საზოგადოება

როგორ აღმოაჩინა ლელა ბექაურმა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი 53 წლის ასაკში და რით გააოცა მან ყველა

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:34 02.09

ლელა ბექაური
დაკოპირებულია

ლელა ბექაური თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ. მან ეს ნიჭი საკუთარ თავში სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა დამას შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ქალბატონ ლელას ახლახან პირველი გამოფენა ჰქონდა და მასთან საუბარი ემოციების გაზიარებით დავიწყეთ.

ლელა ბექაური: ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იყო და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ძალიან მინდოდა,მამა სებასტიანე ნეფარიძის მზრუნველობის ქვეშ მყოფ 50 ინვალიდ ცუგას დავხმარებოდი და მიხარია, რომ ასეც მოვიქეცი. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ალბათ, იმიტომ, რომ პირველი იყო, ძალიან ვნერვიულობდი. იმდენად, რომ მერე, როცა გამოფენის შესახებ სიუჟეტები ვნახე, მათში ჩემი თავი ვერ ვიცანი. ამ კადრებში მე სულ სხვანაირი ვიყავი. დიახ, ეს იყო კოლოსალური ნერვიულობა, თუმცა, თან ძალიან სასიამოვნო, რადგან ყველაფერი კარგად გამოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ.

დამთვალიერებელმა როგორ მიიღო თქვენი ნამუშევრები, როგორი შეფასებები დაიმსახურეთ?

– სახლში 200-ამდე ნამუშევარი მაქვს და ჩემთან პირველად რომ მოდიან ხოლმე სტუმრად, რაც აღმოხდებათ, ეს აღფრთოვანების შეძახილებია. ბუნებრივია, რომ ამდენ ნამუშევარს გამოფენაზე ვერ გამოვფენდი, ამიტომ მათგან რამდენიმე ამოვარჩიე. მინდა, გითხრათ, რომ ამორჩევაც რთული იყო, თუმცა, ძალიან მიხარია, რადგან, რაც წავიღე და გამოვფინე, ყველას ძალიან მოეწონა. ვიგრძენი, რომ გამოფენაზე ყველა ნასიამოვნები იყო. მათგან ძალიან დადებითი ემოციები მივიღე. არ ელოდნენ ჩემგან ამას, ბევრი გაოცებული იყო, რომ ამ კუთხით გამიცნო.

ჩემი ყველა ნახატი თემატურია, საკუთარი შინაარსი აქვს და ეს ყოველივე გასაოცარი იყო მნახველებისთვის. ეს ვიგრძენი და ბევრი ოვაცია და განსაკუთრებული შეფასებაც მივიღე. ჩემთვისაც მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო ის, რომ ყველაფერი ასე სასიამოვნოდ მიმდინარეობდა. გამოფენას უმშვენიერესი მუსიკალური ფონი გასდევდა. საქმე ისაა, რომ არაჩვეულებრივმა საოპერო მომღერალმა, სოფია შალამბერიძემ, რომელიც იტალიაში საქმიანობს და იმ პერიოდში ამ სივრცეში რეპეტიციობდა, თავად შემომთავაზა, გამოფენის დროს ემღერა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი და ასე, ენიო მორიკონეს მუსიკის ჟღერადობის ფონზე, მართლა გასაოცრად ჩაიარა ჩემმა გამოფენამ.

პროფესიით მხატვარი ხართ?

– არა, თვითნასწავლი მხატვარი ვარ. მხატვრობასთან, როგორც პროფესიასთან, არანაირი შეხება არ მაქვს. მე მხოლოდ ჩემი წარმოდგენების მიხედვით ვხატავ. ვხატავდი ბავშვობაშიც, ვხატავდი უნივერსიტეტში სწავლისას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შიგადაშიგ, ამას ინტენსიური სახე არ ჰქონდა. არც ვაგროვებდი ჩემს ნახატებს, ხან ვის ვჩუქნიდი, ხან – ვის. ბოლო 30-35 წელი კი საერთოდ აღარ მიხატია, ფუნჯიც კი არ ამიღია ხელში და ვეღარც ვიფიქრებდი, რომ ეს კიდევ შესაძლებელი იყო. ერთი წლის წინ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და შემთხვევით დაიწყო. მას შემდეგ გაუჩერებლად ვხატავ.

– რა მოხდა ერთი წლის წინ?

– ჩემმა შვილებმა დედის დღისთვის საჩუქარი გამიკეთეს. რატომღაც, გადაწყვიტეს, ჩემთვის ხატვისთვის საჭირო მასალები ეყიდათ. ჩემი ნახატები ნანახი არ ჰქონდათ, არც დამიხატავს მათი თანდასწრებით, მთელი ეს წლები ძალიან შორს ვიყავი მხატვრობისგან, მაგრამ იცოდნენ, რომ ოდესღაც ვხატავდი. საინტერესო ნახატს გვერდით გულგრილად ვერასდროს ჩავუვლიდი ხოლმე, რაც დაფიქსირებული ჰქონდათ და ამიტომ გადაწყვიტეს ასე ჩემი დასაჩუქრება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი შარშან, დედის დღიდან დაიწყო (იცინის). ამდენი წელი რომ გაჩერებული ხარ, თურმე, ძალიან ბევრი იდეა გიგროვდება და რომ დავიწყე, ვეღარ ვჩერდებოდი. დღე და ღამე ვხატავდი, ვეღარ ვწყდებოდი ამ სამყაროს. ამიტომაცაა, რომ ერთ წელიწადში 200 ტილო მაინც შეიქმნა. ყველაფერი ისე მოულოდნელი იყო, მეცინება კიდეც. 53 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა (იცინის).

– მანამდე რით იყავით დაკავებული, რა პროფესიის ხართ და როგორ შეცვალა ხატვამ თქვენი ცხოვრება?

– ბიბლიოთეკათმცოდნეობა მაქვს დამთავრებული და მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. ოჯახი, შვილები, პასუხისმგებლობები და სხვა რამისთვს დრო აღარ რჩებოდა. ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. მხატვრობის დამსახურებით ჩემი ცხოვრება მართლა ძალიან შეიცვალა. ყველასგან დადებითს ვიღებ. ნახატებს რომ უყურებენ, მეკითხებიან, ასეთ რამეებს როგორ იფიქრებ, ასეთ ფერებს როგორ სვამ? საიდან გებადება ეს იდეებიო და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ამ კუთხით არავინ მიცნობდა, ვერც კი წარმოიდგენდნენ, მე თუ ხატვა შემეძლო.

– თავიდან თქვენი ნამუშევრების სხვისთვის ჩვენება არ გაგიჭირდათ?

– ახლა რადიო „ფორტუნაში“ ვმუშაობ და როცა ჩემმა შვილებმა ხატვისთვის საჭირო მასალები მაჩუქეს, სამსახურში წავიღე. დროის ძირითად ნაწილს იქ ვატარებ და ვიფიქრე, რომ იქ ვნახავდი, რა იყო. სიმართლე გითხრათ, ეს საჩუქარი კი გამიხარდა, მაგრამ არ მიფიქრია, რომ მართლა დავხატავდი. ჩემთვის გავიფიქრე, ეს ხომ ძალიან ადრე იყო-მეთქი. სახლში რომ დამეტოვებინა, ყველა ნახავდა, რომ არ ვიყენებდი, ეს არ მინდოდა, მომერიდა. მოკლედ რომ გითხრათ, ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან (იცინის). ჩემდა გასაკვირად, სამსახურში გადავწყვიტე, რომ მეცადა და დამეხატა. ჩემმა კოლეგებმა ჩემი პირველი ნახატი რომ ნახეს, გაგიჟდნენ, არავინ იჯერებდა, რომ მე დავხატე. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის. ამის შემდეგ რომ ვხატავდი, პირველად თანამშრომლებს ვაჩენებდი ხოლმე და მათი ემოციებისა და შეფასებების დამსახურებაცაა, რომ მერე სოციალურ ქსელში თამამად ვაქვეყნებდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა