საზოგადოება

როგორ აღმოჩნდა ანდრო გოგიბედაშვილის ტრეკი კოსმოსში გასაგზავნ ნამუშევრებს შორის

№19

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 16.05, 2022 წელი

ანდრო გოგიბედაშვილი
დაკოპირებულია

მუსიკოს ანდრო გოგიბედაშვილის ერთ-ერთი ნამუშევარი შემოდგომაზე კოსმოსში გაიგზავნება. ანდრო ყველასთვის საყვარელი მომღერლის, თემურ წიკლაურის შვილიშვილია. მუსიკასთან განსაკუთრებული ურთიერთობა 16 წლის ასაკიდან ჩამოუყალიბდა და მას შემდეგ, ამ გზას ადგას.

ანდრო გოგიბედაშვილი: მაისში ვუკრავ უზბეკეთში, ფესტივალზე სახელწოდებით – Stihia Festival. ეს ფესტივალი არალის ზღვის ფსკერზე ტარდება. როგორც მოგეხსენებათ, ეს დამშრალი ზღვაა. ამ ფესტივალის ორგანიზატორების მთავარი სამიზნე არის დედამიწის კლიმატი, მისი ცვლილებები და სამომავლო კატასტროფები. ზუსტად ამიტომ ტარდება ის არალის ზღვის ფსკერზე. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ამ საკითხებისადმი ცნობიერების გაზრდას ემსახურება. უნდათ, შეგვახსენონ, რომ თუ ეს ზღვა დაშრა, ესე იგი, შეიძლება, სხვაგანაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნას და ეს არ არის მხოლოდ მათი, ეს მთელი დედამიწის პრობლემაა. მათ აქვთ შემდეგი სლოგანი: „გარემოს დასაცავად ცნობადობის ასამაღლებლად ყველა გზა გზა არის“. არ არსებობს სწორი ან არასწორი.

ამ ადამიანებმა შექმნეს პროექტი Stihia Beyond, რომელიც მოიცავს 30 მუსიკალური და ასევე, გრაფიკული ნამუშევრების გაგზავნას კოსმოსში. ერთ-ერთი მათგანი გახდა ჩემი ტრეკი Cosmic Lake Transparency. ამის გამო ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ.

– როგორ შეაჩერეს არჩევანი თქვენზე?

– ორგანიზატორებს ძალიან მოსწონთ ჩემი მუსიკა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ერთ დღეს გავიღვიძე და იმეილზე ჩემი აგენტისგან შეტყობინება დამხვდა. მწერდა, ფესტივალის ორგანიზატორებს აინტერესებთ, თუ მისცემ ნებართვას, რომ შენი მუსიკა კოსმოსში გააგზავნონო. ცრემლებით ამევსო თვალები (იცინის). რა თქმა უნდა, დავთანხმდი. დეტალებს გავეცანი და ეს მოხდება 4 ოქტომბერს ინგლისიდან Goonhilly Earth Station-ში განლაგებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რადიოტელესკოპით. ანუ, მუსიკა კოსმოსში რადიო სიგნალის სახით გაიგზავნება, პლანეტა K2-18 ბ-ზე, რომელიც ჩვენგან 124 სინათლის წლით არის დაშორებული. სიგნალი დანიშნულების ადგილზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა. პროექტში, ასევე, მონაწილეობას იღებს Pink Floyd. ისინი ამბობენ, რომ არტისტები მათგან შეარჩიეს, ვინც მათსავე ფესტივალზე უნდა დაუკრას და ისინი, რომლებიც ქმნიდნენ პროგრესულ და განსხვავებულ მუსიკას ან შექმნიან მომდევნო დეკადაში. ძალიან მიხარია, რომ საქართველო კოსმოსში კიდევ ერთხელ გაიჟღერებს.

– როგორი იყო თქვენი, როგორც მუსიკოსის, პირველი ნაბიჯები?

– ბავშვობაში გაუაზრებელი ნაბიჯები იყო, ხუთწლედი მაქვს დამთავრებული, ქართულ ფოლკლორს ვსწავლობდი. მაგრამ ეს მშობლების და ბებია-ბაბუის დამსახურება იყო. მაშინ მე კარგად ვერ ვხვდებოდი, რაში მჭირდებოდა ეს. რაღაც დოზით მსიამოვნებდა, მაგრამ ეს მაინც მუსიკალურ სამყაროსთან ჩემი გაუაზრებელი შეხება იყო. დაახლოებით, 16 წლიდან უკვე გააზრებულად გადავწყვიტე, მუსიკალური თვალსაზრისით რაღაც ჩემის კეთება დამეწყო. ავიღე კურსები, შევისწავლე პროგრამა, რომელშიც დღემდე ვწერ მუსიკას და დავიწყე ამ გზით სიარული. თავიდან ვექსპერიმენტობდი, ჟღერადობას ხშირად ვცვლიდი, მაგრამ უმეტესად ტექნომუსიკის გარშემო ვტრიალებდი. შემდეგ საულში გადავედი და მოვედი სარელაქსაციო-ემბიენტურ მუსიკამდე, რომელსაც მე კოსმიურ მუსიკას დავარქმევდი. დღემდე ვაკეთებ ჩემებურ ტექნომუსიკას, რომელიც გაჯერებულია ეთნიკური ინსტრუმენტებით. ვფიქრობ, რომ ამაში ჩემი ნიშა დავიკავე.

– გიფიქრიათ, რომ შეიძლებოდა, ოჯახის ჩრდილქვეშ აღმოჩენილიყავით?

– ამაზე არ მიფიქრია. მე უფრო საკუთარ თავში ვიკარგები ხოლმე. შეიძლება, რაღაცებს მივაგნო, მაგრამ მერე ისევ ვიკარგები და ეს დაუსრულებელი პროცესია. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ოჯახის გამო დავიჩაგრები.

– მამა ხელოვანია – დეფი გოგიბედაშვილი. მისი გავლენა როგორია თქვენზე?

– მამას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში. სწორედ მამაჩემის შემოქმედებამ, მისმა ლექსებმა და მოთხრობებმა მომანდომა მეც დამეწერა, მეცადა ლექსების წერა, შემდეგ უკვე – ზღაპრების. მამა მასმენინებდა ახალ მუსიკას, მიზიარებდა თავის ფილოსოფიას და მწერლობაში ჩემი გზამკვლევი იყო. ბაბუაც ასე იყო, შეიძლებოდა არ მიეთითებინა რაღაც, არ ეკარნახა, მაგრამ მისი ცხოვრების წესით, ჩემს გვერდზე ყოფნით, ბუნებრივად აღმომაჩენინებდა ბევრ რამეს.

– დედა – ასევე ხელოვანი...

– ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ალბათ, ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, თან, ძალიან თანამედროვე. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს იაზრებს და იზიარებს, თვითონაც მეხმარება და ძალიან მიმსუბუქებს ყოველდღიურობას. ბაბუას სიტყვებს გავიმეორებ - ხან ვაბრაზებ, ხან მაბრაზებენ, მაგრამ უმეტესწილად ძალიან შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ (იცინის). მალე თბილისში ერთ-ერთ პარკს ერქმევა ბაბუას სახელი. ახლა სამუშაოები მიდის, რომ ეს პარკი უფრო გალამაზდეს. ის მიცკევიჩზე მდებარეობს და შიგ პატარა ამფითეატრი დგას, რაც ასევე, სიმბოლურია. სიყვარული, რომელიც ბაბუაჩემის მიმართ იგრძნობა, შეუფასებელი განძია. ბაბუა სულ ამბობდა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, რომ მთავარი სიყვარულია და მან შეძლო, სამუდამო სიყვარული მოეპოვებინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი