საზოგადოება

როგორ აღმოჩნდა ბექა ლემონჯავა „ამაზონ პრაიმის“ სერიალში და რისი დახმარებით მოიპოვა მან ნდობა უცხო კინოინდუსტრიაში

№15

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 17.04, 2023 წელი

ბექა ლემონჯავა
დაკოპირებულია

„ამაზონ პრაიმის“ ახალ სერიალ Sin Huellas-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ქართველი მსახიობი – ბექა ლემონჯავა ასრულებს. ესპანურ წარმატებაზე ბექა თავად მოგვიყვება.

ბექა ლემონჯავა: სერიალში ქასთინგის მეშვეობით მოვხვდი. სააგენტოში ვარ გაწევრიანებული და როგორც ხდება ხოლმე, ქასთინგის შესახებ ინფორმაცია შემოვიდა, გამიშვეს. იქ პროცესი თავიდანვე საინტერესოდ წავიდა. თუმცა, დაახლოებით თვე-ნახევარი არანაირი კონტაქტი აღარ ყოფილა. დამავიწყდა კიდეც, მეგონა, აღარ დარეკავდნენ, მაგრამ უცებ შემოდის ზარი და მეორე ტურზე მიბარებენ. მეორე ტურიც გავიარე და ამ ქასთინგმაც ისე კარგად ჩაიარა, რომ იქიდან გამოსული, ცხოვრებაში პირველად, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამიყვანდნენ. თუ სხვას აიყვანდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ცნობადი სახე იქნებოდა, რადგან ეს კომერციული პროექტია და ალბათ, უკეთ გასაყიდად ისეთის აყვანა აჯობებდა, ვისაც მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, თუნდაც, „ინსტაგრამზე“. რაც შეეხება პროექტს, სერიალში ვესტერნის ელემენტები და შავი კომედია არის შერწყმული. სცენარი ვითარდება ორი დამლაგებელი გოგოს გარშემო. ისინი სამსახურს კარგავენ, თუმცა, იმავე საღამოს შემოსდით ზარი და ეუბნებიან, რომ ერთი ვილის დასალაგებლად უნდა წავიდნენ. წავლენ, დაასუფთავებენ ყველაფერს და საწოლის ქვეშ, შემთხვევით, მტვერსასრუტი მიცვალებულის გვამს ჩაითრევს. საბოლოო ჯამში, ისტორია მიცვალებულის გარშემო ვითარდება. ამ გოგოებს პოლიცია მკვლელობის თანამონაწილეებად მიიჩნევს და იწყება მათი დევნა. პარალელურად, მათ დასდევს ორი რუსი კრიმინალი და ქალაქის ელიტა, რადგან ისინიც გარეულები არიან ამ ამბავში. მოკლედ, საინტერესო სცენარია.

– რაც შეეხება თქვენს პერსონაჟს?

– ჩემი პერსონაჟი ერთ-ერთი რუსი მაფიოზია. ორნი ვართ, ძმები და გვყავს ბაბუა, რომელიც დირექტივებს გვაძლევს. ჩვენ ცოტა ბრიყვი ტიპები ვართ, ვერ ვართ კარგი კრიმინალები (იცინის). გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის. როცა ამ გოგოების დაჭერის შანსი გვაქვს, ყოველთვის ხელიდან გვისხლტებიან. ჩემი ხაზი მთლიანად კომიკურია.

– რამდენად მნიშვნელოვანია „ამაზონ პრაიმის“ სერილაში თამაში, რისი მომცემია მსახიობისთვის და ზოგადად, რა მნიშვნელობისაა ეს პროექტი?

– ჩემი აზრით, ეს პროექტი ესპანეთში საკმაოდ დიდი წონისაა, კონკრეტულად „ამაზონისთვის“. მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში გადის, ანუ დაფარვის ზონა ძალიან დიდია და ასეთ პროექტში მონაწილეობას არც ველოდი. საერთოდ, განსაკუთრებული იმედებითა და მოლოდინებით არსად მივდივარ ხოლმე, იმიტომ, რომ მერე იმედგაცრუებაც მეტია. რაც შეეხება ამ პროექტს, მისი გაპიარება ძალიან კარგად მიდის, მექსიკაში აქვთ პრეზენტაციები და უკვე მეორე სეზონის სცენარზე დაიწყეს მუშაობა. ვინ იქნება და ვინ არა მასში, ჯერ არ ვიცით, მაგრამ პროექტი თითქმის ოთხ სეზონად არის გაწერილი და აქედან გამომდინარე, ცდილობენ, მაქსიმალურად კარგად გააპიარონ.

ზოგადად, მიჭირს ხოლმე საკუთარ თავზე ლაპარაკი. რამეს რომ გავაკეთებ, ვცდილობ, ისე შევფუთო, თითქოს, უბრალოდ, ასე მოხდა, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ეს პატარა ამბავი არ არის (იცინის). ხანდახან, რაღაც მომენტში, მაქვს ხოლმე სიამაყის შეგრძნება იმის გამო, რომ ვეცადე და გამოვიდა. ვფიქრობ, რომ მაგარია, მაგრამ არა ის, რომ მე ვარ მაგარი, მაგარია ის, რაც გამოვიდა.

– რამდენ ხანს გრძელდებოდა გადაღებები და როგორი იყო პროფესიონალური თვალსაზრისით?

– გადაღებები ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ექვს თვეში მე, ჯამში, 30 გადასაღები დღე მქონდა. ძირითადად, მოქმედებები ალიკანტეში და ბარსელონაში ხდებოდა. მეტი ნაწილი ალიკანტეში გადავიღეთ. საქართველოში ასეთ დიდ პროექტზე მუშაობის გამოცდილება მხოლოდ რეზო გიგინეიშვილთან – „მძევლებში“ მაქვს მიღებული.

– მოვყვეთ, რა გზა გაიარეთ აქამდე?

– პირველ რიგში, თუ უცხო ქვეყანაში ხარ, აუცილებელია, გქონდეს იქ ცხოვრების და მუშაობის უფლება. თუ ეს არ გაქვს, გამორიცხულია, გადაღებაზე მოხვდე. ყველაფერი ძალიან მკაცრად კონტროლდება და არალეგალურად ვერ იმუშავებ. ასევე, მნიშვნელოვანია იპოვო სწორი სააგენტო, ვისთანაც ითანამშრომლებ.

აქ ძალიან ბევრი სააგენტოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, იპოვო ის, რომელიც ნამდვილად აკეთებს საქმეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენს ქვეყანაში, შენს პროფესიაში რაღაც გქონდეს გაკეთებული, ანუ მათთვის საჩვენებელი მასალა გაგაჩნდეს. ეს განსაზღვრავს ნდობას შენდამი. ჩემს შემთხვევაში, ნდობა გამოიწვია იმან, რომ საქართველოში 4 პროექტზე მქონდა ნამუშევარი. რეალურად, ეს ბევრი არ არის, მაგრამ ქასთინგმენეჯერმა თავიდანვე მითხრა, ეს რაოდენობა ბევრს არ აქვს და ჩათვალე, ეს სერიოზული ზურგია შენთვისო. გადაღების ერთი დღე ზოგს 100-150 ათასი უჯდება და ერთი არაპროფესიონალი მსახიობის გამო შეიძლება ეს ფული წყალში გადაიყაროს. აქ დღიურ გადაღებაზე დიდი თანხები იხარჯება, მით უმეტეს, ასეთ დიდ პროექტზე, ამიტომ ძალიან ფრთხილობენ გადაწყვეტილების მიღებისას და შესაბამისად, გამოცდილებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მთავარი მაინც ისაა, რომ პროექტიდან პროექტამდე ძალიან დიდი ჩავარდნა არ გქონდეს. ჩავარდნის პერიოდში გეწყება დეპრესია, დეპრესიას მოჰყვება, ჩემს შემთხვევაში, ცუდი ფიქრები, იმის შესახებ, რომ შეიძლება, საერთოდ შევცდი და ეს არ არის ჩემი პროფესია. მძიმე და რთულ პერიოდს გადიხარ. ქასთინგიდან ქასთინგამდე ცხოვრობ და სანამ ერთის შემდეგ მეორე პროექტზე დაგამტკიცებენ, იმდენ უარს იღებ, რომ ფსიქოლოგიურად მზად თუ არ ხარ, ძალიან გაგიჭირდება, რადგან როგორც წესი, უფრო მეტი უარი გაქვს, ვიდრე თანხმობა.

– „ფეისბუქზე“ ხუმრობდით: აქაც თუ უფულო ცნობადი სახე „გავიჩითეო“, რეალურად, როგორია განსხვავება, ანაზღაურების თვალსაზრისით, საქართველოსა და ესპანეთს შორის?

– ქართულ ბაზართან შედარებით, განსხვავება ძალიან დიდია, ისევე, როგორც ამერიკული ბაზარია ძალიან განსხვავებული ესპანურისგან. მაგალითად, თეატრში აქ მსახიობს შეიძლება, დღიურ რეპეტიციაში 150 ევრო გადაუხადონ, როცა საქართველოში ამდენი, ზოგ თეატრში, თვე-ნახევრის ხელფასია. კონკრეტულ თანხებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ სხვაობა დიდია. თუმცა, პროექტი დამთავრდა და ახალი ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ახლა ისე რომ გამოვიდეს და ადამიანებმა აქაც დაიწყონ ჩემი ცნობა, ცოტა დისკომფორტი მექნება, ისევ უფულოდ ცნობადი გამოვდივარ.. „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ, ეს დისკომფორტი გამოვცადე. კი, მსახიობი ვარ, მაგრამ ყველაფერი უცებ მოხდა და მომზადებული არ ვიყავი. ქუჩაში რომ გამოვედი ყველა მე მიყურებდა და ვფიქრობდი, რა მოხდა, რა შევცოდე-მეთქი (იცინის). ცოტათი ვხუმრობ, მაგრამ რეალურად ამას ცოტა მომზადება სჭირდება. უცებ გარშემო ყველა გაკონტროლებს, ყველა კითხვას გისვამს. ამ დროს მე ცოტა ინტროვერტი ვარ. ინტროვერტი მსახიობი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ რადგან მანამდე არ მქონია მსგავსი გამოცდილება, ეს ყველაფერი ცოტა რთული იყო ჩემთვის, მაგრამ დროდადრო შევეჩვიე.

– რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად ესპანეთში გადასვლა?

– ჩემი მეუღლე ცხოვრობდა ესპანეთში. შეყვარებულობის დროს, როცა ერთად ცხოვრებასა და შესაბამის ადგილზე დავფიქრდით, საბოლოოდ ესპანეთზე შევაჩერეთ არჩევანი. ხანდახან აქ ახალ ადამიანებს რომ გავიცნობ, მეუბნებიან – საწყალი ბიჭი, შენც გამოგაქციეს ხომ? გაჭირვებას გამოექეცი? ან რამე მსგავსს. სინამდვილეში, არაფერს არ გამოვქცევივარ, საკუთარ თავს საქართველოშიც მშვენივრად ვინახავდი, უბრალოდ, რაღაც-რაღაცებმა განაპირობა ასე და მიხარია, რომ აქ უფრო მშვიდად და კომფორტულად ვარ. ვიყავი თეატრში, სადაც მქონდა სტაბილური შემოსავალი და პარალელურად, იყო გადაღებები. ესპანეთში რომ წამოვედი, წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა. თუკი შეიძლება, სადმე იმუშაო, ყველა ტიპის სამსახურში ვიმუშავე, დაწყებული მშენებლობიდან, დამთავრებული საშაურმეთი. ბურგერბარშიც ვმუშაობდი და პარკების ქარხანაშიც. ვერ ვიტყვი, რომ ჩამოვედი და მაშინვე კარიერა ავიწყვე, ეს ზღაპარია. ყველაფერი გავაკეთე და ხვალ-ზეგ შეიძლება, ისევ დამჭირდეს იგივეს გაკეთება. აქ სტაბილურობა ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ იმის შესაძლებლობა მაინც მქონდეს, რომ საკუთარი თავი და ოჯახი ჩემი პროფესიით შევინახო. ეს არის ჩემი მიზანი ამ ეტაპზე და შემდეგ რა იქნება, არ ვიცი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული