საზოგადოება

როგორ აღიარეს ოთარ ჯორჯიკია იტალიელებმა და როგორ გადაიზარდა მისი და მარიამ ნაჭყებიას მეგობრობა სიყვარულში

№17

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 04.05, 2022 წელი

ოთარ ჯორჯიკია
დაკოპირებულია

ტელეკომპანია „იმედზე“ პროექტ „მიმღერეს“ გამორჩეული მონაწილეები, საოპერო წყვილი – ოთარ ჯორჯიკია და მარიამ ნაჭყებია, მალე მესამე შვილის მშობლები გახდებიან. ოთარს მისი შემოქმედებითი ცხოვრებისა და ოჯახური ბედნიერების შესახებ ვესაუბრეთ.

ოთარ ჯორჯიკია: ბავშვობაში სპორტით ვიყავი დაინტერესებული და მინდოდა, ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მსახიობობაზეც ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ხალხურ ანსამბლში მოვხვდი და ავსტრიაში მომიწია სასწავლებლად წასვლა. ვენაში გადაწყდა, რომ მომღერალი უნდა გავმხდარიყავი.

– ავსტრიაში როგორ აღმოჩნდით?

– ქალბატონმა ნანა გელოვანმა ჩამოაყალიბა ანსამბლი – „ბიჭები საქართველოდან“, რომელშიც მე ბანს ვმღეროდი. ერთ-ერთ რეპეტიციაზე ამერიკელი-ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი მაიკლ შნაკი დაგვესწრო – ეს იყო 2002 წელს. მან დაწერა მიუზიკლი გერმანულ ენაზე და ბარიტონის ხმა სჭირდებოდა. მოგვისმინა და მე ამირჩია. ასე აღმოვჩნდი ავსტრიაში. ამას მარტო მიუზიკლში მოხვედრა არ მოჰყოლია, ვენაში ძალიან პოპულარულ მიუზიკლების სკოლაში ვსწავლობდი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ხელოვნების სხვადასხვა დარგში. სტიპენდიაც დამინიშნეს და მიუზიკლით გასტროლებზეც გახლდით. ვენაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ თეატრში გვქონდა სპექტაკლი, ძალიან ბევრი მომცა იმ პერიოდმა, ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში.

– მაშინ „მოიწამლეთ“ საოპერო ხელონებით?

– დიახ. ვენის ფილარმონიული და სიმფონიური ორკესტრი მსოფლიოში საუკეთესოა. კვირაში 2-3-ჯერ მიწევდა მათი მოსმენა, ჩამოდიოდნენ მსოფლიოში საუკეთესო დირიჟორები, პიანისტები, მომღერლები. მას შემდეგ 23 წელი გავიდა და დღეს ის საოცარი ადამიანები ჩემი კოლეგები არიან. მაშინ გუნდიდან ვუყურებდი მათ ტრიუმფს სცენაზე, დღეს ერთად ვდგავართ მსმენელის წინაშე. ასეთია ცხოვრება და არ შეიძლება არ „მოიწამლო“, როცა ღმერთი ასეთ ხელოვანებთან სიახლოვის საშუალებას გაძლევს. იმდენად საოცარი სამყაროა მათ გარშემო, ბუნებრივად გინდება, მათნაირი გახდე, მათ გვერდით იყო, თუ გაქვს შესაბამისი მდგომარეობა და ნიჭი, რაც უკვე ღმერთის ნებაა.

– ამის შემდეგ დაბრუნდით საქართველოში. აქ როგორ წარიმართა თქვენი ბედი?

– როცა გადავწყვიტე, რომ სიმღერა მინდოდა, კონსერვატორიაში ჩასაბარებლად სათანადო განათლება არ მქონდა. ვენის კონსერვატორიაში და ხელოვნების უნივერსიტეტში, ორივეგან გავედი გამოცდებზე. ორივეგან უმაღლესი ქულა ავიღე სიმღერაში და ორივეგან ჩავიჭერი სოლფეჯიოში. ამან გადამაწყვეტინა სამშობლოში დაბრუნება და განათლების აქ მიღება, რადგან მყავდა შესანიშნავი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე და ვიცოდი, რომ გვქონდა ძალიან კარგი რესურსი ამისთვის. მართლაც, ძალიან კარგად მოვემზადე კონსერვატორიისთვის და უპრობლემოდ ჩავაბარე.

– „ლა სკალას“ სცენა ყველა მომღერლისთვის საოცნებო ადგილია. როდის შედგა იქ თქვენი დებიუტი?

– „ლა სკალაში“ 2018 წელს დამიძახეს სეზონის გახსნაზე, ძალიან ცნობილი ტენორის დაზღვევაზე. ევროპულ სცენაზე ჩემი დებიუტი 2014-ში შედგა, თუმცა 2016-იდან დავიწყე აქტიური მოღვაწეობა და მეორე წელსვე რომ „ლა სკალაში“ სეზონის გახსნაზე გეძახიან, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგ დამიძახეს 2019 წელს, უკვე „ტოსკაზე“, რომელიც ტენორების საოცნებო როლია. ეს როლი სპეციალურად „ლა სკალასთვის“ ვისწავლე. მსოფლიოს საუკეთესო თეატრის სადადგმო მოქმედებებში ჩავერთე და დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

– როგორი იყო პრესის გამოხმაურება ევროპაში – კრიტიკითა და დადებითი შეფასებებით?

– ზუსტად იმ კრიტიკის დამსახურებით ვიმღერე მსოფლიოს უდიდეს სცენებზე. როცა კონკურსის „ვერდის ხმების“ ფინალისტი ვიყავი, ახალგაზრდა, დამწყებ მომღერლად ვითველობოდი და ძალიან მკაცრად არ მაფასებდნენ. საბედნიეროდ, კარგი გამოხმაურება მქონდა. 2016 წლის შემდეგ, როცა უკვე ვერდის „ბალ-მასკარადი“ ვიმღერე, ძალიან სერიოზული კრიტიკა მივიღე, თუმცა, დადებითი კუთხით განხილული და იყო ძალიან ძვირფასი შეფასებები იტალიელი პუბლიკისგან. როცა ისინი იტალიურ ტენორად გთვლიან და ამბობენ, რომ მათგან არ გამოირჩევი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

– დღეს მსოფლიო ხმას გიწოდებენ და პროექტში, რომლის ნაწილიც ტელეკომპანია „იმედზე“ ხართ, ძალიან სასიამოვნო შეფასებებს იღებთ. საოპერო მომღერლების ეკრანზე აქტიურობით არ ვართ განებივრებულები. როგორ გახდით პროექტ „მიმღერეს“ ნაწილი?

– ეს შეფასება ნამდვილი ემოციით არის გამოწვეული. როცა საოცარი მომღერალი ამ სიტყვებით გაფასებს, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ეს პროექტი განუმეორებელი და ძალიან ძვირფასია.

– როგორია ჯორჯიკიების ოჯახის ისტორია – ტენორი და სოპრანო, როგორ დაიწყო ყველაფერი?

– ჩვენი ისტორია კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ ნიჭიერთა ათწლედში იწყება. მარიამის მამა – ნუკრი ნაჭყებია გახლდათ ოპერის მომღერალი და შემდეგში ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. იმ დროს ის იყო მუსიკალური სკოლის ვოკალური განყოფილების გამგე. მოვხვდი ამ სკოლაში და მე და მარიამმა ერთმანეთი გავიცანით. თავიდან ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. შემდეგ იყო ვენა და იქიდან რომ ჩამოვედი, ისევ ჩავაბარე მუსიკალურში, მაშინ ასე იყო საჭირო და განგების ნებით, მარიამი შემიყვარდა. დროთა განმავლობაში მასაც გაუჩნდა გრძნობები ჩემს მიმართ და დღეს ოჯახი გვაქვს.

– მარიამმა აღნიშნა, რომ მეგობრობიდან სასიყვარულო ურთიერთობაზე გადასვლა ძალიან ლამაზად მოახერხეთ.

– ძალიან მიყვარს საყვარელი ადამიანებისთვის სიუპრიზების გაკეთება. ვცდილობ, დედას, შვილებს, მეგობრებს უცაბედი სიხარული მივანიჭო. მაშინ, მით უმეტეს, გოგო მიყვარდა და მძლავრი იყო ჩემში მისი გახარების სურვილი. კვირა არ გავიდოდა, სიურპრიზი არ მომეფიქრებინა. მარიამიც მიხვდა, რომ მის მიმართ ნამდვილი გრძნობა მამოძრავებდა და ეს ახარებდა.

– სცენაზე შედგა თქვენი პარტნიორობა?

– მეტსაც გეტყვით, ჩემი პირველი პარტნიორი სცენაზე მარიამი იყო. მაშინ ფეხმძიმედ იყო ბარბარეზე. არაერთხელ გვიმღერია ერთად ოპერის სცენაზე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ტანდემი – ცოლქმრული თუ პროფესიონალური ჩვენთვის ნამდვილად არ არის უცხო. ასეა „მიმღერეშიც“, სადაც ასევე, ფეხმძიმედ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი