამო ჟურნალისტის პროფესიული გზა მშვიდი არასდროს ყოფილა.
ელისო კილაძე: ქუთაისში დავიბადე და დედულეთში ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე ბებია-ბაბუასთან, მწვანე ყვავილაზე – ისტორიულ უბანში. ბევრი კეთილი მოგონება მაქვს ბავშვობიდან. დიდი და ძალიან თბილი ოჯახი მქონდა. მახსოვს, ერთხელ ბაღში, ერთ-ერთ ზეიმზე ჩურჩული ატყდა, დამსწრე მოვიდა განათლების განყოფილებიდანო. უცებ ყველა მოემზადა და მეც გამოვიჭყიტე მის დასანახავად, რადგან ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი და მამაჩემი აღმოვაჩნე. ისინი არ იცნობდნენ იმიტომ, რომ სიძე იყო და იქ არ ცხოვრობდა, სადაც მე გავიზარდე. სამსახურის გამო დედა და მამა სულ დაკავებულები იყვნენ და ბებია-ბაბუასთან ამიტომ ვიზრდებოდი. მახსოვს, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ დამსწრე განათლების განყოფილებიდან იყო არა ვიღაც საშიში კაცი, არამედ მამაჩემი (იცინის).
მამა 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე მაშინ 16 წლის ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ცოტა ბიჭივითაც მზრდიდა. ქუთაისში 29-ე სკოლაში ვსწავლობდი, ზასტავაზე, ცნობილ ქურდულ უბანში.
– მაშინდელი ელისო რა თვისებებით გამოირჩეოდა?
– ძალიან მეამბოხე ვიყავი და ბევრი თავგადასავალი მქონდა. ოქროს მედლის კანდიდატად ვითვლებოდი, მაგრამ ტრადიციული გაგებით ხუთოსანი არ ვყოფილვარ. შატალოზეც დავდიოდი, ბიჭებთანაც ვმეგობრობდი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი და ძალიან სამართლიანი ვიყავი. მესამე კლასში ვსწავლობდი, როცა კლასელებს სერიოზული ჩხუბი მოუვიდათ, მაგრამ ბავშვების უმეტესობამ არავინ ჩავუშვით და კარგად მახსოვს, ჩემი დამრიგებლის სიტყვები: ადამიანმა რომ საიდუმლოს შენახვა იცის, ეს მისი ღირსებააო. ეს იმ დროიდან მოყოლებული ძალიან კარგად ვიცი, რაც ძალიან მეხმარება, როგორც ჟურნალისტს, წყაროებთან ურთიერთობაში. იმიტომაც მანდობს უამრავი ადამიანი თავის საიდუმლოს.
– ქუთაისთან და მით უმეტეს, თქვენს უბანთან ქურდული სამყარო და ავტორიტეტები ასოცირდებიან. ეს სამყარო ცოტა რომანტიზებული არ გქონდათ?
– მე მყავს ბავშვობის მეგობარი კრიმინალური ავტორიტეტები, კლასელებიც, მეზობლებიც და მეგობრებიც, მაგრამ ჩემში კრიმინალური სამყაროს რომანტიზება არასდროს მომხდარა. ჩემი ბავშვობა და პროფესიული დამოკიდებულებები მკვეთრად მაქვს გამიჯნული ერთმანეთისგან. თუმცა, „რაზბორკაზეც“ ვარ ნამყოფი ხარაზოვის ბაღში და ნამდვილი ქურდიც მყავს ნანახი (იცინის). მაშინ ჯართის ბიზნესში ვიყავი. ჩვენს პარტნიორს, ერთ-ერთი კანონიერი ქურდის მეშვეობით, ფულს „აწერდნენ“. რაკი კომპანიის დირექტორი მე ვიყავი, ამ ქურდმა ჩემი მხრიდან მე დამიბარა. ყველა მხარის წარმომადგენელი შევიკრიბეთ. ის ბორდიურთან ჩაიცუცქა და ჩავიცუცქე მეც. ფიზიკურად შეუძლებელი იყო, მე ფეხზე ამდგარს მელაპარაკა, ის კი ჩაცუცქული ყოფილიყო. კითხვები დამისვა, მეც ვუპასუხე და ძალიან ყურადღებით მისმენდა. გაგიკვირდებათ და, გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ მიიღო (იცინის). თუმცა, წარმოდგენა „ქურდულ ქუთაისზე“ ცოტა გადაჭარბებულია. ქურდულ გაგებასა და ქალაქელობას შორის ჩემთვის ძალიან დიდი ზღვარია და ქალაქელობა ქუთაისში კიდევ სხვა ტიპის პასუხისმგებლობას ნიშნავს, როგორც ქალაქის, ისე ერთმანეთის წინაშე. მეც მაქვს ეს პასუხისმგებლობა ამ ქალაქის მიმართ. თვე არ გავა, რომ იქ არ ჩავიდე, რადგან დედაჩემი იქ ცხოვრობს. დედა 37 წლის იყო, როდესაც დაქვრივდა. ის ნამდვილი გმირია. მე და ჩემი ძმა მარტომ გაგვზარდა.
– მამა როგორ გარდაიცვალა?
– ძალიან მოულოდნელად, არც ავადმყოფობდა. ექიმის შეცდომის გამო გულის ინფარქტით დაიღუპა. მაშინ მე მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე იმ წელიწადს ერთი ქულა დამაკლდა. გარკვეულწილად, მამაჩემის მოულოდნელი გარდაცვალების დამსახურებაცაა, რომ მერე მე ძალიან დამოუკიდებელი გავხდი. 18 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი და მგონი, ჩვენი პროფესიის ადამიანებს შორის გამონაკლისი ვარ – 32 წელია, ერთი ქმარი მყავს (იცინის).
– არ გაგიჭირდათ ოჯახის შენარჩუნება?
– იყო წარმატებული პროფესიაში და თან ოჯახი გქონდეს, ძალიან რთულია. მე ძალიან ბევრი დავაკელი ჩემს ოჯახსა და შვილებს ჩემი პროფესიის გამო. არასდროს ვყოფილვარ დედა, ტრადიციული გაგებით და არც დიასახლისი. თუმცა ძალიან კარგი საჭმელების კეთებაც ვიცი და შვილებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი მეუღლეც იურისტია. პოლიციაში მუშაობდა და მაღალ თანამდებობას მიაღწია, რომელიც ჩემს პროფესიას შეეწირა ვანო მერაბიშვილის დროს. ჩემი ჟურნალისტობით მე მას ხელს ვუშლიდი. მაგრამ თამამად ვამბობ, რომ ჩემი არცერთი სკანდალური მასალის წყარო ჩემი მეუღლე არ ყოფილა.
როდესაც ქუთაისში ვცხოვრობდი, ადგილობრივი მნიშვნელობის სკანდალებს ვაკეთებდი. ყველა მასალა ადგილობრივი მაღალი თანამდებობის პირებს ეხებოდა და იყო შემთხვევები, როცა ჩემს მეუღლესთან მიჩიოდნენ. მისგან ითხოვდნენ დახმარებას. რაღაც პერიოდის შემდეგ დავანებეთ თავი ერთმანეთს, აღარც კი ცდილობდა, ჩემთან ვინმესთვის გაეწია პროტექცია.
– არ უთქვამს, გაჩერდიო? კონკრეტულად რას შეეწირა მისი კარიერა?
– კი, იყო ეს მომენტი. დაუმთავრებელი სკანდალები ძალიან რთულად ასატანია. ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. ჟურნალისტმა მიშა დევიძემ, რომელიც „რუსთავი 2-ზე“ მუშაობდა და ჩემი მეზობლის ნათესავი იყო, იმ პერიოდში დახმარება მთხოვა თემების მოძიებაში. მაშინ „ალიაში“ ვმუშაობდი და რაც შემეძლო, ვეხმარებოდი. მიშამ ჩემთან მოისმინა, რომ ჩემს სახლში ინახებოდა რამდენიმე ვიდეოკასეტა, რომელზეც ჩაწერილი იყო კანონიერი ქურდის ოჯახის ქეიფი. მან იცოდა, რომ ერთ-ერთ კასეტაზე დაფიქსირებულები იყვნენ მოქმედი მაღალჩინოსნები ქუთაისის საკრებულოდან და მერიიდან. მაგრამ მე მისთვის არ მითქვამს, რომ მას ამ მასალას მივცემდი, რადგან ეს ჩემი ექსკლუზივი იყო და თავად ვაპირებდი მის გამოყენებას. მან ამის შესახებ თავის ტელევიზიას შეატყობინა და მაშინდელი „რუსთავი 2-ის“ გუნდი ქუთაისში ჩამოვიდა. მანამდე კაკო ბობოხიძემ დამირეკა და მთხოვა, იქნებ ეს კასეტა ნანა ლეჟავას მისცე, რომ „რუსთავი 2-ისთვის“ მოამზადოსო. ვუპასუხე, რომ ამ მასალას არავის მივცემდი, რადგან თავად ვაპირებდი მის გამოყენებას. ნანა ლეჟავასაც უარი ვუთხარი, რადგან ეს ჩემი ექსკლუზივი იყო. ამის შემდეგ, ურეკავენ ჩემს 14 წლის შვილს და ეუბნებიან, რომ ხუთი ათას დოლარს გადაუხდიდნენ, ოღონდ ამ კასეტის გადაწერის საშუალება მიეცა. დათომ მათ უარი უთხრა და ამ ყველაფრის შესახებ მე მიამბო, რის შემდეგაც ჩემი უარი უფრო კატეგორიული გახდა. ამის შემდეგ მიშა დევიძე აცხადებს, რომ გაიტაცეს და შეაშინეს. არაპირდაპირ, მაგრამ მინიშნებებით ბრალს ჩემს ოჯახს დებს. ამ დროს ჩემი მეუღლე სამძებროს უფროსი იყო ქუთაისის პოლიციაში, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი კი ვანო მერაბიშვილს ეკავა. ის რეკავს მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსთან და ეუბნება, ხარშილაძემ მოიტანოს კასეტა, რომელიც მის ცოლს აქვსო, რაზეც ჩემმა ქმარმა უარი თქვა. მაშინ განცხადება დაწეროს და სამსახურიდან წავიდესო და ჩემი მეუღლე ასეც მოიქცა. მე კი ჩემი ექსკლუზივი „ალიაში“ გამოვაქვეყნე. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ამ ფაქტს წინ უძღვოდა ჩემი ქმრის რიგგარეშე ჩინი და ჯილდო პრეზიდენტ სააკაშვილისგან. დამნაშავეების დაკავების დროს მას ესროლეს, რის გამოც მიიღო ჯილდო, ჩინი, პრემია, მაგრამ მისი კარიერა მერაბიშვილის ხუშტურსა და ნანა ლეჟავას ჟურნალისტურ ტყუილს შეეწირა. მერე, უკვე ოცნების ხელისუფლების პირობებში, ჩემმა ქმარმა ეს ჯილდოებიც დააბრუნა.
– როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?
– მისაღები გამოცდები რომ ვერ ჩავაბარე, მუშაობა საავტომობილო ქარხანაში დავიწყე და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. სხვათა შორის, ჩემი პირველი ჟურნალისტური ნაბიჯები და პირველი სკანდალიც საავტომობილო ქარხანას უკავშირდება. იმ პერიოდშივე ჩავაბარე მისაღები გამოცდები სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვსწავლობდი, ვმუშაობდი და შვილსაც ვზრდიდი. ძალიან საინტერესოდ ვცხოვრობდი. პირველი დიდი სკანდალი 1996 წელს მოხდა. მაშინ გაზეთ „შვიდ დღეში“ ვმუშაობდი და მთელი მედია ბაგრატის ფონდის შემოწმების მასალებზე ნადირობდა. ღირსების ამბავი იყო, რომელი ჟურნალისტი შეძლებდა ამას და საბოლოოდ, „ბაგრატის ფონდის საიდუმლოებანი“ მე მოვიპოვე და მატარებლით გამოვატანე მაია ცირამუას თბილისში. ეს იყო სკანდალი, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობდა და ყველამ მაშინ გაიგო ელისო კილაძის სახელი. ყოველთვის მინდოდა, ისეთი ჟურნალისტი ვყოფილიყავი, როგორიც ვარ. ათასი რამ შეიძლება, მოისმინოთ ჩემზე, ხან ნაცი ვარ, ხან ქოცი, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ელისო კილაძემ რომელიმე მასალის გამოქვეყნებაში ან გამოუქვეყნებლობაში ფული აიღო. ადამიანურად ბევრი თხოვნისთვის გამიწევია ანგარიში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხებოდა საქმე, უკან დამიხევია და სკანდალზე უარი მითქვამს, მაგრამ ფულის გამო – არასოდეს.
– ელისო კილაძე ბევრს არ უყვარს, მისი სახელისა და გვარის გაგონებაც ბევრს არ სიამოვნებს, ადამიანურად რთული არაა ეს მომენტები?
– ბევრს ეშინია კიდეც ამ სახელისა და გვარის. როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს და გავიგე, რაშიც იყო საქმე, ჩემი პირველი კომენტარი იყო: თუ ჩემი შვილი დაიჭირეს იმიტომ, რომ მე „ქრონიკა +“ დავთმო, იცოდეთ, რომ უარს ვამბობ-მეთქი. მაგრამ მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი არგუმენტი. განაჩენში წერია, რომ ჩემი შვილი იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, იმის გამო, რომ დედამისი იყო ოპოზიციურად განწყობილი გაზეთის რედაქტორი. მაშინ ორ რამეს განვიცდიდი ძალიან, პირველი – დათოს უკანონო პატიმრობას და მეორე – ტროლების ქარხნისგან სიბინძურის არნახულ ნაკადს. ჩემი შვილი ოთხი თვე იყო უკანონო პატიმრობაში. ამ ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ ღამე არ გვეძინა და მე ჩემს სტატუსებზე ტროლების შემოსევას ვიგერიებდი. მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ ტროლებს არ უნდა უპასუხო. იმდენი რამე მაქვს მოსმენილი საკუთარ თავზე: ის, რომ სახლი, რომელიც ვიყიდე და ორი წელია, ვარემონტებ, გახარიამ მაჩუქა; ის, რომ მიშა სააკაშვილი რვა ათას დოლარს მიხდიდა ყოველთვე, ბიძინა კი, თურმე, ათი ათასს მიგზავნის. მაგრამ გულახდილი ვიქნები, ბოლო ერთი წელია, ჩემ მიმართ განსაკუთრებული აგრესია აღარ იგრძნობა. დამფინანსებელი აღარ ჰყავთ და ვხუმრობ ხოლმე, ჩემს ლანძღვაში ფულს აღარ იხდიან-მეთქი. იყო პერიოდი, როცა ადამიანებს ამაში ფულს უხდიდნენ. თავიდან 50 ლარი ღირდა ერთი სტატუსი და მერე ფასი 80-ამდეც ავიდა.
– ყველას თვალში ძალიან შეუვალი ხართ. თქვენი სუსტი წერტილი რა არის?
– ძალიან მეშინია ორი რამის, კატებისა და სტომატოლოგების (იცინის). ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე კი ჩემი 12 წლის შვილიშვილია. დათო რომ დაიჭირეს, მინდოდა, ლიზასთვის ამეხსნა, რაც მოხდა. მაშინ ის ცხრა წლის იყო და მეუბნება, მე ყველაფერი ვიცი. ვიცი, რომ შენ რასაც აკეთებდი მაგის გამო ჩაუდეს მამაჩემს ნარკოტიკი. მომეცი ბიძინას ტელეფონის ნომერი, უნდა ვუთხრა, რომ მამაჩემი გამოუშვასო (იცინის). შვილები ხომ უზომოდ უყვარს დედას, მაგრამ შვილიშვილის სიყვარული კიდევ სხვა განზომილებაა.
– მეუღლე როგორ გახასიათებთ?
– პირდაპირ ვიტყვი, დაიღალა ჩემი სკანდალებით. იყო პერიოდი, როცა ცდილობდა, როგორმე შევეცვალე და ჟურნალისტიკას გამოვცლოდი, მაგრამ არ გამოუვიდა და ბოლოს ხელი ჩაიქნია. ახლა ისეთს მიღებს, როგორიც ვარ (იცინის).
– ბოლო დროს ძალიან დაიკელით წონაში...
– სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეები სულ მაბულინგებდნენ – ეს დაბალი და მსუქანიო (იცინის). დაბალი არა, მაგრამ მსუქანი ნამდვილად ვიყავი. წონამ ძალიან შემაწუხა და როდესაც მივხვდი, რომ ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის კატასტროფა იყო, დავით აბულაძესთან მივედი და წელიწად-ნახევრის წინ გადავწყვიტე, რომ ბარიატრიისთვის მიმემართა. მანამდე ყველაფერი ვცადე, მაგრამ მოკლებულ კილოგრამებს ვერ ვინარჩუნებდი. ამ ოპერაციამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა, რეაბილიტაციის პროცესიც არ გამჭირვებია და დღეს, არც მეტი არც ნაკლები, სამოცი კილოგრამი მაქვს დაკლებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან